ორგანიზაცია ,,სოციალისტურმა პლატფორმამ” ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი დიდი ბელადისა და მხედართმთავრის, სტალინის, მშობლიურ ქალაქში აღნიშნა. გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, რომლებმაც მიტინგზე წითელი დროშები ააფრიალეს. შემდეგ სადღესასწაულო შეკრებამ ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა _ ასობით ადამიანი დაიძრა გორის ცენტრისკენ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ფოტოებით ხელში ფაშიზმზე დიადი გამარჯვების აღსანიშნავად.
გორში გამართული მიტინგის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობა. გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში შექმნილ უმძიმეს სოციალურ ფონზე, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. აღინიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება და საქართველოს „უკრაინიზაცია”, ანუ „მეორე ფრონტის” გახსნა, რომელიც კვლავ აქტუალურია, საქართველოს სახელმწიფოებრივ კატასტროფას გამოიწვევს.
მიტინგის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეინარჩუნოს მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა. ხაზი გაესვა ანტიხალხურ სოციალურ პოლიტიკას, რომლის შეცვლაც აუცილებელია. განვითარების სოციალისტურ რელსებზე დაბრუნება კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა _ ეს იყო მიტინგის მონაწილეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი.
მიტინგის შემდეგ გორის მერიისკენ გაიმართა მსვლელობა, აქციის მომაწილეებმა მოითხოვეს სტალინის ისტორიული ძეგლის აღდგენა, რომლის დემონტაჟიც საკაშვილის რეჟიმის კისერზეა. აღინიშნა, რომ აუცილებელია „თავისუფლების ქარტიის” მოქმედების შეჩერება, რომელიც კომუნისტურ იდეოლოგიას ფაშისტურთან აიგივებს.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი თეიმურაზ სამნიძე, სოციალისტური მოძრაობის ხელმძღვანელები _ თემურ ფიფია, მიხეილ ჟენტი, თეიმურაზ მაკარიძედა სხვები.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც ,,სოციალისტურმა პლატფორმამ” 9 მაისს ქალაქ გორში განართულ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე გამოაქვეყნა:
,,დღეს, 9 მაისს, დიადი გამარჯვების მორიგ წლისთავზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები ისევ შევიკრიბეთ. შევიკრიბეთ დიდი სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, რათა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ საბჭოთა კავშირის ხალხების, ჩვენი ხალხების, საერთო გამარჯვება.
იმახანად ჩვენ, ყველამ ერთად, გავიმარჯვეთ კაცობრიობის უბოროტეს მტერზე – ფაშისტურ გერმანიაზე, რომელმაც გააერთიანა ევროპა ჩვენი ხალხების განადგურების, შემდეგ კი მსოფლიოს დამონების მიზნით.
ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჯერ სამხედრო, შემდეგ კი ნიურნბერგში იურიდიული თვალსაზრისით განადგურებული ფაშიზმი ვერასოდეს შეძლებდა ფერფლიდან აღდგენას, მაგრამ რვა ათეული წლის შემდეგ მსოფლიოს თვალწინ ხდება ნაციონალიზმისა და ფაშიზმის აღზევება, როგორც ქმედითი იარაღისა იმპერიალიზმის ხელში.
მსოფლიო ისევ შევიდა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომელმაც ლოკომოტივის როლი შეასრულა და გამოიწვია გლობალური სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ფაზა.
ნატოს აგრესიული ბლოკი აღმოსავლეთით გაფართოვდა და შექმნა ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის – საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრისა და ჩვენი უშუალო მეზობლისათვის. უკრაინელი ხალხი კი მძევლად იქცა მსოფლიო იმპერიალიზმის ხელში, რომელმაც პროფაშისტური ძალები მოიყვანა ამ ქვეყნის სათავეში და ააღორძინა აგრესიული ნაციზმი. სწორედ დასავლურმა იმპერიალიზმმა დაუჭირა მხარი ფინანსურად და მორალურ-პოლიტიკურად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ნაციზმის აღორძინებას და ეს მხარდაჭერა ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.
მთელი პასუხისმგებლობა უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე დასავლურ იმპერიალიზმს ეკისრება.
მოზომილი საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველო არ ჩაერთო კონფლიქტში, მაგრამ ოფიციალური თბილისი დღემდე განიცდის დასავლეთის კოლოსალურ წნეხს, რათა შეცვალოს პრაგმატული საგარეო კურსი. რამდენიმეჯერ განხორციელდა ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლის მცდელობა რუსეთთან შემდგომი დაპირისპირების, ე.წ. საქართველოს „უკრაინიზაციის” მიზნით.
აშშ-ისა და ისრაელის აგრესია ირანის წინააღმდეგ ადასტურებს იმას, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი დრამატულად შეიძლება შეიცვალოს.
საქართველო დარჩა მოკავშირის გარეშე, მარტო, ევროკავშირსა და აშშ-თან დაპირისპირების ფონზე. საქართველოს გარშემო და მის შიგნითაც არასტაბილურობის შენარჩუნების სერიოზულ ფაქტორად იქცა დიდ მეზობელ რუსეთთან „არც ომისა და არც მშვიდობის” მდგომარეობა.
დღეს საქართველო დგას არჩევანის წინაშე _ ან დათანხმდეს დასავლეთის ულტიმატუმს, ან აღადგინოს ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან და დაიცვას საკუთარი ინტერესები!
მიტინგის მონაწილეები დადებითად ვაფასებთ მთავრობის თავშეკავებულ პოზიციას ირან-ამერიკის კონფლიქტის მიმართაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ახალი განცხადებები თითქოს გვარწმუნებს, რომ რუსეთი შედეგიანი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ მისი პოზიცია და პრაქტიკული ქმედებები აფხაზეთის მიმართ არ ადასტურებს ამ განცხადებების გულწრფელობას, რაც აფერხებს რუსი და ქართველი ხალხების მეგობრული კავშირების აღდგენას და ნოყიერ ნიადაგს უქმნის დასავლური ორიენტაციის ოპოზიციას, ანტირუსული კამპანია აწარმოოს საქართველოში.
ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები დიალოგის რეჟიმში.
უნდა შევქმნათ სათანადო პირობები აფხაზურ და ოსურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგისთვისაც. დრო ჩვენზე არ მუშაობს. დღეს საქართველოში საშიში საშინაო პოლიტიკური ვითარებაა, რომლის მიზეზიც გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა. იმისათვის, რომ არ დავუშვათ დესტაბილიზაცია და ლიბერალური პროდასავლური რევანში, საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის ძირეული შეცვლა. ხელისუფლება უნდა შემობრუნდეს მშრომელი ხალხისკენ, სხვა შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია!
უნდა შეწყდეს ანტისოვეტიზმის მასობრივი კამპანია და ახალგაზრდობის
მოწამვლა საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის, დიდი სამამულო ომისა
და სტალინის როლის ტოტალური ფალსიფიკაციით!
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყურად იღოს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთი მოთხოვნა და უახლოეს პერიოდში აღადგინოს დიადი გამარჯვების შემოქმედის, გენერალისიმუს სტალინის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქში.
დაუყოვნებლივ შეჩერდეს ანტიკონსტიტუციური კანონის _ „თავისუფლების ქარტიის” მოქმედება!
გაუმარჯოს მშვიდობასა და სტაბილურობას! არა საქართველოს „უკრაინიზაციას”! დიახ სოციალურ სამართლიანობას! დიახ სოციალიზმს!
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა













