ქართულ ბაზარზე ხორცის ფასმა მოიმატა და ეს ლოგიკურიცაა. ამ საქმეში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ამბობენ, წესით, ფასი უნდა შემცირდეს, რადგან ზაფხულია, კიტრი და პომიდორი სეზონურია, არ ღირს მაინცდამაინც ძვირი და მოსახლეობა ბოსტნეულზეა გადასულიო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ახლა საქონელი მთაშია გარეკილი და, შესაბამისად, დასაკლავი პირუტყვის დეფიციტია. ხორცის გაძვირებაც სწორედ ამან გამოიწვია და სექტემბრის ბოლოდან, როცა საქონელს მთიდან ბარში ჩამოიყვანენ, ფასი აუცილებლად შემცირდება. ეს ისე, ზოგადად, ამჟამინდელი მატების მიზეზები აგიხსენით, მაგრამ საქართველოში საქონლის ხორცი კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არ იქნება იაფი…
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრიორიტეტად მეხორცული და მერძეული საქონლის მომრავლება გამოაცხადა და ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დასახვეწი საგრანტო პროექტი, რომელიც უკვე ამუშავდა, გარკვეულ შედეგებს აუცილებლად მოიტანს, თუმცა არის ერთი პრობლემა – საქონლის გამოკვება არ არის მარტივი და იაფი. ისიც ვთქვათ, რომ ბევრმა ისწავლა, რას ნიშნავს პრემიქსით კვება და ამ კონცენტრანტს მოზარდ საქონელს ბევრს უყრის. არადა, მისი დოზირება აუცილებელია და არ შეიძლება, სუფთა პრემიქსი საქონელს გასაძღომად მივცეთ. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, მოზარდ საქონელს აჭმევენ ერთმანეთში არეულ პრემიქსის გრანულებსა და სიმინდის მარცვალს, მაგრამ არ უყრიან თივას. პრემიქსის მაღალი შემცველობა კი ისე ათხელებს კუჭის კედლებს, 6 თვეში საქონელს თუ არ დაკლავთ, კუჭის კედლები გასკდება და პირუტყვი მოკვდება. სამაგიეროდ, ასეთი კვებით, ერთი სული დღეში კილოგრამზე მეტს იმატებს, რაც, რა თქმა უნდა, არაბუნებრივია.
სწორედ ამიტომ არის საჭირო დოზების ცოდნა და კიდევ იმის ცოდნა, რომ მხოლოდ პრემიქსითა და სიმინდის მარცვლით გაზრდილი საქონლის ხორცი დიდად სასარგებლო არ არის. საქონელს პრემიქსს სხვა ქვეყნებშიც აჭმევენ (რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულია), მაგრამ მთლიანი საკვების მხოლოდ 5%-იან დანამატად, ანუ ძალიან ძლიერია ეს კონცენტრანტი და ცდილობენ, ხორცს სიჯანსაღე შეუნარჩნონ. თანაც, როცა მხოლოდ პრემიქსით ვჭყიპავთ საქონელს, არ აქვს მნიშვნელობა ჯიშს, ის მაინც მოიმატებს (ჯიშიანის შემთხვევაში დღიური ნამატი შეიძლება1500-1700 გრამამდე ავიდეს) და ამიტომ ეს პრეპარატი ბევრს ხიბლავს. სინამდვილეში იმავე შედეგის მიღწევა ბუნებრივი საკვებითაც შეიძლება, თუ პრემიქსი ჩანაცვლდება მოხარშული ბარდით, სოიოთი და ა.შ., მაგრამ იაფი არც ეს დაჯდება.
საქმე ის არის, რომ იმ რაოდენობის სოიო, ბარდა, ხორბალი, სიმინდი თუ ქერი, რომელიც საქართველოში საქონელს უნდა ეყოს, უბრალოდ, არ მოგვყავს. ანუ, ადგილობრივი მოსავალი ძალიან მალე ილევა და იძულებული ვართ, შემოვიტანოთ, რაც პროდუქტის და შემდეგ უკვე ხორცის ფასს შესამჩნევად აძვირებს. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ადგილობრივი წარმოება აუცილებლად უნდა გაიზარდოს და, როცა ხელისუფლება სოლიდურ თანხებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დებს, პრიორიტეტებიც უნდა დაისახოს. კიდევ ვიმეორებთ: კარგია, რომ მერძეული და მეხურცული ჯიშების მოშენება-მომრავლება პრიორიტეტია, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ამ ჯიშებს განსაკუთრებული კვება და იმაზე მეტი საკვები სჭირდება, ვიდრე ადგილობრივს. ისიც ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი ჯიშები უკვე აღარ არის რენტაბელური. შესადარებლად: 1 წლის ჯიშიანი საქონლის, მაგალითად, ანგუსის, წონამ შეიძლება ნახევარ ტონას (ცოცხალი წონა) გადააჭარბოს, მაშინ, როცა ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი ანალოგიური კვების პირობებში 200 კილოგრამამდე თუ ავიდა, კარგ შედეგად ითვლება. შესაბამისად, გლეხისთვის მომგებიანია, რომ კარგი ჯიშის სახორცე საქონელი, ანუ ბუღა ჰყავდეს, რასაც ვერ ვიტყვით მერძეულზე. რატომ? იმიტომ, რომ მაგალითად, ჰოლშტეინის ჯიშის ზრდასრული ძროხის დღიური რაციონი მარცვლიან-ბალახიანად 30 კილოგრამს აჭარბებს და ამ საკვების მიცემას ბევრი ვერ მოახერხებს. მართალია, ჰოლშტეინი საშუალოდ 30-35 ლიტრს იწველის, მაგრამ, თუ საჭირო რაოდენობის საკვები არ მიიღო, ძალიან ცოტას მოიწველის. ასეთი რაოდენობის საკვების მიცემაზე ფიქრი კიდევ შეიძლება, თუ წარმოება ადგილობრივი იქნება, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში ამის შესაძლებლობა არ ჩანს. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გაზარდა მიწის გადასახადი, გაზარდა მელიორაციის, ანუ მორწყვის გადასახადი, გაზრდილია საწვავის ფასი, შესაბამისად გაზრდილია მიწის დახვნა-კულტივაციის ფასიც, მოსავლის აღებას სპეცტექნიკა სჭირდება და ესეც ძვირია, ამიტომ იმ ფერმერებს, რომლებსაც მიწა აქვთ, ურჩევნიათ, ბალახის ამოსვლას დაელოდონ, თივა მოიმარაგონ და მარცვალი შეიძინონ. თივის მოყვანაზეა (რეალურად, თავისით მოდის) გადასული ლამის მთელი საქართველო და თითქოს ტრადიციასავით დამკვიდრდა – თივა შენია, მარცვალი უნდა იყიდო. არადა, არიან ფერმერები, რომლებსაც 1000 ჰექტარზე მეტი აქვთ და ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ოდენობის სავარგულებზე ხორბალი, სიმინდი და ქერი რომ დაითესოს, როგორი მატება გვექნება ადგილობრივი მარცვლეულის წარმოებაში?!
ზოგიერთის აზრით, ურიგო არ იქნება, თუ სახელმწიფო კონკრეტულად ამ მიმართულების სუბსიდირებაზე უარს არ იტყვის და პარალელურად გლეხებს დაეხმარება ჯიშიანი ბუღების შეძენაში, ოღონდ დასაკლავად კი არა, ეს ბუღა ფერმერმა სოფლის ნახირში რომ გაუშვას, ადგილობრივი ჯიშის გასანაყოფიერებლად. გვერწმუნეთ, ასეთი ჰიბრიდი გაცილებით მომგებიანი იქნება როგორც ხორცის, ისე რძის მიმართულებით, თუმცა კონტროლი ძალიან გაჭირდება. აუცილებლად გამოჩნდება (თან არაერთი) ადამიანი, რომელიც სუბსიდიით ნაყიდ ბუღას მალევე გაუყენებს სასაკლაოს გზას და ერთჯერად მოგებას დახარბდება. ამ ყველაფრის გასაკონტროლებლად კი სახელმწიფოს სათანადო რესურსი არ აქვს, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?!
ცალკე პრობლემაა გაყინული ხორცის იმპორტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარს სერიოზულ პრობლემას უქმნის. მაგალითად, ფერმერი (ან გლეხი) ასუქებს საქონელს, ფიქრობს გაყიდვას, მიჰყავს კონკრეტულ კონდიციამდე და ამ დროს ბაზარზე ჩნდება ჭარბი რაოდენობის გაყინული ხორცი იმის ნახევარ ფასად, რამდენიც ნედლი ხორცი ღირს. ფერმერიც და გლეხიც იძულებულნი არიან მაინც გაყიდონ, რადგან საქონელი ვეღარ მოიმატებს, და დაგეგმილ მოგებაზე ნაკლები მიიღონ. რა თქმა უნდა, გაყინული ხორცის იმპორტს ვერ ავკრძალავთ, მაგრამ შეიძლება აიკრძალოს ქვეყნიდან ხბოების გაყვანის პროცესი. მაგალითად, თუ მოზარდი საქონელი არ არის 200 კილოზე მეტი, მისი გაყვანა კანონით ავკრძალოთ და ეს აკრძალვა ადგილზე საქონლის რაოდენობას გაზრდის. რატომ? იმიტომ, რომ არაბებს, რომლებსაც მიჰყავთ მოზარდი საქონელი, ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – ის 200 კილოზე მეტს არ უნდა იწონიდეს. ცალკე პრობლემაა 40 და 50-კილოგრამიანი ხბოების დახოცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ რესტორანში ხბოს ჩაშუშული ჭამოს. თავის დროზე ეს პრობლემა დანიაში რომ დადგა (ღორების მიმართ), იქ 6 თვემდე გოჭის თუ ბურვაკის დაკვლა აიკრძალა, ანუ დაბრაწული გოჭის ხორცზე დანიელებს უარის თქმა მოუწიათ, მაგრამ ამან შედეგი გამოიღო და დღეს დანია ღორების დიდი მწარმოებელია.
და კიდევ ერთი დიდი პრობლემა: კარგია, რომ განვითარებაზე ვფიქრობთ, მაგრამ იქნებ იმაზე ფიქრიც დავიწყოთ, რომ დიდმა კომპანიებმა ნატურალურ რძეში 1,50 ლარზე მეტი გადაიხადონ და, თუ არ გადაიხდიან, მოგების მარჟა ჩამოსწიონ და მაღაზიებში მათი პროდუქცია 6 ლარი ნუ ეღირება, მით უმეტეს მაშინ, როცა იმ პროდუქტს წყლის არცთუ მცირე შემცველობა აქვს. შესადარებლად: ვთქვათ, გყავთ ჰოლშტეინური ჯიშის ძროხა, რომელიც დღეში ჭამს 15 ლარის საკვებს და იწველება 30 ლიტრს. ერთი შეხედვით, კარგია, როცა ერთი ძროხა დაახლოებით 30 ლარს ტოვებს დღეში, მაგრამ ამ 30 ლარში თქვენ იხდით ხელფასებსაც, კომუნალურებსაც, სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ვეტექიმის მომსახურებას და, საბოლოო ჯამში, ერთი ძროხა დღეში 10 ლარს ან დაგიტოვებთ, ან – არა. ახლა, თვითონ დათვალეთ, სულ რამდენი ძროხა უნდა გყავდეთ, მოგების მომტან შრომად რომ გიღირდეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჰოლშტეინის ჯიშის ზრდასრული ძროხის ფასი ბაზარზე 10 ათასი ლარია.
ბესო ბარბაქაძე







