Home ახალი ამბები საქართველო წისქვილის ქვა ტრიალებს ჩვენს თავზე, რომელიც,  მესამე ათეული წელია, ვერ გადავაგდეთ

წისქვილის ქვა ტრიალებს ჩვენს თავზე, რომელიც,  მესამე ათეული წელია, ვერ გადავაგდეთ

დასავლეთი ყველაფერს აკეთებს არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად. ყველაფერში იგულისხმება როგორც ძალადობრივი სცენარი, ისე ადამიანების მკვლელობაც

268

მარტის საპროტესტო აქციები მას შემდეგ დასრულდა, რაც პარლამენტში შეტანილი კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ხელისუფლებამ უკან გაიწვია. მმართველი გუნდი ვითარების გამწვავებას  მოერიდა – ეს იმის მიუხედავად, რომ აშკარა იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კრიმინალი და თავმოყვარე სახელმწიფო რამდენიმე ათეულ  სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა. ჩვენმა ხელისუფლებამ კი  დაკავებულები გაათავისუფლა  და მხოლოდ ერთი პირი დააკავა  – ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლა და საპატრულო მანქანას ცეცხლი წაუკიდა. არც ეს დაკავება შეარგეს ხელისუფლებას, ლაზარე გმირად გამოაცხადეს; მეტიც, მის მხარდასაჭერ აქციაზე ევროპარლამენტარები და ელჩები მივიდნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს დაკავებულს, რომელიც სამართალდამცავების ცოცხლად დაწვას ცდილობდა…

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა. აქ  გადაწყვეტილებებს აქციაზე გასული ხალხის ოდენობის მიხედვით იღებენ. დაინახა ბევრი მომიტინგე „ოცნებამ“ და არდასათმობი პროცესი დათმო. არდასათმობი იმიტომ, რომ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონს ევროპული ქვეყნები და ოკეანის გაღმა კანადა იღებს. საინტერესო კი ის არის, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებშიც ეს კანონი ძალაში მალე შევა, ჩვენ გვეუბნებიან: აღნიშნული კანონის მიღება თქვენთვის არ შეიძლება, რუსულიაო. ანუ, ჩვენთვის არის რუსული და მთელი დასავლეთისთვის ევროპულ-ამერიკული?!  რეალურად, ამ კანონის მიღების შემდეგ ყველას და ყველაფერს თავის სახელი დაერქმეოდა და დასავლეთს სწორედ ეს არ სურდა. არა მხოლოდ  ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც ჯიუტად ამტკიცებს, ქუჩაში ბევრი თუ გავალთ, ბევრ თავს თუ დაითვლიან, გადაწყვეტილებებს საჩვენოდ მიიღებენო. თუ ასეა, არჩევნებში რატომ  ვხარჯავთ ათეულობით მილიონს? სხვადასხვა ადგილზე გამოიყვანონ პარტიებმა მხარდამჭერები, მერე კოსმოსიდან დათვალონ თავები და ხმები პროცენტულად ამის მიხედვით გადაანაწილონ. ფულიც დაიზოგება, არც დამკვირვებელ-მეთვალყურე დაგვჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტის წევრებს ასე ავირჩევთ თუ საარჩევნო ყუთთან  მისვლით, შემდეგ ხომ მაინც იმავე წისქვილის ქვა ტრიალებს ჩვენს თავზე, რომელიც,  აგერ მესამე ათეული წელია, ვერ გადავაგდეთ.

30 აპრილს გამართულ აქციაზე, წესითა  და რიგით, „ქართული ოცნების“ აქტივიც უნდა მისულიყო სრული შემადგენლობით, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ მმართველი პარტია აქციაში მთელი რესურსით არ ჩაერეოდა და მხოლოდ ისინი მივიდოდნენ, ვისაც სურვილი ჰქონდა, ანუ ძირითადად თბილისის ორგანიზაციის წევრები. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხვალ და ზეგ „ოცნებას“ საკუთარი ძალის დემონსტრირება რომ დასჭირდეს, იმაზე მეტი ადამიანი უნდა გაიყვანოს გარეთ, ვიდრე  30-ში ჰყავდა „უცნობს“ და, ასე ვთქვათ, პარტიამ ძალა და რესურსი შეინახა. თავების დათვლის არ იყოს, ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება ის, რომ აქციაზე მისულ ადამიანებს პროტესტის თუ მხარდაჭერის დაწყებამდე საფეხბურთო მატჩს აყურებინებენ. ანუ, მიტინგზე მიდიხარ იმისთვის, რომ ჯერ ფეხბურთს უყურო, მერე იყვირო, გული მოიოხო და უკან წამოხვიდე. იქნებ, მე ფეხბურთის ყურებას კალათბურთი მირჩევნია და მერე პროტესტი? ან საერთოდ, ჯერ ქალებში წასვლა და მერე პროტესტი? აქციის ორგანიზატორებმა ცოტა უფრო ფართო „მენიუ“ უნდა შესთავაზონ ადამიანებს, ყველა გემოვნების ამომრჩეველი რომ მიიმხრონ. ხუმრობა იქით იყოს და, ვეღარც კი ვითვლით, მერამდენე  თაობა გაიზარდა საქართველოში აქციებსა და მიტინგებში. მერამდენე მთავრობას ესმის ხან ბელადების სახელები, ხან „წადი, წადი“, ხან „სატანა, იუდა“. ჯერ ჩვენი ბაბუების თაობა ითხოვდა უკეთეს საქართველოს, მერე – ჩვენი მამების, ახლა ჩვენი შვილების ჯერი მოვიდა და ყველა შემთხვევაში თითქოს ერთი მოთხოვნა გვაქვს – უკეთესი ქვეყანა გვინდა, მაგრამ არსად ჩანს ეს უკეთესი და ხბოს აღტყინებით მოყვანილი ხელისუფალი იმედებს სანახევროდაც კი ვერასოდეს ამართლებდა.

რა შეიძლება მოხდეს ხვალ და ზეგ? ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ აქციის საპასუხო აქცია მალე გაიმართება, როგორც ეს აქცია იყო წინამორბედის საპასუხო. ასე, ერთმანეთის ჯინაზე გამოდის ხალხი ქუჩაში, ყველა ცდილობს, მეტი წარმოჩნდეს და გამოჩნდეს. ამ აქციებში დახარჯული თანხები ერთად რომ შევკრიბოთ, ეგებ საქართველოს ბიუჯეტის, ათმაგი თუ არა, ორმაგი თანხა მაინც გამოვიდეს. რაც მთავარია, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც აქციებმა მოიტანა და, როცა უნდა მოეტანა,  სისხლში ჩაახრჩვეს. უკეთესის მოთხოვნას არ მივუტევებთ ერთმანეთს და,  ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, აგერ, პარტია, რომელმაც ერს გენოციდი მოუწყო, ახლა მოსახლეობას სთხოვს: მეორე შანსი მომეცით, პირველ ჯერზე არ გამოგვივიდაო …  ამ პარტიას დასავლეთი უჭერს მხარს და უჭერს სწორედ იმ მიზნით, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რომ გენოციდი, რომელიც შუა გზაზე გაწყდა, გაგრძელდეს და საბოლოოდ ერის განადგურება-დამონებით დასრულდეს. ისე, აქციაზე კოსმოსიდან თავების დათვლა  დასავლელი პარტნიორების მოგონილია. ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დროს ევროპული თუ ამერიკული არხები იმას კი არ აჩვენებდნენ, რამდენი ადამიანი იყო რუსთაველზე (და მათი რაოდენობა აშკარად არ იყო სახარბიელო), არამედ იმას, როგორ შემოდიოდა ავტომობილების კოლონა დასავლეთის მხრიდან დედაქალაქში. ათასი მანქანა რომ მოდიოდეს, უწყვეტი კადრი, შესაძლოა, ნახევარ საათს გაჭიმო და შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი საქართველო ჩამოვიდა, ამ დროს კი ათას ავტომობილში 5 ათასი კაცია საშუალოდ, ანუ  აქციებისთვის ძალიან ცოტა. სამაგიეროდ, უწყვეტი კოლონა რომ ნახა ევროპელმა თუ ამერიკელმა საზოგადოებამ,  დაიჯერეს, მთელი საქართველო ფეხზე დგასო და დემოკრატიის შუქურად გამოცხადებულ დიქტატორს ტაში დაუკრეს. ჰო, არ გვეშლება, დიქტატორს, რომელმაც თითქმის  მოსვლისთანავე საპარლამენტო ტრიბუნიდან მუშტის ბრახუნით გვაუწყა, რომ ყველა ციხეში უნდა გაუშვას. მან   მთელი ერის ლამის 15% საშიშ დამნაშავედ  აღიარა, პირობითი სასჯელები ჩამოურიგა, ციხეები გადაავსო და…  „ყვარყვარეს ციხეც“ სწორედ  შიგნიდან გატყდა. ახლა დასავლეთმა იცის, რომ  2003 წელი აღარ არის და საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ მანქანების კოლონას აღარ „შეჭამს“. საამისოდ, მოსახლეობის რეალური გამოყვანაა ქუჩაში საჭირო, რაც მარტში მოახერხეს კიდეც და  მოხერხებას ვინ ჩივის, მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს ახალგაზრდებს, ავტომობილი დააწვევინეს და,  სხვები რომ წახალისდნენ, ეს ადამიანი გმირად გამოაცხადეს. სწორედ დანარჩენების წასახალისებლად კეთდება ის, რაც კეთდება გრიგორიადისის მიმართ; სწორედ ახალგაზრდებს უნერგავენ, რომ მათ შეუძლიათ, პოლიციელის  ცოცხლად დაწვა სცადონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დამნაშავეები იქნებიან; ისინი, შესაძლოა, გმირები გახდნენ. სხვათა  შორის, როცა ანალოგიური რამ ევროპასა და ამერიკაში ხდება, გმირად ამ ადამიანებს არავინ აცხადებს და გრძელვადიან პატიმრობასაც ჩამოურიგებენ ხოლმე, იმიტომ, რომ დანარჩენებმა ასეთი რამ ვეღარ გაბედონ. ჩვენთან კი უნდა გაბედონ და უნდა გაბედონ იმიტომ, რომ ეგებ მართლა ვიღაც მოკვდეს, რათა  შემდეგ გვამით ივაჭრონ და ხელისუფლებაში სასურველი ძალის დაბრუნება სცადონ.

ერთ წელზე ცოტა მეტი დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. სამწუხაროდ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება აქციებთან ასოცირდება და ჯერ არჩევნების წინ პარტიები ცალ-ცალკე მართავენ მიტინგს, თავიანთი  ძალის დემონსტრირებისთვის და შემდეგ  წაგებული აუცილებლად გამოდის ქუჩაში და ყვირის, რომ არჩვენები გაყალბდა. აბა, გაიხსენეთ ერთი შემთხვევა მაინც, როცა წაგებულს არ გაუპროტესტებია. ეგ კი არა და, 2012 წელს, როცა „ოცნებამ“ გაიმარჯვა, მოგების მიუხედავად, ყველა ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა და გამარჯვებულს უფრო დამაჯერებლად უნდა მოეგო. თუმცა, არჩევნებამდე იქნება დეკემბერი, რომლისთვისაც ოპოზიცია და დასავლეთი განსაკუთრებით ემზადება – ამ თვეში უნდა გაირკვეს, გვაძლევენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.  ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უარს  გვეტყვიან. ეს უარი უფრო მყარი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოახერხებს და დასავლელ პარტნიორებს დააჯერებს, რომ სტატუსის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, ქუჩაში იმდენ ხალხს გამოიყვანენ, რომ ხელისუფლებას შეცვლიან. გვინდა თუ არა, ბოლოს მაინც იქით მივდივართ, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად. ყველაფერში იგულისხმება როგორც ძალადობრივი სცენარი, ისე ადამიანების მკვლელობაც.

მანამდე კი… მანამდე ისევ თავების თვლა გრძელდება და… ალბათ, გაგრძელდება მანამ, სანამ არ დადგება დრო, როცა  „ჩვენი თავი  ჩვენადვე  გვეყუდვნეს…“

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here