Home ახალი ამბები საქართველო ლგბტ ანგლოსაქსებო, ნებისმიერ სოფელ-ქალაქში სახიფათოა დათვთან თამაში!

ლგბტ ანგლოსაქსებო, ნებისმიერ სოფელ-ქალაქში სახიფათოა დათვთან თამაში!

330

წინამდებარე წერილი  ერთ დროს მართლაც მოძმე აფხაზი და ქართველი ერების შერიგების  გზების ძებნაზე მსჯელობად  მქონდა ჩაფიქრებული… მოკლედ, ეს წინა წერილის იმ პასაჟის გაშლის მცდელობაა, რომელშიც გაკვრით შევეხე დღევანდელი მასალის მთავარ თემას და ამ „გაკვრით“ დავასრულე ის წერილი სათაურით ­­­ „სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა…“  

მხოლოდ აფხაზეთის პრობლემაზე საუბარი, სამწუხაროდ,  ვერც ამჯერად მოხერხდება, რადგან  მკითხველთან ბოლო შეხვედრიდან  დღემდე ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა მსოფლიოში, რომ…  მანამდე კი  მოცემულ თემაზე მცირე ისტორიული ექსკურსი:

გახსოვთ, ალბათ,  ე.წ. ვარდების რევოლუციის წინა პერიოდის საერთო-სახალხო ეიფორია: „არიქა, მგონი, გვეშველა, საქართველოს პოლიტიკურ ჭაობში  „საზიზღარი“ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდა  მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით“…  ამ  ეიფორიაში ლამის მთელი საქართველო იმყოფებოდა და  სააკაშვილის  რიტორიკით მონუსხულთა რიგებში მეც გახლდით,  თქვენი მონა-მორჩილი. სააკაშვილმა პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვა. „ძლივს ხალხის მიერ არჩეული „ახალგაზრდა რეფორმატორები“ მოვიდნენ და უპრეცედენტოდ მხარდაჭერილებმა ცუდი რატომ უნდა გააკეთონ?“ – ასე ფიქრობდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა…

კიდევ ერთი „ცოდვა“ მინდა ვაღიარო: თუ გახსოვთ, ერთჯერადად,  დიდი ტირაჟით გამოიცა ნაცების მიერ დაფინანსებული გაზეთი „საქართველო შევადნაძის გარეშე“. ის გაზეთი, როგორც მიშასთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა,  მე „გავაკეთე“ უანგაროდ _ ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე არსებულ მიშას პატარა ოფისში დღე და ღამეს ვასწორებდი. მუშაობაში შეფერხება (სიგარეტი, საჭმელი, მისვლა-მოსვლა და ა.შ.) რომ არ მქონოდა, მიშამ მძღოლად დამინიშნა, არც მეტი არც ნაკლები, ვანო მერაბიშვილი (თურმე ახლო მომავალში ქართველთა სისხლისმსმელი ჯალათი). იმ გაზეთის (რომელიც კარდაკარ რიგდებოდა  საქართველოში) წამყვანი, გულისამაჩუყებელი ორი ინტერვიუ _ ერთი სანდრა რულოვსთან,  მეორე  ცხონებულ გია მაისაშვილთან, ჩემი გასახმობი ხელით იყო გაკეთებული.

ხელისუფლებაში მოსვლამდე მერაბიშვილი, დათა ახალაია, სანოძე და მიშასდროინდელი საკრებულოს წარმომადგენლები სულ ბატონობით  მომმართავდნენ. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარე მიშას, უბრალოდ, გამარჯობის სათქმელად, ხატოვნად თუ ვიტყვით, მისი კაბინეტის კარს წიხლით ვაღებდი.

ეს იყო მაშინ, როცა არც ლგბტ იცოდა ვინმემ და არც მათი სატანისტი პატრონი ჯორჯ სოროსი, რომელმაც, როგორც ამბობენ, 300 მილიონი „ქეში“ ჩაუთვალა შევარდნაძის აღზრდილ რევოლუციურ სამეულს (ბურჯანაძე-ჟვანია-სააკაშვილი), რომელსაც ბებერმა შევარდნაძემ, „თოხლა“ და, „ხეზე ასვლაც“ ასწავლა. ამ სამეულმა გამოიყენა შევარდნაძის  „იაღლიში“, გაწირა  აღმზრდელი და „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებით, პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა ბევრის მნახველი „თეთრი მელა“… მე სულელი კი იმ პერიოდში, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, უანგაროდ  ველოდებოდი უკეთეს მომავალს…

ვატყობ, კალამი გამექცა და ყოველივე ზემოთქმული აღსარებას  დაემსგავსა…

ვარდების სახელმწიფო გადატრიალებამდე, ცხინვალის მიერ დე ფაქტო გაკონტროლებულ ტერიტორიაზე არსებობდა ე.წ. ერგნეთის ბაზრობა, სადაც ოსებსა და ქართველებს  შორის დაიწყო თავდაპირველად ფრთხილი აღებ-მიცებობა, რომელსაც მცირე ბიზნესსაც უწოდებენ, რომელიც დროთა განმავლობაში საშუალო და მსხვილ ბიზნესურთიერთობებში გადაიზარდა (რაც ყველანაირ ბიზნესზე მნიშვნელოვანია) ყოფით დონეზე. ნელ-ნელა აღდგა ორ მოძმე ერს შორის ურთიერთნდობა (სოლიდურ თანხებს ერთმანეთს ანდობდნენ) და  პატივისცემა იქამდეც კი, რომ ოსებმა და ქართველებმა განაახლეს ერთმანეთის ჭირსა და ლხინში, ქორწილ-ტირილში მისვლა-მოსვლა და რაჭაშიც სატრანსპორტო საშუალებებმა ძველებურად, „ჩერეზ“ ცხინვალი უშიშრად დაიწყეს მოძრაობა. ეს ნამდვილად სასწაულებრივი შერიგება მოხდა ოფიციალური ცხინვალისა და თბილისის ჩაურევლად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ჩაურევლობა იყო თავიდათავი მიზეზი მართლაც  ეროვნული მნიშვნელობის სასწაულისა, რომელსაც სახალხო დიპლომატიას უწოდებენ.

რა თქმა უნდა, სადაც აღებ-მიცემობაა, სხვადასხვა მასშტაბის კონტრაბანდა და კორუფციაც იქვეა  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თვით განვითარებულ ევროპაშიც, გადასახადების დამალვის ან, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ქრთამის აღების სახით. ასეთ სკანდალში  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გაეხვია, რომელსაც სასამართლომ დაუმტკიცა ლიბიის პრეზიდენტ  მუამარ კადაფისგან ქრთამის აღება.

ზემოხსენებული ეიფორია ნელ-ნელა იმედგაცრუებამ შეცვალა, რადგან სამშობლოს ღალატის ტოლფასი პირველი ქმედება, რომელიც „ვარდოსნების“ ხელისუფლებამ ჩაიდინა, იყო ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ერგნეთის ბაზრობას  ბულდოზერები მიაყენა და მიწასთან გაასწორა ის ადგილი, რომელმაც ყოფით დონეზე შეარიგა ოსები და ქართველები. პრობლემის პოლიტიკურ მოგვარებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ ეს  არ შედიოდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების, აშშ-ის ინტერესებში, რომლის საელჩოდანაც იმართებოდა  და იმართება პოსტსაბჭოთა საქართველოს ყველა ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ,  ერგნეთის ბაზრობის გადათხრის რეკომენდაცია (წაიკითხე, ბრძანება) ამერიკის  საელჩოდან მიიღო სააკაშვილმა და ერგნეთში მინავლებულ ცეხლზე ნავთი დაასხა,  გაჩენილმა ხანძარმა კი 2008 წლის  ომამდე მიიყვანა, პრაქტიკულად, შერიგებული ოსები და ქართველები.  ერგნეთის პროვოკაცია „ვარდოსნებმა“  კონტრაბანდასთან  ბრძოლად  შემოგვასაღეს ქართველ საზოგადოებას, – ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდებაო. როცა ვკითხე სპეციალისტებს, რომლებმაც დათვალეს ერგნეთის ზარალი, წელიწადში 200 მილიონი ლარი დამისახელეს, მაგრამ  200 მილიონი კი არა, ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც ერგნეთის ბაზრობამ შეიტანა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთნდობის გაღვივებაში. დღეს კი კონფლიქტის მოგვარების ნაცვლად, ზურაბ გირჩის შიშველი უკანალისა და ე.წ. ბორდერიზაციის მგმობი რეზოლუციების იმედად არის დარჩენილი საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა, რომელსაც საძოვარზე საქონელი ვერ გაუშვია „ოკუპანტების“ შიშით, არადა, „ვადების რევოლუციამდე“, რომ იტყვიან, ერიც კმაყოფილი იყო და ბერიც…

ახლა მავანი, ალბათ, მისაყვედურებს: რა „გაგვიტრაქტორე“ საქმე ამ ერგნეთით, მეტი არაფერი დაუშავებიათ ნაცებს ან  ქოცები ანგელოზები არიანო? და ერთი შეხედვით სამართლიანადაც – „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა“ ან ზეცაში ნაცცოდვები?_ ნაცების დანაშაულების მხოლოდ ჩამოთვლა რომ დავიწყო,  გაზეთის გვერდები არ მეყოფა, ამიტომ ერგნეთს იმის საილუსტრაციოდ „გადავეკიდე“, როგორ უნდა აქციო მოყვარე მტრად.

რაც შეეხება ქოცებს, ერთადერთი მნიშვნელოვანი პოზიტივი, რომელიც 10 წლის განმავლობაში შეძლო „ოცნებამ“, არის ის, რომ ჯერჯერობით ამერიკელმა „მეგობრებმა“ საქართველოს  ომში ჩაბმა ვერ მოახერხეს, რაც ნამდვილად არ არის ცოტა, ამისთვის დიდი მადლობა მათ, მაგრამ სოხუმისა და ცხინვალის პრობლემის მოსაგვარებლად   ქოცებს ნაბიჯი არ გადაუდგამთ და კვლავ ანგლოსაქსების დაკვეთილ სიმღერას მღერიან:  „მოსკოვს მანამდე არ დაველაპარაკებით, სანამ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან სამხედრო ბაზებს არ გაიყვანენ“, ანუ საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენამდეო… ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს ულტიმატუმი განხორციელდა _ საინტერესოა, რუსებს რაღაზე უნდა ველაპარაკოთ, კრასნოდარ-სოჭის დაბრუნებაზე?

აშშ-ის ეს ნარატივი აბსურდი რომ არის და რეალური პოლიტიკისგან  დაცლილი, სწორედ ამიტომ ვისაუბრე ვრცლად ერგნეთზე, რათა მკითხველმა „იმ დროსა“ და „ამ დროს“  შორის პარალელები გაავლოს.

ანუ ქოცებმაც, როგორც ადრე შევარდნაძემ, უნდა აკეთოს  რეალური პოლიტიკა, რომელმაც ერგნეთის სასწაული შვა, და უარი თქვან ანგლოსაქსების ნარატივზე, რომელმაც დიდი ხნის წინათ დე ფაქტო დაკარგული სოხუმი და ცხინვალი დე იურედაც (ყველაფერს მხოლოდ რუსეთს ნუ დავაბრალებთ),  თუ სამუდამოდ არა, კარგა ხნით დაგვაკარგვინა.  ყოველ შემთხვევაში იმ სტატუსებით (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა), რომლებითაც  ეს რეგიონები  საქართველოს იურისდიქციაში იყვნენ, აღარასოდეს დაბრუნდებიან.  ის კი არა, წლების შემდეგ კონფედერაციის სტატუსიც სახვეწარი გვექნება, თუ ამ  „მატარებელმაც“ უკვე არ ჩაიარა.

რაც მკითხველისთვის მინდოდა მეთქვა გუშინდელსა და დღევანდელს შორის პარალელების გასავლებად, ვფიქრობ, ასე თუ ისე მოვახერხე.

ჩვენ რეალური  პოლიტიკიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და თავი დავანებოთ   მკერდზე მუშტების ურაპატრიოტულ ბრაგუნს.

ათასჯერ თქმულს ათასმეერთედ გავიმეორებ:  სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა! ეს არც ისე  დიდი ხნის შემდეგ ერგნეთის როლს ითამაშებს და უმთავრეს შედეგამდე _ აფხაზი და ქართველი ერების (დავუკვირდეთ ნათქვამს – აფხაზი და ქართველი ერები და არა აფხაზეთი და საქართველო) შერიგებამდე მიგვიყვანს. ეს კი გარკვეულწილად რუსეთთან დიალოგსაც ნიშნავს, რუსეთთან, რომელმაც უკრაინის 4 რეგიონის მიერთებით მთელი „ცივილიზებული“ ლიბერასტული დასავლეთი, ნატო და აშშ, უხეშად თუ ვიტყვით, ფეხებზე დაიკიდა და  შოკში ჩააგდო იმ განცხადებით, რომ უკრაინაში  რუსეთსა და ნატოს შორის მიმდინარე ომში ისეთ იარაღს გამოიყენებს (იმედია, არაბირთვულს), როგორიც ჯერ არ გამოუყენებია.

ცოტა ხნის წინათ კი  სამარყანდში გაიმართა   თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი და ამ ორგანიზაციის  მე-9 წევრად ირანი მიიღეს. რუსეთისათვის სამიტის მთავარი შედეგი არის ის, რომ ორგანიზაციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. სამიტზე  დემონსტრაციულად გადაეხვივნენ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის პირველი პირები – ვლადიმერ პუტინი და სი ძინ პინი. ამან აშშ-ის  შეშფოთება გამიწვია და სწოედ ამ შეშფოთების პასუხი იყო ნენსი პელოსის ვიზიტი ჯერ კუნძულ ტაივანზე, რომელსაც  ჩინეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს. აშშ-ის ეს აშკარა პროვოკაცია  ჩინეთმა უმკაცრესად დაგმო. აშშ-ის წარმომაგენელთა პალატის   სპიკერი ნენსი პელოსი მოგვიანებით   ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთს საჯაროდ დაუჭირა მხარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რამაც მეორე დღესვე  საომარი მოქმედებების განახლება გამოიწვია. მაგრამ კონფლიქტში დროულად ჩაერთვნენ მოსკოვი და ანკარა, როგორც რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის გარანტორები.

ამ ყოველივეს დავუმატოთ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოულოდნელი ვიზიტი აფხაზეთში, რომელსაც ორივე მხარე სავაჭრო ურთიერთობებით ნიღბავს. სინამდვილეში კი ეს ვიზიტი გამაფრთხილებელი იყო.  რუსეთის მიერ, პრაქტიკულად, მთელი ლიბერასტული დასავლეთის „დაკიდება“ ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ძლიერი გეოპოლიტიკური ძვრებია (მათ შორის სამხედრო ხასიათის) მოსალოდნელი, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, რუსეთი გაიმარჯვებს, რადგან მის მხარეზეა ყველაზე ძლიერი იარაღი – სიმართლე!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here