ლაშა გოლუბიანი: ხელისუფლება ვალდებულია, დააპატიმროს რუსოფობიის ხელშემწყობი აგენტები, გულბაათ რცხილაძე კი, რომელიც რუსოფობიის წინააღმდეგ იბრძოდა, გაათავისუფლოს!

    “ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რას აკეთებდა გულბაათ რცხილაძე ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც დააკავეს იმისთვის, რასაც თვითონ აკეთებენ დღეს. უცხოეთიდან დაფინანსებული პროვოკატორები კი ჯერ არ დაუკავებიათ”

    ლაშა გოლუბიანი

    საქართველოში რუსოფობია ისე მომძლავრდა, რომ საჭირო შეიქნა ვითარებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნებიდან მართული და საქართველოდან მხარდაჭერილი მადისკრედიტებელი საინფორმაციო კამპანიის გამო საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსოფობები დაისჯებიან…

    ამა წლის 29 მაისის ღამეს ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით თავის საცხოვრებელში დააპატიმრეს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, რომელმაც დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა. ბევრის აზრით, სწორედ ეს იყო მისი დაპატიმრების მიზეზი…

    დღეს, როდესაც ხელისუფლება აღიარებს, რომ საქართველოში რუსოფობია მომძლავრდა, რომელიც დაუშვებელია და აუცილებლად უნდა აღიკვეთოს, რა ბედი ეწევა გულბაათ რცხილაძეს, რომლის სასამართლო პროცესი 14 აგვისტოს გაიმართება? ამ საკითხზე გულბაათ რცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი გვესაუბრება:

    _ გულბაათ რცხილაძის დახურულ სასამართლო პროცესზე ჩვენი მთავარი სალაპარაკო თემა იქნება რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნა, რადგან სწორედ ამ საბჭოს შექმნიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს გულბაათ რცხილაძე.

    პრემიერმინისტრის თქმით, რუსოფობია და, საერთოდ, ქსენოფობია დამახასიათებელი არ არის საქართველოს მოსახლეობისთვის და ეს გარედან მართული პროცესია, რომელსაც მხარს უჭერს ადგილობრივი აგენტურა. ხელისუფლება ვალდებულია, გამოავლინოს როსოფობიის ხელშემწყობი აგენტები, დააპატიმროს ისინი და გაასაჯაროოს მათი სახელები; გულბაათ რცხილაძე კი, რომელიც რუსოფობიის წინააღმდეგ იბრძოდა, გაათავისუფლოს.

    გულბაათ რცხილაძეს სურდა, მონიტორინგის საბჭოს შექმნით გაესაჯაროებინა რუსოფობიული გამოხდომები, სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს დღეს მთავრობა.

    გულბაათ რცხილაძეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებდა, მას სურდა, სახელმწიფოს დახმარებოდა. გულბაათი გაანეიტრალეს და თვითონ დაიწყეს ამ მიმართულებით მოქმედება. ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რას აკეთებდა გულბაათ რცხილაძე ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც დააკავეს იმისთვის, რასაც თვითონ აკეთებენ დღეს. უცხოეთიდან დაფინანსებული პროვოკატორები კი ჯერ არ დაუკავებიათ. მოკლედ, ამ საქმიდან ჩანს, რომ გულბაათი უდანაშაულოა, რადგან ცნობილი არ არის მისი “ჯაშუშობის” არც ერთი დეტალი.

    მის უდანაშაულობაზე ვლაპარაკობთ არა მხოლოდ ჩვენ, გულბაათ რცხილაძის მახრდამჭერები, არამედ გარეშე პირებიც კი აღიარებენ, რომ ის უდანაშაულოა…

    გულბაათ რცხილაძე დააკავეს აშშ-ის დელეგაციის ჩამოსვლის წინა დღეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაენახვებინა ამერიკელებისთვის, რომ ურთიერთობის გადატვირთვა სურს და ე.წ. რუსეთუმეებს აკავებს. და, რადგან ამერიკის დელეგეციის ჩამოსვლამდე გულბაათმა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა, მიზეზიც მოძებნეს. გულბაათ რცხილაძეს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერშიც მიჰყავდა გადაცემა, რომლის რეიტინგი ყოველდღე იზრდებოდა, რაც ხელისუფლებისთვის არასასურველი იყო.

    _ გულბაათ რცხილაძე მაშინ დააკავეს, როცა სუს-ს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, მახსოვს სიამაყით აღსავსე მისი სახე… დღეს მდინარაძე ჩამოშორებულია ძალოვან სტრუქტურებს, ეს იქონიებს თუ არა გავლენას გულბაათის სასამართლო პროცესზე?

    _ ეს პროცესზე გაირკვევა.

    ვერ ვიტყვი, რომ მამუკა მდინარაძის ტვინში მოიხარშა გულბაათ რცხილაძის დაკავების ინიციატივა, მაგრამ ფაქტია, რომ უდანაშაულო, პატიოსანი ადამიანი ზის ციხეში, ჩვენ კი სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებთ. მოვლენებს მშვიდად დავაკვირდეთ და ყველაფერი გაირკვევა… ვინ იდგა გულბაათ რცხილაძის დაკავების უკან, გასაჯაროვდება.

    _ ყველა, ვინც გულბაათ რცხილაძეს იცნობს, დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში… ამბობთ, რომ შეძლებთ გულბაათ რცხილაძის უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ ხელისუფლება, მაპატიეთ და, თავის გადაფურთებულს ალოკავს?

    _ ხელისუფლება დილემის წინაშეა _ თავისი გადაფურთხებულის ალოკვა არ სურს… იციან, რომ გულბაათი გულწრფელი იყო, როდესაც ქმნიდა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს; იციან, რომ მართლია ეს კაცი, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ჯიუტად მოგვყვებიან სასამართლო პროცესზე; სურთ, ისე გააკეთონ, რომ მართლა არ მოუწიოთ გადაფურთხებულის ალოკვა. მგონია, რომ ვიღაცის დაკვეთით დაკავებული გულბაათის გამართლება უნდათ, სურთ, ლამაზად დალაგდეს ყველაფერი. ჩვენ მივცემთ საშუალებას, “ჯაშუშობის” ბრალდება მოუხსნან, გაათავისუფლონ ისე, რომ არავინ დაზარალდეს. ვიღაც ორი თუ სამი იდიოტის გამო არც პატიოსანი კაცი უნდა იჯდეს ციხეში და არც ქართული სახელმწიფო არ უნდა დაზარალდეს. საქართველოს საფრთხე არ უნდა შეექმნას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების “გადატვირთვის” გამო.

    ჩვენ ვაძლევთ საშუალებას სამართალდამცავ ორგანოებს, უკან წაიღონ ბრალდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაჯდება; ყველაფერი მოგვარდება, თუკი გონს მოეგებიან.

    საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს გულბაათს. ვიღაცები ცდილობდნენ, მისთვის ტროლების მეშვეობით მოეცხოთ ჩირქი, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here