ომის წამმზომი

    ომის წამმზომი

    1941 წლის 22 ივნისს დაიწყო დიდი სამამულო ომი, რომელიც 1945 წლის 9 მაისს საბჭოთა კავშირისა და წითელი არმიის ტრიუმფალური გამარჯვებით და მესამე რაიხის (ფაშისტური გერმანიის) უსიტყვო კაპიტულაციით დასრულდა. სამ წელიწადსა და ათ თვეზე ოდნავ ნაკლები დასჭირდა სტალინს უძლიერესი გერმანული სამხედრო მანქანის დასაჩოქებლად. ნუ გამოვეკიდებით ორ თვეს. სტალინმა გერმანული ფაშიზმი ოთხ წელიწადში დაამარცხა. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის 22 თებერვლამდეც ოთხი წელიწადია გასული. პუტინის რუსეთი კი ჯერაც ვერ ამარცხებს უკრაინულ ფაშიზმს. ასეთი შედარება, რა თქმა უნდა, ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ საფიქრალს მაინც ააჩენს: რით არის ეს განპირობებული? რა ახსნა აქვს ამას?

    ტენდენციური თუ ხარ, ადვილად „გადაწყვეტ” პრობლემას და ისე იტყვი, როგორც „ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტმა ვინმე დევდარიანმა თქვა: „აი, თქვენი რუსეთი, რომელიც, წლებია, ორ სოფელს ეჭიდავება უკრაინაში”. აბა, დავფიქრდეთ: მართლა ისეა საქმე, როგორც ქალბატონ დევდარიანის ტვინმა მოახერხა შეფასება? დიდ სამამულო ომს და სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ერთმანეთს როდესაც ვადარებთ, ამ ორი მოვლენის მსგავსება-განსხვავება ხომ უნდა აიწონ-დაიწონოს?

    მსგავსება:

    * მოსკოვი იყო და არის ცენტრი (დედაქალაქი) იმ ძალისა, რომელიც აგრესიას უმკლავდებოდა და უმკლავდება;

    * აგრესორის ვინაობაც უცვლელია, იმ დროსაც დასავლეთი იყო, დღესაც ისაა;

    * აგრესორს მსხვერპლის (იმ დროს საბჭოთა კავშირის, დღეს რუსეთის) სრული განადგურება ჰქონდა და აქვს გადაწყვეტილი;

    * როგორც დიდი სამამულო ომი იყო საბჭოთა კავშირისთვის წმინდა, ასევე სპეციალური სამხედრო ოპერაციაც წმინდაა რუსეთისთვის, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დასავლეთიდან გახორციელდა რუსეთის მიმართ აგრესია, რომელშიც, როგორც საბჭოთა კავშირს არ მიუძღოდა, არც რუსეთს არ მიუძღვის იოტისოდენა დანაშაული.

    განსხვავება:

    * იმხანად რუსეთი მარტო არ იყო. მის გვერდით ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული 14 მოკავშირე რესპუბლიკა იდგა. ეს უზარმაზარი რესურსი იყო, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით;

    * იმხანად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი ღიად არ გამოდიოდა, დღეს კი მთელი ნატო ღიად გამოდის რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას აიარაღებს, აფინანსებს და, როგორც სადაზვერვო ინფორმაციით, ასევე იდეოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოფს;

    * საბჭოთა კავშირში მოქმედებდა სოციალისტური სისტემა, რომელიც გაცილებით ეფექტიანი იყო, ვერტიკალური მართვის საშუალებას იძლეოდა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზების გაცილებით მეტ საშუალებას ქმნიდა;

    * იმხანად არ არსებობდა ბირთვული შეიარაღება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქისა და დღევანდელობის შედარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ვინაიდან, იმხანად მხარეებს თუ საშუალება ჰქონდათ, საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების ზღვარზე ემოქმედათ და მაქსიმალური დარტყმა მიეყენებინათ ერთმანეთისთვის, დღეს სხვა ვითარებაა. ორივე მხარე იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ბირთვული შეიარაღების ფაქტორს ანუ იმოქმედოს გაცილებით თავშეკავებულად, ვიდრე დიდი სამამულო ომის მიმდინარეობისას შეეძლო, რათა ერთბაშად ისეთი უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნას, რომ უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილი იქნეს და მსოფლიო ბირთვულ კატასტროფამდე მივიდეს.

    ჩამოთვლილი მსგავსება-განსხვავების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომლის ერთ-ერთი ნიმუში ზემოთ გაგაცანით, სრული სისულელე აღმოჩნდება. უკრაინაში რუსეთი კი არ ეჭიდავება ორ სოფელს, არამედ აშშ, ევროპა და ნატო ერთიანი ძალით ეჭიდავებიან რუსეთს.

    მსგავსება-განსხვავებაზე მსჯელობის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ უკვე ნათქვამიდანაც ჩანს, რომ დღეს რუსეთს გაცილებით შეზღუდული შესაძლებლობითა და რესურსით უწევს გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე საბჭოთა კავშირს დიდი სამამულო ომის პერიოდში, ამიტომ ის მექანიკური შედარება, რომ ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში საბჭოთა კავშირმა ტრიუფალური გამარჯვება იზეიმა, რუსეთი კი ამას ვერ ახერხებს, ან შეცდომაა, ან შეგნებული გაყალბება რეალობისა.

    გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთი გერმანულ ფაშიზმზე არანაკლები მნიშვნელობისა და მასშტაბის ბოროტებას უპირისპირდება, ამიტომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვების მნიშვნელობაც დიდ სამამულო ომში გამარჯვების მნიშვნელობაზე, მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება. დასავლურ ბოროტებასთან ამ ომში გამარჯვების შედეგებიც არ იქნება ნაკლები, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში, რადგან ამაზეა დამოკიდებული ახალი გლობალური დაპირისპირების თავიდან აცილებაც და დასავლეთის მიერ უკვე მიწასთან გასწორებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ადგილზე ახალი წესრიგისა და ახალი სამართლის აღმოცენებაც.

    უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან ოთხი წელიწადი გავიდა. ილიას ცნობილ სიტყვებს თუ გადავათამაშებთ, „ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია?” – უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ოთხი წელიწადია. დასავლურ ბოროტებასთან რუსეთის გმირული ბრძოლის ოთხი წელიწადია; პლანეტაზე ღმერთისა და სატანის დაპირისპირების ოთხი წელიწადია; დასავლური უგუნურებისა და სიძულვილისთვის გონიერებისა და სიყვარულის მიერ რუსული აღვირის ამოდების ოთხი წელიწადია; ქრისტეს მიერ (რუსული მართლმადიდებლობა) დასავლური ანტიქრისტეს (ფაშიზმი, გარყვნილება, ომები, შანტაჟი, პროვოკაცია, დეზინფორმაცია) შესაჩერებელი გმირული წინააღდეგობაა.

    ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ოთხი წელიწადი არც ისე დიდი დროა, რომ რუსეთის სისუსტეზე ვილაპარაკოთ. არა, რუსეთის სისუსტეზე ლაპარაკი „ჩემი ცოლის დაქალების” დონეზე საუბარი იქნება. რუსეთის პრეზიდენტის ერთ ნათქვამს შეგახსენებთ: „ევროპასთან ომს არ ვაპირებთ, ამის შესახებ ასჯერ მითქვამს, მაგრამ ევროპას უცებ ომი თუ მოუნდება და დაიწყებს მას, ჩვენ მზად ვართ პირდაპირ, ახლა… ევროპა ხომ უკრაინა არ არის; უკრაინაში ჩვენ ქირურგიული მეთოდებით ვმუშაობთ, კოხტად, გასაგებია, ხომ? ეს არ არის ომი, ამ სიტყვის პირდაპირი, თანამედროვე გაგებითა და მნიშვნელობით. ევროპას თუკი მოუნდება ომის გაჩაღება და დაიწყებს მას, შესაძლებელია ძალიან ჩქარა შეიქმნას სიტუაცია, როდესაც აღარავინ იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებას შევძლებთ!” პუტინს თუ არ ვენდობით, ტრამპს მაინც დავუგდოთ ყური: „რუსეთმა დაამარცხა ჰიტლერი, რუსეთმა დაამარცხა ნაპოლეონი, ეს სამხედრო მანქანაა!”

    რუსეთის დამარცხების შესახებ მსოფლიოში არც ერთი სერიოზული ადამიანი არ ლაპარაკობს, ამიტომ, მოდი, ამაზე ისევ ქეთი დევდარიანმა, ნანული ჟორჟოლიანმა, ლაშა ბუღაძემ, აკია ბარბაქაძემ, დათო აქუბარდიამ და მისმა ცოლმა ისაუბრონ. დაე, ისინი და მათი მსგავსი ავადმყოფები დატკბნენ რუსეთის სიძულვილით, მისი დამარცხების ჟინითა და სურვილით, უკრაინის გამარჯვებაზე და საქართველოში ნაცფაშიზმის დაბრუნებაზე ოცნებით, მაგრამ საქართველოს, დასავლეთის კარზე ოცდათხუთმეტწლიანი უშედეგო მათხოვრობის შემდეგ, უფლება არ აქვს, დარჩეს ორბიტაზე, საიდანაც შეურაცხყოფის, მოტყუებისა და სულში ჩაფურთხების გარდა არაფერი მიუღია.

    მეოცე საუკუნეში სტალინს ოთხი წელიწადი ეყო გერმანული ფაშიზმის დასამარცხებლად, ოცდამეერთეში პუტინს, როგორც ჩანს, ცოტა მეტი დრო დასჭირდება უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს დასაჩოქებლად, მაგრამ ომი სპორტი არ არის, რომ მის ბედს წამმზომი წყვეტდეს. ყველა ომი ეპოქალური და ისტორიული მოვლენაა; ყველა ომი, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირად, სისხლითა და ცრემლით იწერება, ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია. თანამედროვე ფაშიზმის ბუნაგზე, სადაც უნდა იყოს იგი, კიევში, ბრიუსელში თუ სადმე სხვაგან, გამარჯვების რუსული დროშა აფრიალდება. ეს ვინმეს სურვილი კი არ არის, ისტორიის, ძალთა თანაფარდობისა და მტყუან-მართლის ლოგიკაა, გარდაუვალობაა. ჩვენ, ქართველებს, შეუძლებელია, ეს ლოგიკა არ გვესმოდეს, ვინაიდან ამით გვზარდეს და გვასაზრდოეს:

    „არასგარგებსსიმძიმილი, უსარგებლოცრემლთადენა;
    არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
    წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
    არვისძალ-უცხორციელსაგანგებისაგარდავლენა”. 

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here