Home რუბრიკები საზოგადოება წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა

წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა

252

გადმოცემის თანახმად, წმიდა მოციქული იაკობი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში _ წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა (1 კორ. 15,7). გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად (გალ. 2,9) მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა.

წმიდა იაკობი გახლდათ მარიამის საქმროს – იოსების ძე პირველი ქორწინებიდან. იგი უფლის მიერ კურთხეულ იქნა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დედის მუცელში იმყოფებოდა. იაკობი იმდენად მართალი იყო თავისი ცხოვრებით, რომ მას ყველა ებრაელი “მართალს” და “ობლიას” უწოდებდა, რაც ებრაულ ენაზე “ხალხის საყრდენს (ბურჯს)” და “სამართლიანობას” ნიშნავს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან, იაკობი მკაცრ, ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. არ სვამდა ღვინოს და არც სხვა მაგარ სასმელს არ ეკარებოდა. ბაძავდა რა იოანე ნათლისმცემელს, არასდროს იღებდა ისეთ საკვებს, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების სურნელს ატარებდა. იაკობს თავზე სამართებელი არასდროს გადაესვა, როგორც ამას ავალდებულებდა კანონი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კი სურდა თავი უფლისთვის მიეძღვნა. არასდროს ებანავა და არ ეცხო ზეთი, სამაგიეროდ, სხეულის ნაცვლად, გამუდმებით ზრუნავდა თავის სულზე.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა იაკობი ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იოსაფატის ღელის ერთ-ერთ მღვიმეში იყო განმარტოვებული და აღთქმაც ჰქონდა დადებული, მანამდე არ მიეღო საზრდო, სანამ უფალი იესო ქრისტე არ აღსდგებოდა და არ გამოეცხადებოდა მას.

იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მოციქულებმა ერთხმად აირჩიეს მართალი იაკობი იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად. სრულყოფილი საქმისა და თეორიის ყველა სათნოებაში, იაკობი მარტოდმარტო შედიოდა ახალი აღთქმის წმიდათა წმიდაში, არა თუ წელიწადში ერთხელ, როგორც ამას იუდეველთა მღვდელმთავარი იქმოდაარამედ ყოველ დღე, რათა აღესრულებინა წმიდა საიდუმლო. სელის ქსოვილით შემოსილი სრულიად მარტო მიდიოდა ტაძარში და საათების განმავლობაში მუხლმოყრილი შესთხოვდა უფალს ხალხისა და სამყაროს გადარჩენისათვის.

წმიდა იაკობი წინ უძღვოდა აპოსტოლურ სინოდს და, როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ საკითხს – უნდა შეესრულებინათ თუ არა წინადაცვეთის რიტუალი მის თანამემამულეებს, რომლებიც ქრისტიანულ სარწმუნოებას შესდგომოდნენ, მისი მოსაზრება იყო, რომ არ დაეტვირთათ ახლადმოქცეულნი ძველი კანონის მითითებებით, არამედ “მიწერად მათდა, რაითა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაისა და სიძვისაგან” (საქმე 15, 20). გარდა ამისა, წმიდა იაკობმა შეადგინა ეპისტოლე, რომელმაც მისი სახელი წმიდა წერილში შეიტანა. სწორედ ამ ეპისტოლეში იგი აღნიშნავს იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ღმერთს ბოროტების მიზეზადაც მიიჩნევდნენ.

ამასთანავე წმიდა იაკობი მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ თავიანთ სარწმუნოებაზე საუბრის დროს არ შემოიფარგლონ მხოლოდ იესო ქრისტეზე საუბრით, არამედ თავიანთი რწმენა სიკეთის სამსახურში ჩადენილი საქმეების მეშვეობით გამოამჟღავნონ: “რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს” (იაკობ 2, 26). წმიდა იაკობი ასევე უამრავ რჩევა-დარიგებას იძლევა იმ მიზნით, რომ ადამიანმა შეძლოს ღმრთისთვის სასურველი ცხოვრების გზის გავლა და უფლის მიერ ბოძებული სიბრძნის მოპოვება. გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევძლოთ უფლის ყველა წყალობის შეცნობა: “ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ” (იაკობ 1, 16-17). ამასთან ერთად, წმიდა იაკობმა შეადგინა საღმრთო ლიტურგია, რომელიც ატარებს მის სახელს და რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ღმრთისმსახურებისთვის პირველწყაროს.

ქრისტეს შობიდან დაახლოებით 62 წელს, იუდეველთა მმართველ ფესტოსის სიკვდილის შემდეგ, რეგიონი უწესრიგობამ და ანარქიამ მოიცვა. ებრაელებმა, რომლებმაც მანამდე ვერ აღასრულეს თავიანთი მცდელობა და ვერ მოკლეს პავლე (საქმე 25-26), ახლა იაკობისკენ მიმართეს მზერა, რადგან მისმა, როგორც მართალი ადამიანის, სახელმა ხალხი მისი ქადაგების მიმართ ნდობით განაწყო. მრავალმა ადამიანმა, მათ შორის, როგორც უბრალო მოსახლეობამ, ისე უხუცესებმა მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება. მწიგნობარნი და ფარისეველნი შიშობდნენ, რომ სულ მალე ყველა ერთხმად აღიარებდა იესო ქრისტეს, როგორც მესიას.

მწიგნობარნი და ფარისეველნი წარდგნენ იერუსალიმის ეპისკოპოსის წინაშე, ფარისევლურად და თვალთმაქცურად შეასხეს ხოტბა მის სათნოებასა და სამართლიანობის გრძნობას. მათ ეპისკოპოსს ამგვარი სიტყვებით მიმართეს: “გევედრებით შენ, სამართლიანსა და მიუკერძოებელს, რათა დაარწმუნოთ ხალხი, რომლებიც მალე შეიკრიბებიან აღდგომის აღსანიშნავად, რომ ისინი არ დამორჩილდნენ იმ შეცდომას, რომელიც იესოს პიროვნებას შეეხება. გევედრებით, რომ დადგეთ ტაძრის ფრთაზე, ისე რომ მთელმა ხალხმა შესძლოს თქვენი დანახვა და თქვენი ხმის მოსმენა და რა თქმა უნდა, იმ თანამემამულეებმაც, რომლებიც იქ დღესასწაულისათვის შეიკრიბებიან”.

როდესაც იაკობი ავიდა და დადგა ტაძრის ფრთაზე, მწიგნობარნნი და ფარისეველნნი ხალხის რიგებში იდგნენ და იქიდან უყვიროდნენ მას: “გვითხარი ჩვენ, სამართლიანო მსაჯულო, რისი უნდა გვწამდეს, რომ ხალხი გზას არის აცდენილი და სწამს ჯვარზე გაკრული იესოსი, გაგვიმჟღავნე, თუ ვინ არის ეს იესო”. მაშინ იაკობმა ჟღერადი ხმით უპასუხა: “რატომ მეკითხებით ადამიანის ძეზე? ის ახლა ზეცაშია დაბრძანებული, თავისი ყოვლისმპყრობელი მამის მარჯვნივ. იგი კვლავ მოვა ჩვენთან ღრუბლებზე მჯდომარე, რათა სამართლიანად განსაჯოს მთელი ქვეყნიერება”.

ხალხში მრავალი ისეთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაც სწამდა იაკობის სიტყვებისა და მათ ხმამაღლა შესძახეს: “ოსანა დავითის ძეს!”. მაგრამ ამ დროს, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გამოაჩინეს თავიანთი ეშვები და შესძახეს: “თუმცა არის სამართლიანი, მაგრამ იტყუება”! აცვივდნენ ტაძრის ფრთაზე და ძირს ჩამოაგდეს წმიდა იაკობი, რათა აღესრულებინათ ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული: “შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ სახუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ” (ესაია წინასწარმეტყველი 3, 10). მიუხედავად იმისა, რომ იაკობი საკმაოდ მაღალი ადგილიდან ჩამოვარდა, იგი მაინც ცოცხალი გადარჩა. მაშინ კი იუდეველებმა ქვები დაუშინეს მას. წმიდანი წამოდგა და მუხლმოყრილმა შეჰღაღადა უფალს, მსგავსად იესო ქრისტესი და წმინდა სტეფანელი (ლუკა 23, 34; საქმე 7, 59-60): ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”.

სწორედ იმ დროს, როდესაც წმიდა იაკობი ლოცულობდა თავისი მდევნელებისა და მოძალადეებისათვის, ხალხის ბრბოდან გამოსულმა ერთ-ერთმა იუდეველმა, რომელიც ძალიან განერისხებინა სამართლიანი იაკობის ესოდენ დიდი და ურყევი სიყვარულის ხილვას, აიღო ხის დიდი ჯოხი, რომლითაც მაშინ ნაჭრებს აშრობდნენ, და ჩაარტყა წმიდანს თავში. აი, ამგვარად ეწამა მართალი იაკობი უფალი იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის რწმენისათვის. იგი იქვე, ტაძართან ახლოს, დაკრძალეს. იმდენად დიდი იყო იაკობის სათნოებათა სახელი, რომ ყველაზე სკეპტიკურად მოაზროვნე ებრაელიც კი ფიქრობდა, რომ სწორედ მისი მოწამეობრივი სიკვდილი გახდა მიზეზი იმისა, რომ ქრისტეს შობიდან 70 წელს, იერუსალიმი ალყაშემორტყმმული და განადგურებული იქნა.

წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი უკვე ნანობდნენ თავიანთ საქციელს: “შევცდით, რომ ყველასგან პატივდებულ მოსაგრეს ასე დავამოწმებინეთ ქრისტე”. ისინი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი ხსენების დღედ 5 ნოემბერი დააწესა.

წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.

მომზადდა წიგნიდანწმიდანთა ცხოვრება”,

ტომი IV, თბილისი, 2003 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here