ნაღები, რძე, ვანილი, შაქარი – თუ იცით, ეს ოთხი ინგრედიენტი რის მოსამზადებლად არის საჭირო? პასუხი მარტივია – ნაყინის. ბავშვების (და არა მხოლოდ) საყვარელი ნუგბარი სხვადასხვანაირად მზადდება. მას ურევენ ხილს, თხილს, ბევრ რამეს, მაგრამ ნამდვილ, ძველებურ ნაყინს სწორედ ეს ოთხი ინგრედიენტი სჭირდება. საბჭოთა პერიოდის ნაყინს საოცარი გემო ჰქონდა, რაღაცით გამორჩეული, ისეთი, რომ იმ თაობის ხალხს ახლაც გვახსოვს და ახლაც ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ, იმიტომ, რომ გაქრა, აღარ არის. არადა, თითქოს რა მარტივია – ნაღები, რძე, ვანილი, შაქარი…
როგორ გგონიათ, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რა ოდენობის ნაყინი შემოიტანა? რაოდენობა ისეთი შთამბეჭდავია, რომ რამდენიმეჯერ გადავამოწმეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცდომილება არ არის. 2026 წლის საწყის ოთხ თვეში საქართველომ 312 (სამას თორმეტი) ტონა ნაყინი იყიდა. 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა და გვგონია, რომ, ზოგადად, ყველაზე დიდი მაჩვენებელია. რა გამოდის? ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სიღარიბე მცირდება, მაგრამ ამის მიუხედავად რატომღაც ყველაფერი უკან მიდის და სულ უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს. ნაყინი, ეს მარტივად დასამზადებელი ნუგბარიც კი, წელს რეკორდული რაოდენობით შემოვიტანეთ და, თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი ამინდი გვქონდა იანვარ-აპრილში, ზაფხულში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და რეკორდს მოვხსნით. ვერ გეტყვით, მოესწრება თუ არა ჩვენი თაობა იმ პერიოდს, როცა ასეთი პროდუქტების შემოტანა აღარ დაგვჭირდება, მაგრამ, თუ ასე მივუდგებით ყველაფერს, ნამდვილად არაფერი გვეშველება.
ახლა მომწოდებელ ქვეყნებს გადავხედოთ და შევეცადოთ, სიცილი შევიკავოთ: თურქეთი – 641,7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, 75 ტონა ნაყინი (1 კგ 8,5 დოლარი), უკრაინა – 419,3 ათასი დოლარის, 98 ტონა (1 კგ 4,2 დოლარი), საფრანგეთი – 309,2 ათასი დოლარის, 45 ტონა (1 კგ 6.8 დოლარი), სომხეთი – 166 ათასი დოლარის, 31 ტონა (1 კგ 5.3 დოლარი), გერმანია – 165,1 ათასი დოლარის, 9 ტონა (1 კგ 18 დოლარი). კარგი, თურქეთი გასაგებია, ყველაფერს აწარმოებენ ჩვენი მეზობლები და, საქართველოს კი არა, ევროპული ბაზრის გადაყლაპვაზე ფიქრობენ, გასაგებია გერმანია და საფრანგეთიც, იმიტომ, რომ დახვეწილი ტექნოლოგიები აქვთ და 1 კილოგრამი გერმანული ნაყინი 18 დოლარად გვიყიდია, მაგრამ… ომში მყოფი უკრაინა ან სომხეთი რომ გაჯობებს და ნაყინს მოგყიდის, ცოტა არ იყოს, „ტეხავს“. უკრაინელებს მუდმივად ელექტროენერგიის პრობლემა აქვთ, ხან რა იბომბება და ხან – რა, მაგრამ ახერხებენ და ნაყინის მაცივრებს ამუშავებენ, თანაც ისე, რომ საექსპორტოდაც გააქვთ.
საქართველოში თავის დროზე პირველი იყო „გურჯაანის ნაყინი“. მას მართლაც კარგი გემო ჰქონდა და კარგადაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს „გურჯაანის ნაყინი“ სხვა ნაყინებს შორის ისეა ჩაკარგული, კარგად თუ არ დაძებნე, ვერც მიაგნებ. გამორჩეული გემო ჰქონდა „სენაკის ნაყინსაც“ და ახლაც სენაკში რომ გაივლი, არაერთ ობიექტს აწერია „სენაკის ნაყინი“, კარგადაც იყიდება, მაგრამ ვაღიაროთ, რომ სენაკის ამჟამინდელი ნაყინის გემოს ძველის გემოსთან საერთო არაფერი აქვს.
მიზეზი მარტივია – ნაყინის დამზადებისას არც ნატურალურ ნაღებს იყენებენ, არც ნატურალურ რძეს და „ნატურალური“ მხოლოდ შაქარი გამოდის. რატომ უნდა შეიცავდეს ნაყინი სტაბილიზატორებს, ჟელატინებს, რამდენიმე ქიმიურ ელემენტს, რატომ? ხომ მარტივი და გემრიელი იყო ყველაფერი, რატომ გავართულეთ? რატომ არ აკონტროლებს ამას სახელმწიფო და, თუ აკონტროლებს, რატომ გაქრა ძველი გემო?
სოფლის მეურნეობის მინისტრს ჩვენი თანდასწრებით უთხრეს, პალმის ზეთი და ქიმიური ცხიმები რომ აკრძალოთ, გვეშველება, ნატურალურ პროდუქტზე გადავა ყველა და ყველაფერიო, მაგრამ არ გამოდის ეს საქმე. არ ვიცი, ვის შემოაქვს ეს საწამლავი საქართველოში, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მათ გარეშე აღარაფერი მზადდება.
ერთი „მარტივი“ კითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან – მილიარდობით ლარი იხარჯება საგზაო ინფრასტრუქტურაზე და ერთხელ გაკეთებულს მაინც ხელახლა ვაკეთებთ, ხან ვიღაცებს იჭერენ, ხან მათ არაკეთილსინდისიერებაზე გვესაუბრებიან და ეს გასაგებია, მაგრამ არავის უფიქრია, რომ თუნდაც ბელარუსის მაგალითზე, ბევრი თუ არა, რამდენიმე სახელმწიფო საწარმო გაეკეთებინა, თუნდაც ნაყინის საწარმო, ისეთი, ნატურალურ პროდუქტზე რომ იმუშავებს და ძველ ტექნოლოგებს დაასაქმებს. თქვენ თუ არ იცით, სად იპოვოთ ასეთი ხალხი, ჩვენ გიპოვით და მოგიყვანთ, გვერწმუნეთ, შესანიშნავად იციან ყველაფერი, რაც ნაყინის დამზადებას სჭირდება. ნაყინის ვაფლის გაკეთებას მაინც რატომ ვერ ვადგამთ თავს? მხოლოდ ყალიბი და შესაბამისი ცომი უნდა, მეტი არაფერი. გასაგებია, რომ კომუნიზმის დანგრევის პარალელურად ყველაფერი დავანგრიეთ და ბევრი რამ ჯართად გავზიდეთ უცხოეთში, ბევრიც – დაზგებად, მაგრამ ახლა ხომ შეიძლება ვიყიდოთ, დავდგათ, ვამუშაოთ…
მაისის დასწყისში მეგობრებმა ნიდერლანდებიდან საქონელი შემოიყვანეს, მეწველი საქონელი და რძის წარმოება დაიწყეს დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ მალე დაინახეს, რომ მათ მიერ ნაწარმოებ ნატურალურ რძეს, უბრალოდ, ფასი არ აქვს და იმის მესამედი მოგებაც არ რჩებათ, რამდენსაც ვარაუდობდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ნატურალური რძე არავის სჭირდება, რადგან ისევ აეწყო ირანიდან რძის ფხვნილის შემოტანის „კანალი“ და ადგილობრივი ნატურალური პროდუქტის ფასი ისე შეცირდა, ფერმერები ლიტრს 1,50 ლარად იხვეწებიან. არადა, მაღაზიაში ერთი ლიტრი რძე ლამის 6 ლარი ღირს, მაგრამ იმას ნატურალურთან საერთო არაფერი აქვს. უბრალოდ, 3-4 ათასი ლარი ღირს ლაქტოსკანი და რიგითი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის, თორემ ნახავდნენ, ნაყიდ რძეში წყლის შემცველობა ლამის 30% რომ არის, ანუ ერთ ლიტრ რძეში 300 გრამი წყალია. ეს ყველამ იცის, მაგრამ საინტერესოა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ჯდება და ამიტომ პასუხსაც არავინ აგებს. მეტიც, ეს არ არის მომხმარებლის მოტყუება, რადგან შეფუთვაზე ყველაფერი მითითებულია და, თუ იჩივლებ, გეტყვიან, წაგეკითხა, ბატონო, რას ყიდულობდიო.
ძნელია იმის პროგნოზირება, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ყოველწლიური მონაცემებით, ნებისმიერ სფეროში (განსაკუთრებით კვების პროდუქტებში) დიდი ნაბიჯებით მივდივართ უკან და საშველიც არ ჩანს.
გვითხარით, რა გავაკეთეთ წელს იმისთვის, რომ გაისად უკეთეს მდგომარეობაში ვიყოთ – უფრო ნაკლები შემოვიტანოთ და მეტი ვაწარმოოთ? ჩვენ გეტყვით – არაფერი! ის, რომ მოსახლეობის მოთხოვნა იზრდება ყველა მიმართულებით, ის, რომ წლიდან წლამდე ვუმატებთ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარებას, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ავტომობილი შემოდის და რჩება საქართველოში, ხომ ნიშნავს, რომ პროდუქტიც მეტი გვჭირდება და როგორმე ადგილობრივი წარმოება უნდა განვავითაროთ, კონკურენცია რომ გავუწიოთ უცხოელებს? ქართველი ფერმერი, რომელსაც საქართველოში საზამთრო მოჰყავდა, მეორე წელია, რუსეთშია წასული, იქ მოჰყავს 200 ჰექტარზე საზამთრო და იცით, რას ამბობს? თოთხმეტჯერ მეტი შემოსავალი მაქვს, რადგან იქაურები ადგილობრივ პროდუქტს მეტ ყურადღებას აქცევენ და უფრო მეტად ეტანებიანო. ჩვენთან კი… ჩვენთან ვინმე რამეს რომ გააკეთებს, ნახევარი სამეზობლო ბოღმისგან სკდება, ამ „ახვარმა“ ფული საიდან და რატომ იშოვაო…
ლევან გაბაშვილი







