Home ახალი ამბები საქართველო “ოჯახი ყველაფერია”

“ოჯახი ყველაფერია”

1416
დავით მურაჩაშვილი

მხატვარი და მომღერალი დავით მურაჩაშვილი, რომელსაც “სინათლის მხატვრის” სახელითაც იცნობენ, ხატავს ისე, თითქოს სამყარო ხელისგულზე ედოს. მან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მღერის ( და ტყუპისცალ ძმასთან ერთად შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერამ “ბერიკაცი ვარ” მე–20 საუკუნის ოქროს ფონდში დაიკავა ადგილი), პროფესიად მხატვრობა აირჩია. 

როგორც ამბობენ, მხატვრისთვის წყლისა და სინათლის დახატვა ყველაზე რთულია, თუმცა დავითი, რომელიც ყველა ნახატს მელოდიის თანხლებით ქმნის, ამას ფუნჯის ერთი მარტივი მოსმით ახერხებს _ ფერები და კონტურები თავისით იკვეთება და მიმდინარეობაც დაუგეგმავად იბადება.

მის შემოქმედებით ნიჭს იშვიათობა იმ მხრივაც შეიძლება დაერქვას, რომ ტექნიკურად ურთულეს და უცნაურ ჟანრზეც, აპლიკაციაზე, მუშაობს. მასალად ფერად მინას, წებვად ქაღალდსა და საკანცელარიო დანას იყენებს და ასე ქმნის კომპოზიციებს , რომლებსაც ნახატებთან ერთად მომავალში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოადგენს.

დავით მურაჩაშვილის ნახატები გულგრილს არავის ტოვებს. ის მრავალ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, საქართველოში.

ასეთ ხელოვანს უთუოდ მუზაც უნდა სწყალობდეს, რომელსაც მხატვრის შემოქმედება გაუხდია პარნასად.

დავითის შემოქმედება კვლავაც მრავალს გაუფერადებს ნაცრისფერ დღეებს.

“ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გეჩვენება, ისეთი ბედნიერი ხარ, გგონია ცას მიწვდები ხელით, ხან კი ისე ხარ, თითქოს მთელმა სამყარომ შენთვის მოიცალა და სადაც არის გაგსრესს.

ხელოვანი ადამიანი უფრო ემოციურად განიცდის ამა თუ იმ მოვლენას, რა თქმა უნდა, მეც ასე ვარ. საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვცდილობ ყველაფერში პოზიტივი დავინახო, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს მომენტები, როცა, უბრალოდ, მარტო მინდა ვიყო და სიჩუმით დავტკბე, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათად ხდება.

დედაჩემს ხშირად უყვარს საუბრის დროს ანდაზებისა და ბრძნული აზრების გამოყენება, მაგრამ ერთი თავისი სიბრძნე აქვს და ამას მუდმივად გვიმეორებს _ “ოჯახი ყველაფერია”. დიდ ოჯახში გავიზარდე და ახლა მშობლებიგან ცალკე ვხოვრობ, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ, სამივე დედმამიშვილს, რა პრობლემაც არ უნდა გვქონდეს, სამივემ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი მშობლების სახლი ის ადგილია, სადაც კარგად მოგვისმენენ, დაგვარიგებენ და პრობლემების მოგვარებაშიც, შეძლებისდაგვარად, დაგვეხმარებიან, ამიტომ მეც ჩემი ცხოვრების დევიზად ეს გავიხადე _ “ოჯახი ჩემი ნავსაყუდელია, ოჯახი ყველაფერია, “ _ ამბობს ახალგაზრდა მხარტვარი დავით მურაჩაშვილი და განაგრძობს:

_ ყველა ადამიანი გარკვეული ვალით იბადება, ყველას აქვს თავისი წილი ვალი, ვალი მშობლების წინაშე, ვალი შვილების წინაშე, ვალი ქვეყნის და შეიძლება კაცობრიობის წინაშეც. თუ გამორჩეული ნიჭით იბადები, უნდა ჩათვალო, რომ გაცილებით მეტი ვალი გაქვს, შენი თანდაყოლილი ნიჭი უკვე ვალია უფლის წინაშე და მისი გამოუყენებლობის უფლება, უბრალოდ, არ გაქვს.

ხელოვანი ადამიანი ბუნებით რომანტიკოსი და მეოცნებეა. ის იმას ხედავს, რასაც სხვა ვერ დაინახავს. სწორედ ამიტომ არის ხელოვანი. მას უსაზღვრო ფანტაზია აქვს და სამყაროს მრავალგანზომილებიანად აღიქვამს. ბავშვობაში საოცარი ფანტაზიით გამოვირჩეოდი, ისეთ რამეს წარმოვიდგენდი ხოლმე, ვერავინ ვერ ხვდებოდა, ასეთი უცნაური აზრები საიდან მებადებოდა, ოცნება და ფიქრი ახლაც მიყვარს, ჩემი ნახატები ხან ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ხან ფიქრის და ხან ოცნების, გააჩნია, რა ხასიათზე ვარ.

_ რას ხედავთ ისეთს, რასაც სხვა ვერ ხედავს?

_ საერთოდ, საგნებსა და მოვლენებში რეალიზმსაც ვხედავ და ესთეტიც ვარ. ერთხელ გზაზე მანქანით მივდიოდი და დავინახე მოხუცი კაცი, რომელიც ხის ძირას იჯდა და გვერდით დოქი ედგა. ასეთი სურათი ბევრჯერ შეიძლება დაინახო, შეიძლება სხვა დროს მეც მინახავს, მაგრამ იმ მომენტისთვის ისე მომინდა ეს სურათი ტილოზე გადამეტანა, რომ სახლში მისვლისთანავე ტილო და საღებავები ავიღე და ხატვა დავიწყე, ახლა ეს სურათი მამაჩემის კოლექციაშია და ძალიან უყვარს.

შეიძლება ხატვის სურვილი სველი ფოთლიდან ჩამოვარდნილმა წყლის წვეთმა მომანდომოს ან სულაც მელოდიამ მოიტანოს ტილოზე გადასატანი თემა.

დასახატს რა გამოლევს, მთავარია, რა ემოცია მოაქვს შენს ნახატს. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ნახატები, ჩემი ემოციები ყოველთვის გულწრფელია, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ამას ყოველთვის გრძნობენ და მეუბნებიან კიდეც.

საოცარი კი ის არის, რომ არასოდეს ცდებიან. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს, ვისაც არ მოსწონს, მისი მადლობელიც ვიქნები, რადგან ეს მოტივაციას მომცემს, რომ უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე, ახალი ნახატები შევთავაზო ჩემი შემოქმედების დამფასებელ ადამიანებს.

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here