მურმან ქურიძე: ხელისუფლებას მოუწევს ვენახების შესახებ მიღებული კანონის შეცვლა, როგორც ეს გააკეთა პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე

    ,,გლეხების გასაგონად ვამბობთ, რომ დაწურონ ბიოღვინო ოჯახებში და ძვირად გაყიდიან. რეგისტრირებული იქნება მათი ვენახი თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა“

    2007-2010 წლებში იმჟამინდელი მთავრობა („ნაციონალური მოძრაობა”) ახორციელებდა „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების” პროგრამას, რომლის ფარგლებში ბიუჯეტიდან 1 559 მლნ ლარი დაიხარჯა და 924 ჰექტარი ვაზი გაიჩეხა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო რუსეთის ემბარგოს შემდეგ. რუსეთში ღვინო საექსპორტოდ აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გადავიდნენ და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ, ამასთანავე, ასეთი ყურძნის საღვინედ გამოყენება კანონმდებლობითაც აკრძალულია. შესაბამისად, სააკაშვილმა უხარისხო  ჯიშის ყურძნის ჩანაცვლების პროგრამა განახორციელა”, _ განაცხადა 2022 წელს იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    იმხანად რუსეთმა ყურძენზე მოთხოვნა შეამცირა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა ვენახი  გაჩეხა. სწორედ ამ ქმედებებმა განაპირობა, რომ 2004-2014 წლების პერიოდში საქართველოში ვაზის ფართობი 4 ათასი ჰექტრით შემცირდა _ 37 ათასიდან 33 ათასამდე. 2020 წლის მონაცემებით, ვაზი უკვე 41,2 ათას ჰექტარზეა გაშენებული, რაც ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე რუსული ემბარგოს გაუქმებით (2013 წელი) არის განპირობებული. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე კვლავ შევიდა, შესაბამისად, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა და მოსახლეობამ ვენახების გაშენება კვლავ  დაიწყო…

    რამდენიმე დღის წინათ მთავრობის განკარგულებით ღვინის ქარხნებს აეკრძალა ისეთი ვენახებიდან ყურძნის ჩაბარება, რომლებიც სამინისტროს დაქვემდებარებული ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე გაშენდება _ ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის 24 აპრილის ბრძანება &ქუოტ;სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ. შესაბამისად, იმ მევენახეებს რომლებიც არარეგისტრირებულ ვენახებში მოიყვანენ ყურძენს, ღვინის მწარმოებლებისთვის ყურძნის მიყიდვა აღარ შეეძლებათ და ვერც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. ბრძანება 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.

    ახალი რეგულაციის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება ან უკვე არსებული ვენახის განახლება/აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სამინისტროს განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი სანედლეულო ბაზის ჩამოყალიბება, რომელიც მეღვინეობის სექტორის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

    ხელისუფლების ზემოაღნიშნულ გადაწყვტილებაზე ენოლოგთა კავშირის თავმჯდომარე მურმან ქურიძე გვესაუბრება:

    _ ბოლო პერიოდში ხელისუფლება მოუმზადებელ კანონებს იღებს. მე ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან აღარ ვურთიერთობ, რადგან მათ არ ესმით მეღვინეების. თუმცა ხელისფლება ხალხის არჩეულია და ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ. ცდასაც არ დავაკლებთ, თუკი რამეს შეისმენენ.

    ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს არაფერზე, გარდა იმისა, რომ ქართულ ღვინოს ჰქონდეს ავტორიტეტი მსოფლოში. ამერიკაში გამოდის ჟურნალი, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე წერენ. სამუწხაროდ, ჯერ ქართული უნიკალური ღვინო, რომელიც იუნესკომ აღიარა და რომელიც 8 ათას წელიწადს ითვლის, იმ ჟურნალში არ მოხვედრილა.

    ჩემი ინიციატივით, ღვინის კანონში თავის დროზე 72 ცვლილება შევიტანეთ, რომლებიც მეღვინეობის ინსტიტუტში იყო შემუშავებული და ამის შესახებ მეღვინეობის ეროვნულმა სააგენტომ არაფერი იცოდა. ბროშურაც გამოვუშვით, მაგრამ შემდეგ იქიდან ბევრი რამ ამოიღეს, რადგან ფალსიფიკატორების გავლენა დიდი იყო. ღვინის ქარხნები შეიძინეს ვაჭრებმა, რომლებსაც ღვინო არ უყვართ.

    აუცილებელია, ყველამ იცოდეს, სად, რომელ და რა ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს ამა თუ იმ ჯიშის ვაზი, მაგრამ მსურველებს ამ კონსულტაციას ვინ გაუწევს? ასეთი ადამიანი არ ჰყავთ მეღვინეობის ეროვნულ ბიუროში.

    2016 წელს ჩემი ინიციატივით ენოლოგთა კავშირმა ჩაატარა ორი საერთაშორისო დეგუსტაცია, მაგრამ არც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და არც მეღვინეობის კავშირმა მხარი არ დაგვიჭირეს.Mმხოლოდ მოლდოვა დაგვეხმარა, რადგან იქ ჩვენზე უკეთ იციან ღვინის ფასი.

    მსგავსი ღონისძიება 2018 წელსაც ჩატარდა კვლავ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, არც იმხანად მიუღიათ მონაწილეობა სოფლის მეურნების სამინისტროსა და მეღვინეობის ორგანიზაციას, თუმცა რეკლამაში ვამბობდით, რომ ისინიც მონაწილეობდნენ. ჩვენს მეღვინეობას ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს, მისი ბიძა კარგი კაცი და მეღვინეობის კარგი სპეციალისტი იყო, მაგრამ ამის პროფესიონალიზმზე რა მოგახსენოთ,… მეღვინებოს დარგში ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან სუსტები არიან.

    ალბათ, იცით, რომ მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტის დირექტორი ვიყავი, სანამ კახა ბენდუქიძე 14 კვლევით ინსტიტუტს გააუქმებდა. ბენდუქიძის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა სოფლის მეურნეობის დღეს უკვე ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ _ მეღვინეობის ინსტიტუტი მელიორატორებს მიჰყიდა… სად მელიორატორი, სად თბილისი და სად მევენახეობა?! მაგრამ ეს კაცი დღესაც ზის ეკონომიკის სამინისტროში…

    _ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით დიდი ვენახის მფლობელი გლეხი სამინისტროს ნებართვის გარეშე ვეღარ შეძლებს ყურძნის ჩაბარებას. ზოგიერთის აზრით, ეს სახელისუფლო გუნდთან დაახლოებული ე.წ. მეღვინეებისთვის გაკეთდა…

    _ საქართველოს ენოლოგთა კავშირის  წარმომადგენლები პერიოდულად ძალიან მკაცრ წერილებს ვაქვეყნებთ იმის შესახებ, რომ ღვინო და ვენახი ყველას საქმე არ არის, რომ, ვინც მეღვინე არ არის, ღვინის დამზადების პროცესს არ უნდა გაეკაროს.

    ჩვენ გლეხების გასაგონად ვამბობთ, რომ გააკეთონ მარანი, დაწურონ ბიოღვინო ოჯახებში და ძვირად გაყიდიან. რეგისტრირებული იქნება მათი ვენახი თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ღვინოს, რომელიც ნატურალურია, ყველა გაყიდის. ეს უნდა იცოდნენ ვენახისა და ღვინის ნამდვილმა მოყვარულებმა.

    ხელისუფლებას მოუწევს ვენახების შესახებ მიღებული კანონის შეცვლა, როგორც ეს მოხდა პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე, რადგან, რა მიზანს ემსახურებოდა ეს გადაწყვეტილება, ვერავინ გაიგო.

    საქართველოში მევენახეობას არ აქვს პერსპექტივა, რადგან ყურძენი ძალიან იაფია, გლეხი კი  ვენახს, წლებია, შვილივით ეფერება. ახალგაზრდები, რომლებიც მიწას ფლობენ, ვენახის დარგვას აღარ მოისურვებენ, ჟოლოს, მოცვს, საზამთროს, გარგარს, ატამს დარგავენ. ვერც გაამტყუნებ, ყურძენი იაფია…

    დღეს ხელისუფლებაში იურისტები არიან, ძირითადად. ძალიან ცუდია, რომ დარგის სპეციალისტებს არ იწვევენ და არ ეკითხებიან რჩევას.

    თანამდებობა არ გვინდა, არც ხელფასი, უბრალოდ, გვკითხონ დარგის სპეციალისტებს, რა არის გასაკეთებელი… გაჩეხა ხალხმა ვენახი და ეს ვაზისა და ღვინის სამშობლო, რად გადაიქცევა, უკვე აღარ ვიცი…

    _ იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლება ვენახების  შესახებ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის? და ვინ დაარწმუნებს ამაში?

    _ თვითონ დარწმუნდებიან, რადგან უკმაყოფილება დიდი იქნება. გლეხებს კი ვურჩევთ, თვითონ აწარმოონ ღვინო, თუკი ვინმეს პატარა ვენახი აქვს, მეზობელთან ერთად დაწუროს ყურძენი, დაამზადოს ღვინო და სერთიფიკატსაც მიიღებს. მოგვმართონ ჩვენ და დავეხმარებით. ღვინის ქარხნებმა კი თვითონ იზრუნონ თავის თავზე. თეთრებად ყიდულობენ ყურძენს და ღვინოს კატასტროფულად მაღალ ფასად ყიდიან, ყურძენსა და ღვინოს ფასებს შორის წარმოუდგენელი სხვაობაა. ღვინის ქარხანა იგებს, მევენახე აგებს, ასე აღარ გამოვა. არსებობა უნდა მევენახესაც…

    საბჭოთა განათლებამიღებული ხალხი აღარავის უნდა, არადა, ჩვენ კარგად შევისწავლეთ ის დარგები, რომლებსაც ხელი მოვკიდეთ. კვლევითი ინსტიტუტების გაუქმებამ არაპროფესიონალი ყველაფრისმცოდნეები გააჩინა…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here