გიორგი ხარიბეგაშვილი: ცხადია, როცა საქმე პასუხისმგებლობის აღებას შეეხება, ,,პირველი ჯოხი” კობახიძეზე გადატყდება, როგორც ოფიციალურ პირველ პირზე

    ,,შემაშფოთებელია, რომ სოცქსელების გასაკონტროლებლად იქმნება სპეციალური უწყება, რომელსაც მოსახლეობამ არცთუ უსაფუძვლოდ შეარქვა ,,მორალის პოლიცია” და ,,სქროლვა-სქრინვის სააგენტო”. ამ უწყებამ თუ პრაქტიკაში ისე იმუშავა, ,,როგორც მამას უნდა”, მაშინ უკვე უნდა ვილაპარაკოთ არა ავტორიტარიზმზე, არამედ ტოტალიტარიზმზე

    პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინათ პრესკონფერენცია გამართა და ბევრი ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე. ერთმა საინფორმაციო წყარომ დაითვალა კიდეც, რამდენჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, გაირკვა, რომ 7 წუთში 27-ჯერ….

    ,,პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება _ გამორჩეულ ინტელექტსა და უანგარო პატრიოტიზმს”, _ განაცხადა პრემიერმა.

    ირაკლი კობახიძის ამ განცხადებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:

    _ ,,ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან ივანიშვილის ქება არახალია, მაგრამ ამ თემაზე ბრიფინგი მაინც უცნაურად გამოიყურება.

    საინტერესო დეტალია კობახიძის ალუზია ერეკლე დეისაძის ცნობილ კლიპზე ,,რაც მამას უნდა”, რომელშიც ალეგორიულად არის გამოხატული პრომეთესეული ამბოხი ოლიმპოს მბრძანებელ ზევსის წინააღმდეგ. ივანიშვილი ამ შემთხვევაში უბრალოდ ,,მამა და მარჩენალი” კი არ არის, არამედ ,,რუხი კარდინალია”,  რომლის გარეშეც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი არაფერი წყდება, ოღონდ ისე, რომ თვითონ მომხდარის ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ცხადია, როცა საქმე პასუხისმგებლობის აღებას შეეხება, ,,პირველი ჯოხი” კობახიძეზე გადატყდება, როგორც ოფიციალურად პირველ პირზე, ბიძინა ივანიშვილს კი შეუძლია, ისევ განზე გაიწიოს, ამიტომ კობახიძე საზოგადოებას შეახსენებს, რომ, სანამ მას რამეზე პასუხს მოსთხოვენ, გაიხსენონ, ვინ დგას სინამდვილეში ყველაფრის უკან, ანდა, პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ვინ არის ,,დიფ სთეითი”. გასაგებია, რომ ეს ,,დიფ სთეითი” არც ერთი კაცია და არც მხოლოდ ქართული ფაქტორითაა განსაზღვრული, მაგრამ აშკარაა, მასში ამერიკის ელჩების გარდა ივანიშვილსაც ლომის წილი რომ მიუძღვის. ამის საზოგადოებამდე მიტანას ემსახურებოდა ეს ბრიფინგი…

    _ ხელისუფლებამ სიძულვილის ენის მონიტორინგის სამსახური შექმნა. ეს, ერთი შეხედვით, ცუდი არ არის, მაგრამ ადამიანები გულს სოციალურ ქსელებში ლანძღვით იოხებდნენ…

    _ ყველა ვთანხმდებით, რომ ლანძღვა-გინება ცუდია, მაგრამ იმ ყველაფრის კრიმინალიზაცია, რაც ცუდია, თავის მხრივ, ბოროტებაა; პირველ რიგში, იმიტომ, რომ ადამიანს უზღუდავს ,,სიძულვილის ენაზე” რეაგირების ალტერნატიულ ქმედებებს, როგორიცაა მორალური გაკიცხვა, არგუმენტირებული მსჯელობა, იგნორირება და ა.შ.; მეორეც _ დასაზუსტებელია, რომ იკრძალება არა ზოგადად შეურაცხყოფა ვირტუალურ სივრცეში, არამედ კონკრეტულად მთავრობის გინება იმ პირობებში, როცა ,,ოცნებას” ფაქტობრივად ყველა ბერკეტი აქვს მოქალაქის გასანადგურებლად, ხოლო მოქალაქეს თავისი გულისწყრომის გამოხატვის სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ვირუტუალურ სივრცეში ,,ბოლი გამოუშვას”.

    ამ შემთხვევაში შემაშფოთებელია, რომ სოცქსელების გასაკონტროლებლად იქმნება სპეციალური უწყება, რომელსაც  მოსახლეობამ არცთუ უსაფუძვლოდ შეარქვა ,,მორალის პოლიცია” და ,,სქროლვა-სქრინვის სააგენტო”.  თუ ეს უწყება ისე იმუშავებს, ,,როგორც მამას უნდა”, მაშინ უკვე უნდა ვილაპარაკოთ არა ავტორიტარიზმზე, არამედ ტოტალიტარიზმზე. ასეთი ქმედება უკიდურესად სახიფათოა თვით ხელისუფლებისთვის, ვინაიდან, თუ ,,ბოლის გამოსაშვები” სივრცე დაიკარგება და დაგროვილ ბრაზს არ ექნება გარეთ გამოსასვლელი, კრიტიკულ წერტილზე მისვლისას ის აუცილებლად აფეთქდება და დამანგრეველი იქნება შიგა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here