ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა თითქმის 70 პროცენტი გირაოთი გაათავისუფლეს

    ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა თითქმის 70 პროცენტი გირაოთი გაათავისუფლეს

    ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლამ სხვა მასშტაბი შეიძინა – თითქოს უფრო გამკაცრდა, თითქოს უფრო მეტ ადამიანს იჭერენ. პრინციპში, რაღა თითქოს, სტატისტიკას თუ ვენდობით, დაჭერა-დაკავების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ნარკოტიკების გამსაღებლებს ეხება, „ბარიგებს“, რომლებზეც ოპოზიცია ამბობდა, შეურაცხმყოფელი სახელია და ნარკოდილერები დავარქვათო. არადა, ეს სიკვდილით მოვაჭრე „ბარიგები“ ნარკოდილერებად კი არ უნდა მოვიხსენიოთ, კანონში უნდა შევიდეს შესაბამისი მუხლი, რომლის მიხედვით საკონტროლო შესყიდვისა და ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ნარკოტიკების გამსაღებელს უვადოდ უნდა აღუკვეთონ თავისუფლება, საწყისი 25 წლის განმავლობაში კი შეწყალების თხოვნის უფლებაც ჩამოართვან. აი, მაშინ იქნება სამართალი და ეგებ დაფიქრდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ „საქმიანობას“.

    ნარკოტიკების წინააღმდეგ რადიკალური ზომების გატარება აუცილებელია და მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქეს დააკავებენ ამ ბრალდებით თუ უცხოელს, „ბარიგა“ ყველგან ბარიგაა და ყველგან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ისე, ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში ამ დანაშაულისთვის სიკვდილთ დასჯაა გათვალისწინებული და არ იქნება ურიგო, ჩვენთანაც დავაბრუნოთ სიკვდილით დასჯა კონკრეტულად ამ მიმართულებით, თორემ თაობები დავკარგეთ, ბატონებო, და კიდევ დავკარგავთ. ჰო, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებელთა შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა მოიმატეს, რაც საგანგაშოა.

    სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ნარკოტიკების ფასებზე ვთქვათ. მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ნარკოტიკი, საუკეთესო შემთხვევაში, 50-ჯერ უფრო ძვირად მიდის. მაგალითად, სუბოტექსის ერთი აბი ევროპაში 2 ევრო რომ ღირს, აქ 600-700 ლარად იყიდება, ანუ ევროპაში 100 აბი 200 ევრო ღირს, აქ კი 60-70 ათასი ლარი. საინტერესოა კოკაინი, რომლის ღირებულება კოლუმბიაში (ამ ქვეყანას არაფერი ეშველა ამ მიმართულებით) 5 ათას დოლარამდეა კილოგრამი, თუ დიდ რაოდენობას იღებ, 3 და 4 ათასადაც შეგიძლია იშოვო ერთი კგ, ამერიკაში, ევროპასა თუ ჩვენთან კი 1 გრამი კოკაინი 100 დოლარზე ნაკლები არ ღირს, ანუ კილო 100 ათას დოლარამდე ჯდება და თან, თუ კოლუმბიაში სუფთა კოკაინს ყიდულობენ, საქართველოში უკვე სხვადასხვა დანამატი აქვს და მოგებაც მეტია. კიდევ გავიმეორებთ, რომ „ბარიგები“ საუკეთესო შემთხვევაში, სულ ცოტა, სამუდამო პატიმრობით უნდა დასაჯონ, სასჯელის პირველი 25 წლის განმავლობაში კი შეწყალების თხოვნის უფლება არ უნდა ჰქონდეთ და არც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება.

    ახლა მთავარი: კიდევ გავიმეორებთ – ძალიან კარგია, ნარკოდანაშაულები რომ იხსნება, ხან აეროპორტში რომ აკავებენ ნარკოტიკების შემომტანებს და ხან – საბაჟოებზე, მაგრამ ერთი სტატისტიკური მონაცემი გვაფიქრებს და გვაშფოთებს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბევრი პირი გარეთ იოლად გამოდის. მაგალითს გეტყვით – ერთი კვირის წინათ მეზობლად დაიჭირეს ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც ავტომობილში 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება უპოვეს. იქვე დაადეს ბორკილები, მოიყვანეს შსს-ს პრესსამსახური, რომელმაც ეს ყველაფერი ვიდეოზე აღბეჭდა. იქვე ჰყავდათ მოწმეები და იქვე აღიარა დაკავებულმა, რომ ნარკოტიკი მისი იყო და სადღაც იპოვა. ამ ამბიდან ორ დღეში ტელევიზიით აჩვენეს დაკავების მომენტი, აჩვენეს სახედაფარული დამნაშავე, მაგრამ დაასახელეს სახელი და გვარი, ილაპარაკა ადვოკატმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისმა კლიენტმა დანაშაული აღიარა, რომ ჩადენილს ინანიებს და რომ მუხლი მძიმეა. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ბრძოლა დაუნდობელი იქნება და გაგრძელდება, განცხადება გააკეთა პროკურორმა, რომელმაც თქვა, რომ მუხლი 10-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ამბიდან ზუსტად 24 საათის შემდეგ ეს კაცი… ქუჩაში შემხვდა. ეს არ იყო მხოლოდ გაოცება და სიბრაზე, ეს იყო ნამდვილი შოკი, რომელიც მეც და ჩამნაირებმაც განვიცადეთ. უბანში ყველამ იცოდა, რომ ეს პირი დააკავეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობის გამო, დაკავების პროცესიც ლამის მთელმა უბანმა ნახა, ნახეს სიუჟეტიც, რომელშიც მომხდარზე დაწვრილებით ყვებოდნენ და 10-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთით ემუქრებოდნენ, ამ დროს კი ეს კაცი ქუჩაში თავისუფლად და ირონიული ღიმილით დასეირნობს. მერე თქვა, 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამომიშვეს, ძიება გრძელდება, მაგრამ ადვოკატი დამპირდა, ეგ გირაო ჯარიმაში წავა და მხოლოდ პირობით სასჯელს მოგცემენო.

    წეღან ნარკოტიკების ფასები ვახსენეთ და ახლა არც ვამტკიცებთ და არც თავს ვდებთ, რომ ეს კაცი ნარკოტიკს ყიდდა (30 გრამი, თანაც დაფასოებული, მხოლოდ თავისთვის რად უნდოდა, ცალკე ამბავია), მაგრამ დავუშვათ, რომ „ბარიგაა“. გამოდის, გაყიდა ის რაოდენობა, რომელიც აშკარად მოგებაზე გაიყვანს, გადადო „შავი დღისთვის“ 10 ათასი ლარი, დადგა ეს შავი დღეც, დაიჭირეს და… გამოვიდა სიცილ-ხარხარით.

    მერე დავინტერესდით სტატისტიკით და გაირკვა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა თითქმის 70% გირაოთი გაათავისუფლეს, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა. გამოდის, რომ ყოველი სამი დაკავებულიდან ორს გირაოს უფარდებენ და ასეთ შემთხვევაში სად არის შიშის განცდა? ნარკოდანაშაულისთვის თუ დაიჭერენ, მას ხომ დიდი შანსი აქვს, გარეთ გამოვიდეს და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობაც ჰქონდეს?! ესეც ერთი კვირის წინათ მოხდა – უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკების გასაღების გამო მეორედ დააკავეს. ადვოკატი ამბობდა (ტელევიზიით), ერთსა და იმავე დანაშაულზე კი არის დაკავებული, ორივე შემთხვევაში საკონტროლო შესყიდვა კი განხორციელდა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდესო? ის კაცი თურქმენეთის თუ ტაჯიკეთის მოქალაქე იყო, ანუ არ იყო ევროკავშირის, ამერიკის, ბრიტანეთის წარმომადგენელი, იმ ქვეყნების, რომელთა მოქალაქეებსაც კოჭს ვუგორებთ ხოლმე (გავიხსენოთ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ბრიტანელი გოგო, რომელიც საქართველოში თავისი წონა ნარკოტიკის შემოტანისას დააკავეს). ჰოდა, ეს შუა აზიელი კაცი პირველ ჯერზე დაუჭერიათ (2 თვის წინათ), საკონტროლო შესყიდვაც გაუკეთებიათ და ახლა, 2 თვის თავზე, ისევ ნარკოტიკების გაყიდვისთვის დააკავეს. ადვოკატს ისევ იმედი აქვს, რომ კლიენტს „გამოაძვრენს“.

    რა ხდება? პოლიცია ხელს უიმედოდ შლის, ჩვენს მოვალეობას პირნათლად ვასრულებთ და ვაკავებთო. აქეთ პროკურატურა იმართლებს თავს, ჩვენ აღმკვეთ ღონისძიებად 100-დან 99 შემთხვევაში პატიმრობას ვითხოვთ, მაგრამ სასამართლო არ გვიკმაყოფილებსო. სასამართლო ცალკე ჩივის, ისედაც ბევრი ადამიანი მიდის ციხეშიო (ძალადობის გამო დაკავებულთა რაოდენობა მართლაც ასტრონომიულია) და ასე ტრიალებს ყველაფერი. გავიგეთ, რომ კაცი, ქალს თუ სცემა, ციხეში უნდა ჩაჯდეს (პირიქით თუ ხდება, თურმე არა უშავს). არ სჯობს, ეს ხალხი გამოვუშვათ გარეთ, თუნდაც სამაჯურები გავუკეთოთ, მიახლოება ავუკრძალოთ უმკაცრესად და გამოთავისუფლებულ ადგილებზე „ბარიგები“ ჩავსვათ? თუ, ერთხელ რომ დავაკავეთ, მეორე შანსს ვაძლევთ, გასაღების პროცესი ისე დახვეწოს, რომ ძალოვანებმა ვერაფერი გაიგონ?! ისიც ხომ ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნარკოტიკი იყიდება ისე, რომ სამართალდამცველები კონტროლს ვერ ახერხებენ. კიდევ ვიმეორებთ – პოლიცია მუშაობს, შემთხვევით გვინახავს, როგორ ჩხრეკენ საეჭვო მანქანებსა და ადამიანებს… როგორ გგონიათ, იმავე პოლიციელებისთვის არ არის დამთრგუნველი, ადამიანს რომ დააკავებს ერთი ან ორი მუჭა ნარკოტიკით და სამი დღის შემდეგეს ადამიანი ქუჩაში თავხედურად ესალმება?!

    მოკლედ, კარგია, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა პრიორიტეტი რომ არის, უფრო კარგია, ამას შედეგი რომ მოაქვს დაკავებების მხრივ, მაგრამ დაკავება აპრიორი პატიმრობას რომ არ ნიშნავს, დავრწმუნდით და ეგებ, ამ მიმართულებითაც გავაქტიურდეთ. გვერწმუნეთ, მოსახლეობა ამ ამბავს დადებითად შეხვდება და ტაშსაც დაუკრავს.

    ლევან გაბაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here