Home რუბრიკები ეკონომიკა კაპიტალიზმის კრიტიკა: საქმე ლაპარაკის ნაცვლად

კაპიტალიზმის კრიტიკა: საქმე ლაპარაკის ნაცვლად

924

The Guardian-ის არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა ევროსა და ზოგადად, ევროზონის კრიზისს. ლიბერალური ეკონომიკის მიმართ სულ უფრო მზარდი რეგულირების მექანიზმების გამოყენება უთუოდ აფიქრებინებს ადამიანს, რომ ევროპამ ეკონომიკის მართვის იმ მეთოდებს მიმართა, რომელსაც საბჭოთა კავშირს უწუნებდა.

თუ ევროზონის ქვეყნების  ლიდერები მომავალშიც განაგრძობენ ბანკების იძულებას მათი ბიუჯეტის შესამცირებლად, – ევროკავშირს მომავალი არ ექნება. დიდი სოციოლოგი და ისტორიკოსი იურგენ კოკა ამბობდა, რომ კაპიტალიზმის კრიზისი ხშირად რეფორმებს უბიძგებს, რაც მისსავე გადარჩენას ემსახურება. ამ სიტყვებში იმედის შუქი და ამავე დროს, გაფრთხილებაცაა: თუ ევროს კრიზისი მისი ფარული პოტენციალის გამოყენების შანსს იძლევა, იგი დაუყოვნებლივაა გამოსაყენებელი. ადრე კრიზისები სტრუქტურულ რეფორმებს იწვევდა. ახლა კრიზისებმა სახელმწიფო რეგულირების ინსტიტუციონალიზაცია და, რაც მთავარია, კეინსიანური ეკონომიკური პარადიგმის ჩამოყალიბება მოიტანა, რომელიც დიდხანს იყო გაბატონებული ეკონომიკურ მეცნიერებაში. ასეთია გლობალური სურათი.
„პოტენციალი“ საბოლოო ჯამში „დაინტერესებულ პირთა“ თითებს შორის გაიპარა და არარაობად იქცა. ეს ხმაური, რომლითაც ახლა ევროპაა მოცული, იმით აიხსნება, რომ გერმანიის მმართველმა კოალიციამ (სოციალ–დემოკრატები და მწვანეები),  ყველაფრის დერეგულაცია მოახდინა, რისაც შეიძლებოდა და რისაც – არა, ახალ თარგზე მოჭრა გადანაწილების ჩამოყალიბებული დონეები და ეს პოტენციალი ბერლინის კედელს შეაზილა.
გვასწავლა თუ არა ვალების კრიზისმა ევროზონაში რაიმე? რაღაც არ ჰგავს. იმას, რასაც ხალხს კრიზისული მართვის სახელით სთავაზობენ, არაფერი აქვს საერთო კოკას მიერ ნახსენებ პოტენციალთან. ევროს გადასარჩენად ბაზართან შეჯიბრში მთავრობები მორიგ მარცხს იწვნევენ. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მიზეზებს ებრძოლონ, ისინი ცდილობენ, ეს მიზეზები გადაწყვეტილებებად წარმოაჩინონ. სახელმწიფოს კი, 2008 წლიდან მოყოლეული, კერძო სექტორის დამსახურებით წარმოქმნილი ხერგილების წმენდა უწევს. როგორც კი სახელმწიფო ბიუჯეტებმა კერძო სექტორის კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ხარჯები შეიწოვა, პოლიტიკოსებმა ახალი რეცეპტი გამოწერეს „სახელმწიფო კრიზისის“ სამკურნალოდ.
კრიზისთან ერთად ევროპა გერმანულმა პრინციპმა მოიცვა: „არა ვალებს!“ –  შესაძლოა, ხელმომჭირნე „შვაბი დიასახლისის“ წყალობით, მაგრამ სხვა მიზეზებიც არის. ანგელა მერკელი აცხადებს: „არ უნდა დავუშვათ, რომ ინვესტორებს რწმენა გაუქრეთ“. ნათელია, ვის მხარესაა მერკელი. ბოლო დროს ევროპული დებატები იმას ეძღვნება, რომ შეინარჩუნონ ფული, ვალების მოთხოვნის უფლება და კონკურენტუნარიანობა. როგორც კი ვინმე მორცხვად მოითხოვს „წყალობას ევროპისთვის“, მას მაშინვე ხმას ჩააგდებინებენ ახალი სანქციების, საბიუჯეტო დისციპლინის და სუვერენული დეფოლტების მოწოდებებით. მეტიც, – კოალიცია ვერ მალავს შიდა უთანხმოებას ევროპული პოლტიკის საკითხებში. ის, რომ მომავალში პარლამენტი უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროს გადასარჩენად მიმართულ ღონისძიებებში, არ წარმოადგენს პასუხს კითხვაზე, თუ რის გადარჩენაა საჭირო.
„თუ ევრო დაეცემა, დაეცემა ევროპაც“, – აცხადებს მერკელი და ამით ყველას აჩვენებს საფრთხეს, რომელიც ერთიანად წალეკავს მმართველ პარტიებსაც, მცირე მეანაბრეებსაც, დახმარების იმედზე მყოფთაც, მუშებსაც, სტუდენტებსაც, მხატვრებსაც და დიასახლისებსაც. ეს ფრაზა მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა, ვინაიდან ევროპის საუკეთესო საფუძვლები ინგრევა, იმ ევროპისა, რომელსაც შეეძლო გახსნილობის შენარჩუნება და დიალოგისთვის მზადყოფნა ლისაბონის შეთანხმების ირგვლივ კამათისას. ვისაც ევროპის გადაჩენა სურს, მხოლოდ პროჟექტებსა და ელიტების ეკონომიკურ ინტერესებზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ – დემოკრატიის დეფიციტზე, საგადასახადო კონკურენციაზე და სოციალურ წნეხზე. უარი უნდა ითქვას ისეთ „მხსნელებზე“, როგორიც მერკელი, სარკოზი და მისთანანი არიან.
ერთის მხრივ, ეს აუცილებელია, რადგან კრიზისული მართვის გზით იქმნება ევროკავშირის მომავალი კონსტიტუციური რელობა. მეორეს მხრივ, ეს არც ისე ადვილია, ვინაიდან ერთიანი თანამეგობრობის მიერ შეთავაზებულ ხსნის გეგმაზე ნათქვამი „არა“ აღიქმება, როგორც ევროსკეპტიკოსთა პოპულიზმი. რომელიც ასე სწრაფად ვრცელდება ევროპაში. ამ გზას აცდენილმა ევროპის კრიტიკოსებმა ტაბლოიდ Bild–ის სახით რუპორი იპოვეს. ახლა მათ მხოლოდ პარტიაღა აკლიათ. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, ევროპის მოქალაქეთა ორ მესამედს სჯერა, რომ საერთო ბაზარს სარგებელი მხოლოდ მსხვილი კორპორაციებისთვის მოაქვს. ნახევარს მიაჩნია, რომ ევროპულმა სტატუს კვომ სამუშაო პირობების გაუარესება მოიტანა. ეს კარგად მეტყველებს იმ ევროპის ხასიათზე, რომლის გადარჩენასაც მერკელი აპირებს. თუმცა შეცდომა იქნებოდა ბრძოლის ველის მიტოვება იმათ სასარგებლოდ, ვინც გამოსავალს გრემანული მარკის დაბრუნებაში, სოლიდარობაზე უარის თქმასა და ნაციონალურ შეზღუდულობაში  ხედავს.
ფსონზე რეგიონის ბედია დადებული. არც მეტი და არც ნაკლები. თუ ევროპული კრიზისი „ზემოდან“ გადაწყდება, ეს ავტორიტარულ და ტოტალურ ეკონომიკამდე მიგვიყვანს, რაც პოლიტიკოსებს მანევრის საშუალებას მოუსპობს, ხოლო სოციუმს ევროპულ იდეალს დააშორებს. ან „ქვემოდან“ ზეწოლა აიძულებს მთავრობებს მათი კურსის კორექტირებას. პროფკავშირის სარეკლამო კამპანია ამისთვის არ კმარა. არც ერთ კრიზისს არ გამოუვლენია „პოტენციალები“ მხოლოდ მოწოდებების ხარჯზე. იურგენ კოკა შეგვახსენებს, რომ ამისთვის კაპიტალიზმის კრიტიკა, პოლიტიკური ვალდებულებანი და საზოგადოების მობილიზაცია არის საჭირო. კრიტიკა საკმარისად გვაქვს, მაგრამ ლაპარაკის ნაცვლად საქმის კეთება სჯობს.
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here