Home რუბრიკები პოლიტიკა არ გრცხვენიათ, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ნატოს წილხვედრად რომ აცხადებთ?!

არ გრცხვენიათ, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ნატოს წილხვედრად რომ აცხადებთ?!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

971

ორმოცდამეექვსე გამოშვება

მიდის 2021 წელიც. დრო არ ჩერდება. დროს ყოველთვის რაღაც მიაქვს და რაღაც მოაქვს. დრო ცვლის ყველაფერს. უცვლელი არაფერია ამ ცისქვეშეთში. ჯერ კიდევ ძვ. . აღ. VI-V საუკუნეში ბერძენმა ფილოსოფოსმა ჰერაკლიტემ თქვა: “ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება!”. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ძველი და ახალი დროის ფილოსოფოსები შუბლებით შეასკდნენ ერთმანეთს, მილიონჯერ გადაღეჭეს ფილოსოფიური დებულებები, მაგრამ ჰერაკლიტე ამ ნათქვამის გამო არავის დაუძრახავს, პირიქით, მას უამრავი მიმდევარი ჰყავს ახალი დროის ფილოსოფოსთა შორისაც.

ჰერაკლიტეს, ერთი შეხედვით, თითქოს უპირისპირდება ეკლესიასტე (ძვ. წ. აღ. III ს.), რომელიც ამბობს: “თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე”. ერთი შეხედვით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ სინამდვილეში აქ არ არის წინააღმდეგობა, აქ ხედვის რაკურსია განსხვავებული. ჰერაკლიტე შიგნიდან უყურებს სამყაროს, ეკლესიასტე კი _ გარედან. შიგნით იცვლება ყველაფერი, გარედან კი უცვლელია ყოველი. ისე, არც ეკლესიასტე უარყოფს შიგნით დინებას, მოძრაობის ცვლილებას: “აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება”. ერთი სიტყვით, იმ ჭეშმარიტებაში, რომ დროსთან ერთად ყველაფერი მიედინება და იცვლება, ეჭვი არავის შეჰქონდა. მხოლოდ ჩვენ, XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ქართველები, ვცდილობთ ამ დებულების რევიზიას. არის რაღაც უცვლელი, მუდმივი და მარადიული, _ ვამტკიცებთ ჩვენ, _ ესაა სწრაფვა ნატოსკენ. ქართული დევიზი ასეთია: ნატო უარს გვეტყვის მის წევრობაზე, ჩვენ მაინც ნატოს მიმართულებით ვივლით; რუსეთი აუკრძალავს ნატოს გაფართოებას, ჩვენ მაინც ნატოს კართან ვიქნებით ატუზული; ნატო დაიშლება და აღარ იარსებებს, ჩვენ მაინც ნატოზე ვიოცნებებთ და ვილოცებთ, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი კი არ არის, ნატოს წილხვედრია. ჩვენ ნატოსთვის გავჩნდით, ნატოსთვის ვარსებობთ და ნატოსთვის დავიღუპებით! ასეთია სულისკვეთება, რომელიც იფრქვევა პრესის ფურცლებიდან, ინტერნეტიდან, ტელეეკრანებიდან. ჩვენ არც ჰერაკლიტესი გვწამს და არც მისი მიმდევრებისა, ჩვენ მხოლოდ ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი გვასულდგმულებს, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. თვალიც დადგომია ჰერაკლიტეს, სტოლტენბერგი თუკი ამბობს, .., ჩვენ აუცილებლად მიგვიღებენ ნატოს წევრად. ასეთია XX საუკუნის მიწურულისა და XXI-ის დასაწყისის ქართველის ზოგადი ფსიქოლოგიური ტიპი.

რატომ შეიძინა ნატომ ასე საკრალური მნიშვნელობა ქართველებისთვის, რა იმალება ამის მიღმა ან სად არის საფუძველი წრეგადასული ლტოლვისა სამხედრო ბლოკის მიმართ, რომელიც დღიდან მისი ჩამოყალიბებისა უსამართლობასა და ძალმომრეობასთან ასოცირდება?

საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ იმთავითვე ამუშავებულმა იდეოლოგიურმა მონსტრმა, რომელიც ქადაგებდა, რომ სოციალისტური სისტემა თავისუფლებას თრგუნავდა, კაპიტალისტური სისტემა კი _ პირიქით, თავისუფლებისა და დემოკრატიის მედროშე იყო, უდიდესი დაღი დაატყო საბჭოთა კავშირის მოქალაქეების სულს, მათ ცნობიერებას. ზოგიერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ საბჭოთა იდეოლოგია, რომელიც კლასთა ბრძოლის თეორიაზე აღმოცენდა და სოციალური სამართლიანობის იდეას ქადაგებდა, ცოდავდა. კაპიტალისტური დასავლეთი კი, რომლისთვისაც კერძო საკუთრება, მოგება და მეტის მიღების ინსტინქტი წმინდა წერილებზე მაღლა იდგა, სიმართლეს ღაღადებდა. რაკი ერთხელ თვალი ჩავარდა და ჯაჭვი ჩაირღვა, წავიდა და წავიდა.

რადიოსადგურებიამერიკის ხმადათავისუფლება”, რომლებიც ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ენებზე მაუწყებლობდნენ, წვეთწვეთად წამლავდნენ ადამიანებს, ერებს, ხალხებს. მართალია, ახშობდნენ, მართალია, მათი ხმა სუსტად აღწევდა, მაგრამ ეს კიდევ უფრო ზრდიდა მოქალაქეთა ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას. ასე ყალიბდებოდა დასავლეთითა და კაპიტალისტური სისტემით მოხიბლული, დასავლური თავისუფლებით შთაგონებული და დასავლეთზე ორიენტირებული საბჭოთა მოქალაქის ტიპი, რომელიც შიგნით მხოლოდ ცუდს, მხოლოდ სიცრუესა და სიყალბეს ამჩნევდა, გარეთ კი (დასავლეთში) მხოლოდ სიმდიდრეს, თავისუფლებას, ბედნიერებასა და გაუგონარ წარმატებებს ხედავდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, დიდ სამამულო ომში გამარჯვებამოპოვებულ სახელმწიფოში გამაოგნებელი პოლიტიკური ანეკდოტები გაჩნდა: დასავლეთ გერმანიაში ტურისტად ჩასული ქართველები გერმანულ ლუდს გასინჯავენ. “არ სჯობდა, წაგვეგო ის ომი?” _ გადაუჩურჩულა ერთმა მეორეს და ხარბად დაეწაფნენ კათხებს, რომლებშიც წყალგაურეველი, ნამდვილი ლუდი ლივლივებდა. უსასტიკეს ომში გასაოცარი თავდადების ფასად გამარჯვებული საბჭოთა მოქალაქის საშინელი გაწბილება იღვრებოდა ამ ანეკდოტიდან _ პოლიტიკური გაწბილება, რომელიც წამლავდა ადამიანს და მას ნიჰილიზმისგან გამოხრულ იმ არსებად აქცევდა, რომელსაც ერთნაირად სძულდა წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, ვინაიდან ვერ ხვდებოდა, რომ წყალგარეული ლუდი სოციალისტური სისტემისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება კი არა, ძალით დამახინჯებული ცხოვრების წესის ნიშან-თვისება  იყო.

აი, კიდევ ერთი ძველი ანეკდოტი: კახელს ამერიკიდან მოხუცმა ბიძამ, რომელიც ომში დაღუპული ეგონათ, წერილი გამოუგზავნა. მე დიდი კაპიტალი გამაჩნია, მაგრამ დავბერდი-დავჩაჩანაკდი, თანაც უშვილძირო კაცი ვარ. ჩამოდი და ამ ჩემს ქონებას შენ გიანდერძებ. მეც მიპატრონებ და მდიდრულად და ბედნიერადაც იცხოვრებო. მივიდა კახელი უშიშროების სამსახურის (კაგებე) უფროსთან. ბიძაჩემისგან ეს წერილი მივიღე და ამერიკაში უნდა წავიდეო. მან კი საბჭოური გაუშვა: რაღა იმ სიშორეს უნდა წახვიდე, ჩამოვიდეს ბიძაშენი და აქ იცხოვრეთ მდიდრულად და ბედნიერადო. გაეღიმა კახელს: “უფროსო, ბიძაჩემი წერს, დავბერდი-დავჩაჩანაკდიო, განა გამოვთაყვანდიო (აქ გამოთაყვანების კახური სინონიმი უნდა იგულისხმოთ)?!” ამ ანეკდოტიდან მხოლოდ ერთი დასკვნა კეთდება: საბჭოთა კავშირში მდიდრულად და ბედნიერად ცხოვრება შეუძლებელი იყო, ეს მხოლოდ იქ (კაპიტალისტურ დასავლეთში) არის შესაძლებელი. ათასობით ამგვარი პოლიტიკური ანეკდოტი დადიოდა ქვეყანაში. ეს ძალიან ნიჭიერი ხუმრობა ხალხის წიაღში კი არ იბადებოდა, აშშ-ის სპეცსამსახურების ლაბორატორიებში კონვეიერული წესით ცხვებოდა, რათა საბჭოთა მოქალაქეებში ეჭვის, უნდობლობის, გულგრილობისა და ნიჰილიზმის ჭია გაჩენილიყო, რომელიც შიგნიდან გამოალპობდა და გამოხრავდა სისტემას. ასეც მოხდა. საბჭოთა რესპუბლიკებში ხალხის ნაწილი დააჯერეს, რომ ისინი დაპყრობილნი იყვნენ. სოციალისტური სისტემის არნახული სიკეთე, რომელიც სოციალურ სამართლიანობასა და წარმოუდგენელ სოციალურ პაკეტში გამოიხატებოდა (თავიდან ბოლომდე უფასო ჯანდაცვა და განათლება, თითქმის უფასო მედიკამენტები, კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, დასვენება და გართობა, სანატორიუმები და პანსიონატები, ანუ ყველასთვის ყველაფრის ხელმისაწვდომობა), გადაფარა და წაშალა ვითომ დაკარგული ეროვნული თავისუფლების დაბრუნების სულისკვეთებამ. გაჩნდა არა მხოლოდ კაპიტალისტური დასავლეთის გარედან თავსმოხვეული გაფეტიშება, არამედ მისი სამხედრო ბლოკის (ნატოს) გაფეტიშებაც. .. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟიდანვე მიტინგებზე დაიწყო ნატოთი აპელირება, რაც დღემდე გრძელდება, ვინაიდან საბჭოთა დისიდენტებს, რომლებიც მთლიანად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტურას წარმოადგენდნენ, ეროვნული დამოუკიდებლობის ყველაზე საიმედო გარანტად სწორედ ნატო წარმოაჩენინეს. აქედან მოდის საქართველოსთვის ბედისწერად ქცეული ის უბედურება, რომელიც ნატოთი ასე უკიდეგანო და წრეგადასულ აღტყინებაში გამოიხატება.

ამ ეიფორიის დაწყებიდან ოცდაათ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ბლეფი უკვე ყველასთვის ნათელია, ბევრისთვის იგი დღემდე რჩება იმ მომნუსხავ პოლიტიკურ და სამხედრო იდეად, რომლისგან განთავისუფლება ვერა და ვერ ხერხდება. საქმე ისაა, რომ დასავლეთი ამ იდეით, ცნობიერების ამ ავთვისებიანი სიმსივნით ყველაზე საიმედოდ ახდენს ჩვენს შებოჭვას, რათა ყველა სხვა მიმართულებით გასაქანი მოგვისპოს, თანაც ისე, რომ ამ წყეული ორგანიზაციით გვატყუოს, მაგრამ მისი წევრობა არ გვაღირსოს. ამას ორი მიზეზი აქვს:

1. დასავლეთს ეშინია, რომ საქართველოს ნატოში მიღების პასუხად რუსეთმა ისეთი რამ არ მოიმოქმედოს, რაც ისევე ძვირი დაუჯდება, როგორც ფაშისტურ გერმანიას;

2. დასავლეთს არ სურს საქართველოს წინაშე იმ პასუხისმგებლობის აღება, რომელიც ნატოს წესდებით არის გათვალისწინებული. მას ურჩევნია, საქართველო საჩუქრად მიიღოს, ისე, რომ მას მხოლოდ ნატოს წევრობის ცრუ პერსპექტივა დაუსახოს და არანაირი პასუხისმგებლობა მის მომავალზე არ დაეკისროს.

აქამდე დასავლეთს ეს გამოსდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საკითხი მწვავედ დასვა და აშშ-ს წერილობითი გარანტია მოსთხოვა, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა, შეიცვალა რუსეთის რიტორიკა. დასავლეთის მიმართ აღარ გაისმის სიტყვები პარტნიორები, კოლეგები და ა.შ. დასავლეთს ძველი ცოდვებიც გაუხსენეს. პუტინი პირდაპირ აცხადებს: “გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენ ღია ვიყავით თანამშრომლობისთვის, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? დასავლეთის მხარდაჭერა ტერორისტებისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდგომი მცდელობა ჩვენი ქვეყნის დაშლისა, ნატოს გაფართოება. რატომ აკეთებდით ამას წლიდან წლამდე ჩვენი შეშფოთების სრული იგნორირებით? გვეუბნებოდით, _ წადით თქვენი შეშფოთებით, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც საჭიროდ ჩავთვლით. ახლა ჩვენ გვინდა ჩვენი უსაფრთხოების დაცვა”.

რუსეთი აქამდე ასე არ ლაპარაკობდა. ალბათ, არ იყო ამისთვის მზად. ახლა, როგორც ჩანს, მის ხელში ისეთი სამხედრო არსენალია მოქცეული, რომ შეუძლია, დასავლეთს თავისი პირობები უკარნახოს. 2021 წლის 23 დეკემბერს პუტინმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჟურნალისტის უხეშ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: არც ერთი დუიმი აღმოსავლეთისკენ, _ შეგვპირდნენ 90-იან წლებში. მერე რა? მოგვატყუეს, თავხედურად მოგვატყუეს. ხუთი ტალღა იყო გაფართოების. რუმინეთსა და პოლონეთში შესაბამისი სისტემები განათავსეს. ახლა ამბობენ, უკრაინაც ჩვენი უნდა იყოსო, რომ იქაც დამრტყმელი სისტემები განათავსონ. ბოლოს და ბოლოს, შეიგნეთ, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ არც აშშთან მივსულვართ და არც დიდ ბრიტანეთთან, ჩვენთან მოვიდნენ. ამაზეა საუბარი. თქვენ ითხოვთ ჩვენგან რაღაც გარანტიებს? თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტია, თქვენ, თანაც დაუყოვნებლივ, ახლავე!”

ეჭვგარეშეა, რომ ამ კატეგორიულ ტონსა და შემტევ პოზიციას ზურგს რაღაც უმაგრებს. ეს, უწინარესად, ის სტრატეგიული შეიარაღებაა, რომლითაც რუსეთმა აშშ-ს დიდად გაუსწრო.

23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა ეს განცხადებები გააკეთა, მეორე დღეს კი, 24 დეკემბერს, რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტა “ცირკონის” გამოცდა მოეწყო, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. პუტინმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “დღეს, გამთენიისას, მოხდა ჰიპერბგერითი სისტემა “ცირკონის” ზალპური გაშვება. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა და არსებითი ხასიათის ნაბიჯი რუსეთის უსაფრთხოების ამაღლების, მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საქმეში”.

შეხვედრა მალტაზე – წინა პლანზე: ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ გორბაჩოვი, ჯორჯ ბუში უფროსი და ჯეიმს ბეიკერი

რუსეთის რიტორიკა და მისი სამხედრო სფეროში დაწინაურება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვისაც რუსეთის ჟანგიან ტანკებსა და მოძველებულ სამხედრო ტექნიკაზე ლაყბობა უყვარს. წავიდა ის დრო. აშშ-ის დიქტატით ცხოვრების დროც წავიდა. ისე წავიდა, რომ ვეღარ დაბრუნდება. იმ პრესკონფერენციაზე პუტინი უფრო შორსაც წავიდა. მან ამერიკელებს სუსტი წერტილები შეახსენა: აშშში ტერიტორიული პრობლემები არასოდეს მდგარა? კალიფორნია ვის ეკუთვნოდა ადრე? ტეხასი? დაგავიწყდათ?” ვისაც რა უნდა, ის ამტკიცოს, მაგრამ შორს გამიზნული საუბარია ეს. სხვათა შორის, პუტინს არ სჩვევია ზერელე საუბარი და განცხადებები, იგი ცოტას ამბობს და ბევრს აკეთებს; და რასაც ამბობს, ასრულებს კიდეც.

 23 დეკემბრის პრესკონფერენციაზე პუტინი მართლაც შეუვალი და, როგორც ყოველთვის, მტკიცე იყო. მან გაიხსენა ნატოს გაფართოების ისტორია, რომელიც ორივე მხრიდან სამარცხვინო მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირის მხრიდან ეს იყო ქვეყნის ხელმძღვანელთა გაუგონარი ღალატი საკუთარი ხალხის მიმართ; დასავლეთის მხრიდან კი ეს იყო სიცრუის, თავხედობისა და ყოვლისმკადრებლობის ის აპოთეოზი, რომელიც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში მიუღებელი და დაუშვებელი ტენდენციების კლასიკურ მაგალითად შემორჩება ისტორიას.

ვალენტინ ფალინი, საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იხსენებს: “გვეუბნებოდნენ, გერმანია თუ გაერთიანდება, იქ შენარჩუნდება ნატოს პოზიციები, მაგრამ ეს იქნება თქვენგან ბოლო დათმობა. ამის შემდეგ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ მოხდება”. ეს იყო სიტყვიერი დაპირება, რომელიც არც ერთ დოკუმენტში არ ასახულა, მაგრამ არსებობს სტენოგრამა, სადაც ეს ყველაფერი სკრუპულოზური სიზუსტით არის ჩაწერილი.

ჰანს დიტრიხ გენშერი, გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ნატო არ უნდა გაფართოვდეს საბჭოთა კავშირის მიმართულებით და, ეს არც მოხდება”.

ჯეიმს ბეიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი:ეს რკინაბეტონის გარანტიაა. თუკი გერმანია გაერთიანდება და იგი შევა ალიანსის წევრად, ნატო დიუმითაც კი არ წაიწევს წინ. ეს თქვენგან ბოლო დათმობა იქნება”.

ჰანს დიტრიხ გენშერი: “რუსებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული გარანტიები. ვთქვათ, პოლონეთის მთავრობა თუ გადაწყვეტს, დატოვოს ვარშავის ხელშეკრულება, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ნატოს წევრად შევა”.

ასეთი იყო პირობა, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები საბჭოთა კავშირის წინაშე დებდნენ, მაგრამ ეს იყო ზეპირი განცხადებები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებათა სტენოგრამაში აღნუსხულია, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ გამეორებულა.

ამ საქმეს აქვს უაღრესად საინტერესო გაგრძელება.

მალტის შეხვედრაზე (1989 წლის დეკემბერი) საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ლიდერებმა, მიხეილ გორბაჩოვმა და ჯორჯ ბუშმა (უფროსი), ცივი ომი დამთავრებულად გამოაცხადეს. 1990 წელს კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ოთხი სახელმწიფოს (სსრკ, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად გერმანია გაერთიანდა. წინასწარი შეთანხმებით, გაერთიანებული გერმანია ნატოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. ასეთი საოცარი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ამ აქტით მიიღო, ისტორიას არ ახსოვს. ეს იყო სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო მაგალითი, რომლის გამართლება შეუძლებელია. სამი ათეული წლის გასვლის შემდეგ საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი ლიდერი შემზარავ სისულელეს ბოდავს: “ყველაფერს ვაკეთებდით ისე, როგორც საჭირო იყო. რუსეთი უნდა დადგომოდა დემოკრატიზაციისა და რეფორმების გზას”. მართლა არ მესმის, რა დონის ზნედაცემული და გამოტვინებული უნდა იყოს ადამიანი, რომ იმას, რაც საბჭოთა კავშირს დაემართა, სახელმწიფოს დემოკრატიზაციასა და რეფორმების გზას უწოდებდეს. კაცმა მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო პირისაგან მიწისა აღგავა და ამას სახელმწიფოს დემოკრატიზაციასა და რეფორმებს უწოდებს. არც ის მესმის, როგორ და რა ფორმით უნდა დაისაჯოს ოთხმოცდაათს გადაცილებილი და დაუძლურებული კაცი, მაგრამ ეს აქამდე უნდა მომხდარიყო. ჰუმანისტური მოსაზრება ახლა მისთვის განაჩენის გამოტანის საშუალებას თუ არ გვაძლევს, სიმბოლური (პირობითი) განაჩენი მაინც უნდა დადგეს, თუნდაც ნიშნად იმისა, რომ მართლმსაჯულება ყველაფერზე მაღლა დგას.

ამ საკითხზე თავისი უპასუხისმგებლობით ასეთივე გამაოგნებელი განცხადება აქვს გაკეთებული საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე _ რატომ არ ითხოვდა საბჭოთა კავშირი დასავლეთისგან დოკუმენტურად დადასტურებულ გარანტიებს ნატოს გაფართოების დაუშვებლობაზე ან რას უპირებდნენ ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებს, შევარდნაძე ისე გულუბრყვილო პასუხს იძლევა, თითქოს ცხოვრებაში ეშმაკობასა და მამაძაღლობასთან ახლოსაც არასოდეს გაევლოს: “საკითხი ასე არ იდგა. მთავარი საკითხი გერმანიის გაერთიანება იყო. თუკი გერმანიის საკითხი გადაწყდებოდა ისე, როგორც ეს თვითონ გერმანიის ინტერესებს შეესაბამებოდა, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ინტერესებს შეესაბამებოდა, ვარშავის ხელშეკრულებას უკვე აღარ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა”. გარდაცვლილი ადამიანის მიმართ სისასტიკე რა საკადრისია, მაგრამ ეს ადამიანი თუნდაც ამ ნათქვამის გამო უნდა გასამართლდეს _ საკითხი ასე არ იდგაო. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი შენ იყავი და საბჭოთა ინტერესები სხვას უნდა დაეცვა?! საბჭოთა კავშირის ინტერესების დაცვის საკითხი თუ არ იდგა, რატომ არ დააყენე? რა პირით უნდა განაცხადო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ მთავარი საკითხი გერმანიის გაერთიანება იყო. შენთვის მთავარი გერმანიის გაერთიანება იყო თუ იმ სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, რომელსაც წარმოადგენდი?! საშინელებაა, როდესაც ჟურნალისტი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. არ დაუსვეს ეს შეკითხვა შევარდნაძეს. მას ის შეკითხვაც არ დაუსვეს, იცნობდა თუ არა გერმანიის გაერთიანებაზე სტალინის პოზიციას? სტალინი ჯერ კიდევ 1952 წელს თანახმა იყო გერმანიის გაერთიანების, ოღონდ ერთი პირობით: გაერთიანებული გერმანია არ უნდა ყოფილიყო არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი. იგი თანახმა იყო, რომ გაერთიანებულ გერმანიას ჰყოლოდა საკუთარი არმია, ჰყოლოდა პოლიტიკური პარტიები და ჰქონოდა სამხედროსამრეწველო კომპლექსი, მაგრამ არ უნდა შესულიყო არც ერთ სამხედრო ბლოკში. ქართველ კაცს სტალინის ეს პოზიცია მაგალითად ჰქონდა, ეს კი გვეუბნება, მთავარი გერმანიის გაერთიანება იყოო. სხვა რა არის ღალატი?!

ასეთია ნატოს გაფართოების, გერმანიის გაერთიანების, საბჭოთა კავშირის დაშლისა და დღეს წარმოქმნილი კრიზისის ცენტრალური ასპექტები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რა იქნება ხვალ? ძნელი სათქმელია, ერთი კი ნათელია: რუსეთიც, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიც და, ჩვენთან ერთად, მთელი მსოფლიოც ვიმკით დასავლური პოლიტიკისა და ცხოვრების წესის უზნეობას, რომელმაც კაცობრიობა ორჯერ მიიყვანა მსოფლიო ომამდე. გადარჩება თუ არა პლანეტა მესამე მსოფლიო ომს? _ ამ შეკითხვით ვეგებებით 2022 წლის დადგომას. ღმერთმა ქნას, რომ გადავრჩეთ.

P.S. შობის ბრწყინვალე დღესასწაულსა და 2022 წლის დადგომას გილოცავთ სრულიად საქართველოს! საღი აზრის გამარჯვებას გისურვებთ ყველგან _ ინდივიდუალურადაც, ოჯახებშიც, სახელმწიფოშიც, ღმერთი გფარავდეთ!

ამით ვასრულებთ საგაზეთო წერილების ციკლს რუბრიკითმე სიტყვასა ერთსა გკადრებ”. მომავალ წელს კი, იმედია, ისევ შევხვდებით გაზეთსაქართველო და მსოფლიოსფურცლებზე, რა თქმა უნდა, განახლებული რუბრიკით.

მომავალ შეხვედრამდე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here