ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიმდინარე წლის 8 ივლისს მიიღო ე.წ. ჰააგის დეკლარაცია, რომელიც საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, ინიციატივით წარდგენილ კრიტიკულ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები:
* ასამბლეა შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელებისა” და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის შესახებ ცნობებით;
* გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს”, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს;
* შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატიური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რომელიც არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის დე ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას.
ამ რეზოლუციის გამო ქართველი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა დაიწყო საუბარი, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ სტრუქტურებში არ არის, ყველა რესურსი ამოიწურა და ჩვენმა ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობა.
ეუთოს რეზოლუციასა და საქართველოს არჩევანზე გვესაუბრება პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი მიხეილ ჟღენტი:
_ თუ გახსოვთ, შეკითხვა _ „რომელ წელს შევა საქართველო რუსეთთან ალიანსში?” _ პირველად თქვენს გამოცემასთან ინტერვიუში დავსვი, როდესაც დავბრუნდი მინსკიდან, სადაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს დავესწარი, როგორც დამკვირვებელი საქართველიდან. დღეს ეს შეკითხვა უფრო საჭირბოროტოა, რატომ? შევეცდები, ჩემი ხედვა მოგახსენოთ. დაკარგული 35 წელიწადი, დაკარგული სიცოცხლეები, დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული თაობები და იმედები… ეს 35-წლიანი ტყუილი, რომელიც თავს მოვიხვიეთ, შეიძლება ითქვას, დასრულდა.
ჩნდება შეკითხვა: „ევრო-ნატოში” ვერ შევედით, ახლა საით?
ამ თემაზე ჯერ არც მოსკოვი გვესაუბრება და არც მინსკი, მაგრამ ვფიქრობ, ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომამდე დიდი დრო არ დარჩა. პატივს ვცემ ყველა გაერთიანებას: ,,3+3,,-ს, ,,ევრაზიულ კავშირსა” და სხვას, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო არის მოდელი, რომელშიც სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებით შევძლებთ სტრატეგიული კავშირის დამყარებას რუსეთთან. ახლა ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ გარწმუნებთ, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გარდაუვალია და, სანამ იძულებულები ვიქნებით, ქართული ტრადიციული ღირსებით დავიწყოთ ამ მიმართულებით მოძრაობა.
_ რამ შეიძლება აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რუსეთს დაელაპარაკოს, მეტიც _ მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმოს?
_ ეუთოს ბოლო სამიტმა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ დასრულდა, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, როგორი აგრესიაა საქართველოს მიმართ ევროპელი პოლიტიკოსებისგან. ხელის გადაგრეხვის პრინციპითა და ჩვენთვის მიუღებელი მოთხოვნებით როგორ ცდილობენ დასავლური დიქტატის ქვეშ ქვეყნის მოქცევას. ახლა მაინც მივხვდეთ, რომ დასავლეთი არასდროს აპირებდა ჩვენ მიღებას თავის ,,ოჯახში”, თორემ 2003-2012 წლების საქართველო, რომელიც ,,დემოკრატიის შუქურა” იყო კავკასიაში, სულ ცოტა, ევროკავშირის წევრობას მაინც იმსახურებდა, მაგრამ არა… ევროკავშირის მთავარი მიზანი იყო, საქართველო, უკრაინასთან დაწყვილებული, ანტირუსული პლაცდარმი ყოფილიყო. უკრაინას რაც დაემართა, ვნახეთ და ვშიშობ, საქართველოც არ არის სამშვიდობოზე გასული. დასავლეთი ასობით მილიარდს არ იშურებს რუსეთის დასამარცხებლად და, აქედან გამომდინარე, ყველაფერზე წავა, რათა თბილისი თუნდაც ცოტა ხნით ანტირუსული კოალიციის წევრი აღმოჩნდეს. სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მიმდინარეობს დასავლეთსა და რუსეთს შორის და დარწმუნებული ვარ, მოსკოვი არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი. შევადაროთ საქართველო 1989 წლამდე და 1992 წლის შემდეგ, სხვაობა ისეთივეა, როგორც ცასა და დედამიწას შორის.
არავის ეგონოს, რომ რუსეთი დამარცხდება, ის უფრო ძლიერი გამოვა ამ დაპირისპირებიდან და ჩვენ სად გვინდა ყოფნა _ დამარცხებულ დასავლეთთან თუ გამარჯვებულ რუსეთთან? არც აშშ იკლავს თავს ჩვენთვის. მერწმუნეთ, ტრამპი ან ვინმე სხვა ერთ საათში გადაწყვეტს ჩვენს ბედს და ისე მიგვატოვებს, როგორც ბევრი თავისი პარტნიორი მიუტოვებიათ.
ამიტომ და კიდევ სხვა ბევრი არგუმენტიდან გამომდინარე, გარაუვალია რუსეთთან სტრატეგიული და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადება.
ახლა ვისაუბროთ ეკონომიკურ მიმართულებაზე, რომელიც, მთლიანად თუ არა, დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული როგორც იმპორტით, ისე ექსპორტით და ამ სავაჭრო-ეკონომიკურ მოცემულობას ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს.
ახლა მინდა, შევეხო მთავარ თემას, რომელიც დასავლეთმა თავს მოგვახვია და რომლის გამოც დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ასიათასობით ადამიანი კი დევნილად ვაქციეთ.
რას ვუპირებთ სოხუმსა და ცხინვალს? თუ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ამ ორ კუთხეზე? ეს სრული კატასტროფა იქნება, ევროკავშირი ამაზეც წამსვლელია, მაგრამ, თუ გვინდა ისევ ერთად ცხოვრება, როგორ ვხედავთ ამ საკითხს? ჩემთვის მთავარია, საქართველო აღმოჩნდეს ისეთ ორგანიზაციაში თუ თანამეგობრობაში, რომელშიც სოხუმიცა და ცხინვალიც თავს უსაფრთხოდ მიიჩნევენ. მთავარია, აღმოვჩნდეთ ერთი ქოლგის ქვეშ, დავიწყოთ დიალოგი და გზა ყოველთვის გამოჩდება.
_ როდის მოგვარდება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის?
_ მოდი, შევთანხმდეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია, ის აუცილებლად გადავა სრულმასშტანიან საომარ მოქმედებებში და ევროპასთან ერთად აზიაც აღმოჩნდება ცეცხლის ხაზზე, ამიტომ თადარიგი გვაქვს დასაჭერი. პროცესები ისე სწრაფად განვითარდება, რომ რეაგირების დრო აღარ გვექნება.
როდის მოხდება ეს? ყველა საუბრობს, რომ, როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, მერე ჩვენ ვართ რიგში, ანუ კავკასია. ვფიქრობ, ეს პარალელურად მოხდება, თუ ევროკავშირი განიზრახავს საქართველოს საბოლოოდ გაწირვას, რაც ნამდვილად არ გაუჭირდება. კოლექტიურმა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გადაზრდილიყო ომში და, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სიტყვებს გავიხსენებთ, ,,რუსეთმა დაკარგა დასავლეთისადმი ნდობა”. რუსეთს უდიდესი მოთმინების უნარი აქვს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და მერე იწყება ის, რაც მის გამარჯვებას გარდაუვალს ხდის, ამიტომ, როდესაც დიდი ომი დაიწყება, ჩვენ განსაზღვრული უნდა გვქონდეს, სად და ვისთან ვიქნებით.
არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ საფრთხე რეალურია და ძალიან ახლოსაა. ხელისუფლებას არ გამოუვა, თუ ის 2028 წლის არჩევნებსა და საკონსტიტუციო უმრავლესობას ელოდება. ევროპა არ აღიარებს იმ არჩევნებს და სრული დელეგიტიმაცია იქნება. მიიღებს ამ ხელისუფლებას დასავლეთი? _ არა! აშშ _ არა! დარჩა რუსეთი.
როდის მივალთ რუსეთ-ბელარუსიის ალიანსთან? _ შეიძლება 9 თვეში, შეიძლება 29 თვეში. ამის პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ 2030 წელს არ უნდა გასცდეს, ჩემი აზრით…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







