Home ახალი ამბები საქართველო მათთვის, ვისაც მაგრამ და თუმცა სინონიმები ჰგონია…

მათთვის, ვისაც მაგრამ და თუმცა სინონიმები ჰგონია…

604

რთული ქვეწყობილი წინადადება რამდენიმე სახის რომ შეიძლება იყოს, არა მგონია, ამაზე ნუცას სკოლელებმა იდავონ, მაგრამ ბევრ მათგანს უნდა შევახსენოთ, რომ მთავარ წინადადებასთან დამოკიდებულის დასაკავშირებლად მაქვემდებარებელი კავშირები გამოიყენება.

ამჯერად დათმობით დამოკიდებულ წინადადებაზე შევჩერდებით და აი რატომ:

ბევრ ვაიკალმოსანს მაგრამ და თუმცა სინონიმები ჰგონია; ზოგიერთის აზრით, თუმცა  შორისდებულია და მძიმეებით გამოყოფს წინადადებაში; ზოგიერთს რა ჰგონია, სამწუხაროდ, ვერ დავადგინეთ

სინამდვილეში კი დათმობითი დამოკიდებული წინადადება გვიჩვენებს, რომ მთავარ წინადადებაში გადმოცემული ამბის შესრულება საერთოდ შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელი ხდება ერთს რომელსამე კონკრეტულ შემთხვევაში. ამ სახის დამოკიდებული წინადადების მთავართან დასაკავშირებლად გამოიყენება: თუმცა; თუმცაღა; მიუხედავად იმისა, რომ.

ახლა მოვიყვანოთ მაგალითები ვაიმოკალმეთა წერილებიდან:

  * “აზერბაიჯანის მმართველი ელიტა სუვერენიტეტის ნარჩენების დაკარგვით რისკავს, აითქვიფოს თურქულ ელიტაში, მიიღოს რიგითი შემსრულებლის მესამეხარისხოვანი როლი და შემდეგ განადგურდეს.  ეს რომ ასეა, მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ილჰამ ალიევმა გააფუჭა ურთიერთობა საბერძნეთსა და საფრანგეთთან, თუმცა, მანამდე ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა”.

* “არც ის ვიცით, რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ფაშიზმის აღკვეთის წინააღმდეგ ხმის მიცემა… თუმცა, აქვე ვიტყვი იმას, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური ქვეყანა იყო 1941-1945 წლებში ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

მსგავსი მაგალითები უამრავია, მაგრამ ჩვენ აქ დავსვამთ წერტილს და გირჩევთ: ყურადღებით წაიკითხეთ ეს გაკვეთილი და დაიმახსოვრეთ, პატივცემულო “წერას ატანილებო”. დარწმუნებული ვარ, თქვენ შორის ბევრი ურწმუნო თომა გამოერევა და ჯიუტად დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ შავი თეთრია და პირიქით. ასეთ მოსწავლეებს ვურჩევ, ჩემზე ბევრად კომპეტენტური  მასწავლებლების _ ან აკაკი შანიძის, ან ლეო კვაჭაძის და სხვათა სახელმძღვანელოები (რომელზეც ხელი მიუწვდებათ) გადაშალონ. ამაზე კარგ რჩევას ვერავინ მოგცემთ.

და კიდევ: იმ ტოტს ნუ მოჭრით, რომელზედაც დგახართ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here