1945 წლის 8 მაისს (ცენტრალური ევროპის დროით 23:43 სთ–ზე), მოსკოვის დროით კი 9 მაისს (00:43 სთ-ზე) გერმანიამ ხელი მოაწერა სრული და უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. საბჭოთა კავშირის მხრიდან აქტს ხელი მოაწერა მარშალმა გიორგი ჟუკოვმა, გერმანიის მხრიდან – ფელდმარშალმა ვილჰელმ კეიტელმა. ამ აქტით დიდი სამამულო ომი დამთავრდა.
ამ ისტორიული მოვლენიდან 81 წლის შემდეგ, 2026 წლის 4 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში შედგა საქართველოს სრული (მაგრამ არა უსიტყვო) კაპიტულაციის აქტი ფაშისტური უკრაინის წინაშე, რომელსაც უკრაინის მხრიდან ხელი მოაწერა ვადაგასულმა და არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, საქართველოს მხრიდან კი – პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მხედველობაში მაქვს ამ ორი პერსონის შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და დეტალები არ ქვეყნდება. უცნობია, შეხვედრაზე რამე დოკუმენტი გაფორმდა თუ არა, მაგრამ ორივე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაში ათვლის ახალი წერტილი გაჩნდა.
ეს ორი მოვლენა (გერმანიის კაპიტულაცია და ერევანში გამართული შეხვედრა) მასშტაბითა და საერთაშორისო მნიშვნელობით ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა, მაგრამ საქართველოსთვის შეიძლება დიდი უბედურების სათავე აღმოჩნდეს.
საქართველოში ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია ახლა არ დაწყებულა. ამ პროცესს ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ფაშიზმის წინაშე კაპიტულაციის ერთეული გამოვლინებები იყო დიდი სამამულო ომის დროს ჰიტლერის ბანაკში მიზანმიმართული გადაბარგების სამარცხვინო ფაქტები. იყვნენ ჯგუფები და შენაერთები, რომლებიც „ქართული ლეგიონების” (Die Georgische Legion) სახელით მოიხსენიებოდნენ. ზოგს „დავით აღმაშენებელი”, ზოგს „თამარ მეფე”, ზოგს „ერეკლე მეორე”, ზოგს „ილია ჭავჭავაძე” ერქვა. 1944 წელს SS-ვაფენგრუპი „საქართველო“ შეიქმნა. მას სს-ის ვაფენ-შტანდარტენფიურერი მიხეილ-ფრიდონ წულუკიძე მეთაურობდა. ამ ქვედანაყოფების გარდა, ვერმახტის რიგებში მსახურობდნენ სამუშაო უზრუნველყოფისა და საპატრულო ქართული ასეულები.
ეს ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია იყო!
საქართველოში ცნობილია შალვა მაღლაკელიძის სახელი, რომელსაც ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე იგი მოღალატე ვლასოვის არმიის „რუსეთის ხალხთა განმათავისუფლებელ კომიტეტში” შემავალ „კავკასიის კომიტეტს” ხელმძღვანელობდა.
ესეც ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია იყო!
მწერალმა გრიგოლ რობაქიძემ პანეგირიკით სავსე წიგნი უძღვნა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სისხლიან ტირანს: „ადოლფ ჰიტლერმა შექმნა დიდი გერმანია. იგი ამისი სუვერენული დამაარსებელია (გაიხსენეთ სააკაშვილი: „მე ვარ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი!” – ვ.კ.). მართალია, მისი მოღვაწეობა ჯერაც არ გასრულებულა, მაგრამ ისტორიამ მისი სახელი უკვე ამოტვიფრა მითიურ რუნებში”.
ესეც ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია იყო!
მოღალატე ქართველები თავიანთ საქციელს საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დახსნის სულისკვეთებით ამართლებდნენ, მაგრამ ჰიტლერისა და ფაშიზმის სამსახურში დგომის გათეთრება ვერანაირი პატრიოტიზმით ვერ ხერხდება.
იმ ომში, რომელშიც შვიდასი ათასი ქართველი იცავდა სამშობლოს, მათ წინააღმდეგ წასვლა ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია იყო!
იმ განწყობამ, რომ, ვინც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა, ყველა საქართველოს მეგობარი იყო, შემდგომ თაობებშიც იჩინა თავი. ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძის გარდაცვალების შესახებ (1977 წ.) სადიდებელი სიტყვების გამოქვეყნების გამო ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.
გამსახურდიას მიერ მოღალატე მაღლაკელიძის გმირად გამოცხადებაც ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია იყო!
ე.წ. ეროვნული მოძრაობა გუნდრუკს უკმევდა ფაშისტური გერმანიის გენერალსა და განმადიდებელ შალვა მაღლაკელიძეს. მერაბ კოსტავა ლექსად იღვრებოდა:„სიკვდილს არ შეხვდი სასომიხდილი, როგორაც ქვეყნად კვდება მრავალი, რადგან კვდებოდი სულ სხვა სიკვდილით, როგორც მეფე და მხედართმთავარი”.
ესეც ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია იყო!
მთელ მსოფლიოში ამგვარი მიუტევებელი შეცდომების ბრალია ის, რომ ფაშიზმმა კვლავ იყლორტა არამხოლოდ მის ისტორიულ სამშობლოში (ევროპაში), არამედ ფაშიზმის მიერ ყველაზე მეტად დაზიანებულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა უკრაინაში.
ფაშიზმის წახალისებასა და მისთვის მხარდაჭერას გამართლება არ აქვს.
ზელენსკი ევროპული ნეოფაშიზმის წარმომადგენელია. მისი რუსოფობია ევროპული ფაშიზმის სულისკვეთებით არის გაჟღენთილიც, დაფინანსებულიც და შეიარაღებულიც. მან ისევე მიიღო ბრიტანული და ამერიკული მხარდაჭერა, როგორც, თავის დროზე, ჰიტლერმა. ამერიკელებმა და ბრიტანელებმა ოცდამეერთე საუკუნეში რუსეთის წინააღმდეგ ისევე გამოჩეკეს ზელენსკი, როგორც მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ – ჰიტლერი.
ქართველი ხალხის გონიერი უმრავლესობა გახარებულია და ამაყობს იმით, რომ ამ არეულ დროში მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა. ეს ხელისუფლების უდიდესი მიღწევაა. რას ეფუძნება ეს მიღწევა? – უკრაინული პოლიტიკისგან დისტანცირებასა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე მტკიცე უარის თქმას. როგორც უნდა სცადონ, ამ პოზიციის „გაპუსტიაკება” სწორი, პრაგმატული, ზნეობრივი და სამართლიანი პოლიტიკა იყო. ზელენსკისთან კობახიძის შეხვედრის ფაქტმა (მიუხედავად იმისა, თუ რაზე ილაპარაკეს ან შეთანხმდნენ) კი სწორედ მშვიდობას შეურყია საფუძველი.
პრემიერმინისტრმა კობახიძემ ამ შეხვედრის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის, დახურული ფორმატის შეხვედრა, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენ შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზადყოფნა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.
უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და, ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”.
ბატონი კობახიძე არ ამბობს, რომ საუბარი მისალმებას და ერთმანეთის ფორმალურ მოკითხვას არ გასცილებია. იგი უკრაინასთან მეგობრობაზე გველაპარაკება: რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ და რა უნდა იფიქრონ რუსებმა? აქამდე თავს რომ ვიკავებდით უკრაინული (ანტირუსული) პოლიტიკისგან, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა დავუახლოვდეთო. ამ საშინელ ნათქვამს რამე დამატება სჭირდება? არა მგონია! თუმცა ეს დამატებაც გაკეთდა: „დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”. იმ „დეტალებში” რამე „ისეთი” თუ არ არის, რატომ გვიმალავს?!
ამ შეხვედრის სხვა (შედარებით უწყინარი) რაკურსით წარმოდგენის მცდელობა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: „ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს – ნებისმიერიპოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის. თავად პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი, თუმცა თავად მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი. ეს მეტყველებს, რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ. იმედია, ეს არის ნიშანი გადააზრებისა (ასეთი სიტყვა ქართულ ენაში არ არსებობს. უნდა იყოს გააზრება – ვ.კ.), რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოიტანს”. ზელენსკი ომში იმარჯვებსო, გაიძახით და ამ კონტექსტში იმისი თქმა, რომ „ზელენსკის მოუწია” რას ნიშნავს? ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმეში. მხოლოდ ერთი რამაა დღესავით ნათელი: ამ საბედისწერო შეხვედრის შემდეგ საქართველოში მშვიდობის საქმე კვლავ ბეწვზე კიდია!
ფაშიზმის წინაშე კაპიტულაციის თემას რაკი შევეხე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფალი, რომელიც ამ გზას არ ადგა:
შევარდნაძის მოღვაწეობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე (განსაკუთრებით მისი წვლილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმებასა და ფედერაციულ რესპუბლიკასთან შეერთებაში), ფაშიზმის წინაშე კაპიტულაცია იყო!
სააკაშვილი თვითონ იყო ფაშისტი. მრავალი სხვა ფაქტის მოტანა შეიძლება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ ქუთაისში „დიდების მემორიალის” აფეთქება და სტალინის ძეგლის დემონტაჟი ფაშიზმის წინაშე მისი სამარცხვინო კაპიტულაცია იყო!
დღევანდელი ხელისუფლების მიერ სააკაშვილის ამ თვითნებობის გამოსწორების ნაცვლად ამავე კურსის გაგრძელება და სტალინის ძეგლის მიმართ უდიერი მოპყრობა ფაშიზმის წინაშე ისეთივე კაპიტულანტური საქციელია, როგორიც თავის დროზე ხრუშჩოვის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო.
ფაშიზმისა და კომუნიზმის გათანაბრება და, ფაშისტურთან ერთად, კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვაც ფაშიზმის წინაშე კაპიტულაციაა!
რა უმწეო მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც იძულებულნი არიან, რომ 9 მაისს სამამულო ომის ვეტერანებს მიეახლონ, რომლებსაც მკერდი საბჭოთა სიმბოლიკით აქვთ დამშვენებული, ამასთანავე, არ უნდა დაუშვან, საბჭოთა სიმბოლიკის გამოჩენა. რა უნდა იყოს სამამულო ომის იმ ვეტერანზე დიდი სიმბოლო საბჭოთა კავშირისა, ვინც იმ სახელმწიფოს მკერდით იცავდა?!
ე.წ. „თავისუფლების ქარტიის” მიმღები და გამტარებელი ხელისუფლებები ფაშიზმის წინაშე კაპიტულაციის გზას ადგანან!
რამდენიმე წლის წინათ კიკვიძის სახელობის ბაღში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტთან ხელში წითელი დროშით მისვლის გამო თემურ ფიფია დააკავეს. ამ ამბავში იუმორი არის ის, რომ თემურ ფიფია მელიტონ ქანთარიას შვილიშვილია. დააკვირდით, როგორი „სახალისო” ისტორიაა: მელიტონ ქანთარია იმიტომ არის ლეგენდარული გმირი, რომ რაიხსტაგზე წითელი დროშა ააფრიალა. საქართველოს მთავრობა იძულებულია, რომ მას პატივი მიაგოს, მაგრამ, ამასთანავე, იძულებულია, ქანთარიას ბიუსტთან წითელი დროშის გაშლის გამო მისი შვილიშვილი დააპატიმროს. ამნაირ დავალებას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის, ხელისუფლება რომ შეასრულებს, უნდა ესმოდეს, რომ ამ ნაბიჯით კაპიტულაციას აცხადებს ფაშიზმის წინაშე!
საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრის, ჰეიდარ ალიევის, ძეგლი რომ გაქვს, რომელსაც ყოველდღიურად ყვავილებით ამკობ, პარალელურად კი საბჭოთა სიმბოლიკას კრძალავ, უნდა ხვდებოდე, რომ „დანიის სამეფოში რაღაცა დალპა” (უილიამ შექსპირი).
დასასრულ: ჟრიამული ისმის იმის გამო, რომ 9 მაისის აღლუმის წინ უკრაინა რუსეთს დრონებით უტევს და, არიქა, რუსეთი მარცხდება! – ზეიმობს დასავლეთის აგენტურა და ფაშიზმის წინაშე კაპიტულაციის რეჟიმში მყოფი ნაწილი საზოგადოებისა. რა ყალიბის რეგვნები ხართ, რომლებსაც უკრაინული დრონებით რუსეთის დამარცხებისა გჯერათ. ვაი, თქვენს პატრონს! საცხრამაისოდ ეს შეჩვენება იკმარეთ და დაიმახსოვრეთ: რუსეთში წიწილებს სწორედ ამ დღეს (9 მაისს) ითვლიან…
ვალერი კვარაცხელია







