შენ ხარ დამნაშავე!

    მსოფლიოში კრიზისი მძვინვარებს, მაგრამ რა კრიზისია ეს?

    * შიში მოსალოდნელი გლობალური ომისა;

    * შიში ბირთვული კატასტროფისა;

    * შიში ენერგეტიკული რესურსების ამოწურვისა;

    * შიში საკვების უკმარისობისა;

    * შიში ბუნებრივი კატკლიზმებისა;

    * შიში ეპიდემიებისა და პანდემიებისა;

    * შიში საპლანეტო უსამართლობისა;

    * შიში დაუცველობისა.

    თუ არ ჩავთვლით პირადული ხასიათის მოვლენებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ არის მეორეხარისხოვანი, მაინც უაღრესად სუბიექტური მომენტია და, აქედან გამომდინარე, ცალკე საუბრის თემაა, ზემოთ მოცემული ჩამონათვალი უმთავრესია იმ განცდათა შორის, რომლებიც განზოგადებული (მეტ-ნაკლებად ობიექტური) ხასიათისაა და მასობრივ პესიმიზმსა და დეპრესიულ მდგომარეობას იწვევს. რაკი ვამბობ მეტ-ნაკლებად-მეთქი, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შეკითხვაც ჩნდება – ეს წმინდა წყლის ობიექტური პრობლემებია, რომლებიც კაცობრიობის წინაშე მისგან დამოუკიდებლად დგება, თუ აქაც ურევია სუბიექტური მომენტები, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, რომ არა, ადამიანური ფაქტორი, დაშვებული შეცდომები ან ჩადენილი დანაშაული? ნათელია, რომ ყველაფერი ერთი არშინით ვერ გაიზომება და ერთი საწყაოთი ვერ აირწყვება. მაგალითად, არც პანდემიები, არც რესურსების ამოწურვა და არც ბუნებრივი კატაკლიზმები ადამიანურ შეცდომათა და დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება, მაგრამ ომი და ბირთვული კატასტროფა ხომ ადამიანის (საზოგადოების) გამოგონილი და მისივე ნახელავია?! უსამართლობა, რომლის განცდა სპობს და ანადგურებს ადამიანთა ფსიქიკას, ჯანმრთელობას, საბოლოო ჯამში, აცამტვერებს მათ ცხოვრებას, გარედან მოსული ხომ არ არის, ადამიანის ხელის ნახელავია. ამ შემთხვევაშიც მესმის, რომ გლობალურ უსამართლობას გლობალური სისტემა ქმნის და არა კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ადამიანამდე დაიყვანება ყველაფერი. ციდან ხომ არაფერი ცვივა, უსამართლო  ადამიანები ქმნიან უსამართლო ცხოვრების წესსა და უსამართლო სისტემებს, რაც ბუმერანგის ეფექტით მათვე უბრუნდება და ზოგიერთს დეპრესიაში აგდებს, ზოგიერთს ცხოვრებას უნგრევს, ზოგიერთი  ხელის საბოლოო ჩაქნევამდე და სუიციდამდეც კი მიჰყავს.

    და მაინც, საიდან მოდის ეს ყველაფერი? რა დევს ამ გლობალური პრობლემის საფუძველში? თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ყველა პრობლემისა და უბედურების სათავე ადამიანის უზნეობაა. რა არის თვით ზნეობა (მორალი, სინდისი)?

    გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი (მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი) სერგი დანელია წერს: „ადამიანის ცნობიერი ყოფის მრავალფეროვნებაში გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი უნარი – ესაა უნარი შეფასებისა. ადამიანი აფასებს გარემომცველ მოვლენებს. შეფასება ხორციელდება ორი კრიტერიუმის თანახმად – ჭეშმარიტება და სიკეთე (მე არ ვახსენებ „ჭეშმარიტებისა“ და „სიკეთის“ გვერდით მშვენიერების ცნებას, რადგან  სულ უფრო და უფრო დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად მშვენიერება არის გრძნობის საქმე; ის საჭიროებს არა დაფუძნებას, არამედ გამოკვლევას, ამიტომაა, რომ მოძღვრება მშვენიერების შესახებ არ ატარებს ნორმატიულ ხასიათს, როგორც ამას ადგილი აქვს ლოგიკისა და ეთიკის შემთხვევაში. მხოლოდ გონიერ არსებას გააჩნია შეფასების უნარი, მხოლოდ ის გრძნობს ჭეშმარიტებას და აცნობიერებს სიკეთეს”.

    ზნეობის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ზნეობა საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა და იგი უდიდეს როლს ასრულებს, როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე  საზოგადოების ცხოვრებაში. მორალი ადამიანის შინაგანი ხმაა, შინაგანი შეზღუდვა ან თავისუფლებაა, კანონი კი გარეგანი (საზოგადოებრივი) მოცემულობაა, იურიდიული კატეგორიაა, რომელიც ასევე შეზღუდვაა, ოღონდ აუცილებლად შესასრულებელი. კანონის შეუსრულებლობა გულისხმობს და იწვევს სასჯელს. მორალიც კანონის სახეს იძენს, ოღონდ მისი შეუსრულებლობა არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტრაციული წესით არ ისჯება. მორალი იურიდიულ კანონზე მაღლა დგას. იურიდიული ნორმის მაქსიმუმი მორალური ნორმის მინიმუმია მხოლოდ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის, რაც მიუღებელია იურიდიული კანონის თვალსაზრისით, ზნეობრივი თვალსაზრისით მისაღებია. არავითარ შემთხვევაში. იურიდიული კანონები მორალური კანონების გათვალისწინებით იწერება და იხვეწება, ამიტომ ისინი ერთ სიბრტყეზე მდებარეობს და ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენს.

    ზემოთ ვთქვი, რომ გარეგნული მომწესრიგებლის (იურიდიული კანონები, პროკურატურა, ძიება, სასამართლო) პარალელურად არსებობს ადამიანის შინაგანი ხმა, სინდისის კარნახი, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვითრეგულატორია. მოწყალების მთხოვნელისთვის დახმარების გაწევა ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხცოვანი ადამიანისთვის ადგილის დათმობა იურიდიულად არავის  ევალება და ამ მორალური ნორმის დაუცველობისთვის არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის წესით არავინ  ისჯება, მაგრამ ყველას სჯის საკუთარი შინაგანი ხმა, რომელიც მუდმივად ფხიზლობს, თუმცა, რა თქმა უნდა, გააჩნია აღზრდას, ბუნებას, კულტურას – ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად, მაგრამ მაინც. მორალი თავისთავად ურთულესი ფილოსოფიური კატეგორიაა. ვაჟას მთელი შემოქმედება უმშვენიერესი ფილოსოფიური და სოციოლოგიური გამოკვლევებია მორალის თემაზე. მაგალითად, გამოჩენილი ქართველი ფოლოსოფოსის –  ვენორ ქვაჩახიას (მე-20 საუკუნის მეორე  ნახევარი) დაკვირვებით, ვაჟაფშაველას „სტუმარ-მასპინძელში” თემისა და პიროვნების დაპირისპირებაზე მეტი მნიშვნელობის მოვლენაა მორალურ კანონად ჩამოყალიბებული ორი ტრადიციის (ერთი მხრივ, სტუმრის საკრალური მნიშვნელობა, მეორე მხრივ, სისხლის აღების წესი) დაპირისპირება.

    ეს საუბარი შორს გაგვიტყუებს. ჩვენი მსჯელობისთვის უმთავრესი სერგი დანელიას ის ნათქვამია, რომ ამა თუ იმ მოვლენის, საქციელის, ქმედების შეფასება ყოველთვის ორი კუთხიდან ხდება: ჭეშმარიტება და სიკეთე. ეს იმას ნიშნავს, რომ სიკეთე ჭეშმარიტების რანგშია აყვანილი. ეს ღმერთის გაგების თვალსაზრისითაც ასეა. ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ყოვლადკეთილია და ყოვლისშემძლეა. ყოვლისმცოდნეობა (ჭეშმარიტება) და ყოვლადკეთილობა (უმაღლესი ზნეობა) მოვლენისა და ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმებია.

    ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები არამხოლოდ შეფასების აუცილებელი ინსტრუმენტებია, არამედ ცხოვრების (საზოგადოებებისა და სახელმწიფოების მოწყობის) ქვაკუთხედები, სუბსტანციური მნიშვნელობის მოვლენებია. ეს არის ადამიანის რაობის გასაგები მექანიზმი, რომელშიც ვგულისხმობთ, საერთოდ, ადამიანს, იქ ჭეშმარიტებაც უნდა ვიგულისხმოთ და ზნეობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის არსი გვეკარგება. იქ, სადაც ზნეობა ჭეშმარიტების გვერდით იკავებს ადგილს, ადამიანიც სრულყოფილებამდე მიდის და საზოგადოებაც, მაგრამ, სადაც ეს პრინციპი ირღვევა, აღარც ადამიანი ვარგა და აღარც საზოგადოება. მათგან  რომელიმეს (ჭეშმარიტების შემეცნების წყურვილისა და სინდისის ხმის) დაკარგვის (ან ნაკლებობის) შემთხვევაში ადამიანი რაღაცით ნაკლებია ადამიანზე. მეტიც, ასეთი ადამიანი, შეიძლება ითქვას,  აღარც არის ადამიანი. საზოგადოება კი, მოგეხსენებათ, ადამიანებისგან შედგება.

    მსოფლიო კრიზისის გამომწვევ მიზეზებად ბევრ რამეს ასახელებენ, დაწყებული პოლიტიკურითა და ეკონომიკურით და დამთავრებული ფილოსოფიურით, მაგრამ იშვიათად თუ მიდიან იქამდე, რასაც ზნეობის დეფიციტი, ზნეობის ნაკლებობა ან სულაც ზნეობრივი დაცემა ჰქვია.

    დღევანდელი ადამიანი სინდისის კარნახის გარეშე ცხოვრობს. მისთვის სინდისი წარსულის გადმონაშთად, რუდიმენტად, ზედმეტ ბარგად იქცა, რომელიც ჯერ კიდევ გვხვდება მწერლობაში, კინემატოგრაფში, ფილოსოფიურ ტრაქტატებში, მაგრამ ცხოვრებაში თითქმის აღარ… ვეღარ…

    რა ემართება ადამიანს, რომელიც სინდისის კარნახის გარეშე რჩება? იგი სიყვარულისგანაც იცლება! ამიტომაცაა, რომ სიძულვილი შემოგვეჩვია და მოგვეძალა. ეს პროცესი არა არითმეტიკული, არამედ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება: თითქმის ყოველ ადამიანს თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სძულს; თითქმის ყოველ სოციალურ ჯგუფს თითქმის ყოველი მეორე სოციალური ჯგუფი სძულს; თითქმის ყოველ კონფესიას თითქმის ყოველი მეორე კონფესია სძულს; თითქმის ყოველ ეთნოსს თითქმის ყოველი მეორე ეთნოსი სძულს; თითქმის ყოველ სახელმწიფოს თითქმის ყოველი მეორე სახელმწიფო სძულს; თითქმის ყოველ კონტინენტს თითქმის ყოველი მეორე კონტინენტი სძულს. ზნეობის ნაკლებობიდან მოდის ეს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ზნეობის ნაკლებობა ავტომატურად იწვევს სიყვარულის ნაკლებობას.

    რა ეშველება ამ საქმეს? პასუხი მარტივია – აღზრდა! პასუხი კი არის   მარტივი, მაგრამ შესრულება და მიღწევაა რთული. როგორ? რა ფორმით? რა ხერხებით? ეს ერთი რიგის შეკითხვებია. უფრო რთული მეორე რიგის შეკითხვებია – ვის სჭირდება ზნეობრივი, პატიოსანი, მოსიყვარულე ადამიანი? დგას ასეთი მოთხოვნა ან ადამიანის, ან ოჯახის, ან საზოგადოების, ან სახელმწიფოს (სახელმწიფოების) წინაშე? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – არა! კაპიტალისტურმა ცხოვრების წესმა, აღებ-მიცემობამ და მოგების ინსტინქტზე დაფუძნებულმა სისტემებმა, პირველ რიგში, აქ დაარტყა და ამას დაარტყა, ზნეობრივი ადამიანის ამოძირკვა და გადაშენება გამოიწვია. ვის ინტერესებშია ახლა ზნეობრივი ადამიანის გენერირება? ვინ შეიძლება იყოს ასეთი შეკვეთის ავტორი და ინიციატორი? არავინ? ეს არავის ინტერესში არ შედის, თუ არ ავიღებთ,  ზოგადად, ადამიანს,  ზოგადად, ერებს, ზოგადად,  კაცობრიობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ზოგადად ადამიანი, ერები და კაცობრიობა პასიური ცნებებია. რეალურად მათ უკან არავინ  დგას, ამ მიმართულებით მუშაობა ვერავის ქისას, ყულაბას, სეიფს ვერ შეავსებს და გაავსებს, ამიტომ ამისთვის არავინ  შეწუხდება და არ იზრუნებს. სად უნდა აღიზარდოს ზნეობრივი ადამიანი –  სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სადაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს ეუბნებიან, რომ მათ აქვთ მასწავლებლებისა და ლექტორების შეფასების უფლება. პირიქით კი არა, ასე, მხოლოდ ასე. იმასაც ეუბნებიან, რომ მათ აქვთ უფლება, თვითონ შეარჩიონ საგნებიც და სახელმძღვანელოებიც, ბევრი რამის უფლებებზე ელაპარაკებიან მათ და მოვალეობებზე – არა. მაგალითად, შვილებს აქვთ უფლება მშობლებთან. ალბათ, აქვთ კიდეც, მაგრამ შვილები და მშობლები სადაც გვახსენდება, იქ, პირველ რიგში, რა უნდა გაგვახსენდეს – უფლება თუ მოვალეობა? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვერც ერთი ცნება  სრულყოფილად ვერ აღიქმება  მისი დიალექტიკური საპირისპიროს გააზრების გარეშე. სახელმწიფოებში, რომლებშიც რეკლამა უფრო წმინდა საქმეა, ვიდრე მომავალი თაობის აღზრდა, ზნეობრივი ადამიანები საიდან მოვლენ, აღზრდის გარეშე, პირდაპირ დაიბადებიან?!როგორ ფიქრობთ, ძვირად ღირებულ ბანერებს რომ გადაჭიმავენ ქუჩის გასწვრივ და ზედ რომელიღაც პროდუქციის ან მომსახურე კომპანიის სახელს დააწერენ, ეს საზოგადოება და სახელმწიფო მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს? ქერტლის საწინააღმდეგო საშუალების ყიდვისკენ ან თმის გადანერგვისკენ რომ მოუწოდებ მთელ ქვეყანას, ხომ აბსურდია? იმ ბანერზე რუსთაველის რომელიმე აფორიზმი რომ დააწეროთ, უფრო დიდი საქმე არ გაკეთდება? გაკეთდება, მაგრამ ეს არავის სჭირდება. რუსთაველის აფორიზმი, მართალია, სულს გაანათებს და გაათბობს, მაგრამ მისგან მოგებას ვერავინ ნახავს.

    რთული ვითარებაა. ადამიანი გონიერი და ზნეობრივი არსებაა, მაგრამ მან საკუთარი არსიდან მისი ადამიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი (ზნეობა) განდევნა და პირველი ადამიანების ცოდვის პერმანენტული გამეორების გზას დაადგა. ადამმა და ევამ ღვთის წინაშე დადებული პირობა შეგნებულად დაარღვიეს, აკრძალული ხილი მიირთვეს, ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ, სინამდვილეში, თავი დაიღუპეს. საოცარია, რომ ამ ნათელი მაგალითის მქონე კაცობრიობა ჯიუტად ადგას ზნეობის საპირისპირო მიმართულებით სვლას, რომელიც დამღუპველია. „საცოდავები არიან, გამოსულელდნენ, რადგან არ უწყიან უფლის გზა და თავიანთი ღმერთის განკითხვანი” („გოდება იერემიასი” 5, 4.).

    აი, ეს კრიზისი მძვინვარებს მსოფლიოში – ადამიანის ზნეობისგან დაცლისა და განადამიანების მართული პროცესის კრიზისი. უბედურების სათავე ეს არის, დანარჩენი ყველაფერი ამას ეფუძნება. გამოსავალი ერთია: ადამიანი დილით რომ დგება და შინიდან გასვლამდე სარკეში ჩაიხედავს, საკუთარ თავს სამი სიტყვა უნდა უთხრას, შემდეგ კი, პირველ შემხვედრსაც იგივე სიტყვები შუბლში მიახალოს, თუკი, რა თქმა უნდა, არ დაასწრეს და აქეთ არ მოახალეს – შენ ხარ დამნაშავე!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here