Home რუბრიკები სამართალი «ნიკოლოზობას სააკაშვილმა თავის შვილს დაბადების დღე მიულოცა, მე კი 8 წლის ანგელოზი...

«ნიკოლოზობას სააკაშვილმა თავის შვილს დაბადების დღე მიულოცა, მე კი 8 წლის ანგელოზი ხელში ჩამაკლა»

«დიდების მემორიალის» დემონტაჟის მსხვერპლი, ჯინჭარაძეთა ოჯახი, დღეს ტელეკომპანია «იმედის» თვითნებობას ეწირება. ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქ. #17-ში, 8-სართულიან კორპუსს ტელეკომპანია «იმედმა» საკუთარი ფილიალის ოფისისთვის კონსტრუქცია დააშენა. აღნიშნული კორპუსის მერვე სართულის მკვიდრი კი სწორედ ზემოთ ხსენებული ოჯახი გახლავთ.  ნინო ჯინჭარაძე და ფარვიზ სინატაშვილი გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» აღნიშნული ოჯახის ტრაგედიის დეტალებსა და ტელეკომპანია «იმედის» ქუთაისის ფილიალის უკანონო მშენებლობის შესახებ ესაუბრება.

ფარვიზ სინატაშვილი: _ ტელეკომპანია «იმედმა» ჩვენს სხვენზე თავისი ფილიალისთვის ოფისი ისე დააშენე, რომ არც ჩვენთვის (კორპუსის მცხოვრებთათვის) უკითხავს რამე და არც ოფიციალური ნებართვა მიუღია ქალაქის მერიისგან. რაც მთავარია, არ არსებობს დოკუმენტაცია კორპუსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 25-ტონიანი კონსტრუქცია ისე დაადგეს ამ კორპუსს თავზე, რომ ფუნდამენტიც კი არ შეუსწავლიათ. თავად მერიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი წესის მიხედვით კეთდება და ექსპერტიზის დასკვნაც არსებობსო, თუმცა მე ეს ძალიან მეეჭვება, რადგან, რომ არსებობდეს, აუცილებლად ცხვირწინ აგვიფრიალებდნენ; და თუ არსებობს, უარყოფითი იქნება, შესაბამისად, არ ასაჯაროებენ.

ეს კორპუსი 47 წლის წინათ კომუნისტებმა ააგეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს ბინა პრივატიზებულია და კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ხოლო ჩვენ, მერვე სართულზე მცხოვრები სამივე ოჯახი, სხვენის ავტომატიურ მფლობელებად ვითვლებით. ტელეკომპანიამ კი ჩვენს თავზე უნებართვოდ სინკარი მოხსნა და ჩვენი ჭერი იატაკად გამოიყენა. ტელეკომპანიის სველი წერტილები კი ჩემი მისაღები ოთახის თავზე დაამონტაჟა. უკვე ოთხჯერ დაზიანდა ტელეკომპანიის კანალიზაციის მილი და ოთხივეჯერ ჩამოჟონა მასამ მისაღებ ოთახში. მსგავსი შემთხვევისგან დაზღვეული არც არასოდეს ვიქნებით.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სახურავი ზამთარში გადახადეს. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არაა, წლევანდელი ზამთრის პირობებში, რა დღეში აღმოვჩნდებოდით უსახურავოდ დარჩენილი მერვე სართულის ბინადარნი. როგორც გარეთ, ისე წვიმდა და თოვდა ჩვენს ბინებში. ამას ემატებოდა ნგრევითი სამუშაოებით გამოწვეული მტვერი და ხმაური დილიდან დილამდე. წერაქვი, «პერფორატორები»… მოკლედ, «ლაზიკის» გარდა, ყველაფერი გამოიყენეს ამ ნგრევითი სამუშაოებისთვის. კომპანია «184»-ის მუშები და თავად საქმის მწარმოებელი, ბატონი ბიჭიკო ბოდიშებს გვიხდინენ, არ გვეგონა, თუ ამ პირობებში მოგვიწევდა მუშაობაო. 

უნდა გენახათ, რა საცოდაობა იყო, როცა დაღუპული დედა-შვილის ოჯახის ერთადერთი პატარა წევრი _ ანი ამ ხმაურზე თვალებგაფართოებული კედელზე აკრული კიოდა: «მამიდა, მიშველე, ჭერი თავზე გვენგრევაო». 10 წლის გოგონას ისედაც ფსიქიატრის ჩარევა დასჭირდა, იმ ტრაგედიის შემდეგ გონს რომ მოსულიყო. ბავშვი ოთახიდან ოთახში მარტო ვერ გადის და კიდევ სტრესი უნდოდა? ცალკე ჩემი მეუღლე გადაიყოლა ამ ტელეკომპანიის ოფისის მშენებლობამ. საწყალ ქალს ეყოფა ამდენი კივილი. სულით ბინძურმა სააკაშვილმა პარლამენტის შენობას, ამ «სურამის ციხეს», ხომ ჩემი მეუღლის რძლისა და 8 წლის ძმისშვილის სიცოცხლე ჩაატანა ბალავერში, ახლა ტელეკომპანია «იმედისთვის» ჩემი განადგურებული ცოლ-შვილის შეწირვაც მოინდომა. არ ეყო მსხვერპლი ჩვენი ოჯახიდან? რას გვერჩის, რა დავუშავეთ ასეთი, რომ უბედურებას უბედურებაზე გვიმატებს? ძაღლი არ შეუყეფს ჩვენს ოჯახს ამ ტრაგედიის მერე, მაგრამ ესენი ძაღლებიც არ გამოდგნენ და ჭერსაც თავზე გვანგრევენ.

_ გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე სართულის დაშენება და მისი ტელეკომპანიის ოფისად გამოყენება კორპუსის მოსახლეობასთან შეთანხმებით მოხდა…

_ ეს არის ცრუ ინფორმაცია. შეთანხმებას, ალბათ, იმას ეძახიან, მშენებლობის დაწყებიდან თვე-ნახევრის შემდეგ რომ იკადრეს მოსახლეობასთან შეხვედრა და უმეტესობა სხვადასხვა დაპირებით გააჩუმეს: ზოგს სადარბაზოს შეღებვაზე შეუთანხმდნენ, ზოგს _ ფანჯრების წინ ხის ტოტების მოჭრაზე, ზოგს _ ლიფტის გაკეთებაზე, ზოგიც მიმდინარე სამუშაოებზე დაასაქმეს. თუმცა მთავარი აქ ჩვენ ვიყავით _ მერვე სართულის სამი ოჯახი და ჩვენთან არავის არაფერი შეუთანხმებია, არც ოფიციალურად და არც სიტყვიერად. სამივე ოჯახი ერთმანეთზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩემი კარის მეზობელი, 84 წლის ქალბატონი ჟუჟუნა მარტო ცხოვრობს და ქალი დღე-ღამეში სამჯერ-ოთხჯერ გვიწუხდებოდა. რამდენიმეჯერ სასწრაფოს ლამის ხელში ჩააკვდა. ასე გრძელდება უკვე ნახევარი წელი.

თავდაპირველად, როცა ხელოსნები მოვიდნენ და გარკვეული მსუბუქი სამუშაოების შესრულება დაიწყეს, გვეგონა, სახურავზე ტოლს გვიგებდნენ. შემდეგ გვითხრეს, სახურავზე სათვალთვალო კოშკი იქნებაო, რა თქმა უნდა, მცირე მოცულობის, მაგრამ, როცა უკვე ნგრევითი სამუშაოები დაიწყო, ყველანი მივხვდით, რომ აქ გაცილებით მასშტაბური სამუშაო იგეგმებოდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან რომ ვერაფერი გავარკვიეთ, პოლიტიკურ პარტიებს მივმართეთ და მათგან შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენს თავზე «იმედის» ფილიალი შენდებოდა, რომელიც 25-ტონიანი კონსტრუქციის დადგმას საჭიროებდა.

 ის, რომ საკუთრების ხელყოფა მოხდა, არც თავად ტელეკომპანია და ადგილობრივი ხელმძღვანელობა უარყოფენ, თუმცა მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას არ აპირებენ. «იმედის» ხელმძღვანელობამ ჩვენთვის მხოლოდ ფარატინა ქაღალდის ნაგლეჯი გამოიმეტა, რომელსაც გიორგი ლომინაძე აწერს ხელს, იგი მოსახლეობას ბოდიშს გვიხდის, მშენებლობით გამოწვეული დისკომფორტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამასთანავე ვალდებულებას იღებს ყველა სახის მატერიალურ ზარალზე, სრული აბსურდი აღმოჩნდა. წერილის მიღებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ჩვენთან მოვიდნენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები და მხოლოდ ჭერის გაკეთებას დაგვპირდნენ. თითქოს ეს სველი, დაბურღული და დაბზარული კედლები მატერიალურ ზარალად არ ითვლებოდეს, მორალურ ზარალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

შევხვდით «იმედის» იურისტ გიორგი გიორგაძეს, რომელმაც მხოლოდ იმით გვანუგეშა, რომ დაგვპირდა, ჩემს ხელმძღვანელობას დეტალურად ავუხსნი თქვენს პრობლემებსო. ქალაქ ქუთაისის მერი კი ისედაც გაუბედურებულ ოჯახებს დაგვემუქრა: მე ვიცი თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ეს ქალაქს სჭირდება და, თუ ჭკვიანად არ იქნებით, სამართალდამცავები მოაგვარებენ ამ საქმესო. თან დაგვცინა, ჩემი ოჯახის აწიოკებას «ქარიშხალი ჭიქაში» უწოდა. ვერ გამიგია, ამ ქალაქის «კეთილდღეობას» სულ ჩემი ოჯახის წევრები რატომ უნდა შეეწირონ?! ამ ქვეყანას მარტო ჩემი ოჯახის სისხლი სჭირდება? მაშინ თვითონაც შესწირონ ქვეყნის კეთილდღეობას საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები.

_ რატომ შესაბამისი ზომები არ მიიღეთ სამართლებრივი კუთხით?

_ სინდისი, ნამუსი, ღირსება _ ყველაფერი ჩემს მხარესაა, მაგრამ რას მოვერევი ამ ორ მონსტრს _ «იმედსა» და ხელისუფლებას. დღევანდელი სასამართლო სასამართლოა? მაგათი სამართალი ყველაზე დიდი უსამართლობაა. არც ერთმა იურისტმა ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდა. ყველამ კარგად უწყის «იმედისა» და ხელისუფლების კავშირი. როცა ქუთაისის «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას» მივმართე, მითხრეს: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის კერძო საკუთრების უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე, ვერც ჩვენ და ვერც სხვა საუკეთესო ადვოკატები ვერ დაგეხმარებიანო. შეუძლებელია ხელისუფლებასა და ტელეკომპანია «იმედს» რომელიმე ადვოკატმა საქმე მოუგოსო. ფაქტობრივად, გულზე ხელებდაკრეფილი ვზივარ და ვუყურებ, როგორ მიწიოკებენ ცოლ-შვილს. მერედა რის გამო? იმ ამაზრზენი ტელევიზიის გამო, თითქოს ხალხის მსახური რომ არის?

სათაურშივე ტყუიან, კერძო კომპანია «იმედიო», რომ გაიძახიან. კერძო კომპანია კი არა ხელისუფლების ფეხის მლოკველია. სხვა რომ არაფერი, ჩვენი მაგალითიდანაც ჩანს, თუ ვისი მსახურია «იმედი», როგორ გაგვანადგურა მორალურად და მატერიალურად. რატომ ერთხელ არ გააშუქეს, რა მოჰყვა მაგათი ფილიალის აგებას ქუთაისში? ან რატომ სათანადოდ არ გააშუქეს როგორ განვითარდა მოვლენები მემორიალის ტრაგედიის შემდეგ, როცა უშიშროების წარმომადგენლებმა ყველა იმ პიროვნებას ჩამოართვეს ტელეფონები, ვისაც ამ ტრაგედიის რეალური კადრები, ფოტოები და მასალები ჰქონდა აღბეჭდილი? მაგრამ ტელეკომპანია «იმედი» მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც ზარ-ზეიმია, ხოლო იმ ბედნიერი სახეებიდან ნახევარ მეტრში რომ უბედურება და ქაოსი მძვინვარებს, მათთვის სულერთია. ეს გარყვნილი ტელევიზია კიდევ აქეთ გვიკითხავს ლექციებს სინდისზე, მორალსა და ზნეობაზე.

_ კონკრეტულად რა მოთხოვნებს უყენებთ ტელეკომპანია «იმედს»?

_ ჩვენი მოთხოვნაა, მე-8 სართულის სამივე ოჯახს ან «იმედის» პროექტში ჩაგვისვან ერთი ოთახი, ან კიდევ კომპენსაცია მოგვცენ როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზარალისთვის.

ცნობილი ფრანგული ფილმი «სათამაშო» ყველას გინახავთ, ალბათ, იქ პრეზიდენტი თავის ხელქვეითს უბრძანებს: გაიხადე და ისე ეჩვენე ხალხსო. ისიც გახდას დაიწყებს, შემდეგ პრეზიდენტი მიუბრუნდება და ეუბნება, რომელია ჩვენ შორის ურჩხული _ მე თუ შენო? ზუსტად ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოში. სააკაშვილს მისი ქვეშევრდომებისთვის რომ ეთქვა, წადით ახლა და იმ დაღუპული დედა-შვილის სასაფლაოზე იცეკვეთო, ისინიც დაუყოვნებლივ გაიქცეოდნენ. დამონებულია ეკლესიაც. რომელმა სასულიერო პირმა აღიმაღლა ხმა ჩვენი რომელიმე ტრაგედიის გამო? ერთადერთი ეგ იყო, რომ მეუფე კალისტრატემ მემორიალის ტრაგედიის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა: წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე იმდენად დიდი დღესასწაულია, ამ დღეს ფოთოლიც არ უნდა შეირხესო. ჩვენ, სამღვდელოებამ, დემონტაჟის შესახებ არაფერი ვიცოდითო (მოგეხსენებათ, დემონტაჟი სწორედ ნიკოლოზობას განახორციელეს). მანვე აუგო წესი დაღუპულ დედა-შვილს და ამ ყველაფრის შემდეგ სწორედ დედა-შვილის ძვლებზე დაშენებული პარლამენტის შენობის წინ იგი ზარ-ზეიმით იღებს პრეზიდენტისგან ბრწყინვალების ორდენს. როცა მეუფე კალისტრატე, სულიერი მამა, ამას აკეთებს _ ხალხს ერთ პიროვნებაზე ცვლის და საკუთარ განდიდებაზე ფიქრობს, სხვას რაღა უნდა მოვთხოვოთ? ის ტრაგედიები, რომლებიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, ეკლესიის დამსახურებაა. ეკლესია რომ თავის სიმაღლეზე იდგეს, ხელისუფლება ამდენ ზიანს ვერ მიაყენებდა ჩემს ოჯახს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, 26 მაისი რა მტკივნეული იყო ჩვენი ოჯახისთვის, ყველა ტრაგედიის თითოეული წამი გაგვახსენა ამ დღემ.

საუბარში ბატონ ფარვიზის მეუღლე _ ნინო ჯინჭარაძე ჩაერთო, რომელსაც რძალი და 8 წლის ძმისშვილი თვალწინ ჩაუქოლა ლოდების წვიმამ «დიდების მემორიალის» დემონტაჟის დროს.

_ ყველაფერს, მოველოდი, მაგრამ მეუფე კალისტრატე თუ ამ აღლუმზე საერთოდ მივიდოდა და მითუმეტეს ბრწყინვალების ორდენს მიიღებდა პრეზიდენტისგან, ვერც კი წარმოვიდგენდი. მან ხომ თავიდან ბოლომდე იცის ჩვენი ოჯახის ტრაგედია და ტკივილი. მაშინ ჩავთვალე, რომ კალისტრატე ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჩვენს ტრაგედიაზე ხმა აღიმაღლა და რაღაც ფორმით დაგვეხმარა-თქო.

ჩემი რძალი და ძმისშვილი ხომ სწორედ ამ ხელისუფლების დაუდევრობამ შეიწირა. მოსახლეობა გაფრთხილებული ვიყავით, რომ მემორიალის დემონტაჟი 21 ოქტომბერს მოხდებოდა, სააკაშვილის დაბადების დღეს. შემდეგ გაირკვა, რომ 21-ში მემორიალის წინ ოპოზიციური პარტიები მიტინგის გამართვას აპირებდნენ, დემონტაჟის ხელის შეეშლის მიზნით, და ხელისუფლებამ მათ დაასწრო, მემორიალი 19 ოქტომბერს _ სააკაშვილის უმცროსი ვაჟის დაბადების დღეს ააფეთქა. 19 ოქტომბერს _ ნიკოლოზობას სააკაშვილმა თავის შვილს დაბადების დღე მიულოცა, მე კი 8 წლის ანგელოზი ხელში ჩამაკლა.

ამბობენ, ეს იმერეთის გუბერნატორის ბრძანებით მოხდაო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენთან გუბერნატორები თვითნებურად ვერაფერს წყვეტენ. პოლიციამ 3 საათზე გაგვაფრთხილა, ბინები დაცალეთო და 4-საათზე უკვე მემორიალი ააფეთქეს. გაფრთხილებისთანავე ბავშვები ეზოში ჩავიყვანეთ. ვინ იფიქრებდა, თუ შესაბამისი უსაფთხოების ნორმები დაცული არ იქნებოდა. ვინაიდან დემონტაჟი ორი დღით ადრე განხორციელდა, მუშებს დამთავრებული არც ჰქონდათ მიწაყრილების ამოვსება _ 9 მეტრის მაგივრად 4-5 მეტრზე იყო ამოვსებული. შესაბამისად, აფეთქების დროს გადმოსროლილი ქვები 4-5-მეტრიან მიწაყრილს გადმოსცდა და პირდაპირ ჩემს ძმისშვილს _ 8 წლის ნინიკო ჯინჭარაძეს მოხვდა საფეთქლის არეში, დედას _ ეკა ცუცხვალიშვილს _ თვალისა და მუცლის არეში. ბავშვი იქვე გარდაიცვალა, ჩემმა რძალმა კი მხოლოდ ერთი საათი იცოცხლა. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. პატარა ნინიკო ჩემ გვერდით იდგა. ქვების წვიმაში მოვყევით ყველანი, ვინც კი მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდექით.

ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, ხელისუფლებამ მხოლოდ შემსრულებლები _ კომპანია «საქფეთქმშენის» სამი წარმომადგენელი დაიჭირა. არადა, როგორც ირკვევა, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა ქალაქს ევალებოდა. მართალია, დაკავებულებმა თავისი წილი დანაშაულისთვის პასუხი აგეს, არ უნდა დათანხმებოდნენ ბრძანებას, როცა იცოდნენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, მაგრამ ამ საქმის მთავარი დამნაშავეები სხვები არიან. ისინი დღესაც თავისუფლად დადიან. უნდა დაეჭირათ ის ხალხი, ვინც ორი დღით ადრე დემონტაჟის ბრძანება გასცა და კომპანიის წარმომადგენლები აიძულა, რომ მემორიალი აეფეთქებიათ, ასევე ის ხალხი, ვინც უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ შეძლო. მე არ ვიცი, ვინ იყო რეალურად დამკვეთი, მაგრამ ფაქტია, არც ის და არც პოლიციელები დაკავებულნი არ არიან. ამ ტრაგედიას მხოლოდ იმერეთის გუბერნატორის მოხსნა აკმარა სააკაშვილმა, სამაგიეროდ ის სხვა თანამდებობაზე გადაიყვანა. მომხდარი ტრაგედია ყველა სახელისუფლო არხმა მალევე ჩაახშო, ხოლო ინტერნეტში დადებული მასალები იმ დღეებშივე გააქრეს. საქმეს, მოგეხსენებათ, მთავარი პროკურატურა იძიებდა და კი ხედავთ, რა განაჩენითაც დახურა. საქმის ხელახალი გამოძიება ჩვენ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ, რა აზრი ჰქონდა?!

ნუთუ ხელისუფლებამ ამ ტრაგედიის ცოდვა იმით ჩამოირეცხა, რომ მიცვალებულთა ხარჯები დაფარა და პატარა ანი ჯინჭარაძეს, დედისა და დის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 25 ათასი ლარი დაუწესა სწავლისთვის, რომლითაც სრულწლოვნების ასაკში ისარგებლებს?!

ნუთუ ეს მიცვალებულები, იმ ანგელოზი ბავშვის სული იმდენს არ იმსახურებდნენ ხელისუფლებისა და სასულიერო პირებისგან, რომ 26 მაისს მათ საფლავებზე გასულიყვნენ, შენდობა ეთქვათ და ბოდიში მოეხადათ ჭირისუფლებისთვის? განა ამ პარლამენტს არ შეეწირა ეს ორი უდანაშაულო ადამიანი? რით იყო ის საცოდავი ბავშვი მაგათ შვილებზე ნაკლები?!

ხელისუფლებას ხელს არ აძლევს იმ საზარელი ტრაგედიის გახსენება, ასევე  «იმედის» ფილიალის აშენებასთან დაკავშირებული ფაქტების გახმაურება, მაგრამ ნათქვამია: «კაცმა ჭირი მალაო, ჭირმა თავი ვერ დამალაო». ფაქტები რომც გააქრონ, ეს ტრაგედიები ისტორიას დარჩება. ადამიანმა შეიძლება ყველანაირი გაჭირვება აიტანოს: სიცივე, შიმშილი, ტკივილი, მაგრამ, როცა ხედავ, არაფრად აგდებენ შენს სიმართლეს, გართმევენ ღირსებას და კიდეც გამცირებენ, ამის ატანა უკვე შეუძლებელია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქ. ქუთაისის მერიას და ტელეკომპანია «იმედს» დავუკავშირდით.

 ქუთაისის მერის _ გიორგი თევდორაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი დეისაძემ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. «მერი ძალიან დაკავებულია, მე კი სიცხიანი ვარ და ჩემი ავადმყოფობის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. შეკითხვებს სხვასთან ვერ გადავამისამართებ. ასე რომ, პრობლემა არაა, თუ სტატიაში ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული არ იქნება», _ აღნიშნა მან სატელეფონო საუბრისას.

რაც შეეხება ტელეკომპანია «იმედს», ჩვენ მის გენერალურ დირექტორთან _ გიორგი ლომინაძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ისიც დაკავებული აღმოჩნდა. მართალია, დაკავშირების მოტივი დაწვრილებით გამოგვკითხეს და დაგვპირდნენ, რომ გენერალური  დირექტორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავად დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულეს _ კომენტარს  ტელეკომპანიამაც თავი აარიდა.

ეკა რობაქიძე,
«საქართველო და მსოფლიოს»
სპეციალური კორესპონდენტი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here