Home რუბრიკები ეკონომიკა ჯორჯ სოროსი: როგორ ავირიდოთ მეორე „დიდი დეპრესია“

ჯორჯ სოროსი: როგორ ავირიდოთ მეორე „დიდი დეპრესია“

703

საფინანსო ბაზრები მსოფლიოს ახალი „დიდი დეპრესიისკენ“ უბიძგებენ, ხოლო ხელისუფლებამ, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებში, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა, წერს თავის ბლოგში The Financial Times-ის საიტზე ფინანსისტი ჯორჯ სოროსი.
„ხელისუფლებამ კვლავ უნდა დაუქვემდებაროს კონტროლს ის, რაც ხდება, თანაც დაუყოვნებლივ“ – ასეთია ავტორის მოწოდება. იგი სამი ნაბიჯის რეკომენდაციას იძლევა. პირველი: ევროზონის სახელმწიფოთა მთავრობებმა უნდა მიაღწიონ პრინციპულ შეთანხმებას ევროზონის ერთიანი ფინანსთა სამინისტროს შექმნის შესახებ. მეორე: „გადასცენ მსხვილი ბანკები ევროპის ცენტრალური ბანკის მართვაში და სანაცვლოდ დროებითი გარანტიები და პერმანენტული რეკაპიტალიზაცია მიიღონ“. მესამე: ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთს, მათი ვალების მინიმალური პროცენტით რეფინანსირების ნება დართოს. „ეს ნაბიჯები დააწყნარებს ბაზარს და ევროპას ზრდის სტრატეგიის შემუშავების დროს მიცემს, რომლის გარეშეც ვალების პრობლემა ვერ მოგვარდება“, – აცხადებს სოროსი.
ერთიანი ფინანსთა სამინისტროს შექმნა დროს მოითხოვს. ევროპის სტაბილიზაციის ფონდი, რომელიც ახლა იქმნება, არსებული სახით მხოლოდ ფინანსირების წყაროს წარმოადგენს, ხოლო როგორ დაიხარჯოს ფული, ამას ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს. „იმისთვის, რომ ფონდმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა შეძლოს, ახალი სამთავრობათაშორისი სააგენტო იქნება საჭირო“, – აღნიშნავს სოროსი.
მისი აზრით, გადაუდებელი ამოცანაა – არ დავუშვათ, რომ საბერძნეთის მოსალოდნელი დეფოლტი სხვა ქვეყნებსაც გადაედოს. ყველაზე მოწყვლადი ორი ადგილი – ბანკები და სახელმწიფო ობლიგაციებია იტალიისა და ესპანეთის მსგავს ქვეყნებში. სოროსი მათი დაცვის საკუთარ ალგორითმს სთავაზობს. „ევროპის სტაბილიზაციის ფონდი ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს საბანკო ანაბრების გარანტიისათვის და ბანკების რეკაპიტალიზაციის მიზნით“, – წერს ავტორი. მსხვილმა ბანკებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ევროპის ცენტრალური ბანკის ინსტრუქციების შესრულების ვალდებულება გარანტიების მოქმედების განმავლობაში. ეცბ მათ დაავალებს „შეინარჩუნონ კრედიტების მაქსიმალური ჯამი და დებიტორული დავალიანების საერთო ჯამი, აგრეთვე ყურადღებით ადევნოს თვალი ბანკების საკუთარი სახსრების ოპერაციათა რისკებს“. სოროსის აზრით, ამგვარად მოხერხდება „კონცენტრირებული დეგირინგის შეჩერება, რომელიც კრიზისის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია“.
სახელმწიფო ობლიგაციებზე ზეწოლის შესამცირებლად ეცბ საკუთარ დაწესებულ დისკონტს დასწევს. შემდეგ იგი წაახალისებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, რათა მათ მოიზიდონ თანხები სახაზინო ვექსილების ემისიის გზით, ხოლო ბანკებს მათი შეძენის სტიმულს მისცემს. „ბანკებს შეუძლიათ ეცბ–ში ამ ვექსილების განაღდება, მაგრამ ამას არ გააკეთებენ, თუ ვექსილებზე მეტს მოიგებენ, ვიდრე ნაღდ თანხაზე“, – ასეთია სოროსის რეკომენდაცია.
ასე, იტალია და სხვა ქვეყნები შეძლებენ რეფინანსირებას წლიურ 1 პროცენტად, მაგრამ მათ მოუწევთ მკაცრი დისციპლინის დაცვა; სხვაგვარად ეცბ და სტაბილიზაციის ფონდი ვექსილების ყიდვას შეწყვეტენ და ბაზარი შეძლებს რისკის დანამატის დადგენას. „ეს ზომები საშუალებას მისცემს საბერძნეთს, გამოაცხადოს დეფოლტი, მაგრამ არ გამოიწვიოს გლობალური კრიზისი“, – წერს სოროსი და ხაზს უსვამს, რომ საბერძნეთს არავინ აიძულებს დეფოლტის გამოაცხადებას.
„ეს ზომები დროს მოგვაგებინებს. გრძელვადიანი გადაწყვეტილებები უფრო რთული საქმეა, რადგან ეცბ არ დატოვებს ადგილს ეკონომიკის სტიმულირების ფისკალური ზომებისთვის, ხოლო ვალების პრობლემის გადაჭრა ზრდის გარეშე შეუძლებელია“. სოროსს ესმის, რომ ბანკების ეცბ–ს კონტროლისთვის დაქვემდებარება თავად ბანკებისა და ეროვნული მთავრობების წინააღმდეგობას გამოიწვევს. მხოლოდ მოქალაქეთა ზეწოლამ შეიძლება აიძულოს ისინი, განახორციელონ ეს ზომა, მიაჩნია სოროსს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here