პოლიტიკა საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა. მისი სამოქმედო არეალი სახელმწიფოებს, ხალხებსა და ერებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება და მოწესრიგებაა. ისტორია პოლიტიკის განსხვავებულ განმარტებებს გვთავაზობდა: შორეულ წარსულში მას „სამეფო ხელოვნებას” უწოდებდნენ; პლატონის აზრით, პოლიტიკის არსი ყველა მოქალაქის დაცვა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნა იყო; მაკიაველისთვის იგი იყო ცოდნა სამართლიანი და ბრძნული მმართველობის შესახებ; მარქსისთვის კი – კლასთა შორის ბრძოლა.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში პოლიტიკამ ახალი თვისება შეიძინა. იგი სხვა სახელმწიფოთა სპეცსამსახურებთან ფარული ურთიერთობის ასპარეზად ჩამოყალიბდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ე.წ. ცივი ომი გაჩაღდა, რომელსაც სხვანაირად ჯაშუშური საქმიანობის გაფურჩქვნის პერიოდიც შეიძლება ეწოდოს. მან კულმინაციას 80-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია, როდესაც დასავლეთის ჯაშუშები (მიხეილ გორბაჩოვი, ედუარდ შევარდნაძე, ალექსანდრე იაკოვლევი და სხვები) საბჭოთა კავშირის სათავეში აღმოჩნდნენ და ე.წ. პერესტროიკის სახელით საქმე საბჭოთა კავშირის გარკვეული დაზიანების ფაზიდან დაშლის ფაზაში გადაიყვანეს. დასავლეთის სპეცსამსახურებმა ჯაშუშური საქმიანობა, რომელსაც მოკავშირე რესპუბლიკებში იქამდეც მაღალ დონეზე აწარმოებდნენ, არნახულ სიმაღლეზე ასწიეს. პრაქტიკულად, მთელი პოლიტიკა ჯაშუშობად აქციეს, ვინაიდან მას, გარდა საგარეო ორიენტაციისა, სხვა მიმართულებები ჩამოაცილეს. რუსეთისგან დაშორება და დასავლეთთან დაახლოება პოლიტიკის ერთადერთ მიმართულებად გამოცხადდა და, თუ მაინც ვინმე საშინაო მოწყობას, ეკონომიკას, სოციალურ სფეროს და ა.შ. შეეხებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის დასავლეთის თარგზე მოჭრის აუცილებლობა ექადაგა. დასავლეთი იმ „აღთქმულ მიწად” დაგვისახეს, რომლისკენ სწრაფვას ალტერნატივა არ ჰქონდა. ამ დამოკიდებულების, ამ მიმართულების სისწორეში ვინმე ეჭვს თუ შეიტანდა, იგი ავტომატურად ცხადდებოდა ქვეყნის მოღალატედ, კრემლის ინტერესების მარიონეტად, სუკ-ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) აგენტად. ამ კატეგორიებით აზროვნება ზვიად გამსახურდიამ და მისმა მიმდევრებმა დანერგეს. ზვიად გამსახურდია თვითონ იყო დასავლეთის დავალებების ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი; სტალინის პიროვნების განმქიქებელი; სოციალისტური სისტემის დაუძინებელი მტერი; დასავლური ღირებულებების (დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება) პროპაგანდისტი; ე.წ. ჰელსინკის ჯგუფის ჩამომყალიბებელი და დიდ სამამულო ომში სამარცხვინო ღალატის ჩამდენის, შემდგომში ვერმახტის გენერლის, შალვა მაღლაკელიძის, მეხოტბე, რის გამოც მწერალთა კავშირიდანაც კი გარიცხეს.
აი ამ კაცმა, ზვიად გამსახურდიამ, ყველა, ვინც მისი აზრებისა და იდეების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა გაბედა, საქართველოს მოღალატედ და კრემლის აგენტად გამოაცხადა. მისგან იღებს სათავეს საქართველოში იარლიყების უაპელაციო მიწებების სამარცხვინო პრაქტიკა. ეროვნული მოძრაობის ლიდერებისთვის არაფერს ნიშნავდა ის, რომ დემოკრატია, სიტყვის თავისუფლების გარდა, უდანაშაულობის პრეზუმფციასაც გულისხმობს, რომ არავის აქვს უფლება, დამნაშავედ გამოაცხადოს ადამიანი, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში არ შევა. არა, ეროვნული მოძრაობის ბელადებს ასეთი „წვრილმანებისთვის” არ ეცალათ. მათ ვერც იმისთვის მოიცალეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ე.წ. ლუსტრაციის კანონი მიეღოთ და სხვა ქვეყნების აგენტები და ჯაშუშები ღიად ემხილებინათ, რათა ხალხს სცოდნოდა, ვის რა წარსული და ბიოგრაფია ჰქონდა. ეს ვერც მომავალმა ლიდერებმა (შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) გაბედეს თუ არ გააკეთეს (შეიძლება ასეთი მდგომარეობა პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს ან დასავლეთმა არ დართო ამის ნება). დღეს ამ თვალსაზრისით არანაირი სამართლებრივი ჩარჩო არ არსებობს და სრულ ქაოსში ვართ ანუ ნებისმიერს შეუძლია, ვისაც მოისურვებს (ვისი აზრი არ მოეწონება, ვინც თვალში არ მოუვა) აგენტად და მოღალატედ გამოაცხადოს. ასე იქცა საქართველო „ჯაშუშების ქვეყნად”, ამიტომ არის, რომ ამ კატეგორიებით აზროვნება მთლიანად გაცვდა, გახუნდა და ფასი დაკარგა.
ეს საკითხის ერთი მხარეა.
საკითხის მეორე მხარე არის ის, რომ თანდათან ფეხი მოიკიდა პოლიტიკური ცხოვრების იმ მოდელმა, რომელიც თავიდან ბოლომდე ფინანსებზეა დამოკიდებული. არავითარი სახალხო პოლიტიკა საქართველოში არ არსებობს. ხალხი პოლიტიკის მხოლოდ იმ ერთ ნაწილში მონაწილეობს, რომელსაც არჩევნები და ხმის მიცემა ჰქვია, მაგრამ იგი საკუთარ თავს ვერასდროს მისცემს ხმას, ვინაიდან მისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტია ბუნებაში არ არსებობს. ხალხი ვერ შესწვდება იმ თანხებს, რომლებსაც დასავლეთის სპეცსამსახურები პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მათი მომსახურე მედიასაშუალებების ფუნქციობაში იხდიან, ამიტომ არსებობენ გარედან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმ ძალების ინტერესების გამტარებლებად რჩებიან, რომლებსაც ისინი ხელისუფლებაში მოჰყავთ. არსებობენ ქვეყნის შიგნით არსებული მდიდართა კლანების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ისევ დასავლეთის ინტერესების გამომხატველები არიან და შორს დგანან ხალხისგან. ასეთი ტიპის პარტიები და საინფორმაციო საშუალებები მუდმივად ცრუობენ, მუდმივად სპეკულირებენ ხალხის ინტერესებით, მაგრამ ყოველთვის ატარებენ იმ ძალების ინტერესებს, რომლებსაც საქართველოც, ქართველი ხალხიც და მისი მომავალიც ფეხებზე (გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი) ჰკიდიათ. ხალხი კი უნებლიე მონაწილე ხდება დანაშაულისა, რომელსაც საფუძველშივე გაყალბებული არჩევნები ჰქვია, ოღონდ არა იმ თვალსაზრისით, რომ ხმები არასწორად დათვალეს ან რამე საარჩევნო ტექნიკური მანიპულაცია ჩაატარეს (ეს გაცილებით ნაკლები დანაშაულია), არამედ არჩევნებში ფინანსების როლის გააბსოლუტებით, მისთვის სატელევიზიო-სარეკლამი სივრცის დაქვემდებარებითა და ხალხის როლის თითქმის სრული იგნორირებით,რომელიც პოლიტიკურ ძალებსა და ხალხს შორის გადაულახავ ბარიერს აჩენს. ვითარებაში, როდესაც პოლიტიკა, ხალხის ინტერესთა და მისწრაფებათა გამოხატულება კი არა, ზესახელმწიფოთა ინტერესების მომსახურების სფეროა, ჯაშუშობა ნორმად იქცევა. დააკვირდით: ახლა მაინც, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ბევრი ამერიკული დანაშაული ამხილა, ხომ აღარ არის საიდუმლო, რომ „იუსაიდი”, „ნედი” და სხვა მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც მილიარდებს განკარგავდნენ, მოურიდებლად ერეოდნენ სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში, წყვეტდნენ არჩევნების ბედს, ამზადებდნენ ე.წ. ფერად რევოლუციებს, აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებებსა და სჩადიოდნენ ათასგვარ სისაძაგლეს. ამერიკელებმა თვითონ აღიარეს, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ხუთი მილიარდი დოლარი დაუჯდათ. შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინას ამ ომში სამასორმოცდაათი მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს. ყველა საკუთარ ხარჯს ანგარიშობს, მაგრამ იმას ვინ დათვლის, უკრაინას რა დაუჯდა დასავლეთის ეს ვერაგული დახმარება?! ამგვარი „დახმარებებით” თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ერთ დიდ ჯაშუშურ ქსელად აქციეს. ეს ყველაფერი „ცივი ომის” რეციდივებია – ვითომ დემოკრატიულ არჩევნებში ტრანსფორმირებული და ჯაშუშურ სისტემაში რეალიზებული. ამგვარი „არჩევნების” შედეგად პატარა ქვეყნებში მიმდინარეობს დასავლეთის აგენტურული ქსელის იმ მასშტაბებით გაშლა, რომ იგი თითქმის ლეგიტიმაციის დონეზე აჰყავთ. ხომ სრული აბსურდია – ლეგიტიმური აგენტურული ქსელი. რა თქმა უნდა, აბსურდია, მაგრამ საქმე უფრო შორსაც მიდის. გაიხსენეთ, რა სიტყვას იყენებდნენ ყველაზე ხშირად „ქართული ოცნების” უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის” დასახასიათებლად. თუ ვერ იხსენებთ, დაგეხმარებით – აგენტოკრატია. ეს რას ნიშნავს? აგენტთა მმართველობას! დასავლეთი აქ მხოლოდ ფართო აგენტურული ქსელის არსებობით არ დაკმაყოფილდა, მან მართვის სადავეები აიღო. ეს ამბავი, სააკაშვილის კი არა, ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის პერიოდში დაიწყო. ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობიდან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობისკენ გზა დასავლეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით გაიკვალა. 1989 წელს კი, როდესაც საბჭოთა კავშირისთვის საბოლოო გამანადგურებელი დარტყმა უნდა მიეყენებინათ, ჯერ 9 აპრილის ტრაგედია დაატრიალეს, შემდეგ კი ამ უბედურებაზე სპეკულირებით ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც დასავლეთის აგენტურული ქსელის წევრი არ იყო, თავიდან მოიცილეს და გივი გუმბარიძე მოიყვანეს, რომელსაც კრემლის დავალებით არჩევნების გზით ხელისუფლება გამსახურდიასთვის უნდა გადაებარებინა. მას შემდეგ მოსული ყველა ხელისუფლება დასავლეთის სპეცსამსახურების კლანჭებში ექცეოდა, ანუ აგენტოკრატია გადაგვარებული კომუნისტებიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ზვიად გამსახურდიამ საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მართალია, აღიარა და ამხილა კიდეც დასავლური ვერაგობის მთელი ეს მექანიზმი, მაგრამ გვიანი იყო. მას უკვე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული დასავლეთის იმ თამაშში, რომელიც საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდა, თვითონ კი ფიზიკურად შეიწირა.
ქვეყანას დღემდე დასავლეთის აგენტურა მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სტრუქტურა, ყველა რგოლი, ყველა უჯრედი მათ ხელშია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: დასავლეთი ხუთი ბერკეტით მუშაობს – ხელისუფლება, ოპოზიცია, სპეცსამსახურები, საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ამ სტრუქტურებზე კონტროლის დაეწესებას საკუთარი აგენტურით ახერხებენ, რომელთა სიმრავლე უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. საზოგადოდ, ამგვარი ვითარების მიუხედავად, დასავლეთი დღევანდელ ხელისუფლებასთან კონფლიქტშია, ვინაიდან რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე ვერ დაიყოლია. ისიც ნათელია, რომ დაძაბული ურთიერთობის ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ღონეს ხმარობენ დასავლეთთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად, ზელენსკისთანაც კი რევერანსების გზას დაადგნენ. ეს იმ დროს, როდესაც ზელენსკის ხელისუფლებისგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფის ნიაღვარი მოედინებოდა. დასავლეთს საქართველოში არ სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მთლიანად დასავლეთიდან არ იმართება და, დასავლეთის ინტერესების გათვალისწინების პარალელურად, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ეს არის „ქართულ ოცნებასა” და დასავლეთს შორის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი. „ქართული ოცნება” საქართველოს ინტერესების დაცვაზე ჯერჯერობით უარს არ ამბობს, მაგრამ დასავლეთთან საერთო ენის გამონახვის მცდელობაზეც ხელს არ იღებს.
აქ მივადექით ერთ კონკრეტულ საკითხს: ქვეყანაში, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აგენტოკრატია გვაქვს (შევარდნაძე 1972 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში და ათვლაც იქიდან იწყება), დასავლეთის თუნდაც ერთი აგენტის გამომჟღავნება და მხილება არ მომხდარა. „ქართულ ოცნებას”, რომელმაც პირველად გამოიყენა ტერმინი აგენტოკრატია, თოთხმეტი წლის განმავლობაში დასავლეთის ერთი აგენტიც არ გაუშიფრავს, სამაგიეროდ ახლა დააკავეს ღიად პრორუსული ორიენტაციის კაცი, რომელსაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ოფიციალურად არ ამბობენ, რომ გულბაათ რცხილაძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ იგი წლების განმავლობაში რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამაში ხედავდა საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების გზას. გულბაათ რცხილაძეს არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თანამდებობა, მას არასდროს ჰქონია წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე. რა და როგორ უნდა ეჯაშუშა მას? ეს ლოგიკური შეკითხვაა. რომელიმე მიმართულების საგარეო ორიენტაცია თუ ცხადდება დანაშაულად (ასეთ შემთხვევაში ეს კანონით უნდა იყოს დადასტურებული), სხვა საკითხია, მაგრამ ეს თუ ასე არ არის, გულბაათ რცხილაძე სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებს როგორ მიაწვდიდა საქართველოს დამაზიანებელ იმ ინფორმაციას, რომელიც მას არათუ არ ჰქონდა, თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო, რომ ჰქონოდა?! აღარ განვაგრძობ ამ საკითხზე დავას, მაგრამ იმას კი ვიკითხავ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ირანზე აშშ-ის სამხედრო დარტყმების პერიოდში საქართველოში ირანის ტერორისტული სკოლების არსებობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ამით ქვეყანას საშინელი რისკის ქვეშ აყენებდნენ, რატომ არ არიან დასჯილნი. ჩვენს უშიშროების სამსახურს ჯაშუშებსა და მავნებლებთან შერჩევითი დამოკიდებულება აქვს და მხოლოდ ერთი მიმართულების ჯაშუშებს ამხელს, ხოლო მეორე მიმართულების ჯაშუშებსა და მავნებლებს ხელს აფარებს? გულბაათ რცხილაძის დაპატიმრება საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ყოფნას რომ დაემთხვა, ეს არაფერზე მეტყველებს? კოჭს ხომ არ უგორებენ ამერიკელებს და ხომ არ ეუბნებიან, – რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გავხსენით, მაგრამ ხომ ხედავთ, რუსული ორიენტაციის ადამიანებს ციხეში ვუშვებთ. ეს თუ ასეა, ამაში პოლიტიკურ გამჭრიახობასა და შორსმხედველობას ვერ ვხედავ, პირიქით – ერთი ბარტყის გადაგდების წინდაუხედაობა უფრო ჩანს ამ ქმედებაში. ეს სააკაშვილის მიერ აპრობირებული მეთოდია. ისიც დასდევდა და იჭერდა ვითომ რუსეთის აგენტებს, თუმცა საქართველოსთვის ამას შვება არ მოუტანია.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსები გულბაათ რცხილაძის დასაცავად საქართველოში ტანკებით არ შემოვარდებიან, მაგრამ ამ ფაქტიდან გამომდინარე დასკვნებს აუცილებლად გააკეთებენ. შემდეგ კი, ძალიან ახლო მომავალში, დღის წესრიგში ამიერკავკასიის პრობლემა როდესაც დადგება, უნდა ვიფიქროთ, რომ, ალბათ, გარკვეულ ოპერაციას ჩაატარებენ. ალბათ-მეთქი ვამბობ, რადგან იმაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს, რაც პუტინმა თქვა: „ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მიწასთან გავასწოროთ ყველა, ვინც რუსეთის მიწასთან გასწორებას შეეცდება”. ხელისუფლებას მივმართავ: რუსეთის პრეზიდენტის ეს ნათქვამი იქნებ არ მოგისმენიათ (თქვენ ხომ, კარგა ხანია, საქართველოში რუსული არხები გათიშეთ), ამიტომ გეუბნებით.
დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.
ვალერი კვარაცხელია







