მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობს, ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებს. მერე რა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ საქმეში არ არის ჩართული და ურჩევნია, შემოტანილი პროდუქტი იყიდოს, მაინც არიან „გიჟი პატრიოტები“, რომლებიც არც თვითონ ისვენებენ და არც მიწას ასვენებენ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, გეტყვით, რომ გასულ კვირას ჩემი მეგობარი იყო საფრანგეთში 1 კვირით და ყველაზე მეტად, იცით, რამ გააოცა? იქ მიწის ერთი გოჯიც კი არ არის დაუმუშავებელი, ყველაფერი 100 %-ით აქვთ ათვისებული და ისე სასიამოვნო სანახავია, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე ნაკლებად არ ახარებს თვალსო. ჰო, დამუშავებული, „დავარცხნილი“ მიწა მართლა სასიამოვნო სანახავია და ვაი, რომ საქართველოში ეს სანახაობა სულ უფრო იშვიათია.
საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას ხელისუფლება და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წესითა და რიგით, ფერმერებს მხარში უნდა ედგეს. ეს მხარში დგომა ფურცელზე ისე ლამაზად ჩანს, უკეთესს ვერც ინატრებს კაცი, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. მარტივ კითხვას დავუსვამთ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ანუ იმ ხალხს, რომელიც ფერმერთა დახმარების პრიორიტეტებს აყალიბებს, პროგრამებს ქმნის და შემდეგ ფერმერებს სთავაზობს. ყოველი პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1, 2, 3 თუ 4 მილიონი ლარით და, როცა პროგრამა მისაღებია, ბიუჯეტი 2 თვეში იწურება. მეოთხე წელია აგერ, მეფუტკრეობას რომ აფინანსებთ, მაგრამ მისი ბიუჯეტი არ ამოიწურა იმიტომ, რომ თითქმის არავინ დაინტერესდა. რატომ არ წყვეტთ ამ პროგრამას და სხვაგან რატომ არ მიმართავთ მაგ თანხებს? ვერ ხვდებით, აბსურდული პირობები რომ წერია და, გამოცდილი კი არა, გამოუცდელ მეფუტკრეებსაც კი არ სურთ შარში თავის გაყოფა? ყველაფერს ხვდებით, მაგრამ პროგრამა მისი ბიუჯეტის ამოწურვამდე რომ გაუქმდეს, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, ახსნა-განმარტება გააკეთოს, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს კი არავის სურს.
მეფუტკრეობა ტყუილად არ გვიხსენებია. ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ისეთი ადამიანი დაფინანსდა, რომლებსაც ფუტკართან შეხება, საერთოდ, არ ჰქონიათ. უბრალოდ, ეგონათ, რომ ფუტკრის მოვლა იოლი საქმე იყო, აიღებდნენ სესხს, გაამრავლებდნენ ფუტკარს, გახდებოდნენ თაფლის მწარმოებლები და… მერე გაირკვა, რომ ფუტკრის მოვლა ძალიან ძნელია. უფრო დიდ შარში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროგრამაში „დანერგე მომავალი“. ამ ადამიანებს ჰქონდათ მიწა, გააშენეს ბაღი და… ხეები გაუხმათ, რადგან თურმე ხეს, მორწყვის გარდა, შეწამვლა და მოვლა სჭირდება, რომ კონკრეტული ჯიშის ხეები, მოსავალი რომ მოგცეს, წვეთოვანი მორწყვის სისტემაზე უნდა იყოს, წვეთოვანი მორწყვის სისტემას კი, საუკეთესო შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ შეცვლა სჭირდება, რადგან ფუჭდება. თანაც, შეღავათიანი კრედიტის აღების სანაცვლოდ, ამ ადამიანებმა ის მიწა ჩადეს ბანკში, რომელზეც ბაღი გააშენეს, და მერე ეს მიწა გამხმარი ხეებითურთ ბანკმა წაიღო. მეფუტკრეებს კი იმიტომ გაუმართლათ, რომ ფუტკრის ოჯახებისთვის საჭირო არ არის მიწის დიდი ფართობი, საკუთარი სახლის ეზოშიც კი შეგიძლია გყავდეს, მაგრამ… მათ მიწის ნაცვლად სწორედ სახლები ჩადეს ბანკში და ბევრმა მათგანმა დაკარგა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ მისია შეასრულა – კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარა, მერე კი… ახლა დეტალურად აგიხსნით, რა შეცდომები დაუშვა სააგენტომ.
სახელმწიფომ ამ პროცესში დიდი დოზით შემოიყვანა ბანკები. შედეგად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა იქცა საბანკო და არა სახელმწიფო პროდუქტად. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს მხოლოდ პროცენტის სუბსიდირების ვალდებულებას, ხოლო ბენეფიციარის კვალიფიკაცია, სესხის ოდენობა, ქონებით უზრუნველყოფა და სხვა საკითხები ბანკის პრეროგატივაა. სახელმწიფო არ ერევა ფერმერის კვალიფიკაციაში და ეს არის უზარმაზარი შეცდომა. მარტივი მაგალითი: როცა სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად ბანკის წარმომადგენელი მივიდა ვითარების ადგილზე გასაცნობად და გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა ბენეფიციარებს გამოცდილება სასათბურე მეურნეობის მხრივ, ის შეიყვანეს 2500 კვ.მ ფართობზე მოწყობილ სათბურში და… დასვა კითხვა: „სათბური გაქვთ?“ თანაც პრაქტიკულად ყველა სესხი გადის სტარტაპის დაფინანსების ჭრილში. ახლა წარმოიდგინეთ სტარტაპი სოფლის მეურნეობაში და თანაც უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ეს არის უზარმაზარი რისკი და არ შეიძლება ამის გაკეთება. რეალურად შეღავათიანი აგროკრედიტი განკუთვნილი უნდა იყოს უკვე შედეგზე ორიენტირებული, მეტ-ნაკლებად წარმატებული ფერმერის ხელშესაწყობად, თორემ ათზე მეტი შემთხვევა იყო, როცა ფუტკრის მოსაშენებლად აიღეს კრედიტი და მერე გაირკვა, რომ ფუტკრის ნაკბენზე ალერგია ჰქონდათ და ვერ მოუვლიდნენ.
კიდევ უფრო საინტერესო ისტორია: კონკრეტულ ადამიანებს დაუფინანსეს ტბორის მოწყობა თევზის მოსაშენებლად და… 2-3 წლის გასვლის შემდეგ ამ ადამიანებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან თევზჭერის ლიცენზია ვერ მიიღეს იმიტომ, რომ რაღაც მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. ანუ, დაფინანსდა თევზის მოშენება, მოაშენეს და, როცა მოგება უნდა მიეღოთ, თევზი დაეჭირათ და გაეყიდათ, ლიცენზია არ მისცეს. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ ვიღაცის გადაწყვეტილებით, იმ კონკრეტულ მომენტში ასე იყო საჭირო და გვერწმუნეთ, არ არსებობს საქართველოში ფერმერი, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიულ მექანიზმთან რამეს გააწყობს. კი, არის სასამართლო, რომელიც ადმინისტრაციული საქმეებისა და დავების განხილვას 2 წელზე მეტს ანდომებს, ამიტომ იქ წასვლას რეალურად აზრი არ აქვს.
ახლა როგორი ვითარებაა? რუსეთში, საიდანაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ცოცხალი პირუტყვი შემოდის (ცოცხალი, სახორცე საქონელი თუ ღორი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის), პანდემიამ იფეთქა და საქონელი ნადგურდება. შედეგად, იკლო შემოყვანამ და უკვე დაგვიანონსეს, რომ ნააღდგომევს (ჩვენი აზრით, აღდგომამდე) ხორცი გაძვირდება, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. ახლა უპრიანი იქნებოდა, შეღავათიანი აგროკრედიტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოსაყვანად გაეცათ. აღსანიშნავია, რომ, თუ რუსეთიდან შემოყვანილი ჯიშიანი ბუღა (180-220 კგ.) 3 ათასი ლარი ღირს, იგივე ზომა-წონისა და ჯიშის შემოყვანა ევროპიდან დაახლოებით 1500 ევრო ჯდება და ფასში სხვაობას კი ხედავთ. არ გეგონოთ, თქვენ ნებაზე შემოიყვანთ პირუტყვს. არა, ბატონებო, მიგითითებენ, რომელ ფერმასთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა, ზუსტად ისე, როგორც მრავალწლიანი ბაღის გაშენებისას გვეუბნებიან, სად და ვისგან უნდა შევიძინოთ ნერგები, რომელი სანერგეა „კარგი“. არადა, შეიძლება იმაზე უკეთესი ნერგები უფრო იაფად სხვაგან აიღო, მაგრამ… ის პროგრამაში არ ჰყავთ ჩართული.
უკვე იქამდე მივედით, რომ წყალში მილიარდობით ლარი ჩავყარეთ. ამას გარდა, არა ერთმა და ორმა ფერმერმა მიწა და საცხოვრებელი დაკარგეს და ეს მაშინ, როცა პროგრამას პირიქით უნდა ემუშავა. რომ გვეუბნებიან, ასიათასობით შეღავათიანი სესხი გავეცით და მოსახლეობა კმაყოფილიაო, რატომ გვაჩვენებენ მხოლოდ 2-3 წარმატებულ პროექტს და არსად ჩანს ის ათასობით ადამიანი, რომლებმაც ამ შეღავათიანი სესხით ისარგებლეს? იმიტომ, რომ მათ ვერ შეასრულეს ვალდებულება (ძირითადად, უცოდინარობის გამო) და შეღავათიანი სესხი ექცათ საბანკო კრედიტად კაბალური პირობებით და თავი ვეღარ დაიძვრინეს. გადახედეთ მონაცემებს, ბოლო წლებში მიწის რამდენი ნაკვეთი გადაიფორმეს ბანკებმა და ამ ნაკვეთებიდან რამდენი იყო შეღავათიანი კრედიტის მსხვერპლის. რაოდენობა ძალიან დიდია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცის და მაინც ჯიუტად ცდილობენ, ერთსა და იმავე ნაღმზე აფეთქდნენ. ელემენტარულად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რომ აცხადებს ხოლმე ტენდერს, რატომ ითხოვს გამოცდილებას და, სულ ცოტა, 3-წლიან საქმიანობას ამ სფეროში? როდემდე უნდა დავურიგოთ ადამიანებს თევზი ანკესის ნაცვლად და არ ვასწავლოთ თევზაობა? რამდენმა დადგა ეზოში სკა იმ იმედით, რომ 3-4 თვეში თაფლს ამოიღებდა და მეორე გაზაფხულს დაელოდებოდა? ახლა ამ სკებს 50 ლარად ყიდიან და მყიდველიც არ არის, იმიტომ, რომ… იმ სკასაც მოვლა უნდა, რომ არ დალპეს, არ დაიშალოს და ამას კიდევ – ცოდნა.
ბესო ბარბაქაძე







