Home რუბრიკები საზოგადოება გეიბურთი

გეიბურთი

თუ ფიქრობ, რომ სწორად მოიქეცი, საქართველოში რომ ჩამოხვალ ნაკრებში სათამაშოდ, მაშინ გაიკეთე ეგ სამკლავური...

1310
გურამ კაშია

ჰოლანდიელებმა რომ გადაწყვიტონ, შემდეგ თამაშზე კაპიტნები ტანგათი უნდა გავიდნენ სათამაშოდო, რას იზამს კაშია?

ზუსტად 20 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იტალიას თბილისში შეხვდა და თამაში ანგარიშით 0:0 დაამთავრა. მაშინ, 1997 წლის 10 სექტემბერს, სრულიად საქართველო ამაყი იყო და აღარავის ახსოვდა ის, რაც ერთი დღით ადრე, ერთერთ სპორტულ გამოცემაში დაიბეჭდა: ქართველ ფეხბურთელებს სახელოვანი მეტოქის შიში ეტყობოდათ და გამოცემამ დიდი ასოებით დაუწერა: “ბიჭებო, ათამაშეთ მხოლოდ ბურთი”, ანუ ბურთი ითამაშეთ და ერთი ადგილის თამაშს შეეშვითო. ჰოდა, 20 წლის შემდეგ ეს სათაური გურამ კაშიას საქციელმა გამახსენა.

ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სათამაშოდ ისე გავიდა, რომ მკლავზე, კაპიტნის ჩვეულებრივი სამკლავურის ნაცვლად, ლგბტ თემის ფერებში გადაწყვეტილი სამკლავური, ე.წ. ცისარტყელა ეკეთა. ამ დღეს ერთგვარი აქცია გაიმართა ჰოლანდიის ჩემპიონატში _ ყველა გუნდის კაპიტანმა ანალოგიური სამკლავური გაიკეთა. მანამდე ცისარტყელით მკლავი ინგლისსა და საფრანგეთში დაიმშვენეს.

ამ ამბის შემდეგ ატყდა ერთი ამბავი, ქართველ ქომაგთა უმრავლესობამ კაშიას საქციელი გააკრიტიკა, ნაწილმა პირიქით _ მხარდაჭერა გამოუცხადა, _ აქაოდა, გვეყო სიბნელე, მთელი მსოფლიო აღიარებს ლგბტ თემს და საქართველო რა გახდაო. უფრო მეტიც, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც გამოუცხადა კაშიას მხარდაჭერა და მისი საქციელი გაამართლა. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, კობიაშვილს შევახსენებთ, რომ თავის დროზე ის გერმანული კლუბების _ “ფრაიბურგის”, “ჰერტასა” და “შალკეს” კაპიტანი იყო, არაერთ შეხვედრაზე გაუყვანია გუნდი, როგორც კაპიტანს, და რაღაც არ გვახსოვს, მკლავზე ცისარტყელა გაეკეთებინოს და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მხურვალე ქომაგი გამხდარიყო. მაშ, რა მოხდა ახლა?

უცებ ალექსანდრე ჩივაძე გამახსენდა, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ლეგენდარული კაპიტანი, ფეხბურთის პროფესორად წოდებული… მაშინ ამბობდნენ, ჩივაძე სუფთა “გრუზინია”, მაღალი, ახოვანი, ულვაშით… და უცებ წარმოვიდგინე, რომ (თქვენც წარმოიდგინეთ), ბატონ საშას ერთ დღეს რომ ეთქვა ან თუნდაც ახლა რომ თქვას, ჰომოსექსუალებს ვუჭერ მხარს, აგერ სამკლავურიც მიკეთიაო. მავანი შეგვედავება, მაშინ სხვა დრო იყოო და იმ სხვა დროს, 15 რესპუბლიკას შორის, ახლა რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, ჩივაძე იყო გამორჩეული და მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს ნაკრები გუნდის საჭე ებარა. ჩივაძე მიუძღოდა წინ 15 რესპუბლიკის ნაკრებს მსოფლიოს სტადიონებზე და მან აღმართა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო თავს ზემოთ პირველმა… და იქნებოდა ჩივაძე ლეგენდა, ბურთის ნაცვლად ერთი ადგილის თამაში რომ დაეწყო და ჰომოსექსუალების მხარდაჭერა ხმამაღლა გამოეხატა?! _ არა, რადგან იმხანად ფეხბურთს კაცები თამაშობდნენ. ჰო, კაცები, რომლებიც დღემდე იმეორებენ, რომ ჯერ პიროვნება უნდა იყო და მერე სპორტსმენ; თუ პიროვნება არ ხარ, ვერც სპორტსმენი იქნებიო. ჩივაძემდე იყო მანუჩარ მაჩაიძე, უფრო ადრე _ შოთა იამანიძე, ბორის პაიჭაძე, მიშა მესხი “დინამოსა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები, რომლებმაც სახელი ბურთის თამაშით გაითქვეს.

ისევ კაშიას დავუბრუნდეთ. სოციალურ ქსელებში ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და აეხსნა, ჰოლანდიაში ვთამაშობ და ამ აქციაში მონაწილეობა მაიძულესო, პირიქით _ თავისი საქციელის გამო კმაყოფილება გამოთქვა და მხარდამჭერებს გულითადი მადლობაც გადაუხადა.

“ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას, მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი წარმატებებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ”, _ განაცხადა კაშიამ.

გურამ, იმაზე თუ გიფიქრია, რომ სანაკრებო მატჩებზე შენი ხილვა ეროვნული გუნდის მაისურით ბევრს აღარ სურს?! ან იმაზე თუ გიფიქრია, რომ ნაკრებს, რომელმაც მიმდინარე შესარჩევში ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო და ორ წელზე მეტია, ოფიციალურ მატჩში სამი ქულა არ აუღია, ქართველები რისთვის ქომაგობენ? იმისთვის, რომ ჩივაძეებმა, პაიჭაძეებმა, მაჩაიძეებმა, მესხებმა, იამანიძეებმა, ყიფიანებმა და სხვებმა ფეხბურთი, კაცების თამაში, შეგვაყვარეს; ან ის თუ იცი, მორაგბეები რომ გაემიჯნენ ჰომოსექსუალებს და მთავრობაში გაგზავნილ პეტიციას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების განხილვის აკრძალვის მოთხოვნით, ხელი მოაწერეს?! რომ გაიძახი, მხარს ვუჭერ ჰომოსექსუალებსო, ერთი ძმაკაცი დამისახელე ჰომოსექსუალი, რომელიც გყავს! ვერ მეტყვი, რადგან იცი, რომ ამას ქართველები არ მოგიწონებენ, მაგრამ ჰოლანდიაში უარი ვერ თქვი, ცისარტყელა გაიკეთე და არ გეგონა, თუ ამას არ გაატარებდნენ. შენი თანაგუნდელებისთვის ველურებიც ხომ არ ვართ?! ხომ არ გეუბნებიან, თურმე სად ცხოვრობო და შენ კიდევ მორცხვი ღიმილით თავს ხრი?!

წლების წინათ ლონდონის “არსენალის” მოთამაშემ, შვედმა ფრედერიკ იუნგბერგმა თქვა, გეი ვარო და ვითომ მხარში ამოუდგნენ ვიღაცები, გამბედაობისთვის შეაქეს კიდეც, მაგრამ “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების იმჟამინდელი კაპიტანი, პატრიკ ვიეირა, გადაირია: რა გამოდის, საშხაპეში იუნგბერგი უკანალზე მიყურებდაო? სადაც ვნახავ, იქ ვცემო… ჰო, ფრანგი ვიეირა და მაშინ არავის უთქვამს, ხედავთ, ვიეირა ველურიაო…

გურამ, შენმა მხარდამჭერებმა ისიც გაიხსენეს, ელტონ ჯონის კონცერტზე 24 ათასი ბილეთი გაიყიდა და მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმაო?! კარგი შედარებაა, ხო? უფრო სწორად, თავის გასამართლებლად კარგი საბუთია, ხო?! პროფესიონალი მოკრივე, პუერტო რიკოელი ორლანდო კრუზი ქვემძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონია და 2012 წელს გამოაცხადა: გეი ვარ, ამის დამალვას აღარ ვაპირებო. დაუდგნენ გვერდით ის ადამიანები, რომლებიც კრუზისგან ხელფასს იღებდნენ და გაამართლეს: რა გამბედავი ყოფილაო, თუმცა… მოკრივის მამამ განაცხადა, მეგონა, ნამდვილ კაცს ვზრდიდი, მაგის არაფერი მინდაო და შვილს დღემდე არ ნახულობს… ხვდები განსხვავებას?! იმას თუ ხვდები, შენი კოლეგა, ტომაშ ჰიტცლსპერგერი, რომელიც გერმანიის ნაკრებშიც თამაშობდა და “შტუტგარტის” კაპიტანიც იყო, ამ აღიარების შემდეგ ფეხბურთიდან რატომ წავიდა?! ჰო, გამოაცხადა ტომაშმა, _ გეი ვარო და დაუდგა გვერდით ნახევარი გერმანია, რეალურად კი მისი დანახვა გასახდელშიც აღარავინ ისურვა და 31 წლისამ კარიერა დაასრულა… 31-ის ხდები შენც გაისად…

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, როცა რაღაცას აკეთებ, კითხვის ნიშნები არ უნდა დატოვო. ის, რომ თურმე კაშია ჰოლანდიელებს უარს ვერ ეტყოდა, გამამართლებელი საბუთი არ არის. ჰოლანდიელებმა რომ გადაწყვიტონ, უფრო კარგად უნდა ამოვუდგეთ ლგბტ თემს მხარში და შემდეგ თამაშზე კაპიტნები ტანგათი უნდა გავიდნენ სათამაშოდო, რას იზამს კაშია? უარს იტყვის? რატომ? ცისარტყელაზე ხომ არ თქვა უარი? ან იქნებ საქველმოქმედო ორგია მოაწყონ ჰოლანდიელებმა და უარის თქმა ხომტეხავს”, რას იტყვისპრადვინუტისაზოგადოება?!

საქართველოში ეს თემა პოპულარული რომ არ არის, ბოლო არჩევნებმაც წარმოაჩინა. რესპუბლიკური პარტია, რომელმაც გამოაცხადა, საარჩევნო სიაში ლგბტ თემის წარმომადგენელი მყავსო, აქამდე თუ ერთპროცენტიან ბარიერს ლახავდა, ახლა ეგეც ვერ შეძლო და 0.74% დააგროვა. ხვდები ხომ მოსახლეობის განწყობას და მადლობას რომ უხდი მხარდამჭერებს მხარში ამოდგომისთვის, ვის უხდი? 0.74%-? მაგაზე მეტი ხალხი ნაკრების ერთ თამაშზე დადის, გურამ, და ეს უნდა გახსოვდეს. უნდა გახსოვდეს ისიც, რომ შენ ტაშს ბურთის თამაშის გამო გიკრავენ და სხვა რამეს ვერავინ აიტანს.

ისე, შეიძლება, მე ვცდები, მაშინ შენ გამახსენე რუსი სპორტსმენი, რომელმაც ლგბტ თემის წარმომადგენლებს მხარი დაუჭირა? ვერ გამახსენებ და იცი, რატომ? იმ ქვეყანამ, რომელსაც ოკუპანტს ვეძახით, და იმ პრეზიდენტმა, რომელიც თურმე დიქტატორია, ოფიციალურად აკრძალა რუსეთში ლგბტ თემის არამხოლოდ მიმდევრები, არამედ მათი დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, ხმის ამოღებას და მამათმავლობის პროპაგანდას ვერავინ ბედავს და სიმართლე გითხრათ, ბევრს არც მანამდე ჰქონდა სურვილი, ლგბტ თემი დაეცვა. კარგად გვახსოვს, მათ მიერ გამართულ “ფერად აქციებზე” რიგითი მოქალაქეები რომ შევარდებოდნენ და უბრახუნებდნენ, მერე სპეცდანიშნულების რაზმი რომ აშველებდა. ჰო, ეს იყო მათი დამოკიდებულება, ეს არის ჩვენი დამოკიდებულებაც და არ გვინდა, ვიღაცებისთვის კოჭის გასაგორებლად ცისარტყელას ფერებში ვირბინოთ. თუ ფიქრობ, რომ სწორად მოიქეცი, საქართველოში რომ ჩამოხვალ ნაკრებში სათამაშოდ, მაშინ გაიკეთე ეგ სამკლავური, მოედანზე გადი და ნახავ ქართველების რეაქციას.

1982 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები შოტლანდიას ხვდებოდა. სქოთებმა პირველი გოლი სსრკ-ის ნაკრების კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის, შეცდომის წყალობით გაიტანეს. გადაირია ჩივაძე, არ მოისვენა და მცველმა იმდენი ქნა, თვითონ გაათანაბრა ანგარიში. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ამ შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს, თორემ ბურთს ეზოშიც აგორებენ.

რითაც დავიწყე, იმით დავასრულებ: 20 წლის წინათ, იტალიასთან მატჩამდე, ქართველ ფეხბურთელებს ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ გასაგებად დაუწერა: ათამაშეთ მხოლოდ ბურთი!”.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here