საახალწლოდ ადგილობრივი ღორის ხორცის დიდი დეფიციტი გვექნება

     საქართველოში ამჟამად შექმნილი  სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ხარისხიანი საკვების   შეძენაზე არ (ვერ) ფიქრობს. მთავარია, საკვები იყოს და მეტ-ნაკლებად ხარისხიანი პროდუქტი შვილებს თუ შვილიშვილებს მივაწოდოთ, თორემ დანარჩენი… ხარისხზე როცა ვლაპარაკობთ, ნამდვილ, ნატურალურ პროდუქტზე გვსურს აქცენტის გაკეთება, თორემ ქსელური მარკეტების შეფებმა, რომ დაგვპირდნენ, ფასებით გაგაოცებთო, ეს  მართლა მოახერხეს. აგერ, ნებისმიერ ცნობილ ქსელურ მარკეტში ნახევარი კილოგრამი  სოსისის შეძენა 3 ლარად, უფრო ზუსტად, 2,99 ლარად შეიძლება და ეს მაშინ, როცა ძვლიანი ხორცის საბითუმო ფასი 23-25 ლარის ფარგლებში მერყეობს. ახლა თვითონ განსაჯეთ, რა ოდენობის ხორცს შეიცავს ის პროდუქტი, 3 ლარად რომ „გვტენიან“, და ვაი, რომ იყიდება, თანაც  დიდი რაოდენობით. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა აქცენტს ერის სოციალურ-ეკონომიკურ  მდგომარეობაზე ვაკეთებთ. სრული სურათის უკეთ გასაცნობიერებლად თუ აღსაქმელად შევეცადოთ, ავხსნათ, როგორ მიიღება საქართველოში ყველაზე იაფი ხორცი, ყველაზე იაფი ხორცი კი დღეს  საქართველოში ქათამს აქვს.

    ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ბუნებრივ პირობებში, ანუ ბებიასთან სოფელში ქათამი მაქსიმალურ წონას 10-12 თვეში აღწევს, ანუ მაქსიმალურ წონამდე მისასვლელად დაახლოებით წელიწადი სჭირდება. ამასთანავე, სოფელში დაკლული ქათმის კანს ყვითელი შეფერილობა აქვს,  კუჭის გარშემო  ქონი  კი გვირილის გულივით ყვითელია  (ახალი თაობა ტელეფონით ისეა გატაცებული, თავს ვალდებულად ვთვლით ავხსნათ, რომ გვირილა ყვავილია და ბავშვობაში ამ ყვავილით „ვარკვევდით“, ვუყვარდით თუ არა ჩვენს რჩეულს. სხვანაირი, გაცილებით საინტერესო ბავშვობა გვქონდა უტელეფონოდ და უინტერნეტოდ). იმას გეუბნებოდით, სოფლის ქათამს ყვითელი შეფერილობა აქვს-მეთქი და ეს აქსიომა ისეა დალექილი ჩვენს ტვინებში, რომ, თუ დახლზე თეთრი და ყვითელი შეფერილობის ქათმები დევს, უპირატესობას ყვითელს ვანიჭებთ.

    სოფლის ქათამს მოყვითალო შეფერილობა იმიტომ აქვს, რომ სიცოცხლეში, ანუ დაკვლამდე (და ქათამი სოფლად ყველაზე ხშირად იკვლება) ჭამს სიმინდს, ხორბალსა და მწვანე ბალახს, ანუ იღებს ბუნებრივ საღებავებს, რომლებსაც ეს პროდუქტები შეიცავს და ბუნებრივად ყვითლდება. როგორ გგონიათ, რას აჭმევენ ფერმებში ქათმებს? რა  გასაოცრადაც  უნდა მოგეჩვენოთ, ფერმებში მათი საკვების  95% ხორბლისგან, სიმინდისა და ქატოსგან შედგება, ანუ ბუნებრივი საკვებისგან, მაგრამ  ფერმაში ნაკვები ქათამი, მაქსიმალურ წინას კი არა, 2 კილოგრამს 35-40 დღეში აღწევს, ხოლო 55-60 დღეში 3-4 კილოგრამამდე ადის. რა საიდუმლოს ფლობენ ფერმერები ისეთს,  სოფლად ბებია-ბაბუებმა რომ არ იციან? მთავარი საიდუმლო საკვების 5%-იან დამანატშია.. წარმოიდგინეთ, რა სიძლიერის უნდა იყოს კონცენტრანტი, რომელიც ქათმის საკვებს უნდა შეერიოს და რომლის ხვედრითი წილი ტონაში, ანუ 1000 კილოგრამში, სულ რაღაც, 50 კილოგრამია?! ეს დანამატი შეიცავს ორ მთავარ კომპონენტს – სინთეზურ საღებავ აპოესტერსა და კანტაქსანტინს. სწორედ ამ ორი ელემენტის ზემოქმედების შედეგად იცვლება ქათმის კანის ფერი და ხდება ყვითელი, ოღონდ არა ბუნებრივად ყვითელი, არამედ ქიმიურად.  ფერმერები, ალბათ,  შემოგვედავებიან,  არც აპოესტერი და არც კანტაქსანტინი ოფიციალურად აკრძალული არ არის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეს პრეპარატები აკრძალულთა სიაში არ აქვს შეტანილიო, მაგრამ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გარკვევით უწერია, რომ, თუ ამ ელემენტებით გაჯერებულ საკვებს მუდმივად მივიღებთ და თუ დაირღვევა დოზები, ეს გამოიწვევს ღვიძლის დაზიანებასა და თვალის ბადურის ჩამოშლას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან მაღაზიების დახლებზე გამოტაბილი ქათმების უდიდესი ნაწილი სწორედ მოყვითალო ფერისაა (ხშირად ზომაზე მეტად), ადვილი მისახვედრია, რომ, ვინც ამ ქათამს ხშირად მოიხმარს, აპოესტერსა და კანტაქსანტინს  ხშირად იღებს. ამასთანავე, იმ 5%-ში  შედის პრემიქსის ის დოზა, რომელსაც ქათამი მაქსიმალურ წონამდე ორ თვეზე ნაკლებ დროში აჰყავს და ეს ცალკე უბედურებაა. ფერმების რიგითი თანამშრომლები არ მალავენ, რომ არც ისე იშვიათად  ქათმის  ფერმაში ჩნდება რაღაც დაავადება, რომელიც ქათამს არა მხოლოდ ზრდაში უშლის ხელს, არამედ მის გამო კანი მოლურჯო ან ავადმყოფურად თეთრი უხდება. ამ დროს აპოესტერისა და კანტაქსანტინის დოზებს  უკონტროლოდ ზრდიან სასურველი ყვითელი ფერის მისაღებად.

    სამწუხაროდ, ეს არ არის ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც  გვჭირს. იმის გათვალისწინებით, რაც მოგიყევით, მომხმარებელი მთლიანად დამოკიდებულია ფერმერის კეთილსინდისიერებაზე, ანუ სწორედ ფერმერმა უნდა დაიცვას დოზები, საკვებში არ  შეურიოს  ბევრი დანამატი,  მომხმარებელმა ასე თუ ისე ჯანსაღი პროდუქტი რომ მიიღოს. ქართული ბიზნესის ტენდენციების გათვალისწინებით,  სარწმუნოა, რომ კონკრეტულ ბიზნესმენებს სულაც არ აინტერესებთ, რას მივირთმევთ და რა რაოდენობით. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი  უნდა იყოს ლაბორატორია, რომელშიც ქათმის საკვებს შეამოწმებენ  და სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში სურსათის უვნებლობის სამსახურს) ეცოდინება,  კეთილსინდისიერად იქცევა თუ არა ესა თუ ის ბიზნესმენი, მაგრამ არც აქ ვართ კარგ დღეში. მსოფლიოში სულ რამდენიმე ლაბორატორიაა, რომლებშიც საკვების შემადგენლობისა და ზუსტი დოზების დადგენა შეიძლება. ანუ, ჩვენთან რომ აიღო საკვების ნიმუში, არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენ სიმინდს შეიცავს მინარევი, რამდენ ხორბალს და რამდენია მასში პრემიქსისა თუ სხვა კომპონენტების შემადგენლობა.  მთავარია, ვინმე თავზე მაშინ არ დაგადგეს, როცა ამ ყველაფერს ერთად  ყრი საფქვავში, თორემ, როცა ჩაყრი და აურევ, ვერავინ ვერაფერში მოგედავება.

    ცოდვა გამხელილი სჯობს და ეს პრობლემა მხოლოდ ქათმების კვებაში არ არის, ანალოგიური რამ ხდება საქონლისა და ღორის გამოკვებისას და  გამოდის, რომ საქართველოში  ყველაზე სუფთა არის ცხვარი, მაგრამ  ცხვრის ხორცს ყველა ისე ვერ მიირთმევს, როგორც საქონლისა თუ ქათმის ხორცს. ცალკე პრობლემაა დაავადებები.   მთიდან ჩამოსული საქონელი (ცხვარ-ძროხა), ალბათ, ბევრს შეგხვედრიათ  ან შეგხვდებათ გზაზე და დააკვირდით (თუ არ დაკვირვებიხართ), რომ ცხვრებიცა და ძროხებიც კოჭლობით მოდიან. ეს გრძელ გზაზე  სიარულის ბრალი არ არის, საქონლისა და ცხვრის 80%-ზე მეტი ე.წ. თურქულით არის დაავადებული, რომელიც, პირველ რიგში, ჩლიქებს აზიანებს.  ეს დაავადებული საქონელი სიარულისას  ან მოშარდავს, ან მოისაქმებს და დაავადების ახალი კერაც ჩნდება – სხვა, სრულიად ჯანმრთელმა საქონელმა რომ გადაუაროს, ისიც დაავადდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაგვიდასტურა, რომ თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებული აქვს და მომავალ კვირაში გაანაწილებს, მგრამ რატომ გვგონია, რომ ეს პროცედურა უკვე დაგვიანებულია?  მარტივად ავხსნით – ვთქვათ, ვიღაცას მოჰყავს ჯანმრთელი საქონელი ან ცხვარი და პირდაპირ გზაში აუცრა,  თურქულისგან  დაცული რომ იყოს. ვაქცინა მოქმედებას მისი გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს და როგორ გგონიათ, ამ ორი კვირის განმავლობაში მეცხვარე თუ მენახირე ერთ ადგილას გააჩერებს საქონელს ან ცხვრის ფარას?

     გასულ კვირას დასავლეთში (იმერეთის რეგიონში) ღორის ჭირი წამოგვეწია და მოსახლეობა მკვდარი ღორების დამარხვის მეტს აღარაფერს აკეთებს. ვიღაცას საახალწლოდ რომ ჰქონდა შეგულებული ღორი და ვიღაც  გოჭებს ზრდიდა, ახლა ყველაფრის გარეშე დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ ღორის ჭირი (ე.წ. აფრიკული ჭირი)  სწრაფად ვრცელდება, საჭირო იყო ძალიან სწრაფი მოქმედება, მაგრამ აქაც დავაგვიანეთ, ჭირმა ორიოდე დღის წინათ თბილისის ახლო-მახლო სოფლებში დაიწყო ღორების დახოცვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ  საახალწლოდ ადგილობრივი ღორის ხორცის დიდი დეფიციტი გვექნება (ისედაც არის), ხოლო შემოტანილს რა გემოც აქვს, თვითონაც მოგეხსენებათ. ათასჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ – თუ სოფლის მეურნეობის განვითარებაში  ყველა სახელმწიფო უწყება არ ჩაერთვება, არაფერი გვეშველება და მალე იმ მცირედის გარეშე დავრჩებით, რაც ახლა გვაქვს.

    ლევან გაბაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here