თუ ხელისუფლებამ ადგილობრივ ბაზარს ხელი არ შეუწყო, იმაზე ადრე დაიწყება კრიზისი, ვიდრე გვგონია!

    2025 წელს ხორცის ადგილობრივმა წარმოებამ ბაზარი 72%-ით აითვისა, 28% კი შემოტანილი იყო

    თუ ხელისუფლებამ ადგილობრივ ბაზარს ხელი არ შეუწყო, იმაზე ადრე დაიწყება კრიზისი, ვიდრე გვგონია!

    წლების წინათ ამას, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ ახლა მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ. საქმე ის არის, რომ საქონლის ხორცის (და, ზოგადად, ხორცის) დეფიციტია მსოფლიოში. კვლევებს თუ დავუჯერებთ, ეს პროცესი გაგრძელდება და ხორცი, ყოველთვიურად თუ არა, კვარტალში ერთხელ მაინც აუცილებლად გაძვირდება. აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ხორცის წარმოება ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რადგან გლობალური დათბობის პირობებში ბევრი საძოვარი გახმა, ფერმერებმა ვერ მოახერხეს საქონლის გამოკვება და პირუტყვი სასურველი წონის მიღწევამდე დაკლეს. შემდეგ არ მოხდა მათი ჩანაცვლება, რადგან საძოვარი არ არის და გამრავლებაც აზრს კარგავს. როცა აშშ-ს ასეთი პრობლემა აქვს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება პატარა ქვეყნებში. მოდი, საქართველოზე ვთქვათ და ვინერვიულოთ.

    ოფიციალური მონაცემებით, შარშან ხორცის ადგილობრივმა წარმოებამ ბაზარი 72%-ით აითვისა, 28% კი შემოტანილი იყო. ერთი შეხედვით, ეს არ არის მცირე რაოდენობა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ის 28% რომ ავითვისოთ, ყოველ წელს დაახლოებით 300 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით მეტი უნდა გვყავდეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 760 ათასი გვყავს, კიდევ 300 ათასის დამატება წარმოუდგენელია. თანაც, ამ პირუტყვს ხომ ყიდვა და შემოყვანა სჭირდება?! ეგებ ვინმეს ამის სახსრები აქვს, მაგრამ… შესაძლებლობაა ნაკლები. ახლა ის ვთქვათ, რა განსხვავებაა ფინანსურ უზრუნველყოფასა და შესაძლებლობას შორის. მაგალითად, გაქვთ გარკვეული თანხა და გსურთ, 100 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოყვანა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასაგებად თქვა – შეღავათიანი სესხი ან საგრანტო პროგრამა იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი შემოყვანილი იქნება ევროკავშირის ქვეყნების, ბრიტანეთის, ამერიკის ან კანადის ბაზრებიდან. დანარჩენ ბაზრებს სამინისტრო არ აღიარებს, ადგილობრივ ბაზარზე კი საუბარიც ზედმეტია. ადგილობრივი ბაზრის უგულებელყოფას მარტივად ხსნიან – გამორიცხულია ფინანსური კონტროლი, რადგან მოილაპარაკებ გამყიდველთან, ის გეტყვის მაღალ ფასს, დოკუმენტზეც მოგიწერს ხელს და სახელმწიფოს გრანტს დასცინცლავ. უცხოელების შემთხვევაში კი საჭიროა ინვოისი, კონკრეტული ფასი და იქ ტყუილის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთანავე, სამინისტრო არ ენდობა პოსტსაბჭოთა სივრცისა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს. კარგი, ვთქვათ, ესეც გავიგეთ და როგორღაც შევეგუეთ, მაგრამ რა ვუყოთ მედლის მეორე მხარეს?

    საქმე ის არის, რომ ბელარუსი მზად არის, ჯიშიანი საქონლის (ანგუსი, სიმენტალი, ჰერეფორდი) ცოცხალი წონის კილოგრამი 3,5 დოლარად გაყიდოს, ევროპელები კი კილოგრამში, სულ ცოტა, 8 დოლარს მოითხოვენ. რა გამოდის? 200-კილოგრამიანი ბუღა, ბელარუსიდან წამოყვანის შემთხვევაში, 700 დოლარი ჯდება (პლუს გზის ხარჯი), ევროკავშირის ქვეყნიდან შემოყვანილში კი 1600 დოლარია გადასახდელი. ახლა ეს ყველაფერი გაამრავლეთ, სულ ცოტა, 100 სულზე, რადგან, როცა ტრანსპორტირების ხარჯს იხდით, მნიშვნელობა არ აქვს, მძღოლს 1 სული მოჰყავს თუ 30, ფასი იგივეა. ბელარუსიდან შემოყვანის შემთხვევაში, 70 ათასი დოლარია გადასახდელი, ევროკავშირიდან – 160 ათასი, ანუ ამ თანხით, ბელარუსიდან ორჯერ მეტის შემოყვანა შეიძლება და გზის ფულიც რჩება.

    სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. სამინისტრო მოითხოვს, შემოყვანილი საჯიშე ბუღების წონა არ აღემატებოდეს 300 კილოგრამს. ამას იმით ხსნიან, რომ აქ გამოვკვებოთ, აქ გავასუქოთ და, რაღა თქმა უნდა, აქ დაიკლას. თუმცა ჩვენი ინტერესი გასაგებია, მაგრამ ბელარუსებსაც თავიანთი ინტერესი აქვთ – მათ სურთ, რაც შეიძლება დიდი საქონელი გაყიდონ, მეტი მოგება რომ დარჩეთ; ამბობენ, რომ, თუ საქონელი 300 კილომდე იქნება, შესაძლოა, ფასმა მოიმატოს. თანაც, რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ მთელი ტვირთი ბელარუსს დააწვა. ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყანას არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, სრულად დაფაროს მოთხოვნა, ამიტომ მისი რესურსი მალე ამოიწურება. ზოგადად, რუსული ბაზრის დახურვამ ბევრს შეუქმნა პრობლემა, მაგრამ კიდევ ვამბობთ, დიდი ქვეყნები ახერხებენ გამოძრომას, საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან.

    კიდევ, იცით, რა გვაინტერესებს? ხელისუფლება ხომ ამბობს, ბაზრის ფასებში არ ვერევით, ბაზარი თავისუფალია და თვითონ უნდა დაარეგულიროს ფასებიო, ამ შემთხვევაში რატომ ჩაერივნენ? რატომ არეგულირებენ, რა წონის საქონელი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში (კარგი, ამას კიდევ გავიგებთ), რატომ აკეთებენ აქცენტს კონკრეტულ ქვეყნებზე? მე რომ ფერმერი ვარ, ხომ ვცდილობ, უფრო იაფად ვიშოვო საქონელი და მერე ეს იაფად ნაშოვნი იაფად გავყიდო? ცოცხალი წონა ადგილზე 13-14 ლარი რომ ღირს და რომ მაიძულებ, 21 ლარი გადავიხადო, ამას გზის ხარჯიც რომ დაემატება, სულ ცოტა, 22 ლარი გამოვა, როგორ მოვიქცე? საქონელი დაკვლის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, 55-57%-ს ტოვებს, ანუ 200-კილოგრამიანი მოზვერი 110-114 კილოს დატოვებს. 200-კილოგრამიანში 4400-4500 ლარი რომ მაქვს გადახდილი, ჩასაბარებელი ფასი 23-24 ლარი რომ არის, ორჯერ ნაკლებს ხომ ავიღებ? სად არის ბიზნესინტერესი? არსად, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ევროპას უნდა გავუსაღოთ საქონელი არარეალურ ფასად (ამერიკასა და კანადაზე არაფერს ვამბობთ, ამ ქვეყნებიდან ტრანსპორტირების ფასი კატასტროფულია). გამოდის, ვიღაცას (თუ ვიღაცებს) ხელს აძლევს, ეს ყველაფერი ასე იყოს და არა სხვაგვარად, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობთ.

    ნიდერლანდების ერთ-ერთმა დიდმა ფერმამ ოფიციალურად გვამცნო, რომ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო და, სავარაუდოდ, 2-3 წელიწადში დაასრულებს. ეს ფერმა ათწლეულებს ითვლის, მას დღეს ლამის მეოთხედი მილიონი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს და მუშაობს როგორც რძის პროდუქტებსა და ხორცზე, ისე ნამატის გაყიდვაზე. ფირმის წარმომადგენელთა თქმით, ისე გამკაცრდა და აბსურდული გახდა რეგულაციები, რომ მუშაობას აზრი აღარ აქვს და ლიკვიდაციაც ამიტომ გადაწყვიტეს, მაგრამ 250 ათასი სულის საქონლის ერთ დღეში გაქრობა წარმოუდგენელია, ამიტომ ამბობენ, 3 წელს სავარაუდო თარიღად. რას გულისხმობენ გამკაცრებულ რეგულაციებში? პირველ რიგში – კვებას, და მოთხოვნაა, რომ საქონელი ისე უნდა იყოს მოშორებული სავალი გზის ნაწილს, ავტომობილების გამონაბოლქვის მიერ გამოყოფილი ტყვიის ნაწილაკებიანი ბალახით არ იკვებოს, ანუ დაახლოებით 7-10 კილომეტრით. ახლა, საქართველოს მაგალითზე ვთქვათ – ჩვენი ქვეყნის ფართობი 69 000 კვადრატული კილომეტრია (ნიდერლანდების – 41 543 კვ. კმ). საქართველოში სად გეგულებათ ისეთი ადგილი, 250 ათასს კი არა, 100 ათას სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს რომ გააჩერებთ, თანაც გზიდან 7-10 კმ-ის მოშორებით? ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი სინთეტიკური ხორცის მწარმოებელთა მიერ მოგონილი ხრიკებია, რათა მოსახლეობა ნელ-ნელა ხელოვნურ ხორცზე შესვან და არ იყოს საჭირო პირუტყვის ყოლა; თანაც ამტკიცებენ, მსხვილფეხა პირუტყვის მიერ გამოტყორცნილი გაზები გარემოს აბინძურებსო, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. რა, აქამდე არ ჰქონდათ ეს გაზები თუ ფილტრი ეყენათ უკანალზე?

    ხელოვნური ხორცის ქარხნებზე, დიდი ხანია, საუბრობენ, არც იმას მალავენ, რომ რამდენიმე ქარხანა უკვე პროდუქციასაც უშვებს, რომელიც გემოვნური თვისებებით არ განსხვავდება ნამდვილი ხორცისგან და წარმატებითაც იყიდება, თუმცა სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს ხორცთან და ის ვიტამინებიც კი, რომლებსაც თურმე შეიცავს, სინთეტიკურია. დაახლოებით ისე, საქართველოში მცენარეული ცხიმისგან დამზადებული რძის პროდუქტების გარჩევა რომ არის ძნელი ნამდვილისაგან და მხოლოდ ერთეულები არჩევენ. სწორედ ერთეულები გაარჩევენ ნამდვილ და ხელოვნურ ხორცს ერთმანეთისგან და ისევე მარტივად დავიწყებთ მის მიღებას, როგორც მცენარეული ცხიმით დამზადებული რძის პროდუქტების შემთხვევაში ვაკეთებთ.

    ძნელია იმის თქმა და აღქმა, როდის მოვა საქართველომდე ეს ყველაფერი, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ადგილობრივ ბაზარს ხელი არ შეუწყო, თუ გასაქანი არ მისცა, თუ მხარში არ ამოუდგა, იმაზე ადრე დაიწყება მწვავე კრიზისი, ვიდრე გვგონია.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here