საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დასავლეთი თითქოს ორ ნაწილად გაიყო: ზოგიერთი ევროპარლამენტარი ხმამაღლა და მკაფიოდ აცხადებს, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და დაახლოებით 300 ათასი ხმა მოიპარა (რაც, უბრალოდ, არარეალურია); ნაწილს კი მიაჩნია, რომ მმართველ ძალასთან საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კვლავ ევროპულ გზას დაადგება. ამისათვის კი საქართველომ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ მიღებული კანონები უნდა გააუქმოს. სანამ კონკრეტულად გეტყვით, რას მოითხოვს ჩვენგან დასავლეთი არჩევნების აღიარების სანაცვლოდ, მოვუსმინოთ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განცხადება სწორედ ევროპარლამენტარების საყურადღებოდ გააკეთა: „თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებსა თუ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისათვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია…“
უბედურებაც ის არის, რომ გულწრფელ დისკუსიაში არავინ შემოდის და არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი „რუსული“ და რატომ არის კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ დისკრიმინაციული. ამის არც იურიდიული და, გნებავთ, მორალური ახსნა ბუნებაში არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, იცის დასავლეთმა, მაგრამ ამ კანონების დაშვება ნიშნავს ორ რამეს: პირველი კანონის შემთხვევაში – მათი გავლენების შემცირებასა და რეალური ზრახვების გამჟღავნებას, მეორე შემთხვევაში – ლიბერალიზმის შესუსტებასა და საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას.
არადა, დასავლეთს ეს ორივე სჭირდება და სჭირდება იმისთვის, რომ ქართული იდენტობა წაიშალოს. გავიხსენოთ უახლოესი წარსული, როცა პოლიტიკური კრიზისითა და ათასგვარი ხრიკებით საბერძნეთი ლამის გაკოტრებულ ქვეყნად გამოცხადდა და, კრიზისისთვის თავი რომ დაეღწია, ევროკავშირისგან იმდენი ვალი აიღო, ნახევარი საუკუნე რომ იხადოს, კიდევ გადასახდელი დარჩება. გავიდა რამდენიმე წელი და „გადარჩენის“ სანაცვლოდ ევროპამ საბერძნეთს ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონებინა, მართლმადიდებელ ქვეყანას, ერთ-ერთ უძველეს (თუ ყველაზე ძველს არა) ცივილიზაციას სულში ჩააფურთხა, ტრადიცია გაუნადგურა და, ახლა ვინმემ რომ თქვას, მოდი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება გავაუქმოთო, სამყაროს მტრად შერაცხავენ, ჯვარზე გააკრავენ, ვირზე უკუღმა შესვამენ და ტალახს ესვრიან. უკვე ყველამ იცის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი უცხოურ დაფინანსებას მხოლოდ იმიტომ იღებდა, რომ ლგბტ თემის ინტერესები დაეცვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტი მოემზადებინა და მოემწიფებინა პარლამენტში შესატანად. ეს არასამთავრობოები თითქოს ადამიანის უფლებების დასაცავად იღვწოდნენ, სინამდვილეში კი მხოლოდ მათზე ზრუნავდნენ, ვინც იტყოდა, რომ ლგბტ თემის წევრია; ვინც იტყოდა, რომ სქესის შეცვლა უნდა; ვინც იტყოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ეთანხმება და ამის სურვილი აქვს. სწორედ არასამთავრობოების მეცადინეობით დაწესდა 17 მაისი დღედ, რომელსაც ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე დაუპირისპირა და აჯობა; ჰო, იმ ეკლესიამ, რომელსაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის შეფმა, გათხოვილმა მიხაილ როთმა თავისი ყველაზე დიდი მტერი უწოდა. ოპოზიციას სწორედ როთი ჰყავს ერთ-ერთ იდეოლოგად და მის ნაფეხურებს კოცნის, როცა პატივს დაგვდებს და საქართველოში ჩამოდის. სამაგიეროდ, იგივე ოპოზიცია და არასამთავრობოები ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის, პრემიერ ვიქტორ ორბანს უსტვენდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მხარი დაგვიჭირა, რომ ჩამოვიდა და ხმამაღლა თქვა: საქართველო ოჯახური ღირებულებებისა და ფასეულობების მხარეს დგას და ქართველების მისწრაფება და შემართება ბევრისთვის სამაგალითო უნდა იყოსო. ეს არ აპატიეს, ამის გამო უსტვინეს და ამ სტვენაში დასავლეთი ფულს იხდიდა. მოკლედ, ვინც ფულს იხდის, სტვენასაც ის უკვეთს და ისე ჩანს, უახლოეს დღეებში ბევრ სასტვენს ვიხილავთ.
ლიბერალებს ყოველთვის სჭირდებათ საკუთარი გმირი და სახე, რომელსაც ტელევიზიები მუდმივად დაატრიალებენ და განსაკუთრებით მოზარდებს დაანახვებენ, რომ განსხვავებული ადამიანიც შეიძლება წარმატებული იყოს. კვირა არ გავიდოდა, კესარია აბრამიძე რომელიმე შოუში არ მიეყვანათ და ტრაგიკულად გარდაცვლილ და სადისტურად მოკლულ ტრანსგენდერს, ბავშვობის და ახალგაზრდობის ისტორიები ასჯერ რომ მოაყოლეს, მერე ლამის ექსპერტობაც დააბრალეს და ათასგვარ თემაზე ეკითხებოდნენ „კომპეტენტურ მოსაზრებას“. ჰო, კომპეტენტურს, რადგან არ შეიძლება ადამიანი ერთნაირად ერკვეოდეს პოეზიაშიც, მანქანებშიც, კინოკრიტიკოსიც იყოს და პოლიტიკასა და ეკონომიკაზეც ჰქონდეს „კომპეტენტური“ თვალსაზრისი. დღეს იმავე ტელევიზიებმა ახალი „მსხვერპლი“ იპოვეს, ახალი ტრანსგენდერი, რომელსაც უკვე მოაყოლეს ბავშვობის ისტორია, ახლა კი პოლიტიკაზე აკეთებინებენ კომენტარებს და აზრს ეკითხებიან. ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა იმისა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონით აკრძალა, მაგრამ ტელევიზიებმა არ აიკრძალეს და ამას არც იზამენ. აი, თუ მათაც მოვთხოვთ, რომ ასეთი ადამიანები ყოველდღე არ გვესაუბრებოდნენ ეთერიდან და ზემოდან არ გვიყურებდნენ, გვეტყვიან, რომ თავისუფალ მედიას ვზღუდავთ. ისე, თავისუფალ მედიაზე ისიც ვთქვათ, რომ ნიკა გვარამია ყველას უმტკიცებს: „მთავარზე“ წილები დავთმე და იქ არანაირი ინტერესი აღარ მაქვსო და მერე რა, რომ წილები მეუღლეს დაუთმო და ახლა მისი ცოლია ერთ-ერთი მმართველი, უფრო ზუსტად, ცოლი ხელფასს იღებს, მმართველად კი ისევ გვარამია რჩება.
„ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას; ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ. მოდი, დავფიქრდეთ: რა არის აქ ტყუილი? ამ დროს კი, დასავლეთი სწორედ ბელარუსის ბედის გაზიარებით გვემუქრება, აქაოდა,სანქციებს დაგიწესებთ, იზოლაციაში მოგაქცევთო. ჩვენ კი გვიწევს იმის აღიარება, რომ ამ განცხადებაში ლუკაშენკო ცამდე მართალია.
დღევანდელი რეალობა ასეთია – ქართველმა ამომრჩეველმა მსოფლიოს დაანახვა, რომ არ აპირებს თავსმოხვეული კანონებით ცხოვრებას, არ აპირებს იმ დღის წესრიგით მოქმედებას, რომელიც ამერიკის ელჩს დაესიზმრება, რაც მთავარია, ხალხმა გაიგო მშვიდობის გემო. ჰო, 15 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველო ომში არ ჩართულა და, თუ ოპოზიცია და დასავლეთი ჯენ-ზი თაობის იმედად იყო, ის ხალხი დადგა სადარაჯოზე, რომელსაც ომის საშინელება ახსოვს. ჯენ-ზი თაობას არ ახსოვს არც ომი, არც მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, არც ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, არც ციხეებთან, ყოველდღე მდგარი „კატაფალკები“, ამიტომაც არის, სწორედ ამ თაობის წარმომადგენლები რომ სჭარბობენ აქციებზე და… სწორედ მათი იმედი აქვთ „გადამწყვეტ მომენტში“ ოპოზიციასა და დასავლეთს. ეს „გადამწყვეტი მომენტი“ კი ახლა, აქციების მსვლელობისას, უნდა დადგეს ან დააყენონ და… უნდა იპოვონ (თუ ნაპოვნი არ ჰყავთ) ახალი ლაზარე, რომელიც თვალის დაუხამხამებლად გაიმეტებს სამართალდამცველებს დასაწვავად, მერე კი… მერე მას გმირად შერაცხავენ. ისე, იგივე ჯენ-ზი თაობა თუ აკვირდება, ციხიდან გმირად გამოსული ლაზარე არც ერთ ოპოზიციურ პარტიას რომ არ დასჭირდა, არც ერთმა არ გარისკა მისი წინა რიგებში დაყენება, რადგან სიმართლე ყველამ იცოდა და ყველა ხვდებოდა, რომ პოტენციური მკვლელის განდიდებას არავინ მოუწონებდა. გგონიათ, თავად ლაზარე ამას მიხვდა? არა, ბატონებო, არა! ის კიდევ მივა აქციებზე და იმით შეგულიანებული, რომ ერთხელ აპატიეს, კიდევ იკადრებს უკადრებელს, მაგრამ… კარს დეკემბერიც მოგვადგა და პრეზიდენტს ვადა გასდის, აღარ იქნება სალომე ზურაბიშვილი ყველას და ყველაფრის „გამპრავებელი“ და მერე რა, რომ დასავლეთი გაიძახის, ოპოზიციის უპირობო ლიდერად აღიარეთო? ზურაბიშვილი ლიდერად კი არა, გახარია და ხაზარაძე ვერ გაერთიანდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მორიგდნენ, ჯერ კიდევ მოუგებელი არჩევნების შემდეგ პრემიერი ვინ უნდა ყოფილიყო. მათ ჯერ დასავლეთი დაარწმუნეს, რომ არჩევნებს იგებდნენ, მერე – თავადაც დაიჯერეს იგივე და ასე დაიწყეს პრემიერობანას თამაში.
რა იქნება ხვალ? ასჯერ ნანახი ფილმის ასმეერთედ ცქერას ჰგავს ეს ყველაფერი. ოპოზიცია ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, მაგრამ ითხოვს იმიტომ, რომ დრო გაიყვანოს, თავადაც დაიღალოს, ამომრჩეველიც დაღალოს და შემდეგ პარლამენტში შევიდეს იმისთვის, რომ „შიგნიდან ჩამოშალოს უმრავლესობა“. სწორედ ასე გაამართლეს 2020-ში პარლამენტში შესვლა და ასე იზამენ ახლაც.
ბესო ბარბაქაძე