სომხეთში ჩატარებულ არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვებამ სიხარული გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის ნაწილში, განსაკუთრებით, მედასავლეთეებში. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სომხეთის არჩევნების შედეგებმა კავკასიაში ძალთა ბალანსი დაარღვია…
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ პირველ რიგში, ნება მომეცით, თქვენი გამოცემის საშუალებით ღრმა მწუხარება გამოვხატო გულბაათ რცხილაძის მამის, ბატონ ვიქტორ რცხილაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ამჟამად პატიმრობაში მყოფ ბატონ გულბაათს, რომელიც იმ პოლიტიკის მსხვერპლია, რომელიც ე.წ. დასავლთმა დათესა საქართველოში.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო, _ ასეა მათი საქმე, ვინც სომხეთში ფაშინიანის არჩევას მიესალმა. ჩვენ ვერ გამოვედით 1990-იანი წლების მიდგომებიდან და 36 წელიწადია, ვერ გაგვიცნობიერებია დასავლეთის მიზნები საქართველოსა და კავკასიაში.
მახსოვს, 1990-1991 წლებში როგორი ,,მეგობრობა” იყო საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის, აგრეთვე, ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებსა და ყველა იმ სუბიექტთან, რომლებიც სსრკ-ის, მოგვიანებით კი რუსეთის დაშლისა და დასუსტების მომხრე იყო. “კავკასიური სახლის” იდეა ხომ პირდაპირ რუსეთის დაშლისკენ იყო მიმართული?! ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამით შემოვიფარგლოთ და დავუბრუნდეთ ერევანსა და ფაშინიანს. რა უხარიათ ჩვენთან? ისე, სიმართლე გითხრათ, ლიბერალებს შორის დიდ სიხარულსა და აღტყინებას ვერ ვხედავ. ყველა აცნობიერებს, რომ სომხეთი ვერასდროს გახდება ევროპის ნაწილი. პირველ რიგში, ის არ არის ევროპა და დიდად არც უნდათ იდენტიფიცირებულნი იყვნენ ევროპასთან. ჩვენ გვაქვს ისტორიული ბმა კონსტანტინოპოლთან, ევროპასთან, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. დღეს კი ქვეყანა ისევ ეროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვით ძალიან მცდარ ნაბიჯს დგამს.
ევროკავშირისთვის ფაშინიანი არის მორიგი სატყუარა და იმედი რუსეთის წინააღმდეგ. ევროკავშირის მატარებელმა ისე ჩაიქროლა კავკასიაში, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეახტა. ჩვენ მივსდევდით, ხოლო ფაშინიანმა ბოლო ვაგონს მოჰკრა თვალი და ახლა ევრომსურველის იმიტაციითაა დაკავებული. ეს საქმე რომ უპერსპექტივოა, ყველაზე კარგად თვითონ იცის, მაგრამ პატრონებთან ვალშია, ვალს კი გადახდა უნდა, თუნდაც ,,საკუთარი” ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე.
ჩვენი ლიბერალები ხარობენ, რუსეთმა სომხეთიც დაკარგაო, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ, რომ ბოლო არჩევნების შედეგები არ არის ის გამარჯვება, რომელსაც ბრიუსელი მოითხოვდა ერევნისგან. მალე ვნახავთ იმ დიდ იმედგაცრუებას, რომელსაც სომხეთის პროდასავლური კურსი ჰქვია. რუსეთი ისე არ დასუსტდება, კავკასიიდან ამოაკვეთინონ ფეხი.
სჯობს, ჩვენ იმ უბედურებას მივხედოთ, რომელიც საქართველოში ტრიალებს და გავაცნობიეროთ ჩვენი დეგრადაციის დონე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ვნახეთ მორალურ-ზნეობრივი ტრაგედია ქართველი ერისა _ წაქცეულ ბავშვს 3 წუთის განმვლობაში არავინ მიაქცია ყურადღება. საქართველო სახელმწიფო რომ იყოს, მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ პროკურატურის გამომძიებელთა ჯგუფი შევიდოდა ამ ე.წ. ტელევიზიაში…
ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი ტრაგედია მოსახლეობაში ადამიანური სახის დაკარგვაა. ყველაფერი აწყობილია ,,კარტინკის” შესაქმნელად და ამ ,,კარტინკაზე” ყოველდღე უფრო და უფრო მეტი სიმახინჯე ისახება. ჩვენ შევდივართ ისეთ ფაზაში, რომლიდანაც მხოლოდ შოკისმომგვრელი რყევების შემდეგ შევძლებთ გამოსვლას და შეიძლება ევროპაც უკან დაგვრჩეს…
რატომ დამჭირდა ეს პატარა ექსკურსი? იმიტომ, რომ დასკვნები გვაქვს გასაკეთებელი და, რაც მალე, მით უკეთესი. ასეთი შანსი, როგორიც ახლაა, ალბათ, აღარ გვექნება იმიტომ, რომ მოსკოვი პერმანენტულად და დიდი მოთმინებით გვთავაზობს დიალოგის დაწყებას, ყველა დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით გამოხატავს კეთილგანწყობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უწონებს მას პრაგმატულ და სუვერენულ პოლიტიკას, პასუხად კი რას იღებს?
როდესაც ოპოზიციური მედიის ჟურნალისტები ეკითხებიან პოლიტიკოსებს, რას იტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზეო, იწყება ის, რაც პოლიტიკოსს არ შეშვენის: ,,არ მინახავს, რეგიონში ვიყავი”, ,,არ ვიცი, რაზე საუბრობთ”, ,,არ გამიგია”.
ბატონო პოლიტიკოსებო, ისე არ მოხდეს, რომ თქვენ მიმართოთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათგანაც ანალოგიური კომენტარები მიიღონ ჟურნალისტებმა.
ასე იყო 1993 წელს, როდესაც მოსკოვის არაერთ შემოთავაზებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ქართული მხარე არ იმჩნევდა, ხოლო 1993 წლის 24-26 სექტემბერს, როდესაც თბილისი შეეცადა მოსკოვთან დაკავშირებას, იქიდან იყო დუმილი.
შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ყველას სურს საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება. მაშ რატომ ვაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში მათ, ვინც ცდილობს ურთიერთობის აღდგენას?
_ საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის წნეხი გაძლიერდება თუ საქართველო იქნება რუსეთის საყრდენი კავკასიაში?
_ ვის სჭირდება, კავკასიაში რუსეთის საყრდენი საქართველო იყოს? ვფიქრობ, ორივე ქვეყანას და ეს რუსეთმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაამტკიცა. კიდევ გავიმეორებ: რომ არა რუსეთის ფაქტორი, ის არჩევნები როგორ დასრულდებოდა, არავინ ვიცით.
უმადურობა პრობლემებს ქმნის. აშშ-თან ურთიერთობის ,,დალაგების” ერთ-ერთი შანსი არის რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების გადაბარება. თუ ,,ოცნებამ” დღესვე დაიწყო დასავლეთის მოთხოვნების შესრულება _ საარჩევნო კიდექსისა და სხვა მრავალი კანონის შეცვლა, მაშინ შეიძლება დასავლეთი დაელოდოს 2028 წელს, მაგრამ ეჭვი მეპარება, ,,ოცნებას” ეყოს რესურსი, 2028 წლამდე მიაღწიოს.
რუსეთი მზად არის, იქამდე გამოგვყვეს დიალოგსა და კონკრეტულ საქმეებში, სადამდეც ჩვენ ვიქნებით მზად.
გახდება საქართველო რუსეთის დასაყრდენი კავკასიაში, მაგრამ რთული სათქმელია, ამისათვის რა ფასის გადახდა მოუწევს ორივე ქვეყანას. აშშ საქართველოდან ისე არ წავა, კუდი არ მოიქნიოს!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







