Home ახალი ამბები საქართველო ნაგვიანები ქართველები

ნაგვიანები ქართველები

507

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, არაორდინალური გამონათქვამებით ცნობილი არესტოვიჩი, რომელიც უკრაინიდან გაქცა, მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს: “ახლა ერთმანეთს ათ და ას ათასობით ადამიანს დავუხოცავთ ავდეევკსთვის, ჩასოვიარისთვის, მაგრამ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? რას მიიღებს ამით ან რუსეთი ან უკრაინა?! რის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ უკრაინელები: მხოლოდ იმის, რომ მოვეწონ ვაშინგტონისა და ბრიუსელის საოლქო კომიტეტების ბიძიებს, რომლებიც დგანან და ერთობიან იმით, თუ როგორ ახტება ორი მაიმუნი ერთმანეთს დანებით, თან ტაშს უკრავენ? და ეს ყველაფერი რად გვინდა? სჯობს, რომ პუტინს ვუთხრათ: მოდი დავზავდეთ! ჩვენ ეს ზავი განსაკუთრებული ეშმაკობით უნდა გავაფორმოთ: წარვადგინოთ კოლექტიური სარჩელი დასავლეთის წინააღმდეგ. უკრაინამ და რუსეთმა ეს ერთად უნდა გააკეთონ. დასავლეთი ჩვენთან ვალშია!”

დღეს ერთს რომ ამბობს და ხვალ – მეორეს, ასეთი პოლიტიკოსები, დიდი ხანია, არავის უკვირს არც საქართველოში და არც უკრაინაში, ამიტომ ყურადღებას იმაზე კი ნუ გავამახვილებთ, არესტოვიჩი ადრე  რას ლაპარაკობდა და დღეს რას ლაპარაკობს, აქ სხვა რამეა მთავარი; კერძოდ ის, რომ ათასგზის მატყუარა არესტოვიჩი დღეს ჭეშმარიტებას ღაღადებს. ნურც იმას მიაქცევთ ყურადღებას,  გულწრფელია თუ არა არესტოვიჩი, როდესაც  ამ სიტყვებს წარმოთქვამს. ყურადღება ნათქვამის სემანტიკაზე გადავიტანოთ, ანუ ვიმსჯელოთ იმაზე,  რამდენად სწორია ამ ნათქვამში ჩადებული აზრი და რამდენად შეესაბამება ამ ნათქვამის შინაარსი რეალობას. სანამ უშუალოდ ნათქვამის განხილვაზე გადავალთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც არესტოვიჩის პირიდან მოვისმინეთ, მისი ნათქვამი კი არ არის, უკრაინელი ხალხის ჩუმი, უსიტყვო ამოკვნესაა, რადგან ფაშისტური ხელისუფლების მიერ მას ყოველგვარი გამოხატვის უფლება წართვ. არესტოვიჩმა თქვა  ის, რასაც სხვები ვერ ბედავენ. ეს ტკივილიანი სათქმელი, ეს გულიდან ამონახეთქი ოხვრა დასავლეთის კოლონიური უღლის ქვეშ მგმინავ უკრაინელ ხალხს ეკუთვნის, რომელსაც გარედან თავსმოხვეული ბინძური პოლიტიკითა და პროვოკაციებით არამხოლოდ სახელმწიფო დაანგრევინეს, არამედ ერის გენოფონდი გააჟუჟვინეს და  მოსახლეობისთვის ნამდვილი გენოციდი მოაწყობინეს.

ის, რაც არესტოვიჩის პირით ითქვა, კატასტროფულად დაგვიანებულია. ჭკუა და გონება იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ მას შემდეგ გაგინათდეს, რაც ასი ათასობითა და მილიონობით ჯარისკაცი დაგეხოცება და ქვეყანა თავზე დაგემხობა, არამედ იქამდე, სანამ ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდება. გონება იქ უნდა გაგინათდეს, საიდანაც ეროვნული ტრაგედიის წინაპირობები მწიფდება. უკრაინის მაგალითზე ეს წინაპირობები იყო ორი სახელმწიფო გადატრიალება (2004 და 2014 წწ.), რომლებიც უკრაინის ნგრევას საფუძველად დაედო. უკრაინის ტრაგედიის ძირითადი მიზეზი კი უკრაინის მიერ რუსეთის მტრად გამოცხადებასა და ნატოს მიმართულებით გეზის აღებაშია საძებნი, რაც რუსეთის უსაფრთხოების მთელ სისტემას ანგრევდა და მას მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა სამხედრო ბლოკის ალყაში აქცევდა. უკრაინელმა ხალხმა ეს განცხადება ვერ გააკეთა. სამწუხაროდ, მან საკუთარ თავში ეს ძალა დღემდე ვერ მოძებნა, რის გამოც ჯერჯერობით მხოლოდ არესტოვიჩის წამოკნავლება ისმის, თუმცა ისიც ნათელია, რომ ეს სუსტი წამოკნავლება სასიკვდილოდ განწირული უკრაინელი ხალხის მძლავრი შიგანი განწყობის ექოა, რომელიც, დღეს იქნება თუ ხვალ, მეხის გავარდნად და ცის ქუხილად გადაუვლის განადგურებულსა და მიწასთან გასწორებულ უკრაინას.

განა საქართველოსაც იგივე არ დაემართა?!

განა ქართველი ხალხიც ისევე არ მოტყუვდა მრავალგზის, როგორც უკრაინელი ხალხი მოატყუეს?!

* სად, რომელ ეტაპზე ეყო ხალხს ჭკუა-გონება, რომ თავისი  პოლიტიკოსებისთვის რუსეთთან კონფრონტაციაზე  უარი ეთქვა?!

* სად, რომელ ეტაპზე ეყო ხალხს ჭკუა-გონება, რომ ჩეჩნური სეპარატიზმისა და ტერორიზმისთვის მხარი არ დაეჭირა, სეპარატისტი დუდაევი გმირად არ გამოეცხადებინა და, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი გამსახურდია ჩეჩნური მიწისთვის არ მიებარებინა?!

* სად, რომელ მომენტში ეყო ხალხს ჭკუა-გონება საიმისოდ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამხედრო ძალით შესვლის წინააღმდეგ გამოსულიყო?!

* სად, რომელ ეტაპზე ეყო ხალხს ჭკუა-გონება, რომ ნატო-ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული სამიტინგო ბღავილი სამოქმედო პროგრამად არ მიეღო და დასავლეთის მიერ რუსეთთან დასაპირისპირებლად ჩვენთვის დაგებულ ამ ეპოქალურ მახეში არ გაბმულიყო?!

* სად და რომელ ეტაპზე ეყო ხალხს ჭკუა-გონება იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმად მხოლოდ უნიტარიზმი ან ფედერაცია არ მიეჩნია და, ვთქვათ, კონფედერაციაზე ეფიქრა, რომელსაც იმ დროს აფხაზებიც და ოსებიც დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ?!

* სად, რომელ ეტაპზე ეყო ხალხს ჭკუა-გონება თავგაცხელებული, პოპულისტი და უზნეო პოლიტიკოსებისთვის იმ რჩევის (დავალების) მისაცემად, რომ რუსეთთან მტრობის გაღვივების შემთხვევაში მძიმე შედეგებისგან ვერც აშშ დაგვიცავს, ვერც ნატო და ვერც ევროკავშირი?!

ხალხის გარკვეული ნაწილი, მართალია, მეტ-ნაკლებად, მაგრამ თითქმის ყოველთვის უჭერდა მხარს ჯერ ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტურ განწყობებს, მოგვიანებით კი – რუსოფობიას, რომლითაც ე.წ. დისიდენტები და დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები აბრუებდნენ, შედეგიც ისეთი დადგა, როგორიც ასეთ შემთხვევაში უნდა დამდგარიყო. მართალია,  ქართულ ტრაგედიას ის მასშტაბები არ მიუღია, როგორიც უკრაინაში მიიღო, მაგრამ ეგ ვერაფერი ნუგეშია. საქართველოს დღევანდელი მთავრობის სამშვიდობო კურსს ძლიერი და ერთსულოვანი მხარდაჭერა თუკი არ ექნება, ბედის ბორბალი შეიძლება უკუღმა დატრიალდეს.

საქართველოში არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ადამიანები (პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა სახის ჯგუფები), რომლებიც საკუთარ ინტერესებსა და მიჯაჭვულობებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე საქვეყნო და ეროვნულ ინტერესებს. ეს ის კატეგორიაა, რომლითაც უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურები მუდმივად მანიპულირებენ და მათ საზოგადოებრივ პოტენციალს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მიმართავენ. მათ ამისთვის უზარმაზარი ბერკეტები აქვთ, დაწყებული ფინანსურით და დამთავრებული საინფორმაციო-იდეოლოგიურით, ინტერნეტრესურსებით.

ამ ძალასთან დაპირისპირება, ერთი მხრივ, ძნელია; მეორე მხრივ კი, სარისკოც არის, რადგან სწორედ ის წარმოადგენს დესტაბილიზაციის უპირველეს წყაროსა და მასალას. ამიტომაც არ ისმის ან ნაკლებად ისმის ხალხის ხმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნამდვილი ხალხის ხმა, ანუ ქართული ბირთვის ხმა, რომელიც იმ დროსაც კი, როდესაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, შინაგანი ეროვნული ძარღვისა და გენეტიკური მუხტის დონეზე გრძნობს ხიფათსაც და სასიკეთო ძვრებსაც.

აქ ყოველთვის იყვნენ ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან დღემდე ქვეყნის სადარაჯოზე იდგნენ და დგანან კიდეც, მაგრამ დასავლეთის ბინძური მანქანებით დაბნელებული ეროვნული და საზოგადოებრივი ცნობიერების გასანათებლად რესურსი არ ჰყოფნიდათ და არ ჰყოფნით. საქართველოში არესტოვიჩის ძებნა არ მოგვიწევს, ჩვენ გაცილებით პატიოსანი და თანმიმდევრული მოაზროვნეები გვყავს, რომლებიც სათქმელს ყველაზე რთულ პირობებშიც ამბობდნენ. დიდი ხანია, რაც ეს ადამიანები არესტოვიჩზე პატიოსნად, მასზე ხმამაღლა და თანმიმდევრულად ეკითხებიან საკუთარ ხალხს:

რას ვაკეთებდით?

რისთვის ვკარგავდით უძველეს ქართულ ტერიტორიებს?

რატომ დავხოცეთ და დავახოცინეთ ამდენი ახალგაზრდა, რატომ დავღვარეთ ამდენი სისხლი და ცრემლი, იმიტომ, რომ ის მიგვეღო, რაც მივიღეთ?

ეკითხებიან, მაგრამ რა, ვინ არის ან მომსმენი და ან პასუხის გამცემი?!

ნუთუ ვერ ხვდებით, ნუთუ ვერ ფიქრობთ, რომ ჩვენს მიდგომებში რადიკალური შემობრუნების დრო დადგა, რათა მერე ისევე არ მოგვიწიოს დაგვიანებით თავში ცემამ და ვიშვიშმა, როგორც ახლა არესტოვიჩი აკეთებს?!

ისიც ხომ ვიცით, რომ მერე, ოდესმე, არესტოვიჩივით მოგვევლინებიან ნაგვიანები ქართველები, რომლებიც ბრძნული სახით დასვამენ შეკითხვებს, მაგრამ ეს სასიკეთო შედეგს ვეღარ მოიტანს, ვინაიდან უკან მიდევნებული  ლამპარივით იქნება, რომელსაც თავისთავადი ნათება კი ექნება, მაგრამ გზას ვერც ჩვენს თაობას გაუნათებს და, მით უფრო, ვერც მომავალ თაობებს.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here