ელექტროენერგიის გაძვირება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას

    გასულ კვირას ელექტროენერგია გაგვიძვირდა, თანაც მთელი 5 თეთრით. და ეს ძალიან ბევრია, რადგან, როცა  ნახევარი თეთრით გაძვირებაზე მსჯელობდნენ, ისე ჩანდა, რომ მარეგულირებელი კომისია ამ ნახევარ თეთრზე „ჭიდაობდა“, მერე კი სიამაყით გვამცნობდნენ, რომ ტარიფი არ მოიმატებდა და ეს ოპოზიციისა თუ მათი მხარდამჭერებისთვის საქილიკო თემა ხდებოდა. ტარიფის ნახევარი თეთრით გაძვირება შეიძლება  მართლა არასერიოზულად ჩანდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თვეში ოჯახი საშუალოდ რამდენიმე ათეულ  კვტ-სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, თანხა საკმაოდ სერიოზულია. ჰოდა, ასეთ პირობებში ტარიფის ერთბაშად ხუთი თეთრით გაძვირება  მოულოდნელი იყო.

    ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებმა აგვიხსნეს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალი იყო, რადგან ზამთარში ქვეყანა  კინაღამ 1990-იან წლებში დაბრუნდა – ჩაბნელება გვემუქრებოდა და, ენერგოკომპანიებმა ინვესტიციები თუ არ ჩადეს ხაზების გასამართავად, მომავალ ზამთარს ვეღარ გადავურჩებითო. გამოდის,  ინვესტიციას, ენერგოკომპანიები კი არა, რიგითი მოქალაქეები ვდებთ ერთობლივად, მაგრამ მოდი, დეტალებს მივყვეთ.

    თბოსადგურებიდან საქართველოს მთავარი ელექტრომომმარაგებელი არის „თბილსრესი“, ჰიდროელექტროსადგურებიდან – ენგურჰესი.  ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურების კასკადში შედის ვარდნილჰესიც, რომელიც საკმაო რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ერთობლივი მუშაობით 229,8 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მივიღეთ, აქედან 174,9 მლნ ენგურჰესზე მოდის, დანარჩენი 54,9 მლნ – ვარდნილჰესზე. ახლა ყველაზე საინტერესო – წელს ამ ელექტროენერგიის 97% აფხაზეთმა   უფასოდ წაიღო. რატომ უფასოდ? 1997 წლის ზეპირი შეთანხმების შედეგად, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის მხარემ უფასოდ უნდა  მიიღოს. ამასთანავე, ორივე ჰიდროელექტროსადგურის შეკეთება  (საჭიროების შემთხვევაში) ქართული მხარის ვალდებულებაა – ეს იმის მიუხედავად, რომ ვარდნილჰესის კასკადი გალის ტერიტორიაზეა, ანუ ოკუპირებულ მხარეს. კიდევ გავიმეორებთ – ეს არის ზეპირი შეთანხმება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. ეგ კი არა, ამ ზეპირი შეთანხმების მონაწილეთაგან  ბევრი პოლიტიკაში აღარ არის,  ზოგიერთი კი გარდაცვლილია. ამის მიუხედავად, ზეპირ შეთანხმებას აქტიურად ვიცავთ:  ელექტროენერგიის 40% უფასოდ მიდის აფხაზეთში,  პარალელურად 4-5 წელიწადში ერთხელ ენგურჰესისა და ვარდნილჰესის გასარემონტებლად რამდენიმე მილიონიც იხარჯება.

    საინტერესოა, რომ ჩვენ მიერ უფასოდ მიწოდებული ელექტროენერგია  აფხაზებისთვის საკმარისი არ არის და ისინი ელექტროენერგიას  რუსეთიდანაც იღებდნენ. ამას უფასო დენი ერქვა, რადგან რუსეთი მათ დენს სიმბოლურ ფასად – 1,5 თეთრად  აძლევდა და ამასაც არავინ იხდიდა. ჰოდა, როცა დენი უფასოა, იქ „იდეებს“ დიდი გასაქანი აქვს და აფხაზეთი ბიტკოინების წარმოების ერთგვარ  დიდ ფერმად ჩამოყალიბდა. სწორედ ამის გამო რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა და ახლა ის  მთლიანად ენგურჰესისა და მისი კასკადების მიერ გამომუშავებულ დენზეა დამოკიდებული. რუსული მხარის განმარტებით,  აფხაზეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიტკოინების უკანონო მიღება შეწყდეს, რომ მაინერების ფერმები გადაიქცა კრიმინალური გარჩევების მიზეზად და კორუფციაში ჩართულია ყველა –  რიგითი ადამიანებით დაწყებული,  ძალოვანი უწყებებისა თუ პოლიტიკოსების უმაღლესი ჩინიანებით დამთავრებული. ამას არავინ მალავს და, რაც მთავარია, იქაური ოფიციოზი ამბობს, შეუძლებელია ამ ყველაფერთან ბრძოლა, რადგან 2-3 მაინერი, ანუ კრიპტოვალუტის გამომამუშავებელი მოწყობილობა ყველა ოჯახშიაო.

    საკითხავია – თუ რუსეთმა დაიბანა ხელი, ჩვენ რატომ ვიღებთ თავზე ასეთ პასუხისმგებლობას და რატომ ვცდილობთ, „კაი ტიპებად“ გამოვჩნდეთ?   აფხაზურ მხარეს ენგურჰესის მოვლისა და  გარემონტების  რესურსი არ აქვს, ჩვენ კი ვაკლებთ ბიუჯეტს და ვაძლევთ ვიღაც კრიმინალებს იმისთვის, რომ მათ ფული გამოიამუშაონ? წელს, იანვარ-თებერვალში, ენგურჰესისა და  ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 97% აფხაზეთმა წაიღო, ჩვენ კი მხოლოდ 3% შეგვრჩა და ვეჭვობთ, უკეთესი მდგომარეობა არც მომდევნო თვეებში გვექნება. ვერ გეტყვით, ვისი გადაწყვეტილებაა ის, რაც ხდება, მაგრამ, ჩვენ რომ დენი გაგვიძვირეს და ვიღაცას (ჰო, ვიღაცას) უფასოდ ვაძლევთ, ნამდვილი კატასტროფაა. დღეს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სომხები შეადგენენ, აღარ არის იქ ძირძველი მოსახლეობა და ეს მხარე  კრიმინალების თავშესაფრად იქცა.

     მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გვიხსნიდა, ინვესტიციები თუ არ ჩადეს, ქვეყანა ჩაბნელდებაო. ინვესტიციების ჩადებაში  ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადების რემონტიც იგულისხმებოდა, ანუ ჩვენი ფულით რემონტდება რაღაც და ამ რაღაციდან მიღებული პროდუქტი უფასოდ ეგზავნება კრიმინალურ სამყაროს. ისე, ბატონ დავითს სიტყვაც არ დასცდენია იმაზე, რომ მზის პანელების დაყენება (რომელიც მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს) საქართველოში წამგებიან საქმედ იქცა. ჰო, მზის პანელების სისტემის მოსაწყობად სახელმწიფო იძლეოდა შეღავათიან სესხს, ვიღაცებს გრანტებიც ერგოთ და ეს ყველაფერი მართლა  მომგებიანი გახლდათ, მაგრამ მერე წესი შეიცვალა და ახლა, გინდა გქონია მზის პანელი, გინდა – არა, ხეირს ვეღარ ნახავ. რა თქმა უნდა, დიდ მასშტაბზეა საუბარი, თორემ, სახლში რომ გიყენია და 2 ნათურას ანათებს, ეგ არ ითვლება.

    ვაღიაროთ – ელექტროენერგიის გაძვირებისთვის ხელისუფლებამ თუ ენერგოოპერატორებმა კარგი დრო შეარჩიეს. ახლა გაზაფხულია, მალე ზაფხული მოდის და ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდება. საუბარი მოსახლეობაზე მაქვს, თორემ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ტურისტული ობიექტები დენის მოხმარებას ახლა ზრდიან, მაგრამ მათ სათვალავში არავინ აგდებს. მთავარია,  რიგითი ადამიანები არ აჯანყდნენ და ისინი  ტარიფის  გაძვირებას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შემოდგომის ბოლოს  იგრძნობენ, ზამთარში – უფრო  მწვავედ, მაგრამ უკვე შეგუებულნი იქნებიან. ჰო, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ სოციალურ თემებზე, ქუჩაში კი არა, უბანში ვსაუბრობთ და ეზოებში ვაპროტესტებთ, ისიც იმიტომ, რომ ვეღარ ვითმენთ, თორემ ჩვენი თავმოყვარეობის ამბავი რომ ვიცი, შიმშილით სული რომ გვძვრებოდეს, ხმის ამომღები არ ვართ და ჩუმად ყოფნა გვირჩევნია… ვართ კიდეც. აგერ, ტარიფის მომატება სოციალურ ქსელში გავაპროტესტეთ ორი თუ სამი დღის განმავლობაში და… მიგვავიწყდა. ასე იქნება მანამ, სანამ არ ვისწავლით, რომ სოციალურ თემებზე პროტესტი არ „ტეხავს“  და რაღაცის გაძვირების გაპროტესტება არ ნიშნავს, რომ გშია. ჩვენზე გაცილებით უკეთეს დღეში მყოფი საფრანგეთის, გერმანიისა თუ ესპანეთის მოსახლეობა გამოდის ქუჩაში სოციალური თემების გამო – ბევრს ემახსოვრება, იტალიაში საპოროტესტოდ გამოსულმა ქალებმა ცარიელ ქვაბებზე კოვზები რომ აბრახუნეს, რასაც  პრემიერის გადადგომა მოჰყვა.

    არ ვამბობთ, რომ რევოლუციის მოსაწყობად  ქუჩაში გავიდეთ, მაგრამ ბევრი რამის უკეთ ახსნას ნამდვილად ვიმსახურებთ. ის ადამიანები ვიმსახურებთ, რომლებსაც  ნაციონალების სისხლისმსმელი რეჟიმი თავის დროზე ამოგვივიდა ყელში და ახლაც ყველაფერს ვაკეთბთ, შემთხვევით კვლავ რომ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ვიმსახურებთ ცოტა უფრო მეტ ახსნა-განმარტებასა და პატივისცემას.

    გაძვირდა ელექტროენერგია, გაძვირდა საწვავი.  ერთი მიზეზი მაინც გვითხრას ვინმემ, რატომ არ უნდა გაძვირდეს მთავარი  პროდუქტი პური და,  თუ პურიც გაძვირდება, რატომ არ უნდა მიჰყვეს მას სხვა პროდუქტებიც?  ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას…

     ფასების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე მისული დისტრიბუტორები პროდუქტებზე მაღალი ფასის მთავარ მიზეზად დედაქალაქში  საცობებს და, აქედან გამომდინარე, საწვავის ხარჯს ასახელებდნენ. ახლა რა მოხდება? კომისიის წევრებს  აქვთ შანსი, წარუმატებლობა სწორედ ამ ამბავს დააბრალონ, მაგრამ არის მეორე მხარე – ისეთი დაპირებითა და ხმაურით შეიქმნა კომისია, რომ მის მუშაობას  შედეგი აუცილებლად უნდა მოჰყვეს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რაიმე შედეგზე  საუბარი უადგილოა. ბოლოს ისე იქნება, როგორც  ფილმ „არასერიოზულ კაცში“ ამბობს გია ფერაძის გმირი:  „ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი“! ყოველ შემთხვევაში, საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს და, თუ სხვაგვარად მოხდება, ძალიან გაგვიხარდება.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here