წინასააღდგომოდ მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტ ვნუკოვოს განრიგში მოსკოვი–თბილისის პირდაპირი რეისიც გაჩნდა. ეს ინფორმაცია გაავრცელა რადიო „ეხო კავკაზა“-მ და რამდენიმე ტელეგრამ–არხმა (თავდაპირველად ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა). აეროპორტის ვებგვერდი იუწყებოდა, რომ 2023 წლის 18 აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, მოსკოვის დროით 11:45 საათზე პირდაპირ ფრენებს განახორციელებდა ავიაკომპანია Georgian Airways–ი.
„ეხო კავკაზა“ დაუკავშირდა აეროპორტ ვნუკოვოს საინფორმაციო სამსახურს, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს იყო პირდაპირი რეისი და არა ერევნის გავლით, ავიაკომპანია Georgian Airways–ის წარმომადგენლებმა კი გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს…
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის სწრაფად აღდგენის იმედი აქვს. საქართველოში ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი წინააღმდეგი გამოვიდა. ევროკავშირმა და აშშ–მა გააფრთხილეს საქართველო რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ. მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის შესაძლო აღდგენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ე.წ. ოპოზიციაშიც.
აღდგება თუ არა თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიარეისები და რა შეიძლება ამას მოჰყვეს, გვესაუბრება ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრი, პოლიტოლოგი მიხეილ ჟღენტი, რომელიც ოფიციალურად არის ჩართული თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოლაპარაკებებში.
_ ბატონო მიხეილ, აეროპორტ ვნუკოვოს ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 18 აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით მოსკოვსა და თბილისს შორის განხორციელდებოდა პირდაპირ რეისები. ცოტა ხანში ეს ინფორმაცია გაქრა, შემდეგ აეროპორტის ხელმძღვანელობამ განაცხდა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო. ინფორმაციის “გაჟონვიდან” რამდენიმე წუთში თბილისში ე.წ. ოპოზიციამ ისტერიკა ატეხა: _ რას ჰქვია, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდიპირი რეისი უნდა აღდგესო! როგორ ფიქრობთ, რუსეთმა კბილი მოგვისინჯა? თუ ასეა, რეაქცია საშინელი იყო და ხელისუფლება კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა… ახლა. ალბათ, არც ვიზები გაუქმდება და არც ავიამიმოსვლა აღდგება…
_ უწინარესად, ნება მომეცით, თქვენ და თქვენი გამოცემის პატივცემულ მკითხველს მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მრავალს დაესწარით!
მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ოპოზიცია არის ნაკრები ადამიანებისა, რომლებიც, 30 წელიწადია, საკუთარი და თავიანთი პატრონების ინტერესების გამო წირავენ საქართველოს. მათთვის მიუღებელია საქართველოს ინტერესების დასაცავად გადადგმული ნებისმიერი სასიკეთო ნაბიჯი თუ ქმედება. მავანთათვის დაუშვებელია თუნდაც ელემენტარული ურთიერთობების დათბობა რუსეთთან და ამიტომ ისტერიკაში ჩავარდნენ, მაგრამ მე ასობით ადამიანმა მომწერა და მადლიერება გამოხატა ჩვენი ორგანიზაციის ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის” მიმართ, რომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგია ამ თემის წამოწევა და მისი სასიკეთოდ გადაწყვეტა რუსეთის სათათბიროს დეპუტატებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად 2022 წლის 7 დეკემბერსა და 2023 წლის 21 მარტს გამართულ ქართულ-რუსულ ფორუმებზე.
ჩვენი “ოპოზიცია” არად დაგიდევთ საქართველოს მოსახლეობისა და რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულის ინტერესებს. წარმოიდგინეთ, თუნდაც 30%-ით რომ შემცირდეს მგზავრობის ღირებულება, რამხელა დანაზოგია მათთვის. ისინი დანაზოგს მოახმარენ თავიანთ ოჯახებსა და საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს. ამასთანავე, პირდაპირი ფრენები დიდ სტიმულს მისცემს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას. გაიხსნება ის არტერია, რომელიც, უკვე მრავალი წელიწადია, გადაკეტილია ქართული ბიზნესისთვის. რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აუცილებლად აღდგება.
დღეს, რუსეთსა და საქართველოს შორის რთული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო- ეკონომიკური პარტნიორია. უახლოეს დღეებში ჩვენი ორგანიზაციის დელეგაცია მიწვეულია ქალაქ მინსკში, სადაც გაიმართება საერთაშორისო ანტიფაშისტური კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ამ და სხვა საკითხებზე აქტიური მუშაობა. ვისაც რა უნდა, ის თქვას და, სადაც უნდა, იქ გვიჩივლოს… დღეს საქართველოს ინტერესები უმთავრესია!
მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციამ გააუქმა პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლაც. საბოლოო გადაწყვეტილება მათ ხელშია, საქართველოს ხელისუფლებას არც უარის თქმა და არც დათანხმება არ შეუძლია. ესაა მოცემულობა, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომელიც ომში საქართველოს ჩაურთველობას ეხება… დღეს უკვე აშკარაა, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შესაცვლელად. ამაზე ვრცლად საუბარს არზი აღარც აქვს, ეს ფაქტია, მაგრამ მაინც. მერწმუნეთ, ხვალ სასწაული რომ მოხდეს და რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ თავისი გადაწყვეტილების გადახედვა დაიწყოს, ისეთ ისტერიკას ნახავთ, როგორიც დღემდე არ ყოფილა. ლიბერალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობისთვის ხელის შეშლა, მეტიც _ გაფუჭება.
დასასრულ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუ გონივრულად და პრაგმატულად ვიმოქმედებთ, მერწმუნეთ, ავიამიმოსვლაც აღდგება, სავიზო რეჟიმიც გაუქმდება და ეკონომიკური თანამშომლობაც გაღრმავდება.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი