Home ახალი ამბები საქართველო კორუფციაში ბრალდებული  ევა კაილის კოლეგები არიან ის  ევროპარლამენტარები, რომლებიც  ხმის ჩახლეჩამდე გაჰკივიან,...

კორუფციაში ბრალდებული  ევა კაილის კოლეგები არიან ის  ევროპარლამენტარები, რომლებიც  ხმის ჩახლეჩამდე გაჰკივიან, – სააკაშვილი უნდა გაუშვათ და ხელისუფლებაში ნაციონალები დააბრუნოთო

გახსოვთ, ალბათ, საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს რა პატივისცემითა და მოწიწებით ხვდებოდა წინა ხელისუფლება. მეტიც,  რომ დაცლოდათ, არამხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ ევროპული ქვეყნების ელჩებს, ამერიკის ელჩსა და კონგრესმენ-სენატორებს წმინდანებად გამოაცხადებდნენ და დილა-საღამოს პოლიქრონიონს  გვაძახებინებდნენ. მთავარი, რომლის გამოც ნაციონალები გვიკიჟინებდნენ, რომ სწორება ევროპასა და ამერიკაზე უნდა გაგვეკეთებინა,  იყო ის, რომ თურმე იქ დემოკრატია ყვაოდა და კორუფცია არ იყო;  ის კორუფცია, რომელშიც ყელამდე იყო ჩაფლული წინა ხელისუფლება, უფრო ზუსტად კი, ელიტურ კორუფციაში, თორემ დაბალ დონეზე ვინმე ერთი ლარის აღებას თუ გაბედავდა, ისე დასჯიდნენ, ადამიანი ცხოვრებას ამთავრებდა…

გასულ კვირას ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა. ქალბატონი ევა რიგითი ევროპარლამენტარი არ არის, ის  ერთ-ერთია ევროპარლამენტის 14  ვიცე-პრეზიდენტთაგან, ანუ  ევროპარლამენტში პრეზიდენტის შემდეგ რანგით მეორე პირად ითვლება დანარჩენ 13 კოლეგასთან ერთად. კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან,  კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან  კავშირის გამო  მიმდინარე გამოძიებისას დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ოთხი პირი. როგორც ბელგიის პროკურატურა განმარტავს, სპარსეთის ყურის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის  მოპოვებას ცდილობდა. კერძოდ, ქვეყანა, რომელსაც ბელგიელი სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ასახელებენ,  ცდილობდა,  ევროპარლამენტარებზე ზეგავლენის   მოპოვებას დიდი თანხის გადახდისა და საჩუქრების შეთავაზების სანაცვლოდ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი პილიტიკურ–სტრატეგიული პოზიცია აქვთ ევროპარლამენტში. იმის მიუხედავად, რომ  ბელგიელები არ ასახელებენ ქვეყანას, ყველა თანხმდება, რომ საუბარია ყატარზე.  ბრიუსელში 16 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 600 ათასი ევრო ამოიღეს. ფულთან ერთად ამოღებულია ძვირად ღირებული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ა.შ. ხმაურიანი დაკავების შემდეგ, „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“  ვებგვერდზე გამოქვეყნდა  ინფორმაცია, რომ ევა კაილი პარტიიდან გარიცხეს… რამდენიმეჯერ დავწერეთ, რომ არ არის აუცილებელი, ევროპარლამენტარების დღის წესრიგით ვიცხოვროთ, რადგან ყველაფერი  არც იქ არის მოწესრიგებული და, რაც მთავარია, ამის გამო ოპოზიციამ ხომ ლამის ჯვარს  გვაცვა და არც ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაგვზოგა, – ევროპელები ჩვენი სტრატეგიული პარტნირები არიან და  კორუფციაში  მათი  დადანაშაულება  არ შეიძლებაო. რა გამოდის? ბელგიის პროკურატურისთვის  შეიძლება და ჩვენთვის არა? ჩვენ არავის ვადებდით ხელს და მით უმეტეს, წარმოდგენა არ გვქონდა, ევა კაილი თუ ასეთ ამბებში იყო გარეული, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ის ევროპარლამენტარები, დღეს ხმის ჩახლეჩამდე რომ გაჰკივიან, სააკაშვილი უნდა გაუშვათ, ხოლო „ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში ისევ ნაციონალები უნდა დაბრუნდნენო, თავის დროზე სწორედ ნაციონალებმა მოქრთამეს. მოქრთამვაში ფულის გადახდას ვგულისხმობთ და სახელსაც ვიტყვით – შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი, რომელსაც ყველაზე დიდი ლობისტური კომპანია აქვს ევროპაში. ის არ მალავდა, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში მისმა კომპანიამ  26 მილიონ დოლარამდე მიიღო ოფიციალურად. რისთვის გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტმა ეს თანხა? სწორედ იმისთვის, რომ ევროპას ბევრ რამეზე დაეხუჭა თვალი, მათ შორის ადამიანთა უფლებების წიხლით გათელვასა  და სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებზე, რომელთა უმრავლესობა, უბრალოდ, აბსურდული იყო.

ჰოდა, ახლა ისევ  იმ  ევროპარლამენტარებს სურთ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში დაბრუნდეს ძალა, რომელიც მათ კვებავდა და კვებავდა ისე კარგად, რომ 10 წლის შემდეგაც კი ვერ მოინელეს ამ ლუკმის დაკარგვა. წეღან ბილდტი ვახსენეთ და, როცა სააკაშვილი  დააკავეს, მან თავში ხელი შემოირტყა და განაცხადა:  „საქართველოს ბედი სასწორზეა“-ო, ანუ სააკაშვილის დაკავებით თურმე ქვეყნის მომავალი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ… მსუყე ლუკმის დაკარგვის გარდა, ევროპარლამენტარებს არც ის მოსწონთ, რომ საქართველოში ვიზიტისას მთელი ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე არ გადადის და ფეხქვეშ არ ეგება; არ მოსწონთ, რომ საინფორმაციო გადაცემები  მათი ვიზიტით არ იწყება და ხბოს აღტკინებით არ შესცქერიან აქაური მაღალჩინოსნები. ხვდებიან, რომ ქვეყანა, რომელიც მათთვის ოქროს კვერცხს დებდა, საკუთარი მოსახლეობისთვის კი ბუნდღაც არ ემეტებოდა, ხელიდან ეცლებათ და ეცლებათ კარგა ხნით, ეგებ სამუდამოდაც, ამიტომაა,  ბოლო ბერკეტებს რომ იყენებენ, წნეხს არანორმალურად რომ  უჭერენ, ნებისმიერ კანონს გვიწუნებენ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს კანონი გერმანული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგი იქნება თუ იტალიის სამოქალაქო კოდექსიდან გადაწერილი – მათ არ მოსწონთ არაფერი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. მეტიც,  გვიმტკიცებენ, რომ, მაგალითად, კანონის ერთი კონკრეტული მუხლი გერმანიაში მუშაობს,  საქართველოში კი – არა, რადგან საქართველო მას საკუთარ თავს არგებს. არადა, წერტილ-მძიმეც კი არ არის შეცვლილი; მაშინ გერმანელები რატომ არ არგებენ მას საკუთარ თავს?  სინამდვილეში, გადასარევად არგებენ გერმანელებიც, იტალიელებიც, ფრანგებიც, ბერძნებიც და  მთელი ევროკავშირი, მაგრამ ამაზე არავინ ყვირის. ვისაც არ ახსოვს, მასაც შევახსენებთ, რომ ლამის მთელი ევროპა ბოლო ხმაზე კიოდა: სილვიო ბერლუსკონი მთავარი კორუფციონერი, მაფიოზი და გარყვნილი კაცია, არასრულწლოვნებს დასდევსო, და ეს კაცი 4-ჯერ იყო იტალიის პრემიერმინისტრი. უმაღლეს დონეზე აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ლიდერი ხვდებოდა, ამჟამად ის ევროპარლამენტის დეპუტატია.  დღესაც კი ევროპელ პოლიტიკოსებს რომ ჰკითხო, ბერლუსკონის, როგორც კორუფციის სიმბოლოს, ისე დახატავენ, მაგრამ იმხანად რეალობა სხვაგვარი იყო – იმხანად ფეხქვეშ ეგებოდნენ და აქაც მთავარი  დამნაშავე  ის  გვგონია, „რასაც სუნი არ აქვს“.

ახლა, თუ ვიტყვით, რომ  ამერიკაში უარესი ხდება და, საზოგადოდ, შტატები ელიტური კორუფციის მხრივ  ლიდერია, ოპოზიციამ შეიძლება საპროტესტო ნოტა  გვაახლოს და არც ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი დაიხევს უკან ამერიკელთა დასაცავად. უბედურებაც ის არის, რომ ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს, ერთადერთ ხსნად და გზად სწორედ დასავლეთი ესახება და ამის ბრალია სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ჯერაც რომ ვერ შეთანხმდა მმართველი გუნდი. აწ უკვე ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას  ჩემპიონი უწოდა კელი დეგნანმა და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის  ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, მიუღებელი იყო. ის იცავდა ოპოზიციისა და ლგბტ თემის ინტერესებს და  არასდროს დამდგარა უმრავლესობის მხარეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახალხო დამცველის მოვალეობა ის არის, რომ პოლიტიკურ პროცესებში უნდა ერეოდეს და  იყოს მხარე, ძალიან ცდება. სწორედ ასეთი კანდიდატი სურს მომავალ ომბუდსმენად ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს და გუნდში უთანხმოების მიზეზიც სწორედ ესაა. ისევ ევა კაილისა  და ამოღებულ 600 ათასს დავუბრუნდეთ. დაკავებული სულ 5  პირია, მაგრამ ჩხრეკა 16 მისამართზე  ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორუფციული სქემა ძალიან დიდია და შესაძლოა, მასში ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი იყოს ჩართრეულ-გარეული. არ გეგონოთ, ეს ამბავი გვიკვირდეს, მაგრამ  ეს   კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის და არა ოპოზიციისთვის. ოპოზიციამ ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის შეიძლება „გაუმაზო“ და მერე იმ მოქრთამულმა ევროპარლამენტმა ტრიბუნიდან  იძახოს  Free Misha   და ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნდესო. იმაშიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ხმამაღლა ამ თემაზე ევროპარლამენტში არავინ ისაუბრებს, რადგან ყველანაირად შეეცდებიან, მომხდარი მოსახლეობას მალე დაავიწყონ და ისევ  ხალხისთვის მებრძოლ ადამიანებად წარმოჩდნენ. სხვათა  შორის, ზევით ნახსენები ბილდტი, რომელმაც საქართველოს ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონით იხეირა, თავის დროზე იუგოსლავიის კონფლიქტში მედიატორის როლს ასრულებდა და, რითაც დასრულდა მისი მედიატორობა, კარგად მოგეხსენებათ – იუგოსლავია მარტივ მამრავლებად დაიშალა და ამერიკამ სერბებს გენოციდი მოუწყო. ამის მიუხედავად, ბილდტი ევროპისა და ამერიკისთვის ძალიან მისაღები ადამიანი იყო და არის. და მერე უკვირთ, სერბები ევროპარლამენტარებს უნდობლად რატომ უყურებენო.

დასასრულ,  ევა კაილის დაკავებას ქართულმა ოპოზიციურმა არხებმა ან მცირე დრო დაუთმეს, ან საერთოდ არ ახსენეს ეს ამბავი, ვითომ არც მომხდარა. მიზეზი მარტივია – ევროპას ისე წარმოაჩენენ, როგორც სურნელოვან ფუნთუშას, და მხოლოდ ქიშმიშს გვთავაზობენ. აი, იმ უგემურ ქერქს, რომელიც ამ შემთხვევაში ევა კაილი აღმოჩნდა, გემო არ უნდა გავუსინჯოთ.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here