ფასების შემსწავლელმა კომისიამ პროდუქტების ფასები ისევ მაღაზიათა ქსელების მეპატრონეებსა და სადისტრიბუციო კომპანიების ნამუსზე შეაგდო. მათ როგორი ნამუსიც აქვთ, კი გვაქვს ნანახი, თანაც არაერთხელ, მაგრამ ახლა თურმე საქმე სხვაგვარად იქნება. აგერ, მორიგი განცხადებაც გვაახლეს – ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი და კიდევ რამდენიმე პროდუქტი მუდმივად გაიაფდებაო… თურმე ფასები დააკლდება ძეხვეულსაც, ქათმის ფილესაც და შიგადაშიგ (ჰო, ასე თქვეს – შიგადაშიგო) რძის პროდუქტებსაც. ეს ის ძეხვეულია, რომელსაც შემადგენლობაში ოფიციალურად უწერია, რომ ხორცის წილი 5%-ია და, ზოგადად, თუ ხორცის კვალი შეგხვდათ, არ გაგიკვირდეთო.
ისე როგორ იქნებოდა, ფეხის ხმას პურის მცხობელებიც არ აჰყოლოდნენ და მათაც თქვეს, პური აუცილებლად გაიაფდებაო (არადა, როცა ძვირდებოდა, მალავდნენ, უბრალოდ, წლის ბოლოს საქსტატმა დაწერა, პური გასულ წელთან შედარებით 16%-ით გაძვირდაო), მაგრამ თურმე გაიაფებულ პურს წონა დააკლდება, რადგან სხვაგვარად გაიაფება წარმოუდგენელია. ხვდებით, სად ვართ და როგორ ვართ? ანუ პური გაიაფდება, მაგრამ დააკლდება წონა და ამით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს უსმენს ხელისუფლებაც და ჩვენთან ერთად ისიც ხვდება, რომ გვატყუებენ, მაგრამ ხმას არავინ იღებს, რადგან… საქართველოში მოსახლეობის მოტყუება ჩვეულებრივი ამბავია. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ ატყუებს ადამიანებს და რა მასშტაბით. მოსახლეობაც თითქოს მიეჩვია ამ ყველაფერს და არ აპროტესტებს, თუმცა ოპოზიცია ამბობს, 26 მაისს პროდუქტების გაძვირების გამოც გამოდით ქუჩაშიო. ეს არის ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობაში სოციალური პროტესტის გაღვივების პირველი მცდელობა, მაგრამ რეალობა მწარეა – ისინი არ არიან რამეს შემცვლელნი, რადგან საქართველო არ არის მწარმოებელი ქვეყანა და ამიტომ ვერაფრის ხარჯზე ვერასდროს ვერაფერს გავაიაფებთ. ყველა ხელისუფალი გვიმტკიცებდა, რომ ეკონომიკა იზრდებოდა, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნებოდა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანების ყოფაზე ვერაფრით აისახა… ისტორიულ მინიმუმს რაც შეეხება, სწორედ ისტორიულ მინიმუმზე ვართ პროდუქციის წარმოების მხრივ. იმაზე, რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება მწარედ გაგეცინოთ, მაგრამ… ამას წინათ პლასტმასის ბოთლების მწარმოებელ ქარხანაში ვიყავით. 1 და 2-ლიტრიანი ბოთლები გვინდოდა და ვკითხეთ, სადამდე უნდა ჩავასხათ სითხე ბოთლში, ზუსტად 1 ან 2 ლიტრი რომ იყოს-თქო და მწარმოებელმა გაიცინა, სულ რომ გააპიპინოთ, ზუსტი მაინც არ იქნება, 40-50 გრამი ორივეს აკლიაო. მიზეზი რომ ვიკითხეთ, გვითხრა, ასეთი იყო მთავარი დამკვეთის მოთხოვნა, თქვენ რიგითები ხართ, 200-300 ბოთლს წაიღებთ და გაქრებით, მე კი იმ კაცთან, წლებია, ვმუშაობო. ხვდებით ხომ, რომ მოტყუება და „ჩალიჩი“ თავიდანვე იწყება?! ჯერ ბოთლს აკლია, მერე სად გინახავთ „გაპიპინებული“ ჭურჭელი და ასე აკლდება ლიტრს 80-100 გრამი, ას ლიტრში კი 8-10 ლიტრს გვპარავენ.
ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ აქაური რეალობის პარალელურად, ბელარუსის სახელმწიფო მეთაურ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატორს ვეძახით, კაცს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას უდიდეს ყურადღებას აქცევს და პროდუქტების ხარისხს პირადად აკონტროლებს.
„ვთქვათ, მოდის ლუკაშენკოს ესკორტი, ჩერდება რომელიმე მაღაზიასთან, გადმოდის პრეზიდენტი, ამ მაღაზიიდან დახლიდან ყიდულობს წვენს, ძეხვს, რძის პროდუქტებს და შემდეგ შინ უსინჯავს გემოს. არასდროს ეხება უცხოურ პროდუქტებს, არ აინტერესებს მათი ხარისხი. თუ რომელიმე ბელარუსული პროდუქტი უხარისხოა, მისი მწარმოებელი მეორე დღეს შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, ამიტომ მოსახლეობა ბელარუსულ პროდუქტს ეძალება და პრეზიდენტს ტაშს უკრავს“, – გვითხრა საქართველოში მყოფმა ბელარუსის მოქალაქემ.
ჩვენ კიდევ, იცით, რას ვშვრებით? ამას წინათ კუმისის ნახევრად დამშრალ ტბას ტრაილერი მიადგა, გადმოვიდნენ „ჯიგრები“, გადმოყარეს ბადე-ტომრებში ჩაყრილი კარტოფილი, ამოსვარეს ლაფში და ისევ უკან შეყარეს. ამის მიზეზი ასეთია – ბაზარში ტალახიან და მიწიან კარტოფილს მარტივად ასაღებენ ახალციხის კარტოფილად, სინამდვილეში კი ან თურქული ნაგავია, ან ირანული. თანაც ტალახი წონასაც უმატებს და ყველა ბედნიერია – გამყიდველი ორმაგად ხეირობს, მყიდველს კი შინ „ახალციხის კარტოფილი“ მიაქვს. რატომღაც გვგონია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ეს იციან, მაგრამ ხმას არ იღებენ. მიზეზი ამ შემთხვევაშიც მარტივია – არავინ ჩივის და აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკივოს ვინმემ?!
ისე, თუ ატყობთ, მოსახლეობას პროტესტის უნარიც წართმეული აქვს. როგორი იმედით შეიქმნა ფასების შემსწავლელი კომისია, როგორ ელოდა ბევრი, რომ კონკრეტული ადამიანები დაისჯებოდნენ და რიგითი ადამიანებისთვის წართმეულ თუ წაგლეჯილ ფულს თუ არ მიატანინებდნენ უკან, სამომავლოდ ამის კეთებას მაინც აუკრძალავდნენ, მაგრამ არა, ბატონებო, არაფერი შეცვლილა. მეტიც, ქსელური მაღაზიებისა და სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელები, აქამდე თუ ზურგს უკან დაგვცინოდნენ, ახლა პირდაპირ ეთერში გვამასხარავებენ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ხელისუფლება ვერაფერს შეცვლიდა და ამიტომ დიალოგი სულ სიცილ-ხარხარში გაატარეს, შემდეგ კი პირობა დადეს, რომ ფასდაკლება მუდმივად იქნება კონკრეტულ პროდუქტებზე. ისე, ბატონებო, თქვენთვის რომ იცოდეთ, „მუდმივი ფასდაკლება“ მუდმივ ფასს ნიშნავს და არა კლებას, ანუ კონკრეტულ პროდუქტს (ორს, სამს) ფასს დააკლებთ და იტყვით, რომ ფასები შემცირებულია. ან უკეთესი ვარიანტი გექნებათ შემონახული, როცა ფასს ხელოვნურად უმატებთ და მერე ფასს ამცირებთ, სინამდვილეში კი ის შემცირებულიც უკვე მომატებული ფასია. უფრო კონკრეტულად გეტყვით – ზაფხულში მაისური ვიყიდე 75 ლარად, ზამთარში იმ მაღაზიაში, ანალოგიურ მაისურს ეწერა 50%-იანი ფასდაკლება, რამაც გამახარა, რადგან მაისური მომეწონა და გადავწყვიტე, მეორეც მეყიდა, მაგრამ ფასი… ისევ 75 ლარი იყო. კონსულტანტი გოგონა მიმტკიცებდა, 150 ლარი ღირდა და გავანახევრეთო. ეს არის ქართული ფასდაკლება და ვაი, რომ ასეთ ფასდაკლებას ველოდებით საკვებ პროდუქტებზეც.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მოსახლეობა ცოტა გაახალისა. ხმაურიანი დაკავებების სერია ყოველთვის ამართლებს ხოლმე, რადგან მოსწონს ხალხს სანახაობა, მაგრამ პურის გარეშე სანახაობაც მოსაბეზრებელია და ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობისთვის „პური ჩვენი არსობისა“ ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. დღეს ადამიანთა უდიდესი ნაწილი მხოლოდ იმაზეა გადართული, რომ როგორმე იმ კონკრეტულ დღეს გამოკვებოს ოჯახი და დილიდან ისევ ახალი რუტინა იწყება. მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ქმნის დოვლათს, არ აქვს გადანახული თუნდაც ათასი ლარი შავი დღისთვის… და ესეც ჩვენი რეალობაა.
სხვათა შორის, მსოფლიო ორგანიზაციებმა დაწერეს, რომ წლიდან წლამდე დედამიწაზე მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა იზრდება და მართალია, ძირითადი აქცენტი აფრიკულ ქვეყნებზე კეთდება ხოლმე, უკეთეს დღეში არც საქართველოს მსგავსი „განვითარებადი“ (ეს სტატუსი, 30 წელზე მეტია, ვერ მოვიშორეთ) ქვეყნები არიან. ოფიციალურად თუ არ შიმშილობს ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ის სრულფასოვნად იკვებება. არადა, მოზრდილებს კი არა, ნორმალური საკვები ბავშვებსაც ენატრებათ. ასეთ დროს ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, ეს ჩარევა თუნდაც „ქირურგიული“ იყოს და მოახერხოს, რომ ბავშვებს საკვები არ ენატრებოდეთ, თუნდაც ახლა, როცა მარწყვის სეზონი დადგა, მხოლოდ დახლებზე არ უყურებდნენ დახვავებულ მარწყვს და ცრემლიან თვალებს არ მალავდნენ დედის კაბის უკან. ბატონებო, ვერ ყიდულობენ მშობლები შვილებისთვის სეზონურ ხილს. იმავე დღეში რომ იყვნენ თქვენი შვილები, რა განწყობაზე დადგებოდით?!
ლევან გაბაშვილი







