
ფასების მარეგულირებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ერთი შეხედვით სკანდალით დაწყებული პროცესი არანაკლები ხმაურით დასრულდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ახლა ყველაფერი ქსელური მაღაზიებისა და დისტრიბუტორების სინდის-ნამუსზეა დამოკიდებული და სწორედ ისინი უნდა მოიქცნენ ისე, რომ ფასები შემცირდეს, რისიც, პირდაპირ გეტყვით, არ გვჯერა. რატომ არ გვჯერა, ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი ყველაზე დიდი ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელობის განცხადებებს გაგაცნობთ.
„ნიკორა“: „პარტნიორებთან ერთად ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე – იმაზე, რასაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ, უახლოეს დღეებში დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე…“
„დეილი ჯგუფი“ (მაღაზიათა ქსელი „დეილი“, „მაგნიტი“, კალათა“, „გვირილა“, „სპარი“, „იოლი“): შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათა, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნილ პროდუქტებს – ინიციატივა მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას. ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტიანად შეიძლება არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლობიანი ჩართულობით…“
„გუდვილი“: „ფასების დაწევის მიზნით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები – მნიშვნელოვანია, პარტნიორმა კომპანიებმა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯები…“
პარალელურად, „რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივად ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები – პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე…
საგულისხმოა, რომ ვერსად ვნახეთ „კარფურისა“ და „ორი ნაბიჯის“ განცხადება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ისინიც იმავეს იტყვიან მარტივად, სტანდარტულად, გასაგებ ენაზე, მაგრამ, კიდევ გავიმეორებთ, უფლებას ვიტოვებთ, არც ერთ ქსელურ მაღაზიას არ ვენდოთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დავასაბუთოთ.
ახლა აღარავინ ამბობს, რომ „დეილი ჯგუფი“ (მაღაზიათა ქსელი „დეილი“, „მაგნიტი“, კალათა“, „გვირილა“, „სპარი“, „იოლი“) მონოპოლისტია ბაზარზე, რომ ქსელური მაღაზიების უდიდეს ნაწილს აკონტროლებს და შეუძლია, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, რას რა ფასი ექნება, ვინ მიიღოს ქსელში და ვინ გაუშვას, ვის ჩაუწვება ბიზნესი და ვის განუვითარდება. დიახ, ეს არის რეალობა, რომელსაც უკვე ყველამ წაუყრუა და თავის ტკივილად მხოლოდ ბიზნესმენებისა და მცირე მეწარმეებისთვის დარჩა. პრინციპში, სადღაა მცირე მეწარმე? ისინი ნელ-ნელა ქრებიან, რადგან არავინ უწყობს ხელს და, ზემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში თავიანთი პროდუქცია რომ შეიტანონ, ისეთ კაბალურ პირობებს უყენებენ, რომ ამას აზრი არ აქვს. ეს დიდი ქსელები ყლაპავენ იმ უბნის პატარა მაღაზიებსაც, რომლებშიც „ნისია“ დღემდე მოქმედებს და შეჭირვებული ხალხი თვიდან თვემდე „პოსლეზე“ იღებს საკვებს, რაც ქსელური მაღაზიების პირობებში გამორიცხულია.
ახლა, რაც შეეხება ჩვენს უნდობლობას: რამდენიმე დღის წინათ ავტომობილში თხევადი გაზი ჩავასხი. სანამ ოპერატორი თავის საქმეს აკეთებდა, იქვე, მაღაზიაში, ერთლიტრიანი წყალი ვიყიდე, ქართული წარმოების (მინერალური წყალი არის ერთადერთი, რაც მართლა ბევრი და კარგი გვაქვს და ვერც ერთმა შემოტანილმა წყალმა ადგილობრივს კონკურენცია ვერ გაუწია) და 1,50 ლარი გადავიხადე. ამ დროს შემოტანილი თხევადი აირის ერთ ლიტრს 1,35 ლარი აწერია. ცოტა არ იყოს, აბსურდულად ჩანს ხომ ეს ყველაფერი? საწვავი, რომელსაც უზარმაზარი განსაბაჟებელი მარჟა აქვს, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი აქციზი, უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილობრივი წარმოების… წყალი. ვინმე ახსნის ამ ყველაფერს თუ თითი საფრანგეთისა და გერმანიისკენ უნდა გავიშვიროთ, იქ წყალიც და თხევადი აირიც უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოშიო?! ფასებით, ალბათ, მართლაც იაფია ჩვენთან ბევრი რამ, მაგრამ საქართველოში საშუალო ხელფასი 2400 ლარია (ეს რიცხვი ძალიან გადაჭარბებული გვეჩვენება, გაორმაგებულიც კი რეალურ სურათთან, მაგრამ იყოს), ხოლო საფრანგეთში 2640 ევრო, ანუ საქართველოს საშუალო ხელფასზე 6 000 ლარით მეტი, ამიტომ ფასებით მანიპულირება, უბრალოდ, აღარ გამოდის. საქართველოშიც დაუმატეთ ხალხს ხელფასზე 6000 ლარი თვეში და გვერწმუნეთ, ფასებზე არავინ იწუწუნებს.
აქ მთავარი ის არის, რომ ადგილობრივი წარმოების წყალი, რომელსაც საბოლოო სახის მიღებამდე ტექნიკურად გაცილებით ნაკლები პროცედურა სჭირდება, რატომ ღირს უფრო ძვირი, ვიდრე ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული და შემდეგ საქართველოში შემოტანილი თხევადი აირი, რომლის ტრანსპორტირებაც ცალკე პრობლემა და პროცესია? ვინმეს უფიქრია საერთოდ ამაზე და ვინმესთვის პასუხი მოუთხოვიათ? თუ იცით, რომ პლასტმასის 1 ბოთლის (ლიტრიანის) დამზადება 25 თეთრი ჯდება, 1 ლიტრი წყალი გასუფთავებისა და დარბილების შემდეგ – 20 თეთრი, ანუ პროდუქტის თვითღირებულება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში 45 თეთრია და, სანამ მომხმარებლამდე მივა, 200%-ზე მეტი ემატება.
არ გეგონოთ, ასეთი რამ მხოლოდ წყალზე ხდება. აგერ, დაიწყება საზამთროსა და ნესვის სეზონი და შემოტანილი გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე ადგილობრივი და… ყველაზე ცუდი ის არის, რომ შემოტანილ ნესვსა და საზამთროზე რეგულაციები მოქმედებს, მათ ამოწმებენ პესტიციდებზე, შხამ-ქიმიკატებზე. აი, ადგილობრივ პროდუქტს კი არავინ ამოწმებს და, როგორც, თუნდაც გასულ წელს, რამდენიმეჯერ დამტკიცდა, ადგილობრივი პროდუქტი უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შემოტანილი. რატომ ვერაფერს ვსწავლობთ? პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არის კონტროლის სრული მექანიზმი, ანუ არ მოწმდება ყველა, ვისაც კი ბაზარზე გააქვს პროდუქტი. მეორე და არანაკლებ მტკივნეული – არ გვყავს ამ დარგის სპეციალისტები იმ ოდენობით, რომ ყველგან მოასწრონ მისვლა და სწავლება. მესამე – ყველას არ აქვს ან სურვილი, ან შესაძლებლობა იმისა, რომ აგრონომი დაიქირაოს და მისგან ისწავლოს, რა და როგორ უნდა გააკეთოს. აგერ, გაუჩნდა ხეხილს ჭია, შევიდა ვეტ-აფთიაქში, იყიდა წამალი და მეტი ეფექტისთვის გააკეთა საჭიროზე ძლიერი დოზა (ასე იქცევა უმრავლესობა). შედეგად, გააქრო მავნებელი, მაგრამ მიიღო ხილი, რომელსაც ზომაზე მეტი შხამი აქვს და ეს მწარე სიმართლეა. ვერ გეტყვით, შეგნებულად გვიშლიან ხელს თუ ჩვენით ვახერხებთ იმას, რომ აგერ უკვე 35 წელია, საქართველო ვერ იქცა მწარმოებელ ქვეყნად და მხოლოდ მომხმარებლები ვართ. მოცვზე გეტყვით, იმ მოცვზე, რომლის პლანტაციებიც ყოველწლიურად იზრდება და ექსპორტზე გაგვაქვს. გაგვითავდა, აღარ არის და, თუ სეზონზე ერთ კილო მოცვს 5-7 დოლარად ვყიდდით, ახლა მისი ფასი 13-15 დოლარია და იძულებულნი ვართ, შემოვიტანოთ. შემოტანილი მოცვის 99% ნიდერლანდებზე მოდის, ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენზე ნაკლები ტერიტორია აქვს და ჩვენზე 4-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს. მერამდენე წელია, ვწერთ, რომ სასათბურე მეურნეობის განვითარება არა მხოლოდ ქართულ ეკონომიკას წასწევს წინ, არამედ ფერმერებს მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს და ისინი იძულებულნი არ იქნებიან, ხილი სეზონზე ჩალის ფასად გაყიდონ, შემდეგ კი იგივე ხილი ორმაგ და სამმაგ ფასში შევიძინოთ.
აგერ, მეგობარს 4 ჰექტარზე ქინძი აქვს დათესილი, პესტიციდების გარეშე, მთლიანად ბიო-პროდუქტი. ბაზარზე საბითუმო ფასად შეტანილი ქინძი კილოგრამი 3-4 ლარი ღირს. ეს მეგობარი ამბობს, შედით ნებისმიერი, დაკრიფეთ და თითო კილოგრამს 1 ლარად გაგატანთო, მაგრამ მსურველი არ გამოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ იქ შრომაა საჭირო და მერე რა, რომ ამ შრომის ფასი სამჯერ იაფი პროდუქტი იქნება, მოგებაც მეტი დარჩება.
ბატონებო, გაზარმაცებულია ერი და ხელის განძრევა არავის უნდა. ურჩევნია, იქვე, ცხვირთან მიტანილი იყიდოს, მერე გვერდით გაყიდოს და, რაც დარჩება, იმით კმაყოფილდება. სხვათა შორის, თუ ვინმეს სურვილი ექნება, იმ მეგობრის საკონტაქტო ნომერსაც მოგცემთ და იმასაც გეტყვით, რომ 15 ტონაზე მეტი ქინძი ბიბინებს.
სხვა, აბა, რა გითხრათ?! ისევ შემოტანილი თხევადი აირი და ქართული წყალი მახსენდება. ის წყალი, ახლა წვიმების გამო ნახევარ საქართველოს პრობლემას რომ უქმნის, ის წყალი, რომელიც მართლა უნიკალურია და ლამის ყველა სოფელში არის წყარო, რომელსაც შეიძლება ანალოგი არ ჰქონდეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ადგილობრივი მწარმოებლები საწვავზე ძვირად აწვდიან მომხმარებელს.
ლევან გაბაშვილი







