Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთსა და უკრაინას  დღემდე მოსვენებას არ აძლევს ის, რომ საქართველომ მეორე ფრონტი...

დასავლეთსა და უკრაინას  დღემდე მოსვენებას არ აძლევს ის, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა,  რომ ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა  ბეწვის ხიდზე გავლა და აქ ომი არ დაიწყო

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოზე მეტად დასავლეთი ემზადება. არც ის არის გამორიცხული, სწორედ უკრაინის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაცია მოხდეს. იქ მებრძოლი ქართველები, რეალურად კი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის წევრები, არაერთხელ დაიმუქრნენ, ჩამოვალთო და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მათ ჩამოსვლასაც უკრაინის სასაზღვრო პოლიცია შეუწყობს ხელს

320

ოპოზიცია, არასამთავრობოები და დასავლელი პარტნიორები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია და  რომ მას მხარში უნდა ამოვუდგეთ. არც ერთმა (არც თავად უკრაინამ) არ იკმარა ის, რომ ომის პირველ დღეებში ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება სწორედ საქართველოსგან მიიღო. ყველაფერს აკეთებდნენ  იმისთვის, რომ ჩვენ მეორე ფრონტი გაგვეხსნა და საქართველოც ისევე გ ახვეულიყო ცეცხლის ალში, როგორც დასავლეთმა უკრაინა გახვია. დიახ, სწორედ დასავლეთმა გახვია უკრაინა ცეცხლის ალში და ახლა… ახლა გამოსავალი თითქოს არ ჩანს.

„თუ ჩვენ სულელურად მოვიქცევით და რუსეთს დავემუქრებით, დავინახავთ, რომ უკრაინა გაქრება ევროპის რუკიდან და მის ადგილს სხვა რამ დაიკავებს. ამ ქვეყანას შეიძლება უკრაინა არც ერქვას. დასავლეთმა არ უნდა განაგრძოს სიჯიუტე, არამედ უნდა დაიწყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებები მოსკოვთან. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სხვა გზა, უბრალოდ, არ ექნება. ის იძულებული შეიქნება,  დაამარცხოს უკრაინული არმია. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, მას მომავალი მოვნელების არც ერთ განვითარებაში არ აქვს, ის უბრალოდ დასრულებულია“, – ეს პენტაგონის ყოფილმა მრჩეველმა – დუგლას  მაკგრეგორმა განაცხადა.

ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ უკრაინა უკვე გამოწურული ლიმონია და ეს ქვეყანა დასავლეთს უკვე  ნაკლებად აინტერესებს. ახლა აქცენტი იმაზე კეთდება, როგორმე ტაივანსა და ჩინეთს შორის დაიძაბოს ურთიერთობა და.. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელ მაიკლ მაკკოლის თქმით, შეერთებული შტატები, უკრაინისგან განსხვავებით, ტაივანს უახლეს იარაღს გაუგზავნის (?!). ჰო, ამერიკა საჯაროდ  ეუბნება ტაივანს: მერე რა, რომ 23 მილიონი ხართ, 1,5-მილიარდიან  ჩინეთთან ომი დაიწყეთ და უახლესი იარაღი ჩვენზეაო. და ამ განცხადებას არ აპროტესტებს არავინ, პირიქით – ამერიკას ტაშს უკრავენ, როგორ ზრუნავს ტაივანზეო და მერე რა, რომ ამ ომით, ამერიკას ტაივანზე ზრუნვა კი არა, ჩინეთის ეკონომიკაზე დარტყმა სურს…

საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ოპოზიციურ ძალებს თბილისში „უკრაინული მაიდანი“ უნდა მოეწყოთ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველაფერი იმ კალაპოტში ჩადგებოდა, რომელიც დასავლეთს სურდა. მაიდნის მოწყობის მოსურნეთა რაოდენობა ისე  დიდი და ისე ღია იყო, რომ კომენტარი საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

„ყველას მინდა ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, რა იყო უკრაინისთვის მაიდნის შედეგები. იმხანად,  რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ და საბოლოო ჯამში, ვინც დაინიშნა გარედან, იმას პასუხისმგებლობა არ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ უკრაინაში განვითარდა. უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკა 200 მილიარდი დოლარით და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული. ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული და ვინ იღებას ამაზე პასუხისმგებლობას? ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

„უკრაინისთვის საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობის,  უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა  და დამოუკიდებლობის  ბრძოლის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია. არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას. ის პასუხისმგებელია ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. სამაგალითოა, რომ სიტყვა „რუსული“ საქართველოს ოფიციალური პირის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები. სამწუხაროა, საქართველოს პრემიერმინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა. ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ  ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისაგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ“, – ეს განცხადება კობახიძის საპასუხოდ უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

ცოტა არ იყოს, სასაცილოა უკრაინელთა პასუხი და სასაცილოა რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი ის, რომ უკრაინელები ოფიციალურად აღიარებენ, რომ მაიდნით თურმე მათ მოაწყვეს „ღირსების რევოლუცია“ და მერე რა, რომ ამ „ღირსების რევოლუციის“ შედეგად ქვეყანა იქამდე მივიდა, რომ მას მასხარა მართავს. სასაცილოა იმის თქმა, რომ თურმე „უკრაინას საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ“. რომელ  შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში? რომელშიც უკრაინა თხემით ტერფამდე იყო ჩართული  და რომლის დროსაც არაჟნების კონტეინერში დამალული  მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს? მიშას შემოსვლაში ხომ თავიდან ბოლომდე იყო ჩართული უკრაინის სასაზღვრო პოლიცია, რადგან სხვაგვარად გამორიცხული იყო, არაჟნების კონტეინერში დამალულ კაცს ორი სახელმწიფოს საზღვარი  ისე გადმოელახა, ეჭვი არავის გასჩენოდა. მიშას ჩამოსვლის შესაძლებლობა სწორედ უკრაინულმა მხარემ მისცა. მათ დამალეს საგულდაგულოდ და სწორედ მათ იცოდნენ საქართველოს საზღვრის სუსტი წერტილები და სათავისოდ გამოიყენეს.

სწორედ უკრაინა გვაიძულებდა მეორე ფრონტის გახსნას და ამას მინიშნებით კი არ აკეთებდა, არამედ გვავალდებულებდა, ჩვენი გულისთვის მანდაც ცეცხლი დაანთეთ, თავი შეწირეთ და განადგურდითო. ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, მწარე რეალობაა და უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მართლა აღარ არსებობს. იმავე ზელენსკიმ პენტაგონის ყოფილ მრჩეველ მაკგრეგორს ვერ გაუბედა შეპასუხება. არადა, კაცი ამბობს, უკრაინის ადგილზე სხვა სახლმწიფო შეიძლება შეიქმნას და იმ სხვას უკრაინა არ ერქმევაო. ასე მიაჩვიეს არა მხოლოდ ზელენსკი, არამედ უკრაინის ყველა მაღალჩინოსანი, რომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის კრიტიკა შეიძლება და შეიძლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მთავარია, აკრიტიკონ და მერე მსოფლიოს გასაგონად  იყვირონ, რომ თურმე ქართველი პოლიტიკოსები ზუსტად ისე საუბრობენ, როგორც რუსი მაღალჩინოსნები. იმის მეათედი და მეოცედიც კი არ უცდია რუსეთს ბოლო წლებში საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, რამდენიც  უკრაინამ სცადა და  დღემდე ცდილობს. არც ერთ ქართველ მაღალჩინოსანს არ უთქვამს იმის მეათედიც კი, რამდენიც მათ იკადრეს, და ეს თითქოს ნორმაა. გსმენიათ ოდესმე, ზელენსკის თავისი ხელქვეითები გაეკრიტიკებინოს, საქართველოს საშინაო საქმეებში ნუ ერევითო? დავით არახამია ლამის დღის წესრიგს რომ გვიდგენდა, რევოლუციასა და ხელისუფლების ცვლილებას რომ გვიანონსებდა, ვინმემ უთხრა, რა შენი საქმეაო? არა, პირიქით – აქეზებდნენ, უფრო მეტი თქვიო. ისე ჩანდა, სწორედ უკრაინას სურდა გუბერნიად საქართველო და გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილი. მივიდოდით კიდეც აქამდე, მიშას ჩამოსვლის მიზანი რომ განხორციელებულიყო.

დასავლეთსა და უკრაინას  დღემდე მოსვენებას არ აძლევს ის, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა; ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა  ბეწვის ხიდზე გავლა  და აქ ომი არ დაიწყო. ეს იქნებოდა ომში ზვარაკად შეწირული ქვეყანა და  ქართველების ნასახლარზე ნატოს ბაზები განლაგდებოდა, ანუ ზუსტად ის, რისი გაკეთებაც, ამდენი ხანია, სურს ამერიკას და ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. აი, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში  ეს პერსპექტივა შორს სულაც არ იქნება.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოზე მეტად დასავლეთი ემზადება. არც ის არის გამორიცხული, სწორედ უკრაინის მხრიდან  შეიარაღებული პროვოკაცია მოხდეს. იქ მებრძოლი ქართველები, რეალურად კი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის წევრები, არაერთხელ დაიმუქრნენ, ჩამოვალთო და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მათ ჩამოსვლასაც  უკრაინის სასაზღვრო პოლიცია შეუწყობს ხელს.

საქართველოში ტყვიის ერთი გავარდნა უმართავი პროცესების დაწყებას ნიშნავს და დასავლეთი წინააღმდეგი არ იქნება, ეს ტყვია თუნდაც უკრაინული მხრიდან გავარდეს, მათ უკვე ხომ მოახერხეს და უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ასროლინეს და მაიდნით დაწყებული საქმე ფართომასშტაბიანი ომით დაასრულეს. სწორედ დაასრულეს, დასავლეთისთვის უკრაინა დასრულებული თემაა, გადამუშავებული პროდუქტი, რომელსაც ახლა სანაგვეზე მოისვრიან და მერე რა, რომ როგორც სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, უკრაინა ათეული წლების განმავლობაში აღარ იარსებებს. მთავარია, დასავლეთმა მოახერხა თავისი  ინტერესების გატარება და ახლა მათ მჭიდში საქართველოა, რომელიც  ისევ და ისევ რუსეთს უნდა დაახალონ და შეაკლან.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. სინამდვილეში თანამედროვე ლიბერლიზმი არ არის იდეოლოგია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერებმა იმისთვის მოიგონეს, რომ საზოგადოებები და სახელმწიფოები აკონტროლონ, გარყვნან, დაშალონ ატომებად და ბოლოს ჩამოშალონ. ეს ტექნოლოგია თავის დროზე „ფრანკფურტის სკოლის“ მეცნიერებმა შეიმუშავეს. მისი დანერგვა 50-იანი წლებიდან ჯერ აშშ-ში დაიწყეს, შემდეგ—ევროპაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ლათინურ ამერიკაში და ახლა, უკვე წლებია, ჩვენთანაც ცდილობენ. აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის გაქრისტიანება დაიწყო…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here