Home ახალი ამბები საქართველო „აღსდექ, საქართველო! აღსდექ, საქართველო!“

„აღსდექ, საქართველო! აღსდექ, საქართველო!“

ძალიან ახლოს ვართ უფსკრულთან, შეიძლება ისე ახლოსაც კი, როგორც არასდროს და ახლა, სწორედ ახლა უნდა ვივარგოთ, ქართველებო!

177

რატომღაც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს  ოპოზიციასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისევე უდევთ ყური მიწაზე და ჩუმად იმეორებენ: „მოდის, რევოლუცია მოდის“, როგორც ამას თენგიზ აბულაძის ფილმ „ნატვრის ხის“ პერსონაჟი იორამი აკეთებდა. ჰო, აქაური ოპოზიცია და დასავლელი „პარტნიორები“ მიხვდნენ, რომ მოქმედი ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით წარმოუდგენელია, რადგან ქართველი ხალხი   „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და ერთადერთი გზა რჩება – რევოლუცია. სიტყვა, რომლის წარმოთქმასაც ქართულ ოპოზიციაშიც კი ყველა ერიდებოდა, რადგან შესანიშნავად ხვდებოდნენ, რა დღეში ჩააგდებდა ქვეყანას რევოლუცია, ახლა ისე მოსარიდებელი აღარ არის, მით უმეტეს, რომ დასავლეთი მოსახლეობასაც და პოლიტიკოსებსაც უნერგავს აზრს, რომ ოქტომბერში მმართველი გუნდი არჩევნებს თურმე აუცილებლად გააყალბებს.

„ურთიერთობები გაუარესდება, თუ „ქართული ოცნება“ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს, მიზნობრივმა სანქციებმა, შესაძლოა, საფასური გაზარდოს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“  მიმართ სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის“, –  განაცხადა აშშ-ის კონგრესში გამართულ  საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ.

„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შიში არჩევნებში დამარცხებაა. ამის გამო ბიძინა და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ხელისუფლებაში დასარჩენად  ყველაფერი გააკეთონ. შესაბამისად, მომავალი არჩევნებისთვის გაყალბების დონე წარმოუდგენლად მაღალი იქნება“, – ეს სიტყვები კი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ეკუთვნის.

„ვფიქრობ, ეს ევროპისთვის გამოღვიძების ზარია, რათა ქართველ ხალხს ავუხსნათ, რომ მზად ვართ მათ მისაღებად, თუ ისინი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ცხრა ნაბიჯს მიჰყვებიან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სხვა გზას დაადგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ქართველმა ხალხმა არჩევნებში მონაწილეობით საკუთარი აზრის გამოთქმა შეძლოს და ეს არჩევნები დემოკრატიული უნდა იყოს, არ უნდა გაყალბდეს“, – ეს კი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თქვა.

ხომ ძალიან უცნაურია, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, დასავლელი პოლიტიკოსები არჩევნების გაყალბებაზე რომ საუბრობენ?! ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ არჩევნები, შესაძლოა, გაყალბდეს, არამედ ამტკიცებენ,  არჩევნები აუცილებლად გაყალბდება და მასშტაბი უპრეცედენტო იქნებაო. რას ნიშნავს ეს? – მხოლოდ ერთადერთ რამეს – დასავლეთმა იცის, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ აუცილებლად მოიგებს და  სწორედ ამის დაშვება  არ სურს.   ევროპამ და  ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მმართველი ძალა ხელისუფლებაში არ დარჩეს, თორემ დალია ჩაილურის წყალი მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივამ ცალკე, საქართველოს დამონების შესაძლებლობამ  ცალკე და ქვეყნის ლიბერალიზაციამ კიდევ ცალკე. ისინი კარგად ხდებიან, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და ეს არის იმაზე დიდი მნიშვნელობის არჩევნები, ვიდრე 2012 წელს იყო.  დასავლეთმა დემოკრატობანა ითამაშა, არავის ეგონა, რომ პოლიტიკურად გამოუცდელი ივანიშვილი ხელისუფლებას 4 წლის შემდეგაც შეინარჩუნებდა. ახლა გამოჩნდა, რომ დასავლეთს სულ სხვა გეგმა ჰქონდა: 4 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო და დაბრუნებულიყო  სამუდამოდ და დასავლეთის მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დაესრულებინა, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა გამოჩნდა, რომ სრულად დასავლეთმაც არ იცოდა, რა სისაძაგლეები ჰქონდა ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმს, სადამდე მივიდნენ და რას უშვრებოდნენ საკუთარ მოსახლეობას. ჰოდა, ახლა დასავლეთი შეცდომის გამოსწორებას ცდილობს და მერე იოლი იქნება, მარტივ მამრავლებად დაშლილი ნაციონალების ისევ ერთი ფრთის ქვეშ გაერთიანება; ან ვინ გაიწევს მერე პატრიოტული გრძნობებისკენ, როცა ისინი ძალაუფლებას იგრძნობენ და როცა ეტყვიან, რომ შურისძიების უფლებაც აქვთ პოლიტიკურ ოპონენტებზე.

შესაბამისად, ოპოზიცია ნელ-ნელა, მაგრამ შეეგუა, რომ  ხელისუფლებაში რევოლუციის გზით უნდა მოვიდეს  და მერე რა, რომ ზუსტად იციან – კიდევ ერთი რევოლუცია საქართველოს რამდენიმე წლით უკან დასწევს; მერე რა, რომ ზუსტად იციან, კიდევ ერთი რევოლუცია  ისევ დასავლეთის მონობას ნიშნავს,  მაგრამ  ისინი ამისთვისაც მზად არიან. დასავლთმა კი ზუტად იცის, რომ ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს: ან უნდა იყოს იმ დღეში, როგორშიც ახლა არის, ან რევოლუციის ფეხის ხმას უნდა აჰყვეს.  კი ვამბობთ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ამას არ დაუშვებს, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ყოფნით, 2003 წელს რაც მოვიგეთ, ერთად ვნახეთ, ამიტომ გვგონია, რომ მოქმედი ხელისუფლების ლიდერები  ვალდებულნი არიან, გამოვიდნენ და თითოეულ ასეთ განცხადებაზე  უმწვავესი რეაქცია ჰქონდეთ. არ შეიძლება, ვიოლა ფონ კრამონი დღის წესრიგს გვიდგენდეს და არც ის შეიძლება, ესტონელი მაღალჩინოსანი გვარიგებდეს ჭკუას, ის ესტონელი, რომლის ქვეყანაც  მოსახლეობის 50%-ზე მეტმა დატოვა და ახლა ესტონელები ამბობენ, რომ გადაშენების პირას დგანან და, თუ რამე არ შეიცვლება, ერი  აღარ იარსებებს. ცვლილებით კი ბევრს ვერაფერს ცვლიან, რადგან ხომ ასწავლეს, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში თანასწორ ცხოვრებასა და სამსახურს. ჰოდა, წავიდნენ ესტონელები გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ცხოვრობენ გადასარევად, აღარ უნდათ თავიანთი  სამშობლო და, მუშახელი რომ გაუჭირდათ, ჯერ ინდუსები და პაკისტანელები ჩაიყვანეს, შემდეგ ჩინელებიც დაინტერესდნენ ამ ქვეყნით და ახლა თეთრი და ქერა ესტონეთი ნელ-ნელა „შავდება“,  ეს კი  მხოლოდ ერთეულებს ადარდებს. გათითოკაცებული და საძოვარს მიშვებული ერი გახდა და, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 20 წელიწადში ესტონეთში არაესტონელი ამომრჩევლების რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე ადგილობრივების. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ესტონელებმა ზარ-ზეიმით გაყარეს ქვეყნიდან რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც იქ ასეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ახლა მათ ადგილზე ინდუსები და პაკისტანელები სახლობენ, ალბათ, ეს იყო ჩანაფიქრი და, ალბათ, ასე სჯობს.

ხუმრობა იქით იყოს და, ცხადია, რომ დასავლეთი კი არ ემზადება რევოლუციისთვის, მის მოსაწყობად უკვე მზად არის და ვაი, რომ ხელის შეშლას ოპოზიცია თუ არასამთავრობოები,  უბრალოდ, არ აპირებენ. მეტიც, ისინი ახლა როლებს ინაწილებენ, ვინ უნდა იდგეს მოწინავე ფლანგზე და ვის უნდა ეჭიროს უფრო გრძელტარიანი ევროკავშირის დროშა. თვითონ ოპოზიციაში ერთმანეთს რომ ვერ იტანენ, იქიდანაც ჩანს, რომ აქციების მიმდინარეობისას პარლამენტის წინ „ლელოს“ მიერ მიტანილი სცენა  მაშინვე წაიღეს, როგორც კი მამუკა ხაზარაძეს სიტყვით გამოსვლისას თვალებში ლაზერი მიანათეს. სხვათა შორის, იმ დღეს ლაზერი ყველას მიანათეს (სცენა მამუკასი იყო და სხვა ვერ წაიღებდა) და ეს ნათება უნდა ყოფილიყო მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრი მომიტინგეებსაც კი არ მოსწონთ, მაგრამ  ჩანს, აზრს არც იმ ხალხს შეეკითხებიან, გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ გააპროტესტეს და პარალელურად, ისე, რომ თავადაც არ იცოდნენ, აპროტესტებდნენ კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. ჰო, დასავლეთი ამ კანონების ერთობლივად გაწვევას ითხოვდა, უბრალოდ, აქცენტს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე აკეთებდა, რადგან, სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ძალიან დიდი ალბათობით,  მომიტინგეთა უდიდესი ნაწილი უბრალოდ შინ წავიდოდა და ხელში მხოლოდ კაბიანი ბიჭები შერჩენოდათ. კაბიან ბიჭებზე მაიკლ როთი რომ არ ვახსენოთ, არ შეიძლება. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენთვის კიდევ ერთხელ მოიცალა და განაცხადა, ლგბტ-ზე თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვისო. ვერ შეიგნო ამ კაცმა ან არ უნდა შეიგნოს, რომ, თუ ევროკავშირისკენ სავალ გზაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ტაშისკვრა მოგვიწევს, ასეთი ევროკავშირი არ უნდა მთელ ერს…

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვები: „გაყალბდება“, „რევოლუცია“. ხელისუფლება კი დუმს და ვინ იცის, როცა ხმის ამოღებას დააპირებს, უკვე გვიანი იქნება ან ის ექნება დავიწყებული, რაც უნდა ეთქვა. გზაგასაყარზე ვდგავართ და ძალიან ახლოს ვართ უფსკრულთან, შეიძლება ისე ახლოსაც კი, როგორც არასდროს და ახლა, სწორედ ახლა უნდა ვივარგოთ, ქართველებო!

„ნატვრის ხით“  დავიწყეთ და ისევ იმით დავასრულოთ. ხომ გახსოვთ, ეროსი მანჯგალაძის გმირი ბუმბულა რა თავგამოდებით გაიძახის: „აღსდექ, საქართველო! აღსდექ, საქართველო!“

ლევან გაბაშვილი                                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here