საშინელი წარსული თუ… საშინელი მომავალი?

    88

    დღეს 8 გვისტოა. თექვსმეტი წელიწადი გვაშორებს იმ ავბედით დღეს, როდესაც საქართველოს რღვევა ოფიციალურად დაიწყო. ერთხელ კიდევ მოვისმინეთ და ვიხილეთ იმ ფაშისტებისა და ავაზაკების ყალბი ვაივიში, ხელოვნური მოთქმაგოდება და ნიანგის ცრემლების ღვრის მასკარადი, რომლბმა ეს ტრაგედია დაატრიალეს. მათ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო ისინი თექვსმეტი წელიწადის განმავლობაში არათუ სასამართლოს წესით არ დასჯილან, მათი საჯარო გაკიცხვაც კი არ მომხდარა. ქვეყანაში ასე მომრავლებული ფსევდოპატრიოტები მათი ამ ნამოქმედარის საზოგადოებრივ დონეზე შეფასებასაც კი კრძალავდნენ, აქაოდა საკუთარ ქვეყანას ხომ არ დავადანაშაულებთ ომის დაწყებაშიო.

    მონტესკიე ამბობს: ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მოკვდეს სამშობლოსთვის, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული, იცრუოს მისთვის!”

    სააკაშვილი მძინარე ცხინვალს თავს თუ დაესხა, ჩვენ (ქართველებმა), ნაცვლად იმისა, რომ ეს დანაშაული ვაღიაროთ, თურმე უნდა ვიცრუოთ, რომ ეს არ მომხდარა. ჩვენ (მთელი ერი) თურმე ერთად უნდა დავდგეთ და სამარცხვინო კოლექტიური ტყუილი უნდა ვთქვათ იმ მოღაღადე ფაქტების უარსაყოფად, რომლებიც  მთელმა მსოფლიომ იცის. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ბევრია რეგვენი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი საქციელი ღირსებას შეგვძენს. არის მეორე კატეგორია რეგვნებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთ საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტში ხელი მოაწერეს ფორმულირებას, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით, ქართულმა არმიამ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს თურმე იმიჯი შეულახეს და რეპუტაცია შეურყიეს.  ახლა კი (მეთექვსმეტე წლისთავზე) რას ვხედავთ? ხელისუფლება  პირდაპირ აღიარებს, რომ ომი ცხინვალის რეგიონში, რუსეთმა კი არა, სააკაშვილმა დაიწყო.

    თექვსმეტი წელიწადია, რაც ქართველ ხალხს ლოგიკით, არგუმენტებით, დოკუმენტებით, ვიდეომასალებითა და თვითონ სააკაშვილის გამონათქვამებით ამას ვუმტკიცებ, მაგრამ ყეყეჩური პოზიცია – ჩემს სამშობლოს ხომ არ დავადანაშაულებ?! – ისე ჰქონდა ქართველ ხალხს ტვინში ჩაჭედილი, რომ დიდი  უმრავლესობა თავს იბრმავებდა, იყრუებდა და, საბოლოო ჯამში, ისულელებდა კიდეც. ახლა კი ყველა ერთად ალაპარაკდა და აყაყანდა, რომ ცხინვალში ომი თურმე 8 აგვისტოს რუსეთის შემოჭრით კი არა, 7 აგვისტოს სააკაშვილის შეჭრით დაწყებულა. ეს კარგია, რადგან, მართალია, დაგვიანებული და იძულებითი, მაგრამ მაინც აღიარებაა ფაქტისა, რომლის დამალვა შეუძლებელია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს აღიარება ცალმხრივი და არასაკმარისია, რადგან ომი სააკაშვილს არ დაუწყია, ომი სააკაშვილს დააწყებინეს. ამ ომის ინიციატორები პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იყვნენ, რა თქმა უნდა, თავიანთ სპეცსამსახურებთან ერთად. ეს პროვოკაცია იყო პირველი მცდელობა რუსეთის ჩათრევისა ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ ომში, რომლიც იმ დროს ვერ განხორციელდა, ვინაიდან, ერთი მხრივ, საქართველოს მასშტაბი არ აღმოჩნდა ამისთვის საკმარისი; მეორე მხრივ კი, რუსეთის არმიამ ქართული ჯარი ორ დღეში გამოყარა ცხინვალიდან და მას ომის გაგრძელების ყველა შანსი მოუსპო.

    როგორც ხედავთ, პროცესი, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, თექვსმეტი წლის წინათ საქართველოში უნდა განვითარებულიყო. იმხანად  ამას შედარებით ნაკლები მსხვერპლითა და ძალიან მოკლე დროში გადავრჩით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ გადავრჩით. დასავლეთს ახლაც ძალიან სჭირდება,  სხვა სახელმწიფოებიც უკრაინასავით ჩაითრიოს რუსეთთან ომში, რადგან ორ და სამ სახელმწიფოსთან ომი იმ დროს, როდესაც ამ სახელმწიფოთა უკან მთელი ნატო დგას, რუსეთის მდგომარეობას დაამძიმებს. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ასეთი წარმოდგენები აქვთ. ამერიკელთა პრობლემას ის წარმოადგენს, რომ იმგვარ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთთან ომში ენთუზიაზმით ჩაერთვებიან, ვერ პოულობენ. ორიენტაცია, პირველ რიგში, საქართველოზე იმიტომ  აიღეს, რომ აქ მრავალრიცხოვანი აგენტურა ჰყავთ, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისევე გულმოდგინედ და ბეჯითად წავლენ რუსეთთან ომის მომაკვდინებელ პროვოკაციაზე, როგორც, თავის დროზე, სააკაშვილი წავიდა. გარდა ამისა, მათ იმედი აქვთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომი მთელ კავკასიას არევს, რაც მათთვის უაღრესად ხელსაყრელ ვითარებას შექმნის. ომში გახვეული ახლო აღმოსავლეთი, რომლის ყველანაირი წინაპირობა უკვე შექმნეს და, ასევე, ომის ხანძარმოდებული ამიერკავკასია რუსეთის მდგომარეობას დაამძიმებს და მისი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით დასუსტების რეალურ შანსს გააჩენს. იქნება თუ არა ეს ასე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელთა გათვლა ასეთია.

    ჩნდება შეკითხვა: რას მოუტანს ეს საქართველოს? ვიდრე ამ შეკითხვაზ პასუხის გაცემას შევეცდებით, ჯერ ის გავიაზროთ, რუსეთთან ომმა რა მოუტანა უზარმაზარ უკრაინას და მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იგი აღმოჩნდეს პატარა და ყოველმხრივ სუსტი საქართველოსთვის. ქართველი ხალხის უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამას ხვდება. ამას მით უფრო ხვდება საქართველოს მთავრობა, რომელიც, დასავლეთის ჯოჯოხეთური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენთვის დამღუპველ ამ ნაბიჯს არ დგამს და ყველანაირად ეწინააღმდეგება დასავლურ დირექტივას. აი, საიდან მოდის და როგორ მწიფდება ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის თავში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების იდეა, რომლისთვისაც გამალებულ მზადებას ისინი აღარც მალავენ. საქართველოში მათ მიერ დაწყებული თითქმის ყველა პროექტის შეჩერება და საქართველოსთვის გამოყოფილი ყველა სახის დაფინანსების გაყინვა მხოლოდ იმის მომასწავებელია, რომ კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების ბაზაზე სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, რომელსაც ავტომატურად მივყავართ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის მიმართულებით.

    საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთა განცხადება იმის შესახებ, რომ 2008 წლის სამხედრო დანაშაულის ჩამდენნი უნდა გასამართლდნენ, სწორია, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობა ისაა, რომ დასავლეთს არ მიეცეს სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების საშუალება, ისევე, როგორც არ მიეცა ამისი საშუალება თურქეთში 2016 წელს; ისევე, როგორც არ მიეცა ამის საშუალება ვენესუელაში 2019 წელს; ისევ, როგორც არ მიეცა ამისი საშუალება ბელარუსში 2020 წელს; ისევე, როგორც არ მიეცა ამისი საშუალება ყაზახეთში 2022 წელს. სხვა მაგალითებიც არსებობს იმისა,  როგორ ჩაფლავდა ამერიკაში დაწერილი სცენარები სახელმწიფო გადატრიალებებისა სხვადასხვა სახელმწიფოში. ეს მაგალითები სახელმძღვანელოებად უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ, მაგრამ არიან ისინი მზად იმისთვის, რისი მზაობაც აღმოაჩნდათ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერებს: რეჯეფ თაიპ ერდოღანს, ნიკოლას მადუროს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ყასიმჟომართ თოყაევს?

    * ერდოღანმა ხუთი გენერალი, ცხრამეტი პოლკოვნიკი და ათი ათასი ამბოხებული ჩაყარა ციხეში. რაც მთვარია, მან ისარგებლა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციით და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგი არ მოერიდა ამერიკელებთან დაპირისპირებას. მან პირდაპირ ამხილა ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ ფეთჰულაჰ გიულენთან თანამშრომლობასა და მის მფარველობაში;

    * მადურო ღიად უპირისპირდებოდა აშშ-ს და ასევე საჯაროდ  აცხადებდა რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას;

    * ლუკაშენკომ, რომელიც რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს პრეზიდენტია, ამბოხის მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში საჯაროდ  დაასახელა აშშ და კოლექტიური დასავლეთი. რაც მთავარია, მას არ უყოყმანია, პირადად აიღო ხელში ავტომატური იარაღი და ქუჩაში გამოვიდა ბელარუსი ხალხის ინტერესების დასაცავად;

    * თოყაევმა სახელმწიფო გადატრიალების დაწყებისთანავე საშველად რუსეთს უხმო. მან დახმარება სთხოვა პუტინს, რომელმაც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცის (ОДКБ) ამოქმედებით ჩააცხრო ყაზახეთის პუტჩი.

    საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა სახეში შეაფურთხა, სილა გააწნა და პანღურიც მოაყოლა, ჯერ კიდევ ევროკავშირსა და ნატოზე ლოცულობს, შეძლებს ამგვარ მკვეთრ შემობრუნებას? – ეს რთული შეკითხვაა, რადგან ამის გარეშე ყველაფერი დაიღუპება. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელსაც დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისგან საქართველოს ხსნა შეუძლია, გარდა რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინისა. ქართველი ლიდერები ჯერჯერობით მტკიცედ დგანან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ზემოთ დასახელებული პიროვნებებივით მოქცევას შეძლებენ. ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა და, ღმერთმა ქნას, რომ ამ ჩემს ეჭვებში ვცდებოდე, ვინაიდან ამ ეჭვების გამართლების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გადატრიალებასა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას ვერ ასცდება.

    ასეთია მწარე ფიქრები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღძრავს. ამ თარიღმა თექვსმეტი წლის წინათ ჩაიარა, მაგრამ დასავლეთის მიერ საქართველოსთვის თავსმოხვეულ უბედურებებსა და მასთან დაკავშირებულ საერთო ვითარებას  ჯერ არ ჩაუვლია, ამიტომ, სანამ დასავლურ უბედურებას  საბოლოოდ დავაღწევთ თავს, ეს თარიღი არა მხოლოდ  საშინელ წარსულს, არამედ საშინელ აწმყოსა და საშინელ მომავალსაც განასახიერებს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                        

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here