Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც  რუსეთში წავიდნენ და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, პრეზიდენტი მოქალაქეობის...

საქართველოში დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც  რუსეთში წავიდნენ და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, პრეზიდენტი მოქალაქეობის დაბრუნებაზე უარს ეუბნება

ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება და მერე რა, რომ საქართველოს ეკონომიკის ლამის 70%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოტანილ და რუსეთში გატანილ პროდუქციაზე დგას. მთავარია, დასავლეთს ესიამოვნოს, თორემ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის შემდეგ ჩვენ თუ გავმათხოვრდებით, რა მნიშვნელობა აქვს?!

პირდაპირ ვთქვათ:  საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა რუსეთის მოქალაქეებმა   მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა და ამიტომ მათ თითიდან გამოწოვილი მიზეზებით   ეუბნება უარს. ამის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები მაინც ცდილობენ საქართველოში დამკვიდრებას, მუშაობის დაწყებას, ბიზნესის კეთებას  და სამუშაო ადგილების  შექმნას. შრომითი ბინადრობის ყველაზე მეტი უფლებაც სწორედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე გაიცა – 1241. ამ მხრივ მეორე ადგილზე ბელარუსის მოქალაქეები არიან – 871,  შემდეგ  მოდის ჩინეთი – 731, თურქეთი – 658, ინდოეთი – 443, ირანი – 275 და ა.შ.

ვინმეს შეუძლია აგვიხსნას, რატომ ცდილობს პრეზიდენტი კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაბლოკვას და რატომ უნთებს მწვანე შუქს ირანელებს, ჩინელებს ან  თურქებს?.. ახლა არ თქვათ, ეგენი სტრატეგიული პარტნიორები არიანო ან იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსო. არანაირი სტატისტიკა არ არის  საჭირო, უბრალოდ, გადით ქუჩაში და რიგით ადამიანებს ჰკითხეთ, რომელი დამსაქმებელი უხდის უფრო მეტს და რომელი უცხოელი ცდილობს საქმის გაკეთებას უფრო ხარისხიანად.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: რუსეთის ფედერაციის არაერთმა მოქალაქემ საქართველოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში  კვების ობიექტები აიღო იჯარით და ამუშავებს. იქ კლიენტების სიმრავლე  აშკარად შეინიშნება და ურაპატრიოტები ამ ობიექტებში შესულ ქართველებს ანამუსებენ, აქაოდა, როგორ დადიხართ მტერთან სადილისთვის, არ შეხვიდეთ, გააკოტრეთო. არადა, რესტორანს ადამიანი კარგი მომსახურების, გემრიელი,  ხარისხიანი საკვებისა და მისაღები ფასების გამო ირჩევს. ჰოდა, ეს ყველაფერი რუსების მიერ ამუშავებულ რესტორნებში უმაღლეს დონეზეა, არ გიბღვერს ოფიციანტი, როცა მიდიხარ, გაღიმებული გხვდება, გადასახდელ თანხას არ ამრგვალებს ისე, რომ ხურდა არ გამოართვა, დატოვებულ ხურდაზე მიგანიშნებს, რომ თქვენია, ხელებში არ გიყურებს, როცა ჭამ და არც ზურგს უკან გაგინებს: ამდენი ფული საიდან აქვს, ნახე, რა ძვირად ღირებული კერძები შეუკვეთაო. ჰო, ეს არის ჩვენი მწარე, ქართული რეალობა და ვერსად გავექცევით.

ოპოზიციის, ანუ ურაპატრიოტების პროტესტი  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე გაცემულ  შრომითი ბინადრობი1241 შემთხვევასაც კი მოჰყვა, ანუ თურმე სამუშაო ბინადრობის ნებართვა ამდენ ადამიანზე არ უნდა გაგვეცა, რადგან  1241 ძალიან ბევრია. კეთილი, ვთქვათ, რომ ბევრია, მაგრამ რას ვუშვრებით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ  საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს?  ისინი დასაქმებულნი არიან, ყოველდღე დადიან სამსახურში, აქვთ ბიზნესი, გამომუშავებული თანხით კი ერთ იმდენს თუ არა, იმის ნახევარს მაინც არჩენენ საქართველოში, ვიდრე რუსეთში არიან. თურმე ეს შეიძლება, თურმე რუსეთში საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა დასაქმდეს, ბიზნესი აკეთოს, მაგრამ საკმარისია, აქ რაოდენობა  ათასს გადასცდეს, რომ მაშინვე ვაპროტესტებთ, არ შეიძლებაო. ეგებ პროტესტის მაგივრად მათგან რაღაცები გვესწავლა, თუნდაც ის, რომ, როცა კლიენტი შედის რესტორანში და მენიუს ფურცლავს,  ნახევარი  ლიტრი  წყალი უფასოდ დავუდგათ, სული მოითქვას, სასიამოვნი განწყობა შეექმნას. 50 თეთრია წყლის საბითუმო ფასი, იმ წყლის, 3 ლარად რომ ვასაღებთ კლიენტებზე და ამ 50 თეთრად რუსების მიერ იჯარით აღებულ რესტორნებში კლიენტის გულს თავიდანვე იგებენ. ჰო, ეს გულის მოგება სწორედ  50 თეთრი ჯდება და გასაკვირიც არ არის, რომ ამ ობიექტებში ყველაზე მეტი სასმელი წყალი საღდება. რადგან რუსეთზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ჩრდილოელი მეზობლიდან ფულადი გზავნილების ოდენობა ძალიან შემცირდა. თუ მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან  67 მლნ გადმოირიცხა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადმორიცული თანხა 200 მლნ დოლარით მეტი იყო. ოპოზიციას უხარია, რუსეთის ეკონომიკა ინგრევა, გადმორიცხვებმა ამიტომ იკლოო. ექსპერტები კი ამბობენ, რომ გადმორიცხვები საქართველოდან წასული რუსეთის მოქალაქეების გამო შემცირდა, ანუ შარშან ბევრი ჩამოვიდა, უკან ბევრი დაბრუნდა და მიზეზიც ეს არის. რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, მთელი ევროკავშირი და ამერიკა, აგერ უკვე მესამე წელია, მიმდგარი არიან და დანგრევა-ჩამოშლას ცდილობენ, მაგრამ  ძვრა ვერ უყვეს,  ქართულმა ოპოზიციამ კი  სიტყვით ერთ დღეში დაანგრია და ჩამოშალა. სხვათა შორის, ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტით  იმუქრება და მერე რა, რომ საქართველოს  ეკონომიკის ლამის 70%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოტანილ თუ რუსეთში გატანილ პროდუქციაზე დგას. მთავარია, დასავლეთს ესიამოვნოს, თორემ, ქვეყნის ეკონომიკის  დანგრევის შემდეგ  ჩვენ თუ  გავმათხოვრდებით, რა მნიშვნელობა აქვს?! ისე, ოპოზიციას იმის თქმა „დაავიწყდა“, რომ ორასმილიონიანი სხვაობის მიუხედავად, გადმორიცხული  თანხების მიხედვით, მაინც რუსეთის ფედერაცია ლიდერობს.

ისევ სამუშაო ადგილებს დავუბრუნდეთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი – რუსეთის ფედერაციის არაერთი მოქალაქე დათანხმდა ისეთ სამუშაოს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები   უარს ამბობენ და ამას დამსაქმებლებიც ადასტურებენ. მათ არ „უტყდებათ“ და არ ეთაკილებათ არც დილით ადრე ადგომა, არც ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება… აგერ, ელექტროსკუტერების შეკეთებაში  დედაქალაქის კონკრეტული კომპანია 1800 ლარს იხდიდა, მაგრამ ადგილობრივი კადრი ვერ იპოვა, აქაოდა, მუდმივად უნდა გადაადგილდე (კომპანიის სკუტერით), ხელები სულ მაზუთიანი უნდა გქონდესო. ჰოდა, დასაქმდა რუსეთის მოქალაქე, კიდევ ორი მეგობარი დაასაქმა, ერთად იქირავეს ბინა და… დამსაქმებელმა გულიან ბიჭებს ხელფასი 2 ათას ლარამდე გაუზარდა. ცოტაა? ეგებ, ბევრისთვის ცოტაა,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქისთვისაც  ნამდვილად არაა ბევრი, მაგრამ მუშაობს, თავს ირჩენს, მშობლების კისერზე არ ზის… ჰო, რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ გაგება: 40 წლის ,,ბავშვი’’, დედა ენაცვალოს, უნდა ვარჩინოო. ამას ქართველები, რაც უფრო მალე მივეჩვევით და მივხვდებით, მით უკეთესი.

ოპოზიცია ხმას არ იღებს იმაზე, რომ ბოლო  წელს  რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში  დაწყებული ბიზნესებით 4 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. შეიძლება ესეც არ არის ბევრი,  მაგრამ  მათთან დასაქმებულთა უმრავლესობა აღიარებს, რომ  ჯამაგირი, საქართველოს საზომით, სოლიდური აქვთ, დამოკიდებულებაც არ არის მონური და საკმარისია, განაკვეთურ სამუშაოს ერთი წუთით გადააცილონ, ხელმძღვანელი პირადად მიდის და ეუბნება, რომ დამატებით აუცილებლად აუნაზღაურებს. ანუ, ისინი მოქმედებენ ისე, როგორც ასწავლეს, როგორც მათი კანონმდებლობა ითვალისწინებს და არ ეუბნებიან თანამშრომლებს, – ჯიგრულ პონტში, კიდევ ერთი საათი დარჩი, საქმეს სჭირდებაო. მათ ზუსტად იციან, რა სჭირდებათ, რაში იხდიან, როგორ იხდიან და ყველა კმაყოფილია. 

მალე რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და, დიდი ალბათობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კონტროლი გამკაცრდება, რათა მოსალოდნელი ექსცესები თავიდან აიცილონ. დიდი ალბათობით, საქართველოს არაერთ  უსაბუთო მოქალაქეს გამოუშვებენ უკან, რისთვისაც ოპოზიცია უკვე ემზადება და გამოაცხადებს, რომ მტერმა ქართველების დეპორტაცია  დაიწყო. მერე რა, რომ ისინი კანონდარღვევით იყვნენ სხვა ქვეყანაში?! მთავარია, რუსეთზე რაც შეიძლება მეტი  ცუდი ილაპარაკონ, რადგან დასავლეთმა ტაში დაუკრას და წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათასი ევროთი მეტი მისცეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას.

ისე, ოპოზიციის არც ის დაანონსებული მოლოდინი გამართლდა,  შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს აქ ტერორისტული აქტები და არეულობები რომ უნდა მოეწყოთ; არც ის, რომ უნდა დამთვრალიყვნენ ყოველ საღამოს და ქუჩებში დებოში გაემართათ; არც ის, რუსი ქალები რომ თურმე ქართველ კაცებზე ინადირებდნენ და ოჯახები დაინგრეოდა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და აღარც მოხდება, მაგრამ ეს ამბები ოპოზიციამ დაივიწყა, ვითომც არც უთქვამთ, ვითომ დასავლეთიდან მართულ არასამთავრობოებს მათთვის კვერი არ დაუკრავთ. არადა,  ყველაფერი მიკროსკოპში გაატარეს, ეძებდნენ ნებისმიერ ხელჩასაჭიდს  ხმაურის ასატეხად და ჭიქაში ქარიშხლის  დასატრიალებლად, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტი კი… 1990-იანებამდე საქართველოში დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც  რუსეთში წავიდნენ და იქაური მოქალაქეობის მიღების  გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის დაბრუნებაზე უარს ეუბნება. მოტივი კი, ძირითადად, ერთია – თქვენ საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირში დაიბადეთ, სხვა სახელმწიფოში და ახლა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება გინდათო. ანუ თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, ხაშურში, გურჯაანში, აბასთუმანში და სხვა ქართულ ქალაქებში დაბადებულები თურმე, საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირში ყოფილან გაჩენილი და ამ მიზეზით საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here