2026 წლის 27 სექტემბერს 33 წელიწადი გავიდა სოხუმის დაცემიდან. როგორ დაიკარგა აფხაზეთი, რატომ და რისთვის, ბევრისთვის ცხადია, მაგრამ ახალგაზრდა თაობას მომხდარზე სრული ინფორმაცია არ აქვს და სვამს კითხვებს: რამდენიმე ათასმა აფხაზმა როგორ წაგვართვა აფხაზეთი რამდენიმე მილიონ ქართველს? ვინ იდგა იმხანად ამ პროცესის სათავეში რუსეთსა და საქართველოში?…
ბოლო 33 წლის განმავლობაში გვქონდა თუ არა შესაძლებლობა, აფხაზეთის დასაბრუნებლად რამე გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და ეს ომი იმავე დღესვე იყო წაგებული. ქედს ვიხრი იმ გულანთებული ქართველი მეომრების წინაშე, რომლებიც სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ და დაეცნენ.
ცივ ომში სსრკ-ის დამარცხების შემდეგ დასავლეთს რუსეთის დაშლა ჰქონდა განზრახული. მის საზღვრებთან უნდა დანთებული ცეცხლი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას მოედებოდა, ამასთანავე, აუცილებელი იყო რკინიგზის ჩაკეტვა, რომლის გადარჩენაც ჯერ კიდევ 1993 წლის 16 სეტემბერს შეიძლებოდა, როდესაც შევარდნაძემ და გორბაჩოვმა ორი დივიზიის შემოყვანაზე მოილაპარაკეს, მაგრამ 19-ში უგულებელყო ქართულმა მხარემ. ეს იყო სოხუმის გადარჩენისა და ძალების დაშორიშორების ბოლო შანსი. საათობრივად ვიცი, რაც მოხდა… ამ პროცესების მონაწილე და თვითმხილველი ვიყავი, როგორც ბატონ ვახტანგ გოგუაძის თანაშემწე…
დასავლეთს საქართველო სჭირდებოდა რუსეთისთვის პრობლემების შესაქმნელად. იმახანად აშშ ძალიან აქტიურობდა და მართავდა პროცესებს.
1992 წელის 26 მაისს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ესტუმრა და ვეჭვობ, აფხაზეთში შესვლა ურჩია შევარდნაძეს. შეეძლო თუ არა უარის თქმა საქართველოს ლიდერს? _ ალბათ, არა. იმიტომ, რომ იმხანად მისი დამხობა ადვილი იყო და შემცვლელი მაინც გაითვალისწინებდა ამერიკელთა “რჩევას”. ამაზე დაიწერა და ითქვა კიდეც, მაგრამ სიმართლეს ბოლომდე მაინც არ ამბობენ ჩვენი პოლიტიკოსები…
განსაკუთრებით საწყენია მათგან, ვინც იმ უბედურების მომსწრე და შემოქმედია. ვისაც ვგულისხმობ, თვითონ იცნოს საკუთარი თავი… კიდევ ვიმეორებ _ აუცილებელი არ ყოფილა აფხაზეთში სამხედრო ნაწილების შეყვანა…
ტყუილში ცხოვრება თაობებს აზიანებს და ახალი შეცდომებისკენ უბიძგებს. დიაგნოზი დასმული არ არის და მკურნალობის საშუალებებზე საუბრობენ. 33 წელიწადია, გვესმის _ “უნდა დავიბრუნოთ”, მაგრამ ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ამ მიმართულებით. ე.წ. ჟენევის ფორმატი, რომლისგანაც ვერ დავიხსენით თავი და რომელიც ორივე მხარისათვის მიუღებელია, დღესაც წინაღობად რჩება. როგორც ვიცი, სოხუმმა დააყენა ამ ფორმატის გაუქმების მოთხოვნა, მაგრამ დასავლეთი მაქსიმალურად შეეცდება, ეს არ დაუშვას. მე და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ წამოვჭერით ეს საკითხი და შევთავაზეთ ფორმატი, რომელშიც ყველა მხარე უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს. სოხუმი არ დაცემულა 27 სექტემბერს, ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ დასავლეთის ინტერესების გამო!
არაერთი შანსი გვქონდა აფხაზეთის დაბრუნების. შევარდნაძე ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას. გავიხსენოთ ევგენი პრიმაკოვისა და ვლადისლავ არძინბას ვიზიტი 1998 წელს და მოლაპარაკება, რომელიც თითქოს წარმატებული იყო… ღია წყაროებში ამის ნახვა იოლია და აღარ შევჩერდები ამ საკითხზე. ასევე, აღსანიშნავია 2002 წლის ბოლოსა და 2003 წლის დასაწყისში შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრები და პერსპექტივაც გამოჩნდა. საუბარი იყო რკინიგზის გახსნაზე. დარწმუნებული ვარ, “ვარდების” ცინიკური რევოლუცია სწორედ ამ ფაქტორმა დააჩქარა. მოგვიანებით ერგნეთის ბაზრობის გაუქმება და მოშუშებული ჭრილობის ხელახლა გახსნა კიდევ უფრო ამყარებს ჩემს ვარაუდს, რომ დასავლეთმა შევარდნაძის ბოლო მცდელობაც ჩაშალა.
_ დღევანდელ ხელისუფლებას თუ აქვს აფხაზეთის დაბრუნების ან დევნილების მშობლიურ კერაზე დაბრუნების შანსი მაინც, რა არის ამისთვის გასაკეთებელი?
_ ყოველი დაგვიანებული დღე გვაშორებს სოხუმსა და ცხინვალთან დიალოგს… მინუსებიდან მოგვიწევს საუბარი. მოსკოვის მიერ ამ ორი რეგიონის აღიარებაც იმ დანაშაულის შედეგია, რომელოც სააკაშვილმა ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში და აიძულა მოსკოვი, ტერიტორიები ეღიარებინა… შანსი ბევრი იყო, მაგრამ, სანამ საქართველო იყურება ჩვენთვის არარსებული ევროკავშირისკენ, ასე გაგრძელდება. სად ვართ და რა გვინდა, ჯერ ეს გავარკვიოთ.
ორი წელიწადია, მოსკოვი იწონებს საქართველოს პოლიტიკას და გვთხოვს ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ისევ დასავლეთის მიმართ ცხოველური შიში და კიდევ ის, რომ ოპოზიცია უპრეცენდენტო საპროტესტო აქციას წამოიწყებს დასავლეთის მხარდაჭერით, აშინებს ხელისუფლებას. დასრულდა კულუარული და ფარული კონტაქტების დრო! მოსკოვი მოითხოვს ღია დიალოგს და, რაც მთავარია, თავდაუსხმელობაზე ხელმოწერას, რომელიც ნდობის აღდგენას მოემსახურება. დროს ვკარგავთ. თუ 1990-იანების ბოლოს ფედერაციულ მოწყობაზე შეიძლებოდა საუბარი, დღეს კონფედერაციაც, რომელიც, ალბათ, მიუღებელია ქართული მხარისთვის, სადავო ხდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მეზობლების გავლენა გააძლიერა ჩვენზე და რუსეთის როლის დასუსტებაზე მომუშავე დასავლეთისთვის საქართველო ახლა უფრო მარტივი სამართავია. ვეჭვობ, მმართველი ძალა დათანხმდება ღია მოლაპარაკებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა 1992 წელს დაწყებულმა საქართველოს დაშლის პროცსმა ახალი მუხტი არ შეიძინოს.
ბოლო 36 წლის განმავლობაში ასეთი მძიმე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ მორალური მდგომარეობა არ გვქონია. აქეთ რუსეთი, იქით დასავლეთი _ ორივე მოითხოვს ისეთ რაღაცას, რაც საქართველოს არჩევანის წინაშე აყენებს: ან აქეთ, ან იქით. დასრულდა მრავალვექტორიანი თამაშები. ჩვენ ახლა ბრძოლა გვიწევს არა ტერიტორიების დასაბრუნებლად, არამედ რუსთთან დიალოგის დაწყების უფლების მოსაპოვებლად. ხედავთ, სადამდე დავეცით?! საუბარსაც კი გვიკრძალავენ, მეტი მონობა რა უნდა იყოს?! არაერთხელ მოვუწოდე ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩასულიყვნენ მოსკოვში, სანამ დროა და ახლაც იმავეს ვეუბნები, მაგრამ ამჯერად საუბარია კვირებზე, ვეჭვობ, ისე არ მოხდეს, შევარდნაძესავით კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდილმა დავრეკოთ მოსკოვში და იქიდენ დუმილი მივიღოთ. არავის ვაშინებ, მაგრამ ვითარება კრიტიკულია!
_ დღეს ჩვენი ქვეყანა ახალი პრობლემის წინაშე დგას. აშკარაა, რომ აზერბაიჯანი პროვოკაციის მოწყობას ცდილობს, რაც შეიძლება დიდ რეგიონულ არეულობაში გადაიზარდოს. საქართველო გარშემორტყმულია მუსლიმებით… ვინ შეიძლება დაგვეხმაროს?
_ ამაზე ადრე უნდა გვეფიქრა. ყველა ქვეყანა თავის ინტერესებით ცხოვრობს და ამაში არაფერია გასაკვირი. ბოლო პერიოდში მომძლავრებულ აზერბაიჯანსაც თავისი მოთხოვნები აქვს და ეს არ არის გასაკვირი.
ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ. დასავლეთს ხელი არ აუღია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობაზე. ცუდი სუნი ასდის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებრობას. 20 წელიწადზე მეტია, ორთაჭალაში დგას ჰეიდარ ალიევის ძეგლი და არავის შეურაცხუყვია, ახლახან, 21 სექტემბერს, კი ჩაიდინეს ვანდალიზმი. შემთხვევითია? არა! არც საქართველოს საპატრიარქოს წერილზე ჩვენი მეზობლების უმკაცრესი პასუხია შემთხვევითი. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც დაირღვა, მოიშალა ჩვენს ურთიერთობებში და, თუ დროულად არ მოხერხდება ლოკალიზება, ვშიშობ, დიდი საფრთხე გველის.
საქართველოს მოკავშირე აღარ ჰყავს. ის, რაც ლიბერალურმა ტელევიზიებმა რუსეთს უწოდეს ბოლო ორ დღის განმავლობაში (მკვლელი, ოკუპანტი, დამპყრობელი, მატყუარა… ერთი დედა არ შეუგინებიათ ღია ტექსტით, დანარჩენი არაფერი დაუკლიათ), ამაზე არც ერთ სამთავრობო მედიას არ ჰქონია რეაგირება. ეს უფრო საგანგაშოს ხდის საქართველოს პერსექტივას. კიდევ ვიმეორებ: ეს არავის გაუპროტესტებია სამთავრობო არხებზე. რატომ უნდა გაეპროტესტებიათ? ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება. ღმერთმა დაგვიფაროს, აქ რამე რომ მოხდეს და რუსეთმა ხელები დაიბანოს, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას.
კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: აღკვეთეთ რუსოფობიური და ანტირუსული რიტორიკა ლიბერალურ მედიაში! თუ ამის უნარი არ შეგწევთ, თქვენს კონტროლს დაქვემდებარებულმა ტელევიზიებმა მაინც გასცენ საკადრისი პასუხი, მაგრამ არც ამის იმედი მაქვს, რადგან იქაც ლიბერალური სული ტრიალებს.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სტაბილურობის გარანტი იქნება, არის რუსეთი და სამწუხაროა, რომ ეს ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







