27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 32 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დავკარგეთ. ამ ხნის განმავლობაში გვახსოვს ლოზუნგი ,,აფხაზეთი ჩვენია”, მოგვიანებით იყო ,,გვახსოვდეს აფხაზეთი“. დღეს აფხაზეთს აღარ ახსენებს არც ერთი პოლიტიკური პარტია, საუბრობენ ყველაფერზე, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გეგმა არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის…
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:
_ სამწუხაროდ, 32 წლის განმავლობაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა. არ გვაქვს ჩამოყალიბებული პროგრამა, როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.
ჰიპოთეზურად წარმოვიდგინოთ, რომ გვითხრეს, აფხაზებს დაველაპარაკოთ, ჩვენ შესათავაზებელიც არაფერი გვაქვს… მათ რაღაც სურთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა…
32 წლის განმავლობაში არ გვყოლია ხელისუფლება, რომელსაც ჩამოყალიბებული აზრი ექნებოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე.
ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა აქვს რუსეთს და ამაზე არერთხელ უსაუბრია რუსეთის პრეზიდენტს, მის პრესსამსახურს და ა.შ. რუსეთთან ჯერ დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ და შემდეგ მოხდება დიალოგი ტერიტორიების აღდგენაზე. გარდა რუსეთისა, ტერიტორიების დაბრუნების დაკითხში ვერავინ დაგვეხმარება. კვაზი სახელმწიფოები ამაში ვერ დაგვეხმარებიან, ეს ტყუილია…
_ 32 წლის წინათ და მას შემდეგ ათი წლის განმავლობაში ნომერ პირველ პრობლემად ითვლებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, მაგრამ გავიდა დრო და დაკარგული ტერიტორიები აღარავის ახსოვს… არჩევნებს არჩევნები მოსდევს და მთავრობები ამ საკითხზე აღარც საუბრობენ… _ სოციალურ კვლევებში პირველ პრობლემად უმუშევრობა დგას, აღარავის ახსოვს დაკარგული ტერიტორიები.
არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს აფხეზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გეგმა, იმიტომ, რომ მგრძნობიარე თემაა, ძნელად შესასრულებელი. პარტიები ამაზე არ საუბრობენ, რადგან იციან, რომ ვერაფერს გააწყობენ და ტყუილ დაპირებას თავს არიდებენ.
რუსეთს ყოველთვის ექნება იმდენი ძალა, რომ საქართველოს ავნოს. მასთან გაჯიბრება, მისი დაცინვა პოლიტიკური სიბრმავეა. საკუთარი ქვეყნის მოვლა დამოუკიდებლად არ შეგვიძლია, ჩვენ არ გვაქვს იმის ზურგი, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ულტიმატუმით დავიწყოთ, ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ ვიქნებით პარტნიორები და არა ის, ვინც ზურგში დანას ჩასცემს. რუსეთს არ სურს თავის საზღვართან ქვეყანა, რომლისგანაც საფრთხე ელის.
_ დევნილთა დიდი რაოდენობა მხარს სააკაშვილს უჭერს, რადგან ფიქრობენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო…
_ ეს შევარდნაძემ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ისინი არწმუნებდნენ ხალხს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი გაუთვლელი პოლიტიკით, ჩვენი აგრესიით რუსეთისადმი მივედით იქამდე, რომ ომი წამოვიწყეთ და ტერიტორიები დავკარგეთ. ეს არის ყველაფრის მიზეზი. ჩვენ რომ სახალხო დიპლომატია გამოგვეყენებინა, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ჩვენ ჯარით შევედით აფხაზეთშიც და ოსეთშიც. ეს არავის ახსოვს, ამაზე არ საუბრობენ. პოლიტიკაში მთავარია, პროვოკაციას არ წამოეგო, ჩვენ წამოვეგეთ პროვოკაციას და ტერიტორიებიც დავკარგეთ.
აფხაზეთის დაკარგვა შევარდნაძის კისერზეა, მაგრამ ცხინვალის რეგიონი საბოლოოდ ხომ სააკაშვილმა დაგვაკარგვინა? კარგი ურთიერთობა გვქონდა ცხინვალთან, ერგნეთის ბაზრობა ძალიან კარგი საშუალება იყო ოსებთან ურთიერთობის… ცხინვალში სასტუმროების აშენება იგეგმებოდა, გოგი თოფაძეს ლუდის შეტანა უნდოდა, ტრანსპორტი ჩვეულებრივად დადიოდა, მოკლედ, პრობლემები გვარდებოდა, მაგრამ მოვარდა ეს გიჟი სააკაშვილი და ყველაფერი გააფუჭა. კოდორის ხეობა ხომ უბრძოლველად ჩააბარა სააკაშვილმა _ ეს სპეციალურად გაკეთებული არ არის?
_ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, რომლებიც საზღვრის პირასაა…
_ რეგიონული არჩევნები საპარლამენტო არჩევნებზე დაბალია რაგნით, რეგიონი იმას აკეთებს, რაც გაწერილი აქვს მთავრობას. მთავრობას კი არც რეგიონული პოლიტიკა აქვს გაწერილი და არც ტერიტორიეული მთლიანობის გეგმა. მაშ, რა უნდა გააკეთოს თვითმმართველობამ ადგილზე?
ხვალ ტერიტორიების დაბრუნება რომ დავიწყოთ, იქ წამსვლელი ხალხი აღარ დარჩა. ყოველი დღე, თვე, წელიწადი გვაშორებს აფხაზეთს, მესამე თაობა წამოვიდა უკვე, დევნილთა შთამომავლობამ არ იცის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
ხელისუფლებას ყოველი არჩევნების წინ უნდა მოვთხოვოთ ტერიტორიების დაბრუნების გეგმა. წარმოგვიდგინოს გეგმა, რას აპირებს, რა უნდა და ხალხი რეფერენდუმზე გადაწყვეტს, რა არის ჩვენთვის მისაღები _ ფედერაცია თუ კონფერედაცია.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი გადასაწყვეტი გვაქვს, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. ამის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება რუსეთს უნდა დაელაპარაკოს, უთხრას, როგორია ქართველი ხალხის ნება. სირაქლემის პოზაში დგომის დრო აღარ არის, ისტორია ამას არ გვაპატიებს. წლები გადის და ,,აფხაზეთი” საერთოდ ამოვარდა ლექსიკიდან.
საზოგადოებას პოლიტიკური საკითხებისთვის არ სცალია, მთავარ თემად სოციალური და ეკონომიკური ბრობლემებია, არავის ახსოვს დაკარგული ტერიტორები. შიმშილი, უმუშევრობა და სიღატაკე _ ეს არის მთავარი პრობლემები. ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს და სოციალური თანხმობა უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი