Home ახალი ამბები საქართველო აბსურდის თეატრი ანუ ინდაურთა ჩინჩვლა საკვირველი

აბსურდის თეატრი ანუ ინდაურთა ჩინჩვლა საკვირველი

დეოლიგარქიზაციასთან ერთად დეინდაურიზაციაც გვჭირდება

808

მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან ევროპაში ფეხი მოიკიდა .. აბსურდის თეატრმა. გარდერობით დაწყებული, სპექტაკლით დამთავრებული, ამ თეატრში ყველაფერი აბსურდული, ანუ ლოგიკას მოკლებული იყო. მაყურებლები ვერ იგებდნენ დიალოგების შინაარსს, ვერ სწვდებოდნენ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს შორის მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებებს, რის გამოც დაბნეული და გაოგნებული რჩებოდნენ.

აბსურდის, ანუ ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით ლოგიკასმოკლებული თეატრის მესვეურებს, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, უაღრესად ლოგიკური და კეთილშობილური მიზანდასახულობა გააჩნდათ. მათ სურდათ, რომ ადამიანები აბსურდული ცხოვრებიდან გამოეყვანათ და შინაარსიანი ცხოვრების გზაზე დაეყენებინათ. ისინი ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის საკუთარი თავი ამ გზითა და მეთოდით თეატრის დიდ სარკეში ეჩვენებინათ. აბსურდული სპექტაკლებით ისინი საზოგადოებას მიმართავდნენ: ადამიანებო, ცხოვრება, თქვენ რომ ლოგიკური გეჩვენებათ, ისეთივე აბსურდულია, როგორი აბსურდიც ჩვენ წარმოგიდგინეთ!

საკმაოდ საინტერესო ეს დასავლური მოვლენა საქართველოში ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში გამეფებულმა აბსურდულმა ცხოვრებამ გამახსენა. ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ნათქვამმა უარმა და ამით გამოწვეულმა  მოქმედებებმა საქართველოში ეს აბსურდი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მთელი სისავსით

საქართველოში ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში პოლიტიკური (და არამხოლოდ პოლიტიკური) აბსურდის კონკრეტულ მაგალითებს თვლა არ აქვს, ამიტომ საილუსტრაციოდ ბოლო ფაქტებს მოვიხმობ. დღევანდელი ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს რუსეთთან ფარულ გარიგებასა და საქართველოს წინააღმდეგ მუშაობაში ადანაშაულებენ. ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი მათ გამონათქვამებს, რომლებიც მხოლოდ წვეთია ზღვაში. აი, რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების შესახებ.

* მიხეილ სააკაშვილი: “ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და ემსახურება რუსულ საქმეს!”

* სალომე სამადაშვილი:  “ეს ხელისუფლება პირდაპირ ატარებს რუსეთის ინტერესებს საქართველოში!”

* თაკო ჩარკვიანი: “ივანიშვილს ვებრძვი იმიტომ, რომ ქვეყანა მიჰყავს და აბარებს რუსეთს. რა საქმე მაქვს რუსეთის ვასალთან?! ფრთხილად, საქართველოვ, დასავლეთის ვექტორი უნდა დადგეს ერთად და გაემიჯნოს რუსულ ვექტორს. ეს არის გადარჩენა!”

აშკარაა, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის წაყენებული უმძიმესი ბრალდება საქართველოს საზიანოდ რუსეთთან თანამშრომლობაა. ახლა ვნახოთ, რა პასუხს სცემს  ხელისუფლება ოპოზიციის ამ მძიმე ბრალდებას.

* მამუკა მდინარაძე: “ვინ უწყობს ხელს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს, ვინ აწყობს რუსულ პროვოკაციებს და ვის სურს ქვეყნისთვის რუსული მიმართულების მიცემა? რა თქმა უნდა, ოპოზიციას, რომელსაც ქვეყანა ქაოსისა და დეპოლარიზაციის გზით მიჰყავს!”

* ირაკლი ზარქუა: “ნაციონალური მოძრაობისინტერესია რუსული სცენარით მოქმედება. ქუჩის გადაკეტვები, ქაოსი, არეულობა, დაძაბულობა რუსეთის ინტერესებშია!”

* მიხეილ ყაველაშვილი: “რუსულ საქმეს სწორედ ოპოზიცია აკეთებს!”

აშკარაა, რომ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის წაყენებული ბრალდებაც ანალოგიურია იმისა, რა ბრალდებასაც ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებს _ საქართველოს საზიანოდ რუსეთთან თანამშრომლობა.

რა არის ეს? რასთან გვაქვს საქმე? ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც) პოლიტიკური ძალები რუსეთთთან ფარულ გარიგებაში არიან? ამ ქვეყანაში, რომელიც მთლიანად აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კლანჭებშია მოქცეული, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება? ორივე მხრიდან ვითარების ასე წარმოჩენა, თავისთავად, უკვე აბსურდის თეატრის წარმოდგენას არ გაგონებთ?!

განსხვავება დასავლურ აბსურდის თეატრსა და ჩვენებურ პოლიტიკურ აბსურდს შორის მხოლოდ ისაა, რომ, მათი აბსურდის მიზანდასახულობა თუ ზნეობრივი იყო, ეს ჩვენი აბსურდი თავიდან ბოლომდე უზნეობაა.

უბედურება კი ისაა, რომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გვაქვს აბსურდული ვითარება, გარედანაც აბსურდის ნიაღვარი მოედინება. ევროკომისიამ გააკეთა დასკვნა, რომლის მიხედვით უკრაინასა და მოლდოვას უნდა მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი, საქართველოს კი ამ სტატუსზე უარი ეთქვა. თუმცა, იმავე დასკვნის მიხედვით, ამ სტატუსის ოდესმე მიღების პერსპექტივა დაგვიტოვეს.

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ჩვენთვის საზიანო რეზოლუცია გამოაქვეყნა, აცხადებდა: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატვას. 23-24 ივნისს დაველოდები და, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ უფლებას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი”. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ, ღარიბაშვილს, მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების შესაბამისად, ყველაფრისთვის ფარდა უნდა აეხადა, მაგრამ ამის ნაცვლად ქართველ ხალხს მან ეს უთხრა: “ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას”. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრმა ამ ორ წინადადებაში სიტყვა “ისტორიული” ოთხჯერ ახსენა, აქ ისტორიული არაფერია, ეს ზუსტად ის არის, რაც 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე მოცემული წყალწყალა პირობა იყო, რომელსაც სააკაშვილმა მაპზე უკეთესი უწოდა.

ევროპარლამენტისა და ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ აბსურდია, რადგან უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც საქართველოსგან განსხვავებით დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ, ყველა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოზე უკან არიან. ღარიბაშვილმა თავის ანგარიშში პარლამენტის წინაშე პირდაპირ თქვა: გაკეთებული საქმის მიხედვით, ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს სწორედ საქართველო იმსახურებს. სამწუხაროდ, ევროპელი ლიდერებისგან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ვერ ვიხილეთ”. ირაკლი ღარიბაშვილმა მის მიერ ხალხისთვის შეპირებულიფარდის ახდასაპარლამენტო ანგარიშის ფარგლებში შეასრულა. ეს ევროპული უსამართლობისთვის ფარდის ახდაც იყო და ნიღბის ჩამოხსნაც. მან ევროპელებს სათქმელი ბოლომდე უთხრა, მაგრამ, როგორც შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსს ეკადრება, ხიდები ბოლომდე არ დაუწვავს. ღარიბაშვილმა ევროპელების მიერ ჩვენთვის გადმოგდებულ ე.წ. პერსპექტივას ერთხელ კიდევ უწოდა ისტორიული, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მათთვის სათქმელი არ დაუკლია. არ დავიწყებია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილი და გაღებული მსხვერპლი. პრემიერმინისტრმა ევროპელების ამ გადაწყვეტილებას უმძიმესი შეფასება მისცა: “ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველო თურმე უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ დღეს საქართველოში ომი არ არის”. მან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ქართველი ოპოზიციონერები ერთად ამხილა რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში.

ღარიბაშვილმა ისიც აუწყა ქვეყანას, რა როლი შეასრულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საქმეში ოპოზიციამ. ისინი ევროპარლამენტარებს სთხოვდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. “იცნობდეთ ქვეყნის ერთ-ერთ მოღალატეს!” – მიუთითა პრემიერმინისტრმა დეპუტატ სალომე სამადაშვილზე. ევროპარლამენტის რეზოლუციას კიყველაზე სამარცხვინო ტექსტი და უსამართლობის ზეიმიუწოდა.

პრემიერმინისტრმა ისაუბრა ევროპელების რეკომენდაციებში ჩაწერილი დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობაზე და დანაშაულებრივი გზით გამდიდრებულ ადამიანთა შორის (მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე) მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც დაასახელა, რომელსაც 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონების მოგროვება მოუსწრია.

ღარიბაშვილმა 2008 წლის ომის დროს საქართველოდან გაქცეულთა შორის თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც დაასახელა, რომელსაც ქართული არმიისთვის თურმე მილიარდი დოლარი მოუპარავს. “2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდი რომ არ მოსულიყო, დღეს საქართველოში მარიუპოლი (იგულისხმება მარიუპოლის ტრაგედია – ვ. კ.) გვექნებოდა”, _ თქვა მან.

რაც მართალია, მართალია.პრემიერმინისტრმა მართლა აჰხადა ფარდა ევროპულ ორპირობასა და გაიძვერობას. მარტო ის რად ღირს, რომ მან ევროპის მაღალიჩინოსნები (მაგ., კარლ ბილდტი) ნაცებისგან ქრთამის აღებაში ამხილა. ეს ევროპისთვის არამხოლოდ ფარდის ახდა, მისი მხილება და, თუ გნებავთ, მისი პოლიტიკის გასამართლებაც იყო.

პარლამენტში პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის პროცესში ცალკე სანახაობა იყო ნაცბანდის წევრთა საქციელი, რომლებიც იმ ინდაურებს ჰგავდნენ, თავს რომ არწივი დაესხათ. ისინი ინდაურებს არამხოლოდ იმით ჰგავდნენ, რომ მტაცებლის ყოველ ჩამოქროლებაზე საზარლად კრიახობდნენ და ბუნტყლი უხვად სცვიოდათ, არამედ _ უტვინო რეაქციით, გულისამრევი პანიკით, სრული უმწეობითა და უცნაური ხმებითაც კი, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში გამოსცემდნენ. საკვირველი სანახაობა იყო, რომელიც, საბოლოო ჯამში, ინდაურებზე მტაცებლის თავდასხმაზე მეტად მათ ჩინჩვლას ჰგავდა _ აზარტულ, რევანშისტულ, სადისტურ, კოლექტიურ ჩინჩვლას, რომლის მსგავსი ინდაურების ფერმებში დასაქმებულებსაც კი არ ექნებათ ნანახი.

საქართველოს დეოლიგარქიზაცია სჭირდებაო, _ გვითხრეს ევროპელებმა. უნდა დავეთანხმოთ, სჭირდება ნამდვილად, მაგრამ ისინიც უნდა დაგვეთანხმონ იმაში, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაციასთან ერთად დეინდაურიზაციაც სჭირდება, როგორც გამოფხიზლებისა და გონს მოსვლის, ანუ ეპოქალური აბსურდიდან თავის დაღწევის აუცილებელი პირობა.

ვალერი კვარაცხელია

P. S. საქართველოში ასე მომრავლებულმა პოლიტიკურმა მავნებლებმა საკადრისი მიიღეს. ამ საოცარი აქტის გამო შეუძლებელი იყო პრემიერმინისტრისთვის ტაში არ დაგეკრა, მაგრამ არის საკითხის მეორე მხარეც, რომლის უყურადღებოდ დატოვება მართებული არ იქნება: საქართველოს მიერ ოცდაათი წლის წინათ აღებულ კურსს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ყავლი გაუვიდა. ეს კურსი უკვე კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან არ შეესაბამება მსოფლიოში მიმდინარე ახალ გეოპოლიტიკურ პროცესებსა და ტენდენციებს. ეს სტრუქტურები ჩვენთვის ვერ იქნებიან რამე სახის პერსპექტივის მომცემნი, რადგან თავადაც არანაირი პერსპექტივა აღარ დარჩათ, გარდა დაშლისა და ისტორიის კუთვნილებად ქცევისა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here