გადაჯაჭვულნი

    1958 წელს გამოვიდა სტენლი კრამერის ფილმი „გადაჯაჭვულნი” (სხვა ვერსიით – „ქედუხრელნი”). ფილმის ორი მთავარი გმირი (თეთრკანიანი და შავკანიანი მამაკაცი), რომლებიც ერთი ორკილით არიან გადაბმული, საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის წყალობით  გაქცევას ახერხებ. ბორკილის გარდა მათ ერთმანეთის მიმართ დაუფარავი სიძულვილი აერთიანებთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის, რადგან ცხოვრების ამ ეტაპზე  წინა პლანზე თვითგადარჩენის ინსტინქტია წამოწეული. ეს  ის განცდაა, ის მდგომარეობაა სულისა, რომელიც ყველაფერს ფარავს, ყველაფერს სძლევს და უმაღლეს ღირებულებად გადაიქცევა. ამ ინსტინქტმა მოგვიანებით სიძულვილი დაძლია, სიძულვილის დაძლევამ სიკეთე გააღვიძა, სიკეთე  თანდათან უღალატობასა და თავდადებაში გადაიზარდა. ბოლოს ისინი მარცხდებიან, მაგრამ მარცხს ერთად ყოფნით უმკლავდებიან, გარდაუვალ სიკვდილს კი სიმღერით ეგებებიან, თუმცა დავანებოთ თავი ფინალს. დრამატიზმი რასობრივი მტრების ფიზიკური გადაჯაჭვულობისა მძაფრად შემორჩა მეხსიერებას და აქტუალურობას აქამდე ინარჩუნებს, ვინაიდან დაპირისპირებულთა ერთი ხელბორკილით გადაბმის პოლიტიკური ისტორია აგერ ჩვენს თვალწინაც მიმდინარეობს…

    გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფებოდა. ჰაერში ამერიკასთან ურთიერთობის განტვირთვის სუნი დატრიალდა. ამერიკელებმა  ამ ვიზიტით, როგორც იქნა, აღიარეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და „ქართული ოცნება” მმართველ პარტიად ცნეს, მაგრამ მათ, ამავე ვიზიტის ფარგლებშივე, საკუთარი აგენტურაც ხელახლა აღიარეს მთავარ და მათთვის მისაღებ ერთადერთ ოპოზიციად. საქართველოს თავზე კიდევ ერთხელ ჩამოწვა ე.წ. კოაბიტაციის შავი ღრუბელი. სწორედ ამ ვითარებამ  გამახსენა სტენლი კრამერის ძველისძველი ფილმი, რომელშიც  ვერაგმა ბედმა სიძულვილით გაჟღენთილი ადამიანები (რასობრივი მტრები) ერთმანეთს გადააჯაჭვა და აიძულა,  ერთად გადაელახათ ურთულესი წინააღმდეგობები, საშინელი დევნის ვითარებაში ევლოთ ტყესა და ღრეში, უგზოობასა თუ გაუვალ ჭაობში. ამ მხატვრული მეტაფორის ერთხელ კიდევ გადმოტანა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ისეთ კატასტროფულ ვითარებას შექმნიდა, რომ წარმოსადგენადაც კი ძნელი იქნებოდა.

    წარსულ დროში იმიტომ გადავიტანე საუბარი, რომ ეს სცენარი, როგორც ჩანს, ჩაიშალა. რატომ ვფიქრობ ასე? აშშ-ის დელეგაციის გაცილების შემდეგ „ქართული ოცნების” უმაღლესი წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა აშკარად დაგვანახა, რომ გარიგება ვერ შედგა. სანამდეტალებზე   გადავალ, ბარემ ჩემს ვერსიას გაგაცნობთ: როგორც ჩანს, ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ განტვირთვის პერსპექტივით გახარებული ქართველები ყველაფერზე წავიდოდნენ, ამიტომ, გარიგების სანაცვლოდ, სტუმრებმა ძალიან ბევრი მოინდომეს; კერძოდ, ქართული ოცნების გაშვება ხელისუფლებიდან და მის ნაცვლად საკუთარი აგენტურის მოყვანა, ოღონდ, არა სახელმწიფო გადატრიალებით, როგორც აქამდე აპირებდნენ, არამედ არჩევნებში წინასწარ დაგეგმილი (გათამაშებული) დამარცხების გზით. ეს ჩემი ვარაუდია, რომლის პირდაპირი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს ადამიანის თვისება, რომელსაც მიხვედრა ჰქვია? ადამიანები ბევრი რამის შესახებ ინფორმაციას იღებენ, მაგრამ რაღაცას დაზუსტებული ინფორმაციის მიღების გარეშეც ხვდებიან – ირიბი მტკიცებულებით, ლოგიკით, ინტუიციით…

    ერთად გავაანალიზოთ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ აშშ-ის დელეგაციის წასვლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებული ბრიფინგების პათოსი და განცხადებები. მხედველობაში მაქვს ორი გარემოება, რომლეიც მაფიქრებინებს, რომ ვერც განტვირთვა იქნება და ვერც კოაბიტაცია  შედგება:

    1. პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ალაპარაკდნენ „ქართული ოცნებისა” და მის თავკაც ბიძინა ივანიშვილის როლსა და დამსახურებაზე წინამორბედი დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების საქმეში. ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია”. ჩნდება  შეკითხვა: რატომ ალაპარაკდა ამ თემაზე პრემიერმინისტრი ასე ხაზგასმით? ამ შეკითხვაზე პასუხი თვითონ პრემიემინისტრმა გასცა იმავე ბრიფიბგზე: „ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა. ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, ნგრევა და ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია მოუტანა”.

    აშშ-ის დელეგაციას ურთიერთობის განტვირთვის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის რეალური შეთავაზებები რომ ჰქონოდა, ბატონ კობახიძის ტექსტი ასე მძაფრი და უკომპრომისო არ იქნებოდა. ბრიფინგის ეს ნაწილი პრემიერმინისტრმა ასე დაასრულა: „დასასრულ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს:საქართველო ინარჩუნებს თოთხმეტწლიან უწყვეტ მშვიდობას, ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს”. კობახიძემ ბრიფინგი ისევე უკომპრომისოდ დაამთავრა, როგორც დაიწყო. ეს სერიოზული არგუმენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ იმას, რის შესახებაც პირდაპირ არ გვითხრეს, მაგრამ მიგვანიშნეს. ამ თემაზე  ბატონმა კობახიძემ უფრო მნიშვნელოვანი განცხადება ბოლოსთვის შემოინახა. მან განაცხადა: „ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი”. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერმინისტრს მომავლისთვის ხაზი შემთხვევით არ გაუსვამს.

    ეს ერთი მომენტი. არანაკლებ მნიშვნელოვანი მეჩვენება პრემიერმინისტრის მეორე გზავნილი:

    2. „ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც სამი წლის წინათ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა. მხოლოდ გასული ექვსი თვის განმავლობაში ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ხუთი მინისტრის ვიზიტები. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა თოთხმეტი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა ექვსი შეთანხმება. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ჩვიდმეტი პროცენტით, 2025 წელს ოცდაერთი პროცენტით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში ორმოცდახუთი პროცენტით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით “.

    ამერიკული დელეგაციის წასვლისთანავე ჩინეთთან ურთიერთობისთვის ასე დემონსტრაციული ხაზგასმა არაფერზე არ მიგანიშნებთ? ეს ხომ იმის თქმაა, რომ საქართველოს დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ვერ შედგა?  ვერ შედგა დასავლური კურსი, ამიტომ  იძულებულნი ვართ, გავთავისუფლდეთ ცალმხრივი ვალდებულებებისგან, რომლებიც დასავლეთმა სრულიად უთანასწორო ურთიერთობებში აგვკიდა და გეზს საპირისპირო მომართულებით ვიღებთ?! ასეა! მე ასე მივხვდი, ასე ჩავწვდი და ამაში ლოგიკური აზროვნების სიმცირეს ან სასურველის რეალობად გასაღების მცდელობას, ვფიქრობ, ვერავინ დამწამებს. თქვენს ყურადღება კიდევ ერთ გარემოებას მივაპყრობ, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს, რომელიც მან პრემიერმინისტრის კვალდაკვალ გამართა. ბატონმა შალვამ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა: „რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ მგონია, რომ ძალიან ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის იმ ცივილიზაციური უფსკრულის გზა, რომლითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი – მშვიდობის პროექტი – იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“  ხელისუფლებაში”. პარლამენტის თავმჯდომარემ ირონიულად ილაპარაკა იმ პრეტენზიებზე, რომლებსაც დასავლეთი ჩვენ მიმართ  გამოთქვამს: რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა? რა ვქნათ, ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს!

    აი, რა მოთხოვნები აქვს ჩვენთან ევროკავშირს და აი, რა ტონალობაში და რა პათოსით ლაპარაკობენ ამის შესახებ პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

    ეს მაფიქრებინებს, რომ დასავლეთთან (მათ შორის აშშ-თან) ვერავნაირი  განტვირთვა ვერ იქნება. შესაბამისად, ვერც დასავლეთის „მეხუთე კოლონასთან” ვერ შედგება ახალი კოაბიტაცია. ერთმანეთთან დაპირისპირებული, მაგრამ დასავლეთის მიერ ერთი ბორკილით შეკრული ორი პოლიტიკური ძალა, სტენლი კრამერის  ფილმისგან განსხვავებით, სიკეთემდე და სიყვარულამდე ვერ მივა, ვინაიდან ერთი მათგანი საბოლოოდ მიეყიდა სატანას და საბოლოოდ განუდგა ყველაფერ რაციონალურს, რაც შესაძლებელია პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში არსებობდეს.    

    წინადადება, რომლითაც ეს სტატია უნდა დავასრულო, შეიძლება ბანალური და გაცვეთილი გეჩვენოთ, მაგრამ ფატია, რომ ახლა, ბორკილთა დადების დრო კი არა, ბორკილთა მსხვრევის ჟამი დგება. ამ ფაქტში იმის დანახვაც შეიძლება, რასაც ფილოსოფოსები და სოციოლოგები ისტორიის სპირალისებურ განვითარებას ანუ დიალექტიკურ განმეორებადობას უწოდებენ, ფსიქოლოგები „დეჟავიუს ეფექტით” მოიხსენიებენ, დიდი ილია კი პოეტური მეტაფორით გამოხატავდა: „მესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის  ხმა მტვრევისა!”.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here