ყველაზე საშინელი ფრაზა, რომელიც კი ადამიანის პირიდან ოდესმე ამოსულა, გერმანელ ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშეს ეკუთვნის. ის სულ ორი სიტყვისგან შედგება: „ღმერთი მოკვდა!”
რა იგულისხმა ფილოსოფოსმა ამ ფრაზაში?
ბევრს ჰგონია, რომ ეს ნიცშეს მატერიალისტური მსოფლმხედველობის გამოვლენის ყველაზე მაღალი რეგისტრია. ბევრისთვის კი ეს მეტაფორაა მისი ეპოქის საზოგადო დეკადანსისა – ზნეობის, სულიერების, ადამიანურობის, კულტურის დეგრადაციისა. ჭეშმარიტების გარკვეული დოზა ორივე მხარესაა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ნიცშე იმ მასშტაბის მოაზროვნე იყო, რომელიც ერთი (კონკრეტულად, მისი) ეპოქითა და გეოგრაფიით არ შემოისაზღვრებოდა. მისი სააზროვნო ფარგლები მეცხრამეტე საუკუნესაც სცდებოდა და გერმანიასაც, სადაც დაიბადა და აღიზარდა. მისთვის კვლევის ობიექტი, ერთი მხრივ, საზოგადოდ, ადამიანი თუ იყო, მეორე მხრივ, მისი მზერა კაცობრიობის მთელ ისტორიას სწვდებოდა. ამდენად, იგი, მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ადამიანის პრობლემებზე კი არა, კაცობრიობის დაცემაზე ლაპარაკობდა.
აქ ერთი კითხვის ნიშანი ჩნდება: ადამიანი (კაცობრიობა), რომელიც მუდმივად ვითარდება და პროგრესის გზას ადგას, როგორ შეიძლება, საბოლოო ჯამში, დეკადანსისა და დაცემის გზით მიდიოდეს? ეს არ არის რთული შეკითხვა. საქმე ისაა, რომ მეცნიერების, ტექნიკის, შემოქმედების, ხელოვნების პროგრესი არ ნიშნავს ადამიანის ზნეობრივ განვითარება-გაუმჯობესებას. ღმერთმა (ბუნებამ) ადამიანი თავისუფალი ნების მატარებლად შექმნა, მას არჩევანის თავისუფლება გააჩნია. ადამიანს შეუძლია ცდუნებების გზითაც იაროს და ცდუნებათა (სურვილთა) დათმობის გზასაც დაადგეს. „მომეც სურვილთა დათმობა” შოთა რუსთაველის აფორისტული აზროვნების ერთ-ერთი მწვერვალია. ამ სტროფის მთლიანად მოყვანის აუცილებლობის წინაშე ამჟამად არ ვდგავართ, მაგრამ ხომ გაგიგიათ, გამოთქმა: სულმა წასძლიაო. იმგვარ ვითარებაში აღმოვჩნდი, რომ ამ დიდებული სტროფის მთლიანად ციტირების სურვილს ვერ ვთმობ. აი, ისიც:
„ილოცავს, იტყვის: „მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!”
ცდუნებებზე უარის თქმის უუნარობა ადამიანის თანდაყოლილი ცოდვა და ნაკლია. ადამიანი შესაძლებელია მრავალმხრივ განვითარდეს, მაგრამ, პარალელურად, ზნეობრივი დეგრადაციის გზასაც დაადგეს ანუ ღმერთს დაშორდეს და ეშმაკთან წილნაყარობა არ ითაკილოს. კაცობრიობის ბედით ამგვარი შეშფოთება ბიბლიას წითელ ზოლად გასდევს. გამოცხადება იოანესი (აპოკალიფსი) წინასწარმეტყველებაა აღსასრულისა, რომელიც გარდაუვალია, მაგრამ ამ საკითხზე ფიქრის დროს მოსვენებას გვიკარგავს ერთი შეკითხვა – რატომ? რატომ უნდა დასრულდეს ასე საშინლად ყველაფერი? იმიტომ, რომ ადამიანი განვითარების (ცივილიზაციის) პარალელურად უზნეობისა და გარყვნილების ჭაობში ეფლობა. შედეგი კი (ღმერთის მიერ გამოტანილი განაჩენი) სასტიკია: „და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე.

და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს;
და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ;
ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ;
და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ, ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?!”
რა არის ეს? მომავლის გარდაუვალი სურათები? სხვა გზა, ღმერთის სიტყვის ასე რეალისტური (თუ გნებავთ, ნატურალისტური) წაკითხვის გარდა, არ არსებობს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ თვითონ მაცხოვარი ასე არასოდეს საუბრობს. იგი ყოველთვის იგავის ენით ანუ შემოვლითი გზით, მინიშნებით, მეტაფორებითა და ალეგორიებით ლაპარაკობს. ქრისტეს მოწაფის, იოანე ღმრთისმეტყველის, საუბარი ასე უხეში პირდაპირობითა და ერთმნიშვნელოვანი სიმარტივით რატომ უნდა გავიგოთ, როდესაც სახარებაში სრულიად სხვა მაგალითები გვაქვს? ეს მაფიქრებინებს, რომ იოანე ღმრთისმეტყველი „გამოცხადებაში” მომავლის იმ რეალისტურ სურათებს კი არ აღწერს, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, არამედ მეტაფორისა და ალეგორიის ენით გველაპარაკება და გვეუბნება, რომ ადამიანის ცნობიერებაში, როდესაც იგი ღმერთს დაშორდება, ეშმაკს დაუახლოვდება, ზნეობისგან განიძარცვება და სინდისის ხმის წინააღმდეგ წავა, დატრიალდება პროცესი, რომელიც ძალიან დაემსგავსება იმას, რაც გამოცხადებაში წერია:„და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ”. ის საშინელი ამბები, რომლებიც „გამოცხადების” ტექსტშია აღწერილი, ცხოვრებაში კი არა, ღმერთისგან განდგომილი და ზნეობისგან განძარცვული ადამიანის ცნობიერებაში ხდება. ვფიქრობ, რომ ბიბლიის ამგვარი (ალეგორიულ-მეტაფორული) წაკითხვა გაცილებით უფრო სწორი იქნება, ვიდრე მისი ერთმნიშვნელოვანი (მექანიკურ-რეალისტური) აღქმა.
ბიბლიისგან არაფერი ისე არ გვაშორებს, როგორც მისი ტექსტების ერთმნიშვნელოვანი წაკითხვა. ბიბლია ის მოძღვრებაა, მისი ნებისმიერი წინადადება ყოველი ახალი წაკითხვისას გონებას ახლებურად რომ ანათებს და ასხივებს. ნუ შევბოჭავთ, ნუ შევზღუდავთ მას პირდაპირი (ერთმნიშვნელოვანი, არაშემოქმედებითი) წაკითხვით და აღქმებით. ეს მიდგომა მხოლოდ „გამოცხადებას” არ ეხება. მთელი რიგი რელიგიური პასაჟები რეალისტური (ხშირ შემთხვევაში, პრიმიტივისტული) წაკითხვის შედეგად იმ ელვარებას კარგავს, რომელიც მისთვის არის დამახასიათებელი. მესმის, რომ საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ დოგმებზე ვსაუბრობ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთებივით ჩაკირულ ამ მიდგომებში კორექტივის შეტანა შეუძლებელია. ეს ჩემამდეც იცოდნენ და ჩემ შემდეგაც ეცოდინებათ, მაგრამ ჩემამდეც არსებობდნენ და ჩემ შემდეგაც იარსებებენ ის ადამიანები, რომლებსაც ახალი ხედვა და განსხვავებული აღქმა შემოჰქონდათ. „არსებობს ჯოჯოხეთი თუ ჩვენ თვითონ ვქმნით მას ჩვენთვის, დედამიწაზე?!” – სვამდა შეკითხვას სტივენ კინგი და ამ შეკითხვაში პასუხიც ისმოდა: ნუ ეძებთ ჯოჯოხეთს მიღმიურ ცხოვრებაში; აქ, ამ ცხოვრებაში, გვაქვს იგი. თანაც გახსოვდეთ, ეს ჯოჯოხეთი ჩვენ შევქმენით! თითქოს ერთი პირი შეკრესო, იმავე აზრს ოდნავ განსხვავებული ინტერპრეტაციით იმეორებს ანხელ დე კუატიე: „ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი სიკვდილის შემდეგ გველოდება. ისინი ჩვენთან არიან ცხოვრების ყველა მომენტში”.
რელიგიებმა ჯოჯოხეთი და სამოთხე სხვა სივრცეში, სხვა (ირაციონალურ) განზომილებაში გადაიტანეს, მაგრამ ჩვენ ვინ გვიშლის, რომ ამ შემთხვევაშიც მეტაფორულ-ალეგორიული ხედვები მოვიშველიოთ?! ეს შესანიშნავი მოაზროვნეები თუ აძლევდნენ თავს უფლებას, ჟამთა სვლისგან დოგმად ჩამოყალიბებულ მთებს შესჭიდებოდნენ, ჩვენც შეძლებისდაგვარად განვაახლოთ მიდგომები, მით უფრო, თუკი გზას აზროვნების ერთ-ერთი ისეთი მწვერვალი გვინათებს, როგორიც უილიამ შექსპირი იყო: „ჯოჯოხეთი ცარიელია, ყველა ეშმაკი აქ არის!” ყველა ეშმაკი აქ თუ არის, ჯოჯოხეთიც აქ ყოფილა. ამ დასკვნას არც ხალხი მიიღებს მარტივად და არც რელიგიები შეურიგდებიან ადვილად, მაგრამ იგი მაინც მოდის, იგი ცხოვრებას მოაქვს, იგი გენიალური მოაზროვნეების პირით ცხადდება, გზას იკვლევს და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მყარდება: ჯოჯოხეთს ჩვენ ვქმნით და ჩვენვე ვამკვიდრებთ დედამიწაზე! კაცობრიობა, რომელმაც მსოფლიო მითოლოგია, მსოფლიო ლიტერატურა და მსოფლიო ფილოსოფია შექმნა; კაცობრიობა, რომელმაც აღმოსავლური და დასავლური რენესანსი შექმნა; კაცობრიობა, რომელმაც მსოფლიო მეცნიერება და ტექნიკური პროგრესი შექმნა; კაცობრიობა, რომელმაც მსოფლიო კლასიკური რელიგიები და ჰუმანისტური იდეალები შექმნა, ვერ თავისუფლდება ომებისგან, დაგეგმილი მასობრივი მკვლელობებისა და ძალმომრეობის პრიმატისგან. მსოფლიოში, სადაც არსებობს პოლიტიკური ურთიერთობის კლასიკური ფორმა – დიპლომატია, საბოლოო სიტყვა მაინც ომს, მასობრივი განადგურების იარაღსა და ატომურ ბომბს ეკუთვნის. მიღმიურ ცხოვრებაში რატომ ვეძებთ ჯოჯოხეთს, როდესაც აქ შევქმენით მონათმფლობელობა… აქ გამოვიგონეთ ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაცია… აქ მივედით რასიზმამდე, ნაციზმამდე, ფაშიზმამდე… აქ მივედით მსოფლიო ომებამდე… აქ მივედით საკონცენტრაციო ბანაკებამდე… აქ მივედით ჰიროსიმამდე და ნაგასაკამდე… აქ მივედით ანტისემიტიზმამდე და რუსოფობიამდე…
კაცობრიობა ჰუმანისტურ იდეალებსაც ეზიარა, საციალური სამართლიანობის თეორიაცა და პრაქტიკაც შექმნა, ტოლერანტობისა და ინტერნაციონალიზმის სიმაღლეებსაც ეზიარა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც თოფით, ბომბითა და რაკეტებით ემუქრება მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლებს. „გიჟებს ჰგონიათ, რომ ისინი შეცვლიან მსოფლიოს და ეს გამოსდით კიდეც!” – შეშფოთებულია უოლტერ აიზეკსონი.
შეშლილია ადამიანი, შეშლილია კაცობრიობა, შეშლილია მსოფლიო!
ყველას საკუთარი თავი ახსოვს; საბანს ყველა თავისკენ ექაჩება; საერთო, საზოგადო და საკაცობრიო ინტერესები ყველამ დაივიწყა!
ყველას საკუთარი ნაციონალიზმი ამოძრავებს; ყველა საკუთარ კონტინენტზე ფიქრობს; ყველა საკუთარ ღმერთზე ლოცულობს; ყველა საკუთარ ჭიას იკმაყოფილებს!
მსოფლიო წესრიგი უარყოფილია; საერთაშორისო სამართალს ქირქილით მოიხსენიებენ; დიპლომატია ბალისტიკური რაკეტებით ჩაანაცვლეს!
ადამიანს კი, რომელიც ამ ჯოჯოხეთში ცხოვრობს, დღემდე გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ჯოჯოხეთი სადღაც სხვაგან არის – სხვა სიბრტყესა და განზომილებაში.
სიცრუესა და სიყალბეში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი! შიშში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი! უზნეობასა და დეზინფორმაციაში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი! უარესის მოლოდინში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი! მუდმივ გაურკვევლობაში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი! ომში ცხოვრება და ომის მოლოდინში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი! უზნეობაში, უსინდისობასა და უსამართლობაში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი! უღმერთობაში ცხოვრებაა ჯოჯოხეთი!
თითოეული ადამიანი საკუთარ სურვილებში, საკუთარ მისწრაფებებსა და წარმოდგენებში დაატარებს ჯოჯოხეთს, თითოეული ადამიანის ცნობიერებაში ტრიალებს აპოკალიფსი, რადგან… ღმერთი მოკვდა!
ღმერთი მოკვდა! – განაცხადა ნიცშემ და ეს იყო ყველაზე საშინელი იმ წინადადებათა შორის, რომლებიც ადამიანს ოდესმე წარმოუთქვამს. სიცოცხლის მიწურულს არცთუ ხანდაზმულმა ფილოსოფოსმა ქრისტეს წინაშე დაიჩოქა და ეს სიტყვები წარმოთქვა: „მაინც მაჯობე, ნაზარეველო!” (ისტორია გვეუბნება, რომ ანალოგიური წინადადება ღმერთთან მორკინალ სხვა მოაზროვნეებსაც წარმოუთქვამთ ნიცშემდე დიდი ხნით ადრე, რაც ამ პოზიციას უფრო აძლიერებს. არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, მართლა თქვა თუ არა ნიცშემ ეს წინადადება. თუ არ უთქვამს, უნდა ეთქვა, ამიტომაც მიეწერება მას ეს ნათქვამი.).
ჩვენ დავმარცხდებით ანუ სულში ჯოჯოხეთისა და ცნობიერებაში აპოკალიფსის მატარებელი ადამიანი აუცილებლად დამარცხდება და ამ ადამიანის დამარცხებაში იქნება იმ ადამიანის გამარჯვება, რომელსაც აღმოაჩნდება ძალა, ფრიდრიხ ნიცშესავით დაიჩოქოს და შეჰღაღადოს: მაინც მაჯობე, ნაზარეველო!
ვალერი კვარაცხელია







