ამერიკელები, თუ მათ  არ ემონები, თავიანთ ქვეყანაში შესვლის უფლებასაც არ გაძლევენ. ეგებ დროა, ჩვენც დავუწესოთ სანქციები   იმ პირებს, რომლებიცსაქართველოში ვითარების გამწვავებასა და  ქვეყნის ომში ჩათრევას  ცდილობენ

    დასავლეთს ახალი სისხლი სჭირდება და ომის პლაცდარმად საქართველოს განიხილავს

    207

    აშშ-ს სანქციები რამდენიმე ქვეყნის ლიდერისთვის აქვს დაწესებული. მათ შორის არიან  სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი. ამერიკელები ნიშნის მოგებით ამბობენ, რომ სანქცირებულები  ამერიკაში ვერასოდეს ჩავლენ. სიმართლე გითხრათ, საეჭვოა, ასადი ან ჩენ ინი შტატებში მოგზაურობის სურვილით იწვოდნენ, მაგრამ მაინც.

    ჰოდა, ახლა ამერიკამ გამოგვიცხადა,  რამდენიმე ათეულ ქართველ მაღალჩინოსანს დავუწესეთ  სანქციები, ოღონდ მათ გვარებს არ დავასახელებთო. ჰო, თუ სხვების სახელებსა და გვარებს ხმამაღლა და გამოთქმით ამბობდნენ, ახლა გაიძახიან,  ამის შესაძლებლობას კანონი არ გვაძლევსო. როგორ გაიგებს ესა თუ ის პიროვნება, არის თუ არა სანქცირებული? თურმე, როცა თვითმფრინავში ჩაჯდება, ამერიკაში ჩაფრინდება, აეროპორტში ეტყვიან, რომ სანქცირებულთა სიაშია და ქვეყანაში არ შეუშვებენ. რატომღაც გვგონია, რომ ამერიკელები თავს იზღვევენ და საკმარისია, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან რომელიმემ გადაკვეთოს საზღვარი, იტყვიან, რომ ის სიაშია, სინამდვილეში კი, შესაძლოა, სიაში  არც იყოს. ამით შტატებს ქართული ხელისუფლების წარმომადგენელთა დამცირება თუ საჯაროდ გამოჭენება სურთ. პარალელურად, აშშ  იმასაც გვეუბნება, ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება დაივიწყეთო. ჰო, ეს ჯერ ამერიკამ თქვა,  მერე დაადასტურა ევროკავშირმა და მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან წამოიწყო. ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიხურა რამდენიმე ოპოზიციური გამოცემა, რამდენიმე ტელევიზია,  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციურ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმეს.  ამ ყველაფერზე  კი დასავლეთი თვალს ხუჭავს. ამასთანავე, ომამდე უკრაინის ეკონომიკა 200 მლრდ ევროს აჭარბებდა, ახლა კი ორი ამდენი აღიარებული ვალი აქვს, ანუ უკრაინა, საუკეთესო შემთხვევაში, ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირისთვის უზარმაზარი ბარგი იქნება და თანაც ისეთი ბარგი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ზურგზე არაფრის დიდებით არ მოიკიდებენ. ეს იციან უკრაინელებმაც, იციან მოლდოველებმაც და მაინც ამბობენ, რომ გაწევრების იმედი აქვთ. რეალურად ეს საუბრები იყო, არის და მომავალშიც იქნება, ზუსტად ისეთივე პერსპექტივით, როგორიც, მაგალითად, თურქეთს აქვს, რომელსაც, 25 წელია, ევროკავშირში გაწევრებაზე ესაუბრებიან, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. თანაც, როცა უკრაინაში ომია გაჩაღებული, ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრება უტოპიას ჰგავს. აი, ასეთ პირობებში იწყებს დასავლეთი მოლაპარაკებებს და ამ ამბავში მთავარი ჩვენთვის თითის დაქნევაა: აი, თქვენთან არ დავიწყეთ მოლაპარაკებები იმ კანონის გამოო. და ახსენებდნენ მხოლოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ხოლო კრინტს არ ძრავდნენ  ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე, რომლის გაწვევასაც ასევე კატეგორიულად გვთხოვენ. შორიდან  ისე ჩანს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები  ქართველი ხალხის გასაღიზიანებლად წამოიწყეს. გააჭიანურებენ ამ პროცესს არჩევნებამდე და მერე, თუ მმართველი ძალა გაიმარჯვებს, დაგეგმილ რევოლუციას მეტი მუხტი რომ  მისცენ, იტყვიან, რომ საქართველოსთვის  ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურა; ხოლო, თუ ოპოზიცია მოიგებს, ორივე კანონს პირველივე სხდომაზე გააუქმებენ და ევროკავშირი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიგვიწვევს… 2050 წლამდე  ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივა თითქმის ნულს რომ უტოლდება, კარგად მოგეხსენებათ. ხელისუფლება კი ამბობს, ამისთვის 2030 წელს მზად ვიქნებითო. იგივე გაიმეორა შარლ მიშელმაც, მაგრამ შემდეგ მიშელს ყური აუწიეს: რა 2030 წელი, 2050 წლამდე რეკომენდაციები და მითითებებია შესასრულებელიო. იცით, როგორ არის? აი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი დაიწყო დასავლეთმა ჩვენი მიღების პროცედურა ჯერ ნატოში და შემდეგ – ევროკავშირში, მაგრამ   თაობები შეიცვალა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ხშირად  გვესმის, რომ  გაწევრებამდე სულ ცოტა გვიკლია, მაგრამ   ეს ცოტა არ მთავრდება. ეს განსაკუთრებით  ნატოზე ითქმის, საერთაშორისო მისიებში ვიღაცების ომსა და ინტერესებს რომ შეაწყვიტეს ჩვენი ბიჭები, მერე მაპ-ზე უკეთესი  მოგვცეს და ახლა გვითხრეს, ნატოს წევრობისთვის მზად არ ხართ და ამაზე საუბარი შეიძლება 20-25 წლის შემდეგ დავიწყოთო. ახლა მოგვცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ანუ დაახლოებით ის, რაც ნატო-ს შემთხვევაში, ანუ მაპ-ზე უკეთესი. გავა რამდენიმე წელი და  გამოგვიცხადებენ, რომ ევროკავშირისთვის მზად არ ვართ, რომ კანონები არ გვაქვს ისეთი ლიბერალური, როგორიც, მაგალითად,  მართლმადიდებლურ საბერძნეთს, რომელსაც რამდენიმე წელი „ეჭიდავნენ“ და, საბოლოო ჯამში, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონებინეს.

    დასავლეთს ახალი სისხლი სჭირდება და მეორე ფრონტის გასახსნელად იდეალურ პლაცდარმად  საქართველოს განიხილავს. აქ თუ მეორე ფრონტი გაიხსნება, დასავლეთი მარტივად შემოიტანს თავის იარაღს და აქედან დაიწყებს როგორც სტრატეგიულ ფრენებს, ისე რაკეტების სროლას რუსეთის მიმართულებით. საქართველოს ცაზე იფრენენ ამერიკული თუ ევროპული დრონები  და, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება რუსეთიდანაც. უკრაინის მაგალითზე ვთქვათ, როცა ომი დასრულდება, ქვეყანა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში  ნაღმებზე იცხოვრებს, იმ ნაღმებზე, რომლებიც ახლა არ აფეთქდა და რომლებსაც შემდეგ ბავშვები ან მოზრდილები იპოვნიან. ასე იყო დიდი სამამულო ომის პერიოდში და იმჟამინდელ  ნაღმებს ახლაც, ლამის საუკუნის გასვლის შემდეგაც კი პოულობენ.

    საბედნიეროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციების არ ეშინიათ, მაგრამ ერთია შიში და მეორეა ის დამოკიდებულება, რომელიც ამერიკელებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ აქვს. ანუ, თუ ამერიკელებს არ ემონები, თავიანთ ქვეყანაში შესვლის უფლებასაც არ გაძლევენ. ეგებ დროა, ჩვენც იგივე გავაკეთოთ და იმ ამერიკელებსა თუ ევროპელებს, რომლებიც  საქართველოში შუღლის გაღვივებას, ვითარების გამწვავებასა და  ომში ქვეყნის ჩათრევას  ცდილობენ, აქ შემოსვლა ავუკრძალოთ? ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ მტერს მტერი დაერქვას და მოყვარეს – მოყვარე? დაუშვებელია,  აქ ჩამოდიოდეს უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი და, ჭკუის დარიგების გარდა, ერს მოუწოდებდეს, ხელისუფლებას აუჯანყდით, არ დაემორჩილოთ და მის მიერ მიღებული კანონები უარყავით, მერე რა, რომ იგივე კანონი გასულ კვირას საფრანგეთმაც მიიღო, საფრანგეთი დიდია, მას სჭირდება თავდაცვა, საქართველო კი ჩვენ უნდა ვაკონტროლოთო. დიახ, ეს არის სათქმელი და გასაკეთებელი. ოპოზიცია რომ გაჰყვიროდა, ევროპულ და ამერიკულ უმაღლესებში ვეღარ ისწავლიან თქვენი და ჩვენი შვილებიო, ჯერ ერთი, ტყუილია და მეორეც – „ოცნების“ დეპუტატებმა შეახსენეს, ვინც მთაწმინდის პანთეონში განისვენებს, ამერიკული და ევროპული სასწავლებლები კი არა, პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდათ დამთავრებულიო და… ისინიც რუსეთუმეებად მონათლეს, აქაოდა, პანთეონში დაკრძალულებს რუსულ განათლებას აბრალებენო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა არც ქვეყნის წარსული იციან  და არც მომავალი ანაღვლებთ, მთავარია, დასავლელმა პოლიტიკოსმა გაუღიმოს  და ყველაფერს გაწირავენ, ერთ გროშად შეელევიან სამშობლოს.

    დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სანქციები კიდევ იქნება და ნელ-ნელა სახელებსა და გვარებს ოფიციალურადაც შევიტყობთ. აი, მერე იქნება საინტერესო, დასანქცირებული პირები ღიმილით რომ შეხვდებიან ამ ამბავს და ამერიკელებს ხელს რომ დაუქნევენ, არ გვჭირდება შტატებში ჩამოსვლაო. მერე რა მოხდება? სავარაუდოდ, ამერიკა ევროკავშირს მოსთხოვს ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას  და ეს ყველაფერი, საბოლოოდ, კომიკურ ელფერს შეიძენს. ჰო, კომიკურს, რადგან ხმამაღლა ვერავინ იტყვის, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები ამის გამო ინერვიულებენ. ეს ოპოზიციისა და არასამთავრობოებისთვის არის ტრაგედია დასავლეთში მოგზაურობის აკრძალვა, რადგან იქიდან მორიგ გრანტებს ვეღარ ჩამოიტანენ, თორემ დანარჩენი არც მათ ადარდებთ დიდად.

    26 ოქტომბრის არჩევნებამდე  ცოტა დრო დარჩა და, რაც უფრო მოახლოვდება ეს დღე, მით უფრო ხშირად ჩამოვლენ დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოში და შეეცდებიან, არა მხოლოდ ტყუილებით გაბერონ მოსახლეობა და უკმაყოფილების მუხტი გააღვივონ, არამედ ჩამოიყვანენ ტრენერებს, რომლებიც  ჩაატარებენ სემინარებს, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება,  როგორი საინფორმაციო ომი  აწარმოონ ქვეყანაში ისეთი ფონის შესაქმნელად, თითქოს ვიღუპებით და ამის მთავარი მიზეზი მმართველი გუნდია. ეს გეგმა არსებობს და ეს იცის ხელისუფლებამაც, მაგრამ მოვლენებს  რატომღაც მშვიდად ადევნებს თვალს. კიდევ გავიმეორებთ: ჩვენც შეგვიძლია, სანქციები დავუწესოთ პირებს, რომლებსაც  ომში საქართველოს გახვევა სურთ და ბრალად სწორედ ეს წავუყენოთ – ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა. სხვაგვარად მართლა არაფერი გამოვა და ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი თავის  ჩანაფიქრს ისე მარტივად განახორციელებს, როგორც   2003 წელს მოახერხა, როცა ხელისუფლებაში  „ვარდების რევოლუციის“ სახელით პირსისხლიანი დიქტატორი და ავადმყოფი გონების „რეფორმატორები“ მოიყვანა, „აბიჟნიკები“, რომლებიც ბავშვობის მეგობრებს  მეოთხე თუ მეხუთე კლასში განცდილი წყენის გამო ციხეში  სვამდნენ.

    ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                     

    P.S.  ამერიკის  შეერთებულ შტატებს სხვადასხვა პერიოდში  სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: ჩინეთმა, რუსეთმა, ბელორუსმა, ირანმა, ვენესუელამ, თურქეთმა, კუბამ და სირიამ. 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here