Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ განაცხადა

პუტინმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ განაცხადა

153
პუტინმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ განაცხადა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წინადადებით, 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური დარტყმა განხორციელდა მაღალი სიზუსტის იარაღით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. დართყმები ასევე განხორციელდა სამხედრო ადმინისტრაციისა და ენერგეტიკის ობიექტებზე.

„დღეს დილით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით და რუსეთის გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, განხორციელდა მასიური დარტყმა შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინის ენერგეტიკის, სამხედრო ადმინისტრაციისა და კომუნიკაციების ობიექტებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დარტყმების შედეგების შესახებ სთხოვა მოხსენება.

პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა ცდილობდა ათობით ტერორისტული აქტის განხორციელებას, მათ შორის „თურქული ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებას. ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტზე საუბრისას პუტინმა მის დამკვეთად, ორგანიზატორად და შემსრულებლად უკრაინის სპეცსამსახურები დაასახელა. კიევის რეჟიმი დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ხაზგასმით აღნიშნა მან. “ეს ყველაფერი დასტურდება ობიექტური მონაცემებით, მათ შორის თავად ამ ტერაქტების, აწ უკვე დაკავებული, შემსრულებლების ჩვენებებით“, – დასძინა პუტინმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციაში ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, მოსკოვის პასუხები იქნება მკაცრი და თავისი მასშტაბით შესაბამისობაში იქნება საფრთხეების დონესთან.

„ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – დასძინა მან.

10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქებში აფეთქებების სერია მოხდა. ეს მოხდა კიევში, ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში, ტერნოპოლში, ოდესაში, ხარკოვში, დნიპროში, ხმელნიცკიში და სხვა ქალაქებში.

კიევის მეტროში მოძრაობა შეჩერებულია. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ხარკოვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად ქალაქის ზოგიერთ მაცხოვრებელს წყალმომარაგება შეუწყვიტა, ქალაქში მთლიანად შეწყვეტილია ელექტრომომარაგება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე ტამანის ნახევარკუნძულის მხრიდან სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რამაც სარკინიგზო მატარებლის შემადგენლობის შვიდი საწვავის ცისტერნის აფეთქება გამოიწვია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის“ მუხლით არის აღძრული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here