Home რუბრიკები საზოგადოება «კადრები წყვეტენ ყველაფერს»

«კადრები წყვეტენ ყველაფერს»

962

ბატონ გიორგი გამცემლიძის წერილში, რომელიც «საქართველო და მსოფლიოს» მეჩვიდმეტე ნომერში გამოქვეყნდა, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ნათლად, ანალიტიკურად არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში მსუბუქი მრეწველობის სავალალო მდგომარეობა და სწორად არის დანახული არსებული ვითარების დაძლევის პერსპექტივა. ვადასტურებ ამას თუნდაც გლდანის ტრიკოტაჟის თეთრეულის წარმოების კომბინატის მაგალითით. აქვე შევეცდები, ვუპასუხო შეკითხვას, თუ რაზე შეიძლება ვიფიქროთ სამომავლოდ.

1980-იანი წლების ბოლოსთვის გლდანის ტრიკოტაჟის ფაბრიკის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის დონე და ასორტიმენტი ისეთი იყო, რომ მაინც და მაინც ჩვენთან ტარდებოდა საკავშირო კონფერენციები ტექნოლოგიურ თუ სამხატვრო საკითხებში გამოცდილების გასაზიარებლად. გამოშვებული პროდუქციის (22 მილიონი ცალი წელიწადში) 80 პროცენტს რუსეთის და სხვა რესპუბლიკების ბაზარი ითვისებდა. ამავე წლებში მოხდა ფაბრიკის მნიშვნელოვანი გადაიარაღება ევროპული უახლესი ტექნიკით, მაგრამ მისი ათვისება ვერ მოხერხდა ქვეყანაში უკვე დაწყებული დაჩქარებული ნგრევის პროცესის გამო.

დღესდღეობით ფაბრიკას შენარჩუნებული აქვს ძირითადი საწარმოო კორპუსი და მიმდებარე ტერიტორია.

დარგის სამომავლო აღორძინებაზე რომ ვიფიქროთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად წინ წავიდა მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკა, ამ პროცესში ჩვენი ჩართვა კი დამოკიდებულია ინვესტიციების  მოზიდვაზე, ინვესტორებზე, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ აღნიშნული დარგის განვითარებაზე, ფლობდნენ ბიზნესს ამ კუთხით და ფიქრობდნენ საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზე. თუ საქმე ასე წარიმართა, ჩვენ წინაშე დადგება მწვავე პრობლემა, რომელიც გამოიხატება საკადრო საკითხში: განვლილი 23 წლის მანძილზე ჩვენს მოძველებულ ტექნიკას და ტექნოლოგიას თან გაჰყვა კვალიფიციური მუშახელი და ინჟინერტექნიკური პერსონალი (თითქმის ერთი თაობა დაიკარგა). ახალ ტექნიკას კი ახალი, მაღალი კვალიფიკაციის კადრები ესაჭიროება, ინვესტორი ამათ ვერ ჩამოიყვანს, მას ადგილზე უნდა დახვდნენ პროფესიონალები.

ბატონი გიორგი გამცემლიძეც ამას აღნიშნავდა: პროფტექნიკურ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება პირველი რიგის ამოცანად უნდა იქცეს.

საკითხისადმი ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება მსუბუქი მრეწველობის დარგის აღორძინებისთვის საფუძვლის მოსამზადებლად.

რუდოლფ რაქვიაშვილი,

სააქციო საზოგადოება «გლდანის» დირექტორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here