ქსელურმა მარკეტებმა, სამწუხაროდ, დაამტკიცეს, რომ სახელმწიფო აქვთ შექმნილი სახელმწიფოში და ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ. ხელისუფლება იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ მათთან „ომში“ დამარცხდა და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მარკეტებმა გარკვეული პროდუქტები ფასდაკლებით მიაწოდონ მოსახლეობას. საამისოდ სპეციალური ვებგვერდიც კი შეიქმნა, რომელზეც ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალია და მითითებულია, რომელ ქსელურ მარკეტში რა ღირს ესა თუ ის პროდუქტი. ხომ წარმოგიდგენიათ, პენსიონერები რომ შევლენ იმ ვებგვერდზე, მერე სასურველ მარკეტს მოძებნიან, მერე სხვა მარკეტის ფასებს შეადარებენ, დაგეგმავენ, სად რა უნდა შეიძინონ და წავლენ საყიდლებზე. პენსიონერებზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ, როგორც ქსელური მარკეტების წარმომადგენლების, ისე ხელისუფლების პირველი პირების მთავარი პრიორიტეტი პენსიონერები იყვნენ, აქაოდა, პროდუქტი იმდენი უნდა ღირდეს, შეძენა მათაც მოახერხონო. ამ პრობლემის გადაჭრა სხვანაირადაც შეიძლება, პენსია თუ იქნება იმდენი, პენსიონერს ფასები არ აინტერესებდეს, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
რამდენიმე დღის წინათ აღნიშნულ ვებგვერდზე (ბარემ დავწერთ მისამართს – ekalata.gov.ge) ინფორმაცია განახლდა. აი, ის პროდუქტები, რომლებზეც ფასდაკლება იქნება: ყველი, კვერცხი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ფქვილი, ქათმის ხორცი, რძე, მაწონი, არაჟანი, კარაქი, მზესუმზირის ზეთი, ხაჭო, წიწიბურა, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, ხელის საპონი თხევადი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, ჭურჭლის სარეცხი სითხე, სარეცხი საშუალება ფხვნილი, სარეცხი საშუალება გელი, სუფრის ხელსახოცი, ხელის საპონი მყარი. ერთი შეხედვით, ჩამონათვალი მცირე არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ახლა შევეცდებით იმის ახსნას, რატომ არის ეს სია ცუდი.
არავინ მალავს, რომ საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია; არც იმას უარყოფენ, რომ საქართველოს მასშტაბით, რძის ჯანსაღი პროდუქტების წილი საერთო რაოდენობაში მხოლოდ 13%-ია, ანუ 87%, რაც იყიდება, არ არის ნედლი რძისგან დამზადებული და რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმის კომბინაციაა. სამწუხაროდ, მცენარეული ცხიმის აქტიურმა გამოყენებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ აზიიდან შემოვიდა აპარატი, რომელშიც ეს შხამი რძის ფხვნილთან ერთად წნევით გადის, რაღაცებს კიდევ უმატებენ და მისგან მიღებული პროდუქტი ისე ჰგავს ნატურალურს, რომ მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმებით შეგიძლიათ მიხვდეთ შემადგენლობას. ეს კი მომხმარებლის მოსატყუებლად საუკეთესო საშუალებაა.
შედით ნებისმიერ ქსელურ მარკეტში, იყიდეთ ნებისმიერი წარმოების ყველი და ჩაუტარეთ ანალიზი. პასუხი სატირალი იქნება – ქართულ მაღაზიებში ნატურალური ყველს, სურვილთან ერთად, შესაძლებლობაც რომ გქონდეთ, უბრალოდ, ვერ იყიდით იმიტომ, რომ არ არის. ანალოგიური რამ ითქმის კარაქზე, ხაჭოზე, არაჟანზე…
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა. ჰოდა, საინტერესო ის არის, რომ ამ ორ დაავადებას ყველაზე აქტიურად მცენარეული ცხიმი იწევს და რა გამოდის? ვიღებთ საკვებს, რომელსაც ნელ-ნელა მივყავართ სიკვდილისკენ და ამას არავინ აპროტესტებს. ახლა კიდევ სიკვდილისკენ სვლა გაგვიიაფეს და უნდა გვიხაროდეს?! ამ საკითხზე რამდენიმეჯერ ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს. მათ იციან აღნიშნული პრობლემის შესახებ, მაგრამ მცენარეული ცხიმის აკრძალვა, პრაქტიკულაად, ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს. პურსაც კი, ჩვეულებრივ პურს, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, მცენარეული ცხიმი ურევია. სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური აქტიურად ებრძვის იმ მწარმოებლებს, რომლებიც იატაკქვეშეთში მუშაობენ – მწარმოებლებს, რომლებიც ყველსა თუ არაჟანს ისე ამზადებენ, რომ მათში ერთი გრამი ნატურალური რძე არ ურევია, აჯარიმებენ, საწარმოებს კი ხურავენ, მაგრამ მეორე დღეს ეს ხალხი ისევ ახალ „ქარხანას“ ხსნის, ხელახლა იწყებს „რძის პროდუქტების“ დამზადებას და მზად არის, დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს, რატომ? იმიტომ, რომ მოგება უზარმაზარია და ახლავე აგიხსნით რატომ: ზაფხულში რძის მწარმოებელი არც ერთ კომპანია არ იხდის ერთ ლიტრ ნატურალურ რძეში 1,50-1,60 ლარზე მეტს. ფერმერები იძულებულნი არიან, ამ ფასში გაყიდონ, რადგან სხვა შემთხვევაში შრომა წყალში ჩაეყრებათ. რძის ადგილობრივი ბაზარი მოთხოვნას 30%-ითაც ვერ აკმაყოფილებს და რძე სხვა ქვეყნებიდანაც შემოგვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საკმარისი არც ეს არის. აქ საქმეში ერთვება რძის ფხვნილი და მცენარეული ცხიმი, რომელიც შემდეგ ბაზარზე ხვდება, ბაზრიდან – ჩვენს მაცივარში. ხელისუფლებამ მცენარეული ცხიმის გამოყენება რომ აკრძალოს, მწარმოებელი იძლებული იქნება, ნატურალური კარაქი გაურიოს ფხვნილში და ეს უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ნატურალური რძის შეძენა. პარალელურად, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ მოერევა და რძის პროდუქტების ფასი, საუკეთესო შემთხვევაში, გასამმაგდება. ეს იცის ყველამ, პირველ რიგში, იციან მწარმოებლებმა და მშვიდად გვწამლავენ. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ჩაუშვა 1 ივლისიდან ხელისუფლებამ საგრანტო პროგრამა, რომელიც რძის წარმოების მიმართულებას ყველაზე დიდი თანხით, 10 მილიონით (ერთ ბენეფიციარზე), აფინანსებს და არ მალავს, რომ პრიორიტეტი სწორედ რძის წარმოება იქნება, ანუ მეწველი საქონლისთვის ფერმის აშენება, საქონლის შემოყვანა… 1 იანვრიდან დახლებზე აუცილებელი იქნება წარწერა, რომელი პროდუქტია დამზადებული ნედლი რძით და რომელი – ფხვნილით, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტები კი რძის პროდუქტების დახლზე აღარ იქნება, რადგან მათ რძესთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა არც ეს არის გამოსავალი. ძალიან ბევრი ადამიანი იძულებულ იქნება, კვლავ იაფფასიანი პროდუქტი შეიძინოს, რადგან საკმარისი შემოსავალი არ აქვს, ორგანიზმი კი რძის პროდუქტს მოითხოვს და, თუ მწარმოებელი გვატყუებს, ჩვენ მერე საკუთარ თავს ვატყუებთ და ასე გრძელდება დაუსრულებლად. სად არის გამოსავალი? მაგალითად, ბელარუსმა და რუსეთმა ნატურალური რძის წარმოება მას შემდეგ გაზარდეს, რაც ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს გადასახადები, პრაქტიკულად, გაუნულეს და სიმბოლურად დაუტოვეს. ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში ეს სფერო მოგებიანი იქნებოდა და შედეგიც აშკარაა – რუსულზე რომ არაფერი ვთქვათ, ბელარუსულ რძის პროდუქტებს ქართულ ბაზარზე თავისი ნიშა უკავია და, რაც მთავარია, მომხმარებელიც ჰყავს. საინტერესო კიდევ ის არის, რომ ბელარუსში წარმოებული, მერე საქართველოში ჩამოტანილი, განბაჟებული და დახლზე ფასნამატით შემოდებული ერთი ლიტრი რძე იმაზე იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში წარმოებული, ნაკლები სამგზავრო ხარჯით, ნაკლები დისტრიბუციით და განუბაჟებლად დადებული. ჰო, ხარისხითაც ბელარუსული სჯობს და სად არის აქ ლოგიკა? ლოგიკა მარტივია – ბელარუსი ბიზნესმენები არ მუშაობენ 200 და 300-პროცენტიან მოგებაზე, მათ მცირე მარჟაც აკმაყოფილებთ და მცირე მოგებით დიდ მასშტაბზე გადიან, შემოსავალს კი იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ქართველი ბიზნესმენები, მაგრამ ჩვენ ხომ ერთ დღეში გვინდა გამდიდრება?! მახსოვს, გერმანული კომპანია „სიმენსი“ ერთ-ერთ ელექტროსადგურს რომ არემონტებდა, მათმა წარმომადგენელმა თქვა, სუფთა მოგებაზე ეს სადგური 7 წელიწადში გავაო და ქართულმა მხარემ პირი დააღო,- 7 წელს რა დაიცდისო, თუმცა მაშინ სხვა გზა არ იყო და, საბოლოო ჯამში, გერმანელებმა თავისი საქმე გააკეთეს, შვიდი წლის შემდეგ კი მოგებაზე გასული ელსადგურის ხელში ჩასაგდებად რამდენიმე კლანი იყო ერთმანეთს გადაკიდებული.
ვერ გეტყვით, მოსახლეობა კმაყოფილი იქნება თუ არა ამ პროდუქტების გაიაფებით, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ, როცა ბაზარზე საქონლის ხორცის ფასი 25-26 ლარიდან იწყება, არ შეიძლება მაღაზიაში „საქონლის ხორცით“ დამზადებული 1 კგ სოსისი თუ სარდელი 3-4 ლარი ღირდეს, არც ის შეიძლება, ქათმის ფილეს 500 გრამი ეწეროს და გალღობის შემდეგ 300 გრამსაც ვერ იწონიდეს. ჰო, საქართველოში ბევრი რამ არ შეიძლება, მაგრამ კეთდება, მუშაობს და პასუხს არავინ არავის სთხოვს. ისევ მოიმატებს საკვებით გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა, მაგრამ არც ამაზე იდარდებს ვინმე. საკვების დაავადებით დაღუპულებს ვინ ჩივის, აგერ ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა ყოველწლიურად 500-ს აჭარბებს და ამას ვერაფერი მოვუხერხეთ, ის ვერ ვისწავლეთ, რომ საჭეს ნასვამი არ უნდა მიუჯდე. ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების გარდა, ვინმემ გასულ კვირას ახსენა გორში ავარიის შედეგად დახოცილი (ჰო, დახოცილი) დედა-შვილი?! არავინ. მოიმწვანილა ეს ამბავი სოციალურმა ქსელმა და ახლა იმის განსჯა მიდის, ნუცა ბუზალაძე რატომ დაშორდა მეგობარ მამაკაცს…
ბესო ბარბაქაძე







