რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად უკრაინის შავი ზღვის პორტების მუშაობა პარალიზებულია. გემების მფლობელი კომპანიები უკრაინის პორტებში შესვლაზე უარს აცხადებენ. ამ მოვლენამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ალტერნატიული მარშრუტები კი ეკონომიკურად ზარალიანი აღმოჩნდა. ამ საკითხზე პოლონურმა მედიამ ვითარების სრული სურათი წარმოადგინა. მასალაში ლაპარაკია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებული დარტყმების მძიმე შედეგებზე. Myśl Polska იუწყება: „უკრაინის შავი ზღვის პორტები, ფაქტობრივად, პარალიზებულია, ხოლო უცხოელი გემთმფლობელები უკრაინის ნავსადგურებში შესვლაზე უარს ამბობენ”.
გამოცემა ვითარებას ასე აკონკრეტებს: „რუსმა სამხედროებმა გასული კვირის განმავლობაში საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რამდენიმე მასირებული დარტყმა განახორციელეს. გამოყენებული იყო „ონიქსის“, „Х-22-ისა” და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები – სულ მცირე, 44 ერთეული. ასევე ათობით უპილოტო საფრენი აპარატი”.
სტატიის ავტორი ამ მოქმედებებს პირდაპირ აკავშირებს რუსეთის გემებზე იმ თავდასხმებთან, რომლებიც შავი და აზოვის ზღვების პორტებში ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინული დრონებით ხორციელდებოდა. Myśl Polska ერთმნიშვნელოვნად აცხადებს: „კიევმა შეგნებულად გადადგა ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯი, დაარღვია მარცვლეულის შეთანხმება და ზღვებზე უპრეცედენტო ტერორი გააჩაღა”. ამის შემდეგ გამოცემა კიდევ უფრო აკონკრეტებს სათქმელს. „უკრაინულ მხარეს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ამას საპასუხო მოქმედება მოჰყვებოდა. ეს პასუხიც მოჰყვა“, – ნათქვამია მასალაში.
რუსეთმა უკრაინის მთელი შავი ზღვის სანაპირო რომ დაბლოკა, დასავლეთის პოლიტიკური მიმომხილველებიც აღიარებენ. მაგალითად, ბრიტანელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ალექსანდრ მერკურისმა საკუთარ იუთუბ-არხზე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინა, ფაქტობრივად, მოწყვიტა შავ ზღვას. უკრაინელი მაღალჩინოსნები ოდესის პორტებზე განხორციელებული დარტყმების გამო სასოწარკვეთილნი არიან. რუმინეთის პორტ კონსტანცის გავლით ტვირთების ალტერნატიული გადაზიდვა კი ეკონომიკურად არაეფექტური აღმოჩნდა, რაც, მერკურისის შეფასებით, კიევისთვის კატასტროფად იქცა.
მანამდე მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საზღვაო გადამზიდავმა, დანიურმა კომპანია Maersk-მა განაცხადა, რომ დაბომბვის საფრთხის გამო უკრაინაში ტვირთების გადაზიდვას აჩერებს. ეს გადაწყვეტილება მთელი ბაზრისთვის საგანგაშო სიგნალად იქცა: თუ ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები ტოვებენ ბაზარს, მცირე ოპერატორებიც, როგორც წესი, მათ კვალს მიჰყვებიან.
ამრიგად, ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა დარტყმებმა უკრაინას, ფაქტობრივად, ექსპორტისა და იმპორტისთვის საზღვაო კარიბჭე ჩაუკეტა. უცხოელი გემთმფლობელებისა და ექსპერტების რეაქციებიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. აქ სიტყვა „ჯერჯერობით” უადგილოა, ვინაიდან გამოსავალი არც მომავალში გამოჩნდება. უკრაინა, რაც უფრო შეტოპავს, მით უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამ ნათქვამს უფრო თუ დავაზუსტებთ, იგი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: დასავლეთი რაც უფრო მეტად გაწირავს უკრაინას, მით უფრო რთული მდგომარეობა შეექნება უკრაინასაც და თვითონ დასავლეთსაც.
პუტინის ერთ ძველ ნათქვამს შეგახსენებთ. 2022 წლის 7 ივლისს რუსეთის დუმისა და ფრაქციათა ხელმძღვანელებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: „რაც უფრო შორს, მით უფრო ძნელი იქნება ჩვენთან მოლაპარაკება”. ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ საქმის გაჭიანურება უკრაინისა და დასავლეთის საწინააღმდეგო ეფექტს იძლეოდა. პუტინის კიდევ ერთი ნათქვამი უნდა შეგახსენოთ: „რუსეთს ჯერ არაფერი დაუწყია სერიოზულად”. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან შეიძლება გააკეთოს, თუკი ასეთი აუცილებლობა შეექმნება. ეს დრო არც დამდგარა ჯერ, მაგრამ დასავლეთი რაც უფრო გაართულებს ვითარებას, მით უფრო მოსალოდნელია, რომ რუსეთმა სერიოზული ნაბიჯები გადადგას. დააკვირდით: რუსეთი თავიდან მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ უკრაინაში რუსი მოსახლეობის შევიწროვება შეეწყვიტათ. რუსეთის მოთხოვნა სულ ეს იყო. განა ეს სამართლიანი მოთხოვნა არ იყო? უკრაინელმა ფაშისტებმა დონბასის ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით თვრამეტი ათასი რუსი გაანადგურეს. ეს ხომ იგივეა, რასაც ამ ფაშისტების ეთნიკური და იდეოლოგიური წინაპრები გასულ საუკუნეში ებრაელების მიმართ სჩადიოდნენ?! რუსი ხალხის ეთნოციდისგან გადარჩენის საქმეში რუსეთის უმოქმედობა დანაშაულში მონაწილეობა არ იქნებოდა? ვის შეეძლო ამის დაშვება? ცხადია, რუსეთი ამას ვერ დაუშვებდა. რუსი მოსახლეობის გადარჩენისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა მთელი ჯაჭვი აკინძა:
* ამას მოჰყვა ყირიმისა და სევასტოპოლის აღიარება;
* ამას მოჰყვა სპეციალური სამხედრო ოპერაცია;
* ამას მოჰყვა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს აღიარება;
* ამას მოჰყვა უკრაინის გაძევება აზოვის ზღვიდან;
* ამას მოჰყვა ფრონტის გაფართოვება და ოდესაზე შეტევა;
* ამას მოჰყვა უკრაინის გაძევება შავი ზღვიდანაც.
მას წინათ პუტინმა განაცხადა: „უკრაინა დასავლეთ ტერიტორიებს „ადრე თუ გვიან დაკარგავს“ და ისინი პოლონეთის, უნგრეთისა და რუმინეთის კონტროლის ქვეშ გადავა”.
ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება უკრაინის მიერ ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვა, შემდეგ კი მისი გაქრობა ფიზიკური რუკიდან. უკრაინაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოების გაქრობის მრავალი ფაქტი იცის ისტორიამ. აქ არც წარმოუდგენელია რამე და არც შეუძლებელი. სამწუხაროდ, დასავლეთს საქმე ამ მიმართულებით მიჰყავს. ისინი ასე მსჯელობენ: უკრაინა მსხვერპლია, რომელსაც რუსეთის დამარცხების საქმეს ვწირავთ. რუსეთის დამარცხება თუ არ გამოვა, მის დასუსტებას ხომ მივაღწევთ. ჰოდა, ჯანდაბა უკრაინას! ასეთი განაცხადი საჯაროდ არ გაუკეთებიათ, მაგრამ მათ მოქმედებაში ამ აზრის, ამ დამოკიდებულების დანახვა ძნელია? მთელი მათი მიდგომა, მათი ფილოსოფია სწორედ ამ ორ სიტყვაში თავსდება – ჯანდაბაუკრაინას! უკრაინა კი მართლაც ჯანდაბის მიმართულებით მიდის. იგი მსოფლიოს თვალწინ იღუპება, თავს იკლავს, სუიციდს სჩადის, მაგრამ შემჩერებელი არავინ ჩანს, წამხალისებელი კი – რამდენიც გინდა. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ადამიანი, გაბრაზება-გაშმაგებისგან გონება როცა ებინდება, სისულელეს სჩადის; შემდეგ გამოფხიზლება დგება, ჩადენილის ანალიზი და სინანული მოდის, მაგრამ გვიანია. ერები და სახელმწიფოებიც ასეა. ემოციას აყოლილი ლიდერები გაბრაზება-გაშმაგების არეალს აფართოვებენ და ხალხის დიდ ნაწილს უგუნურებაში ითრევენ, რასაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს. შემდეგ შეიძლება ისტორიული გამოფხიზლებისა და დიდი სინანულის ეპოქა დადგეს, მაგრამ გვიანი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი თაობის უკრაინელთა შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების თაობები გაკვირვებით იკითხავენ: ჩვენმა წინაპრებმა რატომ ვერ გამოიჩინეს წინდახედულება, რატომ ვერ შეაფასეს სიტუაცია და თუნდაც დათმობების გზით რატომ ვერ შეძლეს ქვეყნის გადარჩენა? ეს შეკითხვა აუცილებლად დაისმება, მაგრამ დაგვიანებული იქნება, ძალიან დაგვიანებული! საქართველოზე გადმოვიდეთ. განა ჩვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ანალოგიურ შეკითხვას არ დასვამენ? რატომ დადეთ ყველაფერი ერთ მხარეს, რატომ არ მიხვედით რუსეთთან, რატომ არ დაელაპარაკეთ, რატომ არ სცადეთ, გაგერკვიათ, თუ რა იქნებოდა მათთვის მისაღები, რომ ამ გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეგენარჩუნებინათ? მართლა ისეთი უვიცი თაობების აღზრდას აპირებთ, რომლებიც ამ შეკითხვებს არ დასვამენ? ტყუილად გაქვთ ამის იმედი. როგორც უნდა მოწამლოთ ახალგაზრდები, როგორც უნდა სცადოთ მათი გამოთაყვანება, მათში რეალობის აღქმის განცდას, კრიტიკული აზროვნების უნარს, ჯანსაღ პატრიოტიზმსა და სამართლიანობისკენ სწრაფვას ბოლომდე ვერ აღმოფხვრით. უკრაინელები ცოტა ადრე რომ მოგებოდნენ გონს, ოდესასა და შავ ზღვაზე გასასვლელს არ დაკარგავდნენ; იმაზე ადრე რომ გამოფხიზლებულიყვნენ, დონბასს არ დაკარგავდნენ; ცოტა უფრო ადრე რომ შეჩერებულიყვნენ, ყირიმიც შერჩებოდათ; კიდევ უფრო ადრე თუ მოეგებოდნენ გონს, რუსეთსა და ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოში იქნებოდნენ და უძლიერეს გაერთიანებას შექმნიდნენ. იქნებ ეს ურჩევნიათ, რაც მიიღეს, იქნებ სიკვდილის (არყოფნის) ცდუნება ისე მაღალია, რომ მასთან შედარებით ყველაფერი უაზრობა ჩანს. ქართველებზე უკეთესად ვის შეუძლია რუსთაველის იმ ფილოსოფიას ჩასწვდეს, რომელიც გვასწავლის: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!”? – არავის, მაგრამ იგი არ გვეუბნება, რომ გადარჩენა არ სცადო, ისე მოისწრაფე სიცოცხლეო. არა, რუსთაველის ფილოსოფია იქ და მაშინ უნდა ამოქმედდეს, როდესაც ნაცადია დიპლომატია, გამოყენებულია ხერხი, გადადგმულია ღირსეული და გონივრული ნაბიჯები, მაგრამ არ იმუშავა არ ერთმა, არც მეორემ, არც მესამემ. მტრის ტანკს პირდაპირ ნუ შეუვარდები, ჯერ ყუმბარა ესროლე, იქნებ შეძლო შეჩერება, მაგრამ, თუ ვერაფერს გახდი, სანამ იგი სახლს დაგინგრევს და შენს ცოლ-შვილს გასრესს, შემოირტყი წელზე ყუმბარა და შეუვარდი მუხლუხოებში, რადგან ასე გასწავლეს, ასე დაგიბარეს: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!” უკრაინელებს რუსთაველის აფორიზმის სიმაღლისა შეიძლება არც არაფერი გააჩნდეთ, მაგრამ გონივრული სენტენციები უხვად მოეძებნებათ. არ ღირდა უკრაინის მიტანა დასავლეთის სამსხვერპლოზე, ისევე, როგორც არ ღირს საქართველოს მიტანა იმავე სიბინძურის სამსხვერპლოზე, რომელსაც დასავლეთის ჰეგემონია ჰქვია.
ახლა რუსული პოლიტიკური და სამხედრო მანქანა ნელა, მაგრამ ჯიუტად ფქვავს უკრაინულ არმიას, მის ჯარისკაცებს, მთლიანად უკრაინულ სახელმწიფოს. დასავლეთს კი უკრაინული უგუნურების წასახალისებლად შეიარაღება, ფული და იდეოლოგიური სატყუარა არ უთავდება. ჩვენც ცოტათი უფრო შერბილებულ, მაგრამ ანალოგიურ ვითარებაში ვყავართ; ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილში, რომელსაც ჯანდაბა უკრაინას ჰქვია. ინგლისური ფრაზა ,,ჯანდაბა უკრაინას!“ ქართულად ასე ითარგმნება ,,ჯანდაბა საქართველოს!“
ვალერი კვარაცხელია







