Home ახალი ამბები საქართველო ყველაზე რთულ მომენტში, ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით გავძელით და დავამარცხეთ ფაშისტური კოალიცია

ყველაზე რთულ მომენტში, ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით გავძელით და დავამარცხეთ ფაშისტური კოალიცია

ყველაზე რთულ მომენტში, ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით გავძელით და დავამარცხეთ ფაშისტური კოალიცია

მალე 9 მაისი დგება, ფაშიზმზე დიდი გამარჯვების 81-ე წლისთავი. გამარჯვება, რომელიც საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობით, უზარმაზარი მსხვერპლის ფასად იქნა მიღწეული.

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყოველწლიურად გვიწევდა ძირითადი ისტორიული ფაქტების ხაზგასმა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საბჭოთა კავშირმა მოიგო ომი ფაშიზმთან; სსრკ-მ გამარჯვება მოიპოვა ევროპის ფაშისტურ კოალიციაზე, რომელსაც გერმანია მეთაურობდა.

ყველა ლიბერალური და პროდასავლური პლატფორმიდან გრძელდება საბჭოთა კავშირის დისკრედიტაცია, მისი ფაშისტურ სისტემასთან გაიგივება, სტალინის ჰიტლერთან ერთ სიბრტყეზე დაყენება და საბჭოთა არმიის წვლილის დაკნინება გერმანიის უპირობო კაპიტულაციის უზრუნველყოფაში, შესაბამისად, დიდ გამარჯვებაში.

აქ, საქართველოში, ასევე ვაწყდებით საბჭოთა სიმბოლოების საკანონმდებლო აკრძალვის პრობლემას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოებსაც ეხება. მთავრობა, თითქოს ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს, 9 მაისი ოფიციალურად უქმე დღეა. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გვეკრძალება ამ გამარჯვების ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასმა ისტორიული სიმბოლოების, ანუ ისტორიული სიმართლის გამოყენებით.

გარდა ამისა, უკვე ექვსი წელია, გამარჯვების მთავარი ძეგლი – უცნობი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში – კონსრევირებულია. ადრე ეს პარკი გამარჯვების პარკის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ სიტყვა „გამარჯვება“ დიდი ხანია ამოღებულია მისი სახელწოდებიდან. თავად ძეგლი, რომელიც ვითომ უნდა შეკეთებულიყო, რკინის ღობით არის გარშემორტყმული, ტერიტორია მოუვლელია და მხოლოდ შიგადაშიგ სუფთავდება. არა იმიტომ, რომ საქართველოს დედაქალაქს არ გააჩნია ძეგლის აღდგენის შესაძლებლობა, არამედ იმიტომ, რომ გაიცა დირექტივა, მეხსიერებიდან წაიშალოს ძეგლზე დარჩენილი „საბჭოთა სიმბოლოების“ ნარჩენები და, ამავდროულად, წაიშალოს გამარჯვების შესახებ ისტორიული სიმართლე. ამჟამინდელი მთავრობა და ქალაქის ხელისუფლება უბრალოდ დროს წელავს. ერთი მხრივ, მათ ეშინიათ ულტრალიბერალების და მათი დასავლელი მესვეურების, მაგრამ მეორე მხრივ, ჯერ კიდევ ეშინიათ რიგითი საქართველოს მოქალაქეების აღშფოთების და უარს ამბობენ ძეგლის „დესოვეტიზაციის“ სულისკვეთებით გადაკეთებაზე, როგორც ამას ყოფილი პრეზიდენტი, საფრანგეთის მოქალაქე მადამ ზურაბიშვილი ითხოვდა.

ამიტომ, დიდი სამამულო ომის მთავარი ძეგლი დახურული რჩება და ყვავილების დადების ოფიციალური ცერემონია გაცილებით მოკრძალებულ ძეგლთან იმართება – მელიტონ ქანთარიას ბიუსტთან, რომელიც თავის სტუმრებს ყოველგვარი „საბჭოთა სიმბოლიკის“, ქუდის, სამხრეების, გამარჯვების დროშის, ეგოროვის, კვარცხლბეკზე „საბჭოთა კავშირის გმირის“ წარწერის გარეშე შესცქერის. აქამდე ვახერხებდი ქანთარიას ბიუსტთან ავთენტური ფოტოსურათის მიტანას, რომელზეც მელიტონ ქანთარია თანამებრძოლებთან ერთადაა გამოსახული, ზედ ვაწერდი – „ნამდვილი მელიტონ ქანთარია“ და ბიუსტთან ვდებდი (რითაც გმირის გმირული საქმის ხსოვნა ცოცხლდებოდა). საბედნიეროდ, ხელისუფლება აქამდე არ ჩარეულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები წელს.

ჩვენ, ქართველებს, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ხალხს, უნდა გვახსოვდეს, რომ რთული, მაგრამ მხსნელი გამარჯვება მიღწეულ იქნა ერთიანი საბჭოთა სახელმწიფოს ფარგლებში ჩვენი ერთობის წყალობით. ჩვენ ყველანი, ერთად, ევროპისა და არა მარტო ევროპის, განმათავისუფლებლების შთამომავლები ვართ. რუსეთსა და ბელარუსში ყველაზე კარგად ესმით ამ ერთიანობის მნიშვნელობა. ეს ქვეყნები პატივს მიაგებენ ფაშისტური ჭირისგან სამშობლოსა და მსოფლიოს ყველა დამცველის ხსოვნას, მათი ეროვნების მიუხედავად. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის და, კერძოდ, საქართველოში, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საძმო სასაფლაოების მოვლასა და შენარჩუნებას, რომელთაგან ზოგიერთი ვაკის პარკის უცნობი ჯარისკაცის საფლავზე კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია.

სრულიად მიზანშეწონილია, რომ 2025 წლიდან რუსეთმა დააწესა ახალი მემორიალური თარიღი (19 აპრილი), რომელიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის დროს ნაცისტებისა და მათი კოლაბორატორების მიერ ჩადენილი საბჭოთა ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ეს თარიღი არის ისტორიული სიმართლისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივ განადგურებაში მოყოლილი მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგედიის ხსოვნის სიმბოლო.

– დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე 8,1 მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქე გენოციდის მსხვერპლად არის აღიარებული;

– სამუშაოებზე იძულებით გაწვეული 4,7 მილიონი საბჭოთა მოქალაქიდან სულ მცირე 1,25 მილიონი ნაცისტურ ტყვეობაში დაიღუპა;

– ომის დროს სსრკ-ში 13 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა ნაცისტებისა და მათი კოლაბორატორების მიერ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის მსხვერპლი.

ასევე ფაქტია, რომ სწორედ საბჭოთა არმიამ მიაყენა გადამწყვეტი მარცხი ნაცისტურ კოალიციას. გერმანიისა და მისი მოკავშირეების გამოუსწორებელი დანაკარგების რაოდენობა აღმოსავლეთ ფრონტზე 6,771,900 სამხედრო მოსამსახურე იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბჭოთა არმიამ, რომელმაც დაიცვა მოსკოვი და ლენინგრადი და შემდეგ გამარჯვების სვლა სტალინგრადიდან ბერლინამდე განახორციელა, უფრო დიდი დანაკარგები კი განიცადა (8,744,500 ჯარისკაცი), მაგრამ მტერს თანაფარდი ზიანი მიაყენა, ფაქტობრივად გაანადგურა მისი მთელი სამხედრო ძალა. სწორედ ეს უნდა შევახსენოთ ჩვენს დასავლელ „ამხანაგებს“, რომლებიც აკნინებენ საბჭოთა არმიის საბრძოლო ღვაწლს და გამარჯვებას დასავლელ მოკავშირეებს მიაწერენ. ასევე, „ლენდ-ლიზის“ მომხრეებს უნდა შევახსენოთ, რომ ყველაზე რთულ პერიოდში – 1941 წლიდან 1942 წლის შუა პერიოდამდე – საბჭოთა კავშირმა თითქმის ყოველგვარი გარეგანი დახმარების გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად გასწია წინააღმდეგობა და გაძლო. სსრკ „ლენდ-ლიზის“ პროგრამას მხოლოდ 1942 წლის 11 ივნისს შეუერთდა და ამ წლის განმავლობაში მან პროგრამით გათვალისწინებული მარაგების მხოლოდ 27% გამოიყენა. 1942 წლის დასაწყისისთვის, სსრკ-ს დასავლური დახმარებებიდან ჯამში სულ რაღაც ნახევარი მილიონი დოლარი ჰქონდა მიღებული. ასე რომ, ყველაზე რთულ მომენტში ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალებით გადავრჩით, თუმცა მადლიერები ვართ დასავლეთის დახმარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება თავად დასავლელი მოკავშირეების ინტერესებში შედიოდა და არ იყო უსასყიდლო.

გულბაათ რცხილაძე
ა.ი.პ. „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი (2009 წლიდან)

წყარო: didisamamulo.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here