გემახსოვრებათ, ალბათ, რა ამბავი ატყდა ჯერ მედიკამენტების, შემდეგ კი სურსათის ფასებზე, მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლებაც კი ვერ მოერია იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე მონოპოლისტები არიან, და „გაირკვა“, რომ პროდუქტები საქართველოში, ძვირი კი არა, იაფია. იცით, რა არის საინტერესო – ამის გამო დაისაჯა ვინმე? ანუ, რომ გაიძახოდნენ, პროდუქტი ძვირიაო, კომისია რომ შეიქმნა, რომელშიც დეპუტატები და მინისტრები გაერთიანდნენ და ისინი 3 თვეს რომ მოაცდინეს ამ ყველაფრის განხილვაზე, ვინმემ აგო პასუხი? არავინ, რადგან პროდუქტების სიძვირეზე თვითონ მინისტრებმა ისაუბრეს და მერე იმავე ხალხმა, რომელმაც ეს საკითხი წამოსწია, გადათქვა, უი, ევროპას გვარიანად ვუსწრებთო…
ადამიანებს მედიკამენტებისა და საკვების გარდა კიდევ ბევრი რამ სჭირდებათ. საქართველოში დღეს შექმნილ ვითარებას თუ გადავხედავთ, ყველაზე მთავარი, ალბათ, დასვენებაა. გულახდილად თქვით, როდის დაისვენეთ ბოლოს? ძალიან ბევრი დასვენებას, უბრალოდ, ვერ ახერხებს, რადგან იმ რიტმიდან ამოვარდნა, რომელშიც ვცხოვრობთ, ბევრი რამის დაკარგვას ნიშნავს. სამწუხაროდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ახერხებს გარკვეული თანხის გადადებას იმისთვის, რომ მერე ეს თანხა დასვენებას მოახმაროს. ჰოდა, აგერ, „ჯორჯიან ეარვეისმა“ გამოაცხადა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რკინიგზა და ავტომაგისტრალი რომ განიტვირთოს, ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის რეისები კვირაში ოთხჯერ შესრულდებაო. ერთი შეხედვით, ეს კარგია, რა ჯობია 4-5-საათიანი მგზავრობის ნაცვლად, 40 წუთში ბათუმში რომ იქნები, მაგრამ… იმავე „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებით, ამ რეისებზე ეკონომ-ბილეთით მგზავრობის ფასი 342 ლარიდან (!) დაიწყება, რაც შეეხება ბიზნეს-კლასს, ამ შემთხვევაში მგზავრობის ყველაზე იაფი ბილეთი 1 222 ლარი ეღირება.
მოდი, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა ეკონომ-კლასის ყველაზე იაფი ბილეთი განვიხილოთ. ერთი მიმართულებით მგზავრობა 342 ლარი ღირს და, 4-სულიანი ოჯახი რომ წავიდეს დასასვენებლად, მხოლოდ წასვლა-წამოსვლაში 2736 ლარი უნდა გადაიხადოს. დღევანდელი კურსით ეს 1000 დოლარზე მეტია, ანუ რიგითმა მოქალაქეებმა მხოლოდ 1000 დოლარი მგზავრობისთვის უნდა გადადონ და, ჩვენი ზღვისპირეთის ფასებსაც თუ გავითვალისწინებთ, 10-დღიანი დასვენება იმდენი დაჯდება, პენსიონერის ერთწლიანი შემოსავალი არ ეყოფა. გამოვრიცხეთ ისიც, რომ ამ სერვისით რომელიმე პენსიონერი ისარგებლებს. „ჯორჯიან ეარვეისის“ წარმომადგენლები კი ამბობენ, ეს უცხოელ ტურისტებზეა გათვლილიო, მაგრამ, წესითა და რიგით, შიგა რეისებით, ძირითადად, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. ამასაც შევეშვათ და საერთაშორისო ფასებს გადავხედოთ. ბათუმზე არანაკლები დასასვენებელი ადგილია კვიპროსი, იქაური სერვისი და მომსახურება ბათუმურს სჯობს, იქ არ გიბღვერს არც სასტუმროს მენეჯმენტი და არც ოფიციანტი, პირიქით – ღიმილით გემსახურება და, რაც მთავარია, კვიპროსზე კვებაც, სასტუმროცა და, ზოგადად, ნებისმიერი სერვისი უფრო იაფია. დავინტერესდით, რა ღირს თბილისი-ნიქოზიის რეისი და აგერ, 26 ივნისს რომ გაფრინდეთ, სულ რაღაც, 291 ლარის გადახდა მოგიწევთ. თბილისიდან ბათუმამდე საჰაერო გზით 260-270 კილომეტრია, თბილისიდან ნიქოზიამდე კი – 1200-1300 კილომეტრი (ესეც ჰაერით), ანუ დაახლოებით ხუთჯერ მეტი და კვიპროსამდე ბილეთი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ქვეყნის შიგა რეისზე. ამას აქვს ახსნა? ვინმე გვეტყვის, ჩვენ, რიგითმა მოკვდავებმა, რატომ უნდა ავირჩიოთ დასასვენებლად ბათუმი, როცა ფრენაც და სერვისიც კვიპროსში უფრო იაფი ჯდება და, სხვა თუ არაფერი, უცხო ქვეყანასაც მოინახულებ?!
იცით, რისი თქმა გვსურს? საქართველოში ფასებს ბიზნესმენები ისე ადგენენ, არავის არაფერს ეკითხებიან. იმავე ბიზნესმენებს სხვებზე, ანუ უცხოელებზე სხვა სერვისები აქვთ, უფრო იაფი, უფრო ხელმისაწვდომი, რადგან იციან, რომ, თუ უცხოელს ფასი არარეალური მოეჩვენება, არ გადაიხდის, სხვა გზას გამონახავს, ქართველები კი მივეჩვიეთ, რომ ბიზნესმა უნდა გაგვატყაოს, ბოლო თეთრი წაგვგლიჯოს და ხმას არავინ იღებს. რატომ დაფრინავს იგივე კომპანია ხუთჯერ მეტ მანძილს უფრო იაფად და უფრო უკეთეს ტურისტულ ზონაში? იმიტომ, რომ იქ რეგულაციებია, იქ შეიძლება ვიღაცამ პასუხი მოგთხოვოს. არ თქვათ ახლა, საწვავი გაძვირდა ორმუზის სრუტეში არსებული კრიზისის გამოო. ბათუმამდე მანძილი 260 კმ-ია და იქ თუ გაძვირდა საწვავი, კვიპროსის რეისზე რატომ არ გაძვირდა, 1200 კილომეტრი რომ აქვს საფრენი თვითმფრინავს და, რაც მთავარია, სხვა ქვეყნების სივრცის გამოყენებისთვის ფული ცალკე რომ უნდა გადაიხადოს?!
ეს ყველაფერი ჩაკეტილ წრეს ჰგავს, რომელზეც, ერთი და ორი წელი კი არა, ათწლეულებია, დავდივართ და გამოსავალი არ ჩანს. ჰო, არ ჩანს, რადგან მთავრობამ ვერაფერი მოახერხა, მთელი რესურსი ჩართო და მივიდა დასკვნამდე, რომ „გამოცხადებული გატყავების ქრონიკა“ უნდა გაგრძელდეს და პასუხიც არავინ უნდა აგოს… რამდენიმე დღის წინათ „2 ნაბიჯში“ ბებია და შვილიშვილი შევნიშნე (წლოვანების მიხედვით, აშკარად ბებია და შვილიშვილი იყვნენ), ბავშვმა ბებია საოჯახო ნაყინის მაცივართან მიიყვანა და ხელი დაადო ნაყინს, ბებიამაც ნაყინი სალარომდე მიიტანა, მაგრამ, როცა გამყიდველმა გოგონამ უთხრა, 12 ლარი ღირსო, შეცბა, ნაყინი მაცივარში დააბრუნა და შვილიშვილს უთხრა, სხვა მაღაზიაში ვიყიდოთო. ისიც, 4-5 წლის ბიჭი, კუნტრუშით გაჰყვა ბებოს… დავედევნე იმ 12-ლარიანი ნაყინით, ღიმილით მივაწოდე ბავშვს, მაგრამ ქალმა მშვიდად და მკაცრად მითხრა, არ გვინდა, სხვა მაღაზიაში ვიყიდით, იქ 10-ლარად არისო. ამაყები ვართ რაღაცნაირი. ჰო, რაღაცნაირი, რადგან, რომ დავფიქრდი, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მეც არ გამოვართმევდი, შევეცდებოდი, რაც მქონდა, იმით მეყიდა. ეს იციან ბიზნესმენებმა, იციან, რომ ქართველი არასოდეს გავა ქუჩაში ლოზუნგით „მშია“. ჰოდა, სულ არ აინტერესებთ, ფრენის ზემოაღნიშნული სერვისით სარგებლობას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რომ ვერ შეძლებს და თუ შეძლებს, უკანასკნელი თეთრის დახარჯვა რომ მოუწევს.
სხვათა შორის, დაახლოებით ორი წლის წინათ ერთმა ბიზნესმენმა თქვა, სულ გვგონია, რომ სადღაც არსებობს ზღვარი, რომ უნდა გაჩერდე, რომ ფიქრობ, იმის იქით მოსახლეობა ვეღარ ან აღარ გადაიხდის, ან გააპროტესტებს, მაგრამ არა, აძვირებ პროდუქტს და ის მაინც იყიდება, მერე კიდევ აძვირებ და ისევ იყიდება და ასე დაუსრულებლადო.
გადახედეთ ბოლო 10 წლის სტატისტიკას და ნახავთ, რომ პროდუქტებზე ფასებმა დაახლოებით 200%-ით მოიმატა და არა მგონია, ვინმემ თქვას, რომ მოსახლეობის შემოსავალმაც 200%-ით მოიმატა. მედიკამენტებზეც კვლავ 300 და 400%-იანი ფასნამატებია, საქართველოში ზოგიერთი წამალი 100 ლარზე მეტი ღირს, როცა იმავე ბრენდის იგივე ოდენობა ევროპაში 2 ევროს არ სცდება, მაგრამ ყველა ჩუმად არის. ადამიანებს არ შეუძლიათ გაძლონ საკვების გარეშე, არ შეუძლიათ პენსიონერებს მედიკამენტების გარეშე.
ჩემს კორპუსში ოთხი პენსიონერი გაერთიანდა და სერიალებს ერთმანეთის ბინაში უყურებენ რიგრიგობით, დენის ფული რომ დაზოგონ. ვიღაცისთვის ელექტროენერგიის გადასახადი შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ პენსიონერები იმისთვის, რომ ერთი საათის ელექტროენერგიის თანხა დაზოგონ, მეზობლებთან მიდიან და იქ უყურებენ ფილმს, მერე – საკუთარ სახლში, მერე… ზამთარში მაცივარს თიშავენ და აივანზე ინახავენ პროდუქტებს, მაცივრის მიერ მოხმარებული დენი რომ დაიზოგოს. ამ დროს, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელიც კი არის, ფურცელზე დაწერილი ეკონომიკური ზრდა და ისტორიულ მინიმუმზე დასული სიღარიბე. ფურცელზე, რასაც გინდა, დაწერ, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, ძალიან განსხვავებული და მწარე. და ვაი, რომ არც პერსპექტივაში ჩანს რამე რადიკალური ცვლილება. შეიძლება არ მოგწონდეს ამჟამინდელი ხელისუფლება, მაგრამ, როცა გადახედავ იმ ადამიანების სახეებსა დ სახელებს, რომლებსაც მათი ჩანაცვლება სურთ, ხვდები, რომ ამ ეტაპზე რაიმეს შეცვლა საბოლოო განადგურების ტოლფასი იქნება. უბრალოდ, მთავრობამ მართლა უნდა მოინდომოს, თავგასულ ბიზნესმენებს ლაგამი ამოსდოს და აღკვეთოს მათ მიერ მოსახლეობის ჯიბეში დასაშვებზე მეტად ხელის ფათური…
ბესო ბარბაქაძე







