Home ახალი ამბები საქართველო ნელ-ნელა ყველა მიხვდა, რომ დასავლეთს თავისი ინტერესები აქვს და უკრაინელები, უბრალოდ, საზარბაზნე...

ნელ-ნელა ყველა მიხვდა, რომ დასავლეთს თავისი ინტერესები აქვს და უკრაინელები, უბრალოდ, საზარბაზნე ხორცად გამოიყენა

დასავლეთი მორიგი სასაკლაოს მოსაწყობად ემზადება და მერე რა, რომ ამ სასაკლაოში არაერთი ათასი უკრაინელი ჯარისკაცი მოჰყვება. ერთი კაცის სიკვდილია ტრაგედია, თორემ 200 ათასი დაღუპული უკრაინელი ევროპა-ამერიკისთვის უბრალო სტატისტიკაა.

436

რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირების პირველ კვირებში, თუ გახსოვთ, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის საინფორმაციო გამოშვება სწორედ ამ კონფლიქტით იწყებოდა. დასავლური მედია გვარწმუნებდა, რომ რუსეთი ორ თვეში დამარცხდებოდა, შემდეგ ეს ორი თვე ნახევარ წლამდე გაიზარდა, შემდეგ – ერთ წლამდე და ახლა დასავლელი ლიდერები თანხმდებიან, რომ ძნელია პროგნოზირება, როდის დასრულდება ომი. ამ განცხადებებმა ნიჰილიზმი გააჩინა უკრაინის იმ მოსახლეობაში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ეგონა (სხვათა შორის, ამ მკრეხელობის ამსახველი ხატი ზელენსკის გამოსახულებით უკვე გავრცელდა და ამბობენ, კიევის ერთ-ერთ ეკლესიაშიც დააბრძანესო), დასავლეთი კი  – უკრაინელების უახლოესი მეგობარი.

ნელ-ნელა ყველა მიხვდა, რომ დასავლეთს თავისი ინტერესები ჰქონდა და უკრაინელები, უბრალოდ, საზარბაზნე ხორცად გამოიყენა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ნიჰილიზმის გასაქარწყლებლად გასულ კვირას ჯო ბაიდენმა საინტერესო (სულელური, მაგრამ მაინც საინტერესო) განცხადება გააკეთა:

„რუსეთმა ომი უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა, რომლის შესახებაც აცხადებდა, ეს შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა… ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ეს, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ ადგილას. უმოქმედოდ რომ ვმდგარიყავით, რა გზავნილს გავუგზავნიდით ჩინეთს ტაივანის შესახებ? რა სიგნალს მისცემდა ეს მთელ მსოფლიოს? რუსეთის ინტერვენცია არ არის მხოლოდ ევროპული პრობლემა, ასეთი ინტერვენცია არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და თავისი მასშტაბებით ეს ომი მეორე მსოფლიო ომს აღემატება“.

ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის დღეს ნომერი პირველი პრობლემა ჩინური ეკონომიკაა და ამიტომ ამ გზავნილით ჩინეთს დაემუქრა. მეორე მსოფლიო ომის ხსენებაც არ იყო ბაიდენისთვის მაინცდამაინც მომგებიანი. სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა მთელ ევროპას ფაშიზმი ემუქრებოდა, ამერიკა მშვიდად ადევნებდა თვალს, როგორ იხოცებოდა მილიონობით ადამიანი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ომის სასწორი საბჭოთა კავშირის მხარეს გადაიხარა, მოკავშირეობა მოისურვა და გამარჯვებულის მხარეს დადგა. ახლაც ამერიკელები  მიხვდნენ, რომ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება ისე არ გაგრძელდა, როგორც მათ სურდათ, ამიტომ განცხადებებს აკეთებენ, რუსეთი დამარცხდაო; პარალელურად კი, არც თუ ორაზროვნად უკრაინელებს პირდაპირ მიანიშნეს, – მზად ვართ, ნატოში მიგიღოთ, ოღონდ სადავო ტერიტორიების აღიარება მოგიწევთო. და ამას ამბობენ ახლა, როცა 200 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, როცა მთელი ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა განადგურდა, როცა უკრაინამ კონკრეტულად ამერიკისგან საშვილთაშვილო ვალი აიღო და, სურს თუ არა, ამ საუკუნეში ამერიკის მონა უნდა იყოს.  ამ ყველაფერს  ნელ-ნელა უკრაინის ის მოსახლეობაც ხვდება, რომელსაც ამერიკა უპირველესი მეგობარი და პარტნიორი ეგონა, რომელიც დააჯერეს, რომ რუსეთს ორ თვეში დაამარცხებდნენ და კრემლის თავზეც უკრაინული დროშა აფრიალდებოდა.

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოიფიქრეს ე.წ. კონტრშეტევის გეგმა – ფარსი, რომელმაც კრახი  განიცადა. აი, რას წერს ამერიკული მედია:

„პრეზიდენტი ზელენსკი გამოუვალ მდგომარეობაშია. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ორი თვის წინათ დაწყებულ კონტრშეტევას დასახული მიზნებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. მართალია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე მიწის ვიწრო წოლი დაიკავეს, მაგრამ ის უმეტესად წარმოდგენილია ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ მდებარე დაცარიელებული სოფლებისა და დანაღმული ველების სახით, თანაც  უდიდესი დანაკარგების ფასად. უკრაინის არმია, ფაქტობრივად, ჯერაც არ არის მიახლოებული რუსეთის გამაგრებული პოზიციების პირველ მიჯნას: მრავალდონიანი რუსული თავდაცვითი ნაგებობების ქსელი, როგორც იყო, ისევე არის შენარჩუნებული. ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოუდგენელი არჩევანის წინაშე დადგა: წავიდეს ვა-ბანკზე და კონტრშეტევა განაგრძოს, რომელიც ძალზე სარისკოა და შეტევის ჩაფუშვის ტოლფასია, თანაც დიდი სისხლისღვრითა და დანაკარგებით, ან დაღვაროს ნაკლები სისხლი, დაჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად სახელგამტეხ მარცხს შეურიგდეს…“

კულუარულად, სწორედ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ ზელენსკისდასავლელი ლიდერები და ამიტომ იმეორებს კვირაში რამდენიმეჯერ უკრაინის პრეზიდენტი,  – მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავჯდებიო. არადა, კითხვას ამის თაობაზე არავინ უსვამს. ის, უბრალოდ, ახმოვანებს იმას, რაც კულუარებში ხდება და, ენას კბილი რომ დააჭიროს, ამისთვის არც პოლიტიკური გამოცდილება ჰყოფნის და არც ჭკუა.

ისე, უკრაინის ხელისუფლების სათავეში მყოფთაგან ჭკუითა და გამოცდილებით ვერავინ დაიკვეხნის. აგერ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა: ყირიმის ხიდი  ჩვენმა სამსახურმა ორჯერ ააფეთქა და მეორე აფეთქებისას ასაფეთქებელი ნივთერების რაოდენობა 850 კილოგრამამდე იყო მომატებულიო. საქმე ის არის, რომ სწორედ მეორე აფეთქების შემდეგ გამოვარდნენ ამერიკელი ექსპერტები და იყვირეს: დაახლოებით ერთ ტონამდე ასაფეთქებელი გამოიყენეს, უკრაინას ამ რაოდენობის ასაფეთქებელი არ ჰქონდა და ყირიმის ხიდი რუსების აფეთქებულიაო. ამ აღიარებით მალიუკმა ორი რამ დაადასტურა – პირველი ის, რომ ხიდი უკრაინულმა მხარემ ააფეთქა; და მეორე –  ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც თურმე მათ არ ჰქონდათ, დასავლეთისგან მიიღეს.

მკრეხელური ხატი

ზელენსკიმ სიამაყით განაცხადა: ამერიკამ უკრაინელი მფრინავების გადამზადება დაიწყო, რომლებიც თანამედროვე გამანადგურებლებით შეძლებენ ფრენას და ეს გარდამტეხი იქნება ამ ომის მსვლელობაშიო. არადა, მანამდე გარდამტეხი საერთაშორისო სანქციები უნდა ყოფილიყო, მერე – „ჰაიმარსები“, შემდეგ – „ლეოპარდები“, ბოლოს – კასეტური ბომბები, აგრეთვე, ევროპელი თუ ამერიკელი ინსტრუქტორები, მაგრამ რატომღაც გარდატეხა ყოველთვის რუსეთის სასარგებლოდ ხდებოდა და არავინ არის იმის გარანტი, რომ მფრინავების გადამზადება უკრაინისთვის იქნება სასარგებლო. რეალურად, დასავლეთი მორიგი სასაკლაოს მოსაწყობად ემზადება და მერე რა, რომ ამ სასაკლაოში არაერთი ათასი უკრაინელი ჯარისკაცი მოჰყვება. ერთი კაცის სიკვდილია ტრაგედია, თორემ 200 ათასი დაღუპული  უკრაინელი  ევროპა-ამერიკისთვის უბრალო სტატისტიკაა. ამერიკის არც ის ვარაუდი გამართლდა, რუსეთს დაჟანგული ტანკები და ვადაგასული ტყვიები რომ ჰქონდა და მათ გამოყენებას ვერ მოახერხებდა; არც ის, რომ რუსეთში გამოსვლები დაიწყებოდა და მოსახლეობა ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა; არც შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვით გენერლებს  თურმე პუტინი უნდა დაეპატიმრებინათ და უკრაინისთვის კაპიტულაცია გამოეცხადებინათ. ეს ყველაფერი იყო  ტყუილი, რომლითაც უკრაინის მოსახლეობას კვებავდნენ. ახლა კი… ახლა, როცა ქვეყნისგან სახელის გარდა პრაქტიკულად არაფერი დარჩა, ახალი ტყუილი მოიფიქრეს – უკრაინელი მფრინავები გადამზადების შემდეგ თურმე მოსკოვს შეუტევენ. არადა, მთელი დასავლეთი ერთ ხმაში ამბობს: უკრაინას დავეხმარებით კუთვნილი ტერიტორიების გათავისუფლების პროცესში, თორემ, როგორც კი რუსეთის ტერიტორიაზე გადავა, დახმარებას შევწყვეტთო; მაგრამ, მოსკოვზე შტურმით რომ იმუქრებიან, როდის  გახდა რუსეთის დედაქალაქი უკრაინის ტერიტორია?!

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამერიკას რუსეთი უკვე ნაკლებად აინტერესებს. უკრაინას ომს დაამთავრებინებს, როცა მოუნდება (ელემენტარულად, იარაღს აღარ მიაწვდის) და დაამთავრებინებს იმ შედეგით, როგორიც უნდა (გამარჯვების გარდა, რადგან ყველა ხვდება, რომ უკრაინა უკვე დამარცხებულია). ამერიკის მთავარი საზრუნავი ახლა ჩინეთი და მისი ეკონომიკაა და მაშინაც კი, როცა საუბარი უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაზეა, ამერიკის პრეზიდენტი თავს ვერ იკავებს, ჩინეთი არ ახსენოს. რამდენად მოახერხებს 23-მილიონიანი ტაივანი მილიარდნახევრიან ჩინეთზე დაგეშოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ამის გაკეთებას რომ შეეცდება, ფაქტია.

და საქართველო?… ახლა, ამ გადასახედიდან მაინც ხომ ნათლად ჩანს, რას გადავურჩით და რაზე ვთქვით უარი დასავლეთის განაწყენების ხარჯზე?

კელი დეგნანმა ჩვენთან მოღვაწეობა ოფიციალურად დაასრულა და ახლა ახალ ელჩს ველით. სერიოზული ეჭვი გვაქვს, რობინ დანიგანი კარგად დატრენინგებული ჩამოვა და მაშინვე შეეცდება, მართვის სადავეები, რომლებიც დეგნანს ხელიდან გაუსხლტა, კვლავ აიღოს და ამერიკის (და არა საქართველოს) ინტერესები დაიცვას. გვერწმუნეთ, პირველივე დღეებში და პირველივე განცხადებებიდან გამოჩნდება დანიგანის ზრახვები და, რაღა თქმა უნდა, ქართული ოპოზიცია ერთგულების ფიცის დასადებად ამერიკის საელჩოში რიგს დააყენებს.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here